მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 21 » სინუსიტი
00:13
სინუსიტი

სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით მდებარეობს. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აკისრია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით შეითვისოს მსუბუქი იონები და ნაწილობრივ ჟანგბადი და ის პირდაპირ თავის ტვინში გადაიტანოს.

თავის ტვინის ქსოვილი, თუ ის საკმარისად არის მომარაგებული ასეთი "ვიტამინიზებული" ჰაერით, სრულყოფილად მუშაობს, ესე იგი ადამიანს არ აწუხებს თავის ტკივილი და სხვა ტვინისმიერი პათოლოგიები. გარდა ამისა, წიაღები ფუნქციონირებს როგორც ხმის რეზონატორები (ლაპარაკის დროს ქმნის რეზონანსის ეფექტს). ყველა წიაღი, ცხვირის ღრუს მსგავსად, შიგნიდან ლორწოვანით არის ამოფენილი და ცხვირის ღრუსთან კავშირის გამო გარე ზემოქმედებაზე ფაქიზად რეაგირებს, ამიტომ მათი ანთება საკმაოდ ხშირია.

განასხვავებენ:

ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ანთებას;
ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთებას;
ეთმოიდიტს - ცხავის ძვლის წიაღის ანთებას;
სფენოიდიტს – ძირითადი ძვლის ანთებას.

 

განვითარების მიზეზები

მწვავე სინუსიტის მიზეზად შეიძლება იქცეს მწვავე სურდო, გრიპი, წითურა, ქუნთრუშა და სხვა ინფექციური დაავადებები, ასევე - ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება. რისკის ფაქტორებია ცხვირის ღრუების სივიწროვე, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირისა და წიაღების დამაკავშირებელი არხის შევიწროება, უცხო სხეული. სინუსიტი ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც, მიმდინარეობდეს ზოგიერთი ან ყველა წიაღის დაზიანებით, ცალმხრივად ან ორმხრივად. ანთების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სინუსიტებს (ანთება ქრონიკულია, როდესაც ორ თვეზე მეტხანს გრძელდება). ცხვირიდან მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სინუსიტს და მით უმეტეს არ იძლევა ანტიბიოტიკების მიღების საფუძველს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

  • ვსვათ ბევრი სითხე;
  • ვისუნთქოთ ტენიანი ჰაერი;
  • ფრთხილად გამოვირეცხოთ ცხვირის ღრუ მარილიანი წყლით ან გავიკეთოთ ბალახების ნაყენის ინჰალაცია;
  • ტემპერატურის მომატებისას (38,50ც და მეტი) და თავის ტკივილისას მივიღოთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (თუ უკუნაჩვენები არ არის);
  • 2-3 დღის განმავლობაში გამოვიყენოთ ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს.
    თუ ტემპერატურამ ნორმალიზების შემდეგ კვლავ მოიმატა, გახანგრძლივდა ცხელება, წიაღების პროექციის არეში თავის დახრისას ტკივილი აღმოცენდა (ე. ი. ტკივილი ლოკალიზდება ცხვირის ახლოს და შუბლის მიდამოში), აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

სინუსიტის ნიშნებია:

  • ცხვირიდან ჭარბი გამონადენი;
  • თავის ტკივილი;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად - ცალი ნესტოთი;
  • ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში;
  • სინათლის შიში;
  • ცრემლდენა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება.

ტკივილი ყოველთვის არ არის შემოფარგლული - ზოგჯერ ის საკმაოდ ვრცელ უბანს მოიცავს, ზოგჯერ კი შუბლის, საფეთქლის მიდამოში აღმოცენდება და ერთსა და იმავე დროს იწყება. შესაძლოა, შესივდეს ლოყა ან ზედა ან ქვედა ქუთუთო.

 

გართულებები

სათანადო მკურნალობის გარეშე სინუსიტი შესაძლოა გართულდეს, მათ შორის - ისეთი საშიში დაავადებებით, როგორიც არის მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება), ტვინის სიმსივნე და აბსცესი. ზოგჯერ გართულება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, წლობით გაგრძელდება და საბოლოოდ ჭკუასუსტობას, სიბრმავეს, სიყრუეს, შაკიკს, არტერიული წნევის მომატებას, ინსულტს, ტვინის სისხლძარღვების სკლეროზს, ალცჰაიმერის დაავადებას (ტვინის კოლაგენოზს) გამოიწვევს. გარდა ამისა, როდესაც სრულფასოვნად ვერ სუნთქავენ, ბავშვები იოლად ღიზიანდებიან, კარგავენ მადას ან, პირიქით, ბევრს ჭამენ, მოზარდებს ეცვლებათ ქცევა, უჭირთ სწავლა.

 

როგორ ვითარდება გართულებები

სინუსებში მოხვედრილი ინფექციური აგენტი იწვევს ღრუების ამომფენი ლორწოვანის კვდომას და დაჩირქებას, რაც ზოგჯერ მთელი სიცოცხლე გრძელდება. თუ სინუსებში ჩირქი დაგროვდა, რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლი პირდაპირ ტვინში გადადის - ეს ორგანო შუბლის წიაღისგან გამოყოფილია თხელი ძვლოვანი ფირფიტით, რომელიც დიდი რაოდენობით სისხლძარღვს შეიცავს და ამის გამო ჩირქოვანი ტოქსინებისთვის ადვილად შეღწევადია. დაავადების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმ ქსოვილის იმუნურ სისტემაზე, რომელიც ტვინს აკრავს გარს. თუ ქსოვილის უჯრედები შეძლებენ ამ შხამების ნეიტრალიზებას, ტვინს არაფერი ემუქრება, თუ ვერა - ტვინი ზიანდება და ვითარდება სხვადასხვა პათოლოგია, თავის ტკივილით დაწყებული, სიმსივნითა და აბსცესით დამთავრებული.
შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად ბავშვობაში ჩამოყალიბებული ახლომხედველობის მიზეზი ანგინაა. მექანიზმი ასეთია: ხახის ნუშურების ანთება იწვევს მალათაშორისი მოკლე კუნთების დაძაბულობას (სპაზმს); სპაზმი რეფლექსურად გადაეცემა თვალის კუნთებს, რომლებიც თვალის ბროლს აკონტროლებს. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი ანუ ახლომხედველობა. შორსმხედველობა, კატარაქტა, გლაუკომა, თვალის ნერვის ატროფია მოხუცებულთა დაავადებებია. მათი მიზეზია ფრონტიტი - ანთება და ჩირქის დაგროვება შუბლის წიაღში. ჩირქოვანი ტოქსინები ბროლში იღვრება და მის შემღვრევას - კატარაქტას იწვევს. თუ ტოქსინი თვალის უკანა სივრცეში მოხვდა, იწყება დაბრმავება, ირღვევა თვალის სითხის გამოყოფა, იმატებს თვალშიგა წნევა, ცვლის საბოლოო პროდუქტები თვალის ქსოვილიდან არ გამოიყოფა. თვალი თავისივე ცხოველქმედების პროდუქტებითა და შუბლის წიაღიდან გადასული ტოქსინებით იწამლება. ეს გლაუკომაა. მას ქირურგიული გზით მკურნალობენ, თუმცა მხედველობას ოპერაცია ვერ აღადგენს - ის მხოლოდ აჩერებს პროცესს. ასეთივე მექანიზმით ვითარდება ოტიტი და მოხუცებულთა სიყრუე - შიგა ყურის ვესტიბულური აპარატის სკლეროზის დროს ჰაიმორის წიაღიდან ჩირქოვანი ტოქსინები ევსტაქის მილით ყურში ხვდება. აი, რამდენი უსიამოვნების მოტანა შეუძლია "უწყინარ" ჰაიმორიტს.
 

დიაგნოსტიკა

მწვავე და ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზის დასმა ექიმს მიანდეთ. თვითმკურნალობა ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია. ოტოლარინგოლოგი ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე სვამს სინუსიტის დიაგნოზს და ნიშნავს სათანადო მკურნალობას. სინუსიტს გაქრონიკულება ახასიათებს, ქრონიკული ფორმის მკურნალობა კი გაცილებით რთული და ხანგრძლივია, ვიდრე მწვავესი. ინფექცია შესაძლოა ქალას მეზობელ ნაწილებზე გავრცელდეს, მეზობლად კი ტვინი და თვალები მდებარეობს, ასე რომ, ნუ გარისკავთ, იმკურნალეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის მეთვალყურეობით.

 

პროფილაქტიკა

პარანაზალური წიაღების ინფექციისგან დაცვის საუკეთესო გზა ჰიგიენის წესების დაცვა და მოწევისგან თავშეკავებაა. ვირუსი პირში, ცხვირსა და თვალში დაბინძურებული ხელის შეხებისას ხვდება. ხელების ხშირი ბანა თბილი საპნიანი წყლით დაავადებას თავიდან აგაცილებთ. ცხვირი ფრთხილად და ხშირად მოიწმინდეთ, ერიდეთ თამბაქოს - მწეველები უფრო ხშირად ცივდებიან და სინუსების ანთებაც უფრო ხშირად ემართებათ. გრიპისა და გაციებისგან თავდასაცავად სასურველია მიიღოთ ფიტოკომპლექსები, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს. შეიძლება მათი ჩართვა გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების კომპლექსურ მკურნალობაშიც - ეს გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. პროფილაქტიკური ეფექტი აქვს ბაქტერიულ იმუნომოდულატორებს - იმუდონს, ბრონქომუნალს, იმუნო-რიცს. ისინი ზრდის ანტისხეულების გამომუშავებას და ამით 2-3-ჯერ ამცირებს გაციების რისკს, ხოლო ავადმყოფობისას აჩქარებს განკურნებას. იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად სასურველია მიიღოთ ასევე ჩ და ა ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი (უკიდურეს შემთხვევაში, B6 მაინც), თუთია, პანკრეატინი. ინფექციას ეფექტურად ებრძვის ნიორი. მისი მიღება შეიძლება როგორც ცოცხლად, ისე სპეციალური კაფსულების სახით.

 

მკურნალობა

მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიბიოტიკები, ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვთა შევიწროებას იწვევს, სეკრეტოლიტები, იმუნიტეტის მოსაძლიერებელი საშუალებები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ასევე - სამკურნალო ბალახები, ჰომეოპათიური პრეპარატები, არომოთერაპია, ფიზიოპროცედურები. უკანასკნელი ეტაპია ქირურგიული ჩარევა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევისა და სპეციალისტის დასკვნის გარეშე ერიდეთ მედიკამენტების, მით უმეტეს - ანტიბიოტიკების მიღებას.

 

არამედიკამენტური მეთოდები

ორთქლით ინჰალაცია უშუალოდ ლორწოვანზე ზემოქმედების საუკეთესო მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს სქელი ლორწოს გამოყოფას და ინფექციის მოსპობას. ინჰალაციისთვის კარგია , ლავანდის,ფიჭვის ზეთი. ეფექტურია სხვადასხვა ზეთის კომბინირება და მათი მონაცვლეობა. მწვავე სინუსიტის დროს ინჰალაცია დღეში 4-ჯერ უნდა გაკეთდეს. როცა სიმპტომები შესუსტდება, ინჰალაციების რაოდენობა დღეში ერთამდე შემცირდება და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღრუები მთლიანად არ გაიწმინდება. გვირილის, პიტნის,ევკალიპტის

  • ბავშვებისთვის სინუსების გასაწმენდად გამოგადგებათ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი - ჩააწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ, შემდეგ ცხვირი გამოურეცხეთ თბილი წყლით და ფრთხილად, მაგრამ საგულდაგულოდ მოხოცეთ.
  • მოზრდილებისთვის: ცხვირის ნესტოებში წაისვით ბლომად თაფლი, შემდეგ თაფლში დასველებული ბამბა ან დოლბანდი ჩაიდეთ, ცხვირის ფუძეზე, თვალების ახლოს, დაიფინეთ ტილო და ორივე მხარეს დაიდეთ კარგად მოხარშული, ცხელი კვერცხი, ზემოდან დაიფარეთ პირსახოცი და გაიჩერეთ, ვიდრე არ გაგრილდება. თაფლი გადნება და ნელ-ნელა გადავა ცხვირ-ხახაში. შემდეგ ფრთხილად გადმოაფურთხეთ.
  • 3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი. ნახევარ საათს დააყენეთ და ჩაიწვეთეთ ცხვირში.
  • ღრუების გამოსარეცხად კარგია ყოჩივარდას ბოლქვი. მისი სუფთა წვენი 5-10-ჯერ უნდა გაზავდეს დისტილირებულ წყალში. მაცივარში ინახება 10 დღე. შემდეგ მზადდება ახალი ხსნარი. ჩაიწვეთეთ ყოველ დილით, უზმოზე, ბალიშის გარეშე, ზურგზე მწოლიარემ, თითო წვეთი თითო ნესტოში. 5 წუთის შემდეგ წამოდექით, დალიეთ ბალახების (სალბის, არყის ყვავილების) თაფლი და ლიმონის წვენგარეული ნახარში, შემდეგ 1-2 წუთით იატაკამდე დაიხარეთ, ბოლოს ცხვირი გამოირეცხეთ და მოიხოცეთ. ჩირქოვანი გამონადენი, თუ მანამდე არ გაწუხებდათ, აუცილებლად გაჩნდება, ან მაშინვე, ან 3-4  დღის შემდეგ. ჩაწვეთება განაგრძეთ 2-3 თვე. შიგადაშიგ შეიძლება ცხვირი გაგეჭედოთ.
    ცნობისათვის: მოზრდილ ადამიანს ოთხივე სინუსში 2 ჭიქამდე ჩირქი უგროვდება!
კატეგორია: ყელი, ყური, ცხვირი | ნანახია: 3240 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024