მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 21 » შეიძლება თუ არა, თავი დავანებოთ მოწევას?
23:27
შეიძლება თუ არა, თავი დავანებოთ მოწევას?

ორი მთავარი პარადოქსი
არც ერთი მეთოდი არ გამოდგება, თუ ადამიანმა თვითონ არ მოისურვა მოწევისთვის თავის დანებებაო, ირწმუნებიან სპეციალისტები. არამწეველები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, მავნე ჩვევის ტყვეები კი ღიზიანდებიან და ამბობენ: "დიახ, გვინდა! გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია!" ისინი არ ცრუობენ - სიგარეტის მიტოვება ნამდვილად სურთ. მოტივაციის უქონლობა შეიძლება ვუსაყვედუროთ მხოლოდ მოზარდებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მოწევა. სიგარეტის ტყვეს კარგად ესმის, რამდენად ბრიყვული, უგუნური და საზიანოა მისი საქციელი, მაგრამ ვერ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნარკოლოგები ამტკიცებენ, თამბაქო იწვევს უფრო სუსტ ფიზიკურ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ასეთია პირველი პარადოქსი.
არსებობს თამბაქოს ტყვეობიდან თავის დასაღწევი უამრავი საშუალება, მაგრამ ძირითადია სამი მიმართულება: ფსიქოთერაპია, რეფლექსოთერაპია და მედიკამენტური თერაპია. მათი ერთმანეთთან შედარება და ყველაზე ეფექტურის გამოყოფა შეუძლებელია. არც მეცნიერები ცდილობენ ამის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სიგარეტისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალური ხასიათისაა. მეთოდი, რომელიც გამოადგება ერთს, სრულიად გამოუსადეგარია მეორისთვის.

გადააგდე სიგარეტი!
მოწევისთვის თავის დანებების ყველა ხერხი ორ ძირითად პრინციპამდე დაიყვანება: ერთბაშად და თანდათან. რომელი სჯობს? ერთმნიშვნელოვნად პირველი. თუ მიტოვებაა, მიტოვება იყოს! სიგარეტის რაოდენობის შემცირებით მხოლოდ გავაჭიანურებთ დასასრულს. მოსაზრება, თითქოს ნიკოტინით მოწამლულ ორგანიზმს გარდაქმნისთვის დრო ანუ დოზის თანდათანობით შემცირება სჭირდებოდეს, უსაფუძვლოა. სისხლში ნიკოტინის კონცენტრაცია უკანასკნელი სიგარეტის მოწევიდან ნახევარი საათის შემდეგ მცირდება და თუ მოითმენთ, ცდუნებას გაუძლებთ და არ მიიღებთ მორიგ დოზას, ნიკოტინის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება სამ დღეში გაქრება. ის არც ისე ღრმად არის ჩართული ნივთიერებათა ცვლის პროცესში, რომ მისმა უქონლობამ ფიზიკური ტანჯვა გამოიწვიოს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიგარეტზე მძაფრ ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას განიცდიან. სწორედ მათთვის არის საჭირო დახმარების სპეციალური მეთოდები.
არსებობს მწეველთა რამდენიმე ტიპი:

  • ემოციური - ეწევა იმისთვის, რომ დამშვიდდეს და გონება მოიკრიბოს. ტანჯავს უძილობა, ხშირად ეწევა ღამით, საწოლში. ტემპერამენტის მიხედვით ის ქოლერიკი, მელანქოლიკი ან შერეული ტიპია. შემოქმედებითი პიროვნებაა, რომელსაც ახასიათებს მკვეთრი ემოციური განცდები, მაგრამ აუცილებლად ნეგატიური შეფერილობისა. ასეთ ადამიანს სჭირდება მოწევის გადასაჩვევი, ექიმთან ერთად ზედმიწევნით შერჩეული კომპლექსური პროგრამა. მასში ჩართული უნდა იყოს ნიკოტინის შემცვლელი, მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალება უძილობის საწინააღმდეგოდ და სრული უარი ალკოჰოლზე.
  • პრაგმატიკოსი - სიგარეტის მოწევის პროცესს აჭიანურებს, რათა გაიხანგრძლივოს საზრუნავისაგან თავისუფალი დრო. პროცესი მას სიამოვნებას ანიჭებს. მნიშვნელოვანი რიტუალია სიგარეტი და ყავა სადილის შემდეგ. ის სანგვინიკია, ხშირად ბიზნესმენი ან მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. ჰიპნოზი, რეფლექსოთერაპია, ფსიქოთერაპია და, საზოგადოდ, ექიმი მას ვერ დაეხმარება. ამ პროცესში მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს. ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაანებოს ან საერთოდ დაანებოს თუ არა თავი მოწევას. ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმაში მას დაეხმარება წიგნი და სპორტი.
  •  დამოკიდებული - აბოლებს კომპანიისთვის. მოწევას იწყებს მეგობრის გავლენით, ხშირად - სიყმაწვილეში. სიგარეტი სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შესვენებაზე მოწევის შემთხვევას. შეიძლება იყოს ქოლერიკიც, მელანქოლიკიც და ფლეგმატიკიც. თავისით სიგარეტს ვერასოდეს მიატოვებს. მას დაეხმარება ჰიპნოზი და ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი. ყველაზე მეტად გაუადვილდება სიგარეტისთვის თავის დანებება შვებულების დროს, როცა გართობა სხვანაირადაც შეიძლება. იმავდროულად, უნდა გადახედოს ნაცნობების წრეს. მას ძალიან სჭირდება გარშემო მყოფთა თანადგომა. მასზე ძალიან მოქმედებს დაშინება, მაგალითად, ფილტვის ან ყელის კიბოთი.
  •  სიგარეტზე შეყვარებული - უარს არ ამბობს დამღუპველ ჩვევაზე, რადგან თაყვანს სცემს თვით პროცესს. თამბაქო მას პირველივე სიგარეტიდან ითრევს. სიგარეტზე უარის თქმა შეიძლება აიძულოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა რეალურმა საფრთხემ. რეკომენდებულია მკურნალობა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. შეიძლება, დაეხმაროს პრეპარატები, რომლებიც იწვევს სიგარეტის ზიზღს, ღებინებას, ასევე - მასაჟი, ნემსოთერაპია და საუნა. ძალიან მნიშვნელოვანია მოწევის პროცესის ჩანაცვლება ახალი ჰობით, სპორტით.
კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 1339 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024