მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ჰემოდიალიზი
20:12
ჰემოდიალიზი
ჰემოდიალიზი მკურნალობის მეთოდია, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატის მეშვეობით ხორციელდება. მას მაშინ მიმართავენ, როდესაც თირკმელები აღარ ფუნქციონირებს და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს ვეღარ გამოდევნის. ჰემოდიალიზი თირკმელებს სრულფასოვნად ვერ ცვლის, მაგრამ მისი წყალობით ადამიანი ასე თუ ისე განაგრძობს ცხოვრებასა და შრომას. ჰემოდიალიზი ტარდება:

 

 

 

 

  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული (როგორც სრული, ისე ნაწილობრივი) უკმარისობის,
  • შხამებით მოწამვლის,
  • მედიკამენტური ინტოქსიკაციის,
  • სისხლის ელექტროლიტური შედგენილობის მძიმე დარღვევების დროს.
    ჰემოდიალიზი აკრძალულია:
  • ავთვისებიანი სიმსივნის,
  • ფსიქიკის ორგანული მოშლილობის,
  • ჰემიპლეგიის,
  • ზოგიერთი კონტაგიოზური ინფექციის შემთხვევაში.
    მის ჩასატარებლად არახელსაყრელ პირობებად მიიჩნევა არაკორეგირებადი არტერიული ჰიპოტენზია, შინაგანი სისხლდენა, ჰემოფილია.

 

მოქმედების პრინციპი


ჰემოდიალიზის მოქმედება ემყარება სითხის გასვლას ნახევრადგამტარ მემბრანაში, რომელიც მას ტოქსიკური ნივთიერებებისგან წმენდს.
არსებობს ჰემოდიალიზის რამდენიმე თანამედროვე აპარატი, თუმცა ყველა მათგანი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია სისხლის მიმწოდებელი მოწყობილობა, სადიალიზო სითხის მოსამზადებელი და მიმწოდებელი განყოფილება და საკუთრივ დიალიზატორი.
დიალიზატორი მთავარი ნაწილია. ის შეიცავს კაპროამინოცელულოზის (კუპროფანი) და სხვა სინთეზური მასალებისგან დამზადებულ ნახევრადგამტარ მემბრანას, რომელიც დიალიზატორის შიგნითა სივრცეს ორ ნაწილად (სისხლისა და სითხის) ყოფს. თითოეულ ნაწილს თავისი შესასვლელი და გამოსასვლელი აქვს.
პროცედურის დაწყებამდე მედდა წონის პაციენტს და უზომავს არტერიულ წნევას, მაჯისცემასა და სხეულის ტემპერატურას.
დიალიზატორში პაციენტის სისხლი ფისტულის ან სტენტის საშუალებით გაედინება ფილტრში, რომელიც მას აცლის ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილ მავნე ნაერთებს, ჭარბ მარილებსა და სითხეს.
ნახევრადგამტარ მემბრანას აქვს მცირედიამეტრიანი ფორები, რომლებიც მხოლოდ დაბალმოლეკულური და საშუალომოლეკულური ზომის ნივთიერებებს ატარებს, ამიტომ სისხლს მხოლოდ მავნე ნივთიერებები სცილდება, მაღალმოლეკულური წონის ცილები და ფორმიანი ელემენტები კი ხელუხლებელი რჩება. დიალიზატორიდან გამოსული გაწმენდილი სისხლი კვლავ პაციენტის სხეულს უბრუნდება.
დიალიზზე მყოფი პაციენტისთვის აუცილებელია სისხლისა და შარდის ანალიზის სისტემატური კონტროლი, მდგომარეობის შეასაბამისად, თვეში 1-3-ჯერ მაინც. 
ჰემოდიალიზი საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი სამედიცინო პროცედურაა. ის დაახლოებით 4 საათი გრძელდება და სტაციონარში ტარდება.

 

 

ჰემოდიალიზური ფისტულა და სტენტი


ჰემოდიალიზის ჩასატარებლად აუცილებელია, აპარატს მიეწოდოს სისხლის ძლიერი ნაკადი, რისთვისაც პაციენტს მცირემასშტაბიანი ქირურგიული ჩარევის გზით ვენურსა და არტერიულ სისხლის ნაკადებს შორის წინასწარ ადებენ ფისტულას ან სტენტს.
ფისტულისა და სტენტის მდგომარეობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჰემოდიალიზის ხარისხი, ამიტომ მათ შესაბამისი მოვლა სჭირდებათ.

  • რეკომენდებულია, ოპერაციამდე 8 საათის განმავლობაში პაციენტმა საკვებისა და წყლის მიღებისგან თავი შეიკავოს.
  • ოპერაციის შემდეგ ზოგიერთს მტევანი უცივდება და უბუჟდება, მაგრამ კიდურში სისხლმომარაგება მალევე კომპენსირდება და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის.
  • ფისტულისა და სტენტის დასაფიქსირებლად კარგია ვარჯიშის ჩატარება: პაციენტმა დღეში რამდენჯერმე უნდა მოღუნოს და გაშალოს რბილი საგანი იმ ხელით, რომელზეც ფისტულაა დადებული.
  • სტენტი უფრო ადრე ხორცდება, ვიდრე ფისტულა. ხშირად ამას 2-3 კვირა სჭირდება. ამასთანავე, სტენტები ფისტულებზე გაცილებით ადვილად ინფიცირდება.
  • სტენტის გამოყენების ვადა 1-2 წელია, ფისტულისა - 3-7, თუმცა სათანადო მოვლის პირობებში სტენტიც საკმაოდ დიდხანს არის ვარგისი.
  • ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სტენტი და ფისტულა უკვე მზად არის გამოყენებისთვის, თუმცა მათ საბოლოო ფორმირებამდე ჰემოდიალიზი კათეტერის დახმარებით ტარდება.

 

 

რა უნდა იცოდეს პაციენტმა

  1. ყოველდღიურად შეამოწმეთ, ფუნქციონირებს თუ არა ფისტულა და სტენტი.
  2. დააკვირდით ნებისმიერ სისხლდენას ჰემოდიალიზის შემდეგ. თუ ის ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად აცნობეთYექიმს.
  3. ნუ ასწევთ მძიმე საგნებს იმ ხელით, რომელზეც ფისტულა ან სტენტი გადევთ. არც ამ ხელზე წოლაა რეკომენდებული.
  4. ნუ ატარებთ ისეთ ტანსაცმელს ან სამაჯურს, რომელიც ფისტულიან და სტენტიან ხელზე გიჭერთ.
  5. ნურც არტერიულ წნევას გაიზომავთ ამ ხელზე.
  6. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფისტულა და სტენტი არ დაბინძურდეს და დაინფიცირდეს.
  7. ნუ წაისვამთ ლოსიონსა და მალამოს ფისტულისა და სტენტის მიდამოში.

 

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | ნანახია: 1786 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024