მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » პლაზმაფერეზი და ჰემოსორბცია
20:11
პლაზმაფერეზი და ჰემოსორბცია
რა არის პლაზმაფერეზი?


- პლაზმაფერეზი სისხლიდან პლაზმის მოცილებაა. არსებობს პლაზმაფერეზის ორი მეთოდი - წყვეტილი და უწყვეტი. წყვეტილი ანუ დისკრეტული პლაზმაფერეზის დროს ხდება პაციენტის სისხლის აღება სპეციალურ ჰემოკონტეინერებში. ჰემოკონტეინერში შეიძლება 300-500 მილილიტრი სისხლი შეგროვდეს. აღნიშნულის შემდეგ ჰემოკონტეინერებს აცენტრიფუგებენ გარკვეული სიჩქარით. დაცენტრიფუგების შედეგად სისხლის პლაზმა და ფორმიანი ელემენტები განცალკევდება და სპეციალური ხელსაწყოს - პლაზმექსტრაქტორის მეშვეობით ხდება პლაზმის ამოწურვა. იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმის ჰემატოკრიტი ნორმალურია ანუ სისხლში პლაზმისა და ფორმიანი ელემენტების თანაფარდობა დარღვეული არ არის, პლაზმაფერეზის ერთი სეანსის დროს შესაძლებელია 180-დან 300 მილილიტრამდე პლაზმის ამოწურვა. პლაზმის მოცილების შემდეგ დარჩენილი სისხლის ფორმიანი ელემენტები - ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები - კვლავ ორგანიზმს უბრუნდება. როგორც პლაზმაფერეზისთვის სისხლის აღება, ასევე ფორმიანი ელემენტების ორგანიზმში შეყვანა ხდება ინტრავენური გზით - ვენის პუნქციის (ჩხვლეტის) მეშვეობით.
წყვეტილი ანუ დისკრეტული პლაზმაფერეზი დაახლოებით 20-50 წუთს გრძელდება.
უწყვეტი ანუ აპარატული პლაზმაფერეზის დროს გამოიყენება ამ სახის პლაზმაფერეზისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა. აპარატურის მეშვეობით სპეციალური ფილტრით ხდება პლაზმის მოცილება. მოცილებული პლაზმის ოდენობა შეიძლება 2-2,4 ლიტრს აღწევდეს. უწყვეტი პლაზმაფერეზი 1,5-2 საათს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იწვეს.

 

- როგორია პლაზმაფერეზის ჩვენება, რომელი დაავადებების დროს ტარდება აღნიშნული პროცედურა?

- პლაზმაფერეზს საკმაოდ ფართო ჩვენება აქვს. ის სრულიად განსხავებული დაავადებების დროს შეიძლება ჩატარდეს. კერძოდ, პლაზმაფერეზი ეფექტურია კოაგულოპათიების - სისხლის შედედების პათოლოგიების დროს, როცა აღინიშნება ჰიპერკოაგულაცია ანუ მომატებულია შედედების უნარი, პროცედურა ეფექტურია სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეების - მიელომური დაავადების, ლეიკემიების დროს; ტარდება ორსულობისას, როცა მომატებულია სისხლში ანტისხეულები. პლაზმაფერეზი ნაჩვენებია ასევე ინტოქსიკაციის შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით საკვებით, კერძოდ, სოკოთი ინტოქსიკაციას ეხება. პროცედურა წარმატებით ტარდება ალკოჰოლური და ნარკოტიკული აბსტინენციის - ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების შეწყვეტის შედეგად აღმოცენებული ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის - მკურნალობისას, სიმსივნეთა ქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარებული გართულებების მკურნალობისას. პლაზმაფერეზი ეფექტურია აუტოიმუნური მექანიზმების მონაწილეობით მიმდინარე დაავადებების დროს - მაშინ, როცა სისხლში მოცირკულირე იმუნური კომპლექსები და აუტოანტისხეულები ცირკულირებენ.
ყველა ჩამოთვლილი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის დროს პლაზმაფერეზი საშუალებას გვაძლევს პლაზმასთან ერთად ორგანიზმს მოსცილდეს ტოქსიკური ნივთიერებები, ანტისხეულები და თავისუფალი რადიკალები.

 

- შესაძლოა, ჩვენს მკითხველებს დაებადოთ ასეთი კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია პლაზმის - ორგანიზმის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მოცილება? ხომ არ გააუარესებს ეს პაციენტის მდგომარეობას?

- როცა მთლიანი სისხლისგან ვამზადებთ სისხლის პროდუქტებს, ფაქტობრივად პლაზმაფერეზს ვატარებთ - სისხლი დაცენტრიფუგების შედეგად იყოფა შემადგენელ კომპონენტებად. როცა პლაზმაფერეზი სამკურნალო მიზნით ტარდება, ორგანიზმს ვაცილებთ ანტისხეულებით, ტოქსინებით, არასასურველი რადიკალებით დატვირთულ პლაზმას, რასაც თერაპიული ეფექტი აქვს. მიუხედავად ამისა, როცა პაციენტს პლაზმაფერეზით ვმკურნალობთ, აუცილებლად ვაკონტროლებთ ორგანიზმში საერთო ცილის შემცველობას, რათა არ გამოვიწვიოთ ჰიპოპროტეინემია (სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება) ან ჰიპოალბუმინემია (სისხლში ალბუმინის შემცველობის დაქვეითება). ჩვეულებრივ, ორგანიზმი სწრაფად აღადგენს იმ ნივთიერებებს, რომლებიც პლაზმასთან ერთად შეიძლება დაიკარგოს. გარდა ამისა, ტარდება მათი ჩანაცვლება სპეციალური კოლოიდური ხსნარებით. ერთი რამ ცხადია - ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს პლაზმა განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის პლაზმისაგან - ის გაჯერებულია ორგანიზმის დამზიანებელი ტოქსინებით, რადიკალებით, ანტისხეულებით, რის გამოც მათი მოცილება საკმაოდ ეფექტურია და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, პლაზმაფერეზზე უარი ვთქვათ იმ მოტივით, რომ იკარგება პლაზმის სასარგებლო კომპონენტები.

 

- არსებობს თუ არა შეზღუდვები?

- ყველა სამედიცინო პროცედურის მსგავსად, პლაზმაფერეზსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები. კერძოდ, ის არ არის რეკომენდებული, როდესაც პაციენტს აქვს გულის მძიმე უკმარისობა, ალერგია ციტრატზე, არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლში დაქვეითებულია ცილის შემცველობა, სისხლის შედედების უნარი.

 

- მკითხველები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით, სასარგებლოა თუ არა დეტოქსიკაციის სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის - პლაზმაფერეზისა და ჰემოსორბციის გამოყენება პროფილაქტიკურად, "ორგანიზმის გასაწმენდად".

- რასაკვირველია, პლაზმაფერეზს აქვს დეტოქსიკაციური ეფექტი, ვინაიდან ტოქსინები უპირატესად პლაზმაში კონცენტრირდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს შესწევს უნარი, თვითონვე შეინარჩუნოს შინაგანი გარემოს მუდმივობა, გამოყოს ორგანიზმში წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები. ამდენად, სპეციალური სამკურნალო ღონისძიებები და მით უფრო - პლაზმაფერეზი ან ჰემოსორბცია ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის გასაწმენდად რეკომენდებული არ არის.

 

- რა გართულებებია მოსალოდნელი პლაზმაფერეზის დროს?


- ტექნიკურად სწორად ჩატარებული პლაზმაფერეზი პრაქტიკულად არ გვაძლევს გართულებებს.

- რამდენჯერ უნდა განმეორდეს წყვეტილი პლაზმაფერეზის პროცედურა, რათა ეფექტური იყოს აღნიშნული ჩარევა?

- დისკრეტული, ანუ წყვეტილი პლაზმაფერეზის 5-6 სეანსზე შესაძლებელია 1,5-2 ლიტრამდე პლაზმის მოცილება.ეს სავსებით საკმარისია მისი ეფექტის გამოსავლენად.

 

- როგორია არჩევანი უწყვეტ და წყვეტილ პლაზმაფერეზს შორის?


- წყვეტილი პლაზმაფერეზის დროს მეტია ალბათობა სისხლის ფორმიანი ელემენტების ტრავმირებისა და დაზიანებისა, რასაც მოსდევს გარკვეული ხარისხის ჰემოლიზი - ერითროციტების დაშლა.Hჰემოლიზის პროდუქტები, რომელთაც ტოქსიკური ეფექტი აქვთ, პლაზმაფერეზის ამ სახის დროს სისხლს არ სცილდება და კვლავ ორგანიზმს უბრუნდება. თუმცა უწყვეტ პლაზმაფერეზს აქვს უდავო ღირსებაც - ის შეუცვლელია, როცა პრინციპული მნიშვნელობა აქვს დიდი რაოდენობის პლაზმის მოცილებას მოკლე ხანში. სხვა შემთხვევებში კი დისკრეტულ ანუ წყვეტილ პლაზმაფერეზს ანიჭებენ უპირატესობას.

 

- რა არის ჰემოსორბცია და როგორ ტარდება ის?


- ჰემოსორბცია არის დეტოქსიკაციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება უშუალოდ სისხლში ფიქსირებული ტოქსინების მოსაცილებლად. ის ტარდება სპეციალური ჰემოსორბციის აპარატის გამოყენებით. მაგისტრალურ ვენაში (უმეტესად ეს ლავიწქვეშა ვენაა) შეჰყავთ სპეციალური ორარხიანი კათეტერი.კათეტერის ერთი არხით აპარატი ტუმბოს მეშვეობით ამოქაჩავს სისხლს. ამოტუმბული სისხლი გაივლის სპეციალურ სტერილურ ადსორბენტს, გროვდება ჰემოკონტეინერში და კათეტერის მეორე არხით ავადმყოფს უბრუნდება. ადსორბენტს აქვს უნარი, სისხლს მოაცილოს ტოქსიკური პროდუქტები და მოახდინოს მათი ადსორბცია. ადსორბენტად, ტრადიციულად, გამოიყენება გააქტიურებული ნახშირი და მაღალფორებიანი კაოლინური ნაერთები.

 

- რაიმე სირთულეებს ხომ არ უკავშირდება მაგისტრალური ვენის კათეტერიზაცია?

- მაგისტრალური ვენის კათეტერიზაცია არც ტექნიკურად არის რთული და არც პაციენტს უქმნის განსაკუთრებულ დისკომფორტს, ვინაიდან ვენის კათეტერიზაციამდე ტარდება ადგილობრივი გაუტკივარება.

 

- რა არის ჰემოსორბციის ჩვენება?

- ჰემოსორბცია ნაჩვენებია ეგზოგენური ინტოქსიკაციების დროს - იმ შემთხვევებში, როცა ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია ალიმენტური, ინჰალაციური, იშვიათად - ინფუზიური გზით მოხვედრილი ტოქსინებით.

 

- როგორია ჰემოსორბციისა და პლაზმაფერეზის როლი ბრონქული ასთმის მკურნალობისას?


- ალერგიული ბრონქული ასთმის შემთხვევაში სამკურნალოდ ორივე მეთოდი გამოიყენება, თუმცა უფრო ეფექტურია პლაზმაფერეზი.

 

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჰემოსორბციას?


- სამწუხაროდ, ჰემოსორბცია უფრო მეტ გართულებასთან არის დაკავშირებული, ვიდრე პლაზმაფერეზი. აღნიშნული პროცედურის დროს მეტია რისკი ფორმიანი ელემენტების ტრავმირებისა, რასაც მათი დაშლა (ჰემოლიზი) მოჰყვება, ჰემოლიზის პროდუქტები უბრუნდება ორგანიზმს, რაც ზრდის ტოქსიკური პროდუქტებით ორგანიზმის დატვირთვას. არ არის გამორიცხული ადსორბენტის მიმართ ალერგიული რეაქციის განვითარება, არსებობს თრომბოზისა და ემბოლიის რისკი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჰემოსორბციაზე. მას თავისი ადგილი აქვს დეზინტოქსიკაციურ თერაპიაში.

 

- როგორია მედიკოსების აჩევანი ჰემოსორბციასა და პლაზმაფერეზს შორის?


- ჰემოსორბციის წარმატებული ჩატარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადსორბენტის ხარისხს, მის მწარმოებელ კომპანიას, მანიპულაციისთვის გამოყენებულ აპარატურას. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ადსორბენტი ერთჯერადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰემოსორბციის ყველა სეანსი ახალ ადსორბენტს მოითხოვს. ამის გამო ჰემოსორბცია, რომელიც მოითხოვს ძვირად ღირებულ აპარატურასა და ადსორბენტებს, საქართველოში დეტოქსიკაციის სხვა მეთოდებმა შეცვალა.

 

- ჩვენ ვისაუბრეთ ჰემოსორბციისა და პლაზმაფერეზის ღირსებებზეც და რისკზეც. ხომ არ გგონიათ, რომ პაციენტები შეიძლება ამ მანიპულაციების წინააღმდეგ განეწყონ?


- როგორც აღვნიშნეთ, ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციისას არსებობს გარკვეული რისკი. ექიმი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, პაციენტს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამის შესახებ, პაციენტებმა კი უნდა გაითვალისწინონ, რომ პლაზმაფერეზი და ჰემოსორბცია ექიმის მიერ ინიშნება მხოლოდ სათანადო ჩვენებით, მაშინ, როცა საჭიროა აქტიური ჩარევა დეტოქსიკაციის მიზნით.

 

კატეგორია: მკურნალობის მეთოდები | ნანახია: 3096 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024