მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » რა მოსდევს უძილობას?
22:04
რა მოსდევს უძილობას?
ცნობილია, რომ, ძილის ნაკლებობა იწვევს მოთენთილობასა და დაღლილობის შეგრძნებას, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმთელობას. თანამედროვე მონაცემების მიხედვით, ძილის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალურ დარღვევებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა აზრით, ძილის ხანმოკლე დარღვევა იწვევს არტერიული წნევის ციფრების მომატებასა და სტრესის ჰორმონების დონის ზრდას. უძილობა ასევე იწვევს სისხლში შაქრის დონის კონტროლის დარღვევას. გარდა ამისა, უძილობის დროს ირღვევა ჰორმონ ლეპტინის წარმოქმნა, რომელიც განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას. ერთი კვირის განმავლობაში ძილის რეგულარული ნაკლებობის დროს (4 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი) მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გუკოზის შეთვისების პროცესი. ამრიგად, ირღვევა გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ ეტანებიან უპირატესად ღამის საათებში მომუშავენი კალორიულ საკვებს და საკმაოდ ხშირადაც იკვებებიან. ეს ხელს უწყობს წონაში მატებას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. უფრო მეტიც, არასაკმარისი ძილი ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარებას. ეს აიხსნება იმით, რომ თირკმელზედა ჯირკვლებში ღამით ძილის დროს გამომუშავდება კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მათი მაქსიმალური კონცენტრაცია მოდის დილის საათებზე და დღის პირველ ნახევარზე. თუკი ორგანიზმში ბიოლოგიური საათი მოშლილია, ანუ “დილა არ დგება”, ცხადია, ხდება ამ ჰორმონების გამომუშავების მოდიფიცირება ახალი პირობების შესაბამისად ანუ მათი დონე მუდმივად თანაბრად დაბალი რჩება.
გაანალიზეს რა მიღებული მონაცემები, კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს ძილის გაუმჯობესების რამდენიმე მეთოდი.:
• უნდა დავიძინოთ და გავიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, რათა მოვაწესრიგოთ შინაგანი ბიოლოგიური საათი;
• არ მივიღოთ ალკოჰოლი ძილის წინ. მართალია, ის ხელს უწყობს სასიამოვნო მოთენთილობის განვითარებას, მაგრამ იწვევს ზერელე ძილს;
• რეგულარული ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს, თუმცა ვარჯიში უმჯობესია დავამთავროთ დაძინებამდე არაუგვიანეს სამი საათისა;
• უნდა შევამციროთ კოფეინის შემცველი სითხეების (ჩაი, ყავა და სხვ.) მოხმარება დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, ძილის წინ;
• თუკი თქვენი ძილი ტუალეტში ღამით ხშირი ვიზიტების გამო წყდება, ეცადეთ სითხის მიღება დღის მეორე ნახევარში შეამციროთ, ხოლო დილის საათებში კი გაზარდოთ. თუკი ეს არ გიშველით, მიმართეთ უროლოგს.
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1392 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024