მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » კბილების გათეთრების შინაური მეთოდები
00:40
კბილების გათეთრების შინაური მეთოდები

ალბათ ყოველი ჩვენგანი ოცნებობს თვალისმომჭრელ ჰოლივუდურ ღიმილზე - თანამედროვე სტანდარტით ხომ კბილების ხარისხს მათი სითეთრე განსაზღვრავს, მაგრამ კბილების გასათეთრებლად სტომატოლოგთან სიარულს, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს. სწორედ მათ ვუძღვნით ამ სტატიას - ვასწავლით კბილების გათეთრების შინაურ მეთოდებს, რომელთა შედეგი პრესტიჟულ სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარებული პროფესიონალური პროცედურისას არ ჩამოუვარდება.

საჭმელი სოდა
საჭმელი სოდა დიასახლისთა ფავორიტია. მას უამრავი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი მათგანია კბილების გათეთრება. სტომატოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სოდა უვნებელია, სწრაფად და საიმედოდ მოქმედებს. სუფთა თუ  კბილის პასტაში არეული საჭმელი სოდით კბილების გაწმენდისას იხოცებიან კბილის ნადების მჟავაგამძლე ბაქტერიები, რომლებიც კბილებზე ლაქებს აჩენენ და მათ ბუნებრივ სითეთრეს უკარგავენ.

წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი პოპულარული, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. მასაც კბილის პასტაში ურევენ ან სუფთა სახით იყენებენ. ამ დროს გამორიცხული არ არის უსიამოვნო შეგრძნება პირის ღრუში და ღრძილების წვა, სამაგიეროდ, შედეგი ნამდვილად გადააჭარბებს მოლოდინს. პირველი შედეგი წყალბადის ზეჟანგის გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგჯერ - უფრო ადრეც კი გახდება თვალსაჩინო. არაფერია საშიში, თუ ზეჟანგი პირის ღრუში მოხვდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გადაყლაპვა. კბილების ხეხვას რომ დაასრულებთ, თბილი წყალი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ჩაიგუბეთ პირში და კარგად გამოივლეთ. თუ შიშს მაინც ვერ სძლევთ, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ბამბისგან პატარა ტამპონები, დაასველოთ მათეთრებელ ზეჟანგში და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიწმინდოთ კბილები ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით.

მარწყვი და ხენდრო
ბევრმა არ იცის, რომ მარწყვი, ხენდრო და ზოგიერთი სხვა კენკრა კბილების მათეთრებელ ნატურალურ ნივთიერებებს შეიცავს და შესანიშნავად ათეთრებს კბილის მინანქარს, თუმცა კენკრა დიდი ოდენობით შეიცავს გლუკოზასა და მჟავებსაც, ამიტომ მისი მირთმევის შემდეგ კბილები ფტორშემცველი პასტით უნდა გავიხეხოთ, რადგან პირის ღრუში დიდხანს დარჩენილმა კენკრის ნარჩენებმა შესაძლოა კარიესს დაუდოს სათავე. რაც შეეხება გათეთრებას, ამისთვის საკმარისია, კენკრა გაჭყლიტოთ, კბილის პასტის მსგავსად დადოთ ჯაგრისზე ან თითზე და კბილები გაიწმინდოთ.

ხის ნაცარი
რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ხის ნაცარი კბილებს ათეთრებს. ის შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს - ნივთიერებას, რომელიც წმენდს მინანქარს. კალიუმის ჰიდროქსიდის მიკროსკოპულ კრისტალებს პირის ღრუს საკმაოდ ძნელად შესაღწევი ადგილებიდანაც კი შეუძლია ნადების მოცილება. თუმცა ნაცრით ხშირმა ან ძლიერმა წმენდამ შესაძლოა კბილის მინანქარი დაგიზიანოთ, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ. ხის ნაცარი შეგიძლიათ პირდაპირ კბილის ჯაგრისზე დაყაროთ და კბილები ისე გაიწმინდოთ ან ცოტაოდენ კბილის პასტაში აურიოთ.

მოამზადეთ კბილის პასტა
კბილების გასათეთრებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თქვენივე ხელით მომზადებული კბილის პასტაა: ერთმანეთში უნდა აურიოთ 1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა, 10 მლ წყალბადის ზეჟანგი, 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ცოტაოდენი კბილის პასტა. ასეთი პასტით გაწმენდილი კბილები ორ კვირაში დაიბრუნებს სითეთრესა და ბზინვარებას.
მნიშვნელობა არ აქვს, შინაური მეთოდებიდან რომელს აირჩევთ. მთავარია, გახსოვდეთ:

  • ყოველი მათგანის გამოყენების შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს საგულდაგულო გაწმენდა და წყლის გამოვლება.
  • ბუნებრივ კბილებს მოყვითალო ელფერი აქვს. კბილების ხშირი გათეთრება არც პროფესიონალური, არც შინაური მეთოდებით არ შეიძლება - ეს აზიანებს კბილის მინანქარს, რომელიც, თავისთავად ცხადია, აღარ აღდგება, მინანქრის დაზიანება კი იმას ნიშნავს, რომ კბილი დაუცველია და უფრო მეტად არის განწყობილი კარიესისადმი.
  • ბევრს ჰგონია, რომ ჰოლივუდურ ღიმილს კბილების რეგულარული მოვლით შეინარჩუნებს, მაგრამ პირადი ჰიგიენა კბილების სითეთრის გარანტიად არ გამოდგება. საკვების ნარჩენები ისეთ ადგილებზე იბუდებენ, რომ მათ პერიოდულად ნამდვილად სჭირდებათ სტომატოლოგის ხელი.
  • მათეთრებელი კბილის პასტები მხოლოდ წვრილ და ახალ ლაქებს სპობენ, დიდი ხნის ლაქების მოცილება არც მათ შეუძლიათ.
  • თუ მათეთრებელი კრემის, გელის, ფხვნილის გამოცდას გადაწყვეტთ, უმჯობესია, უპირატესობა ნატურალურ, ნაცად საშუალებებს მიანიჭოთ.
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 2121 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024