მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ანაფილაქსიური შოკი
21:40
ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის ყველაზე სახიფათო და არასასურველი ვარიანტია. ეს არის კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს მწვავე სისტემურ ალერგიულ რეაქციას (მოიცავს მთელს ორგანიზმს) და ვითარდება იმ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რომლის მიმართაც ადამიანი წინასწარ იყო სენსიბილიზებული. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ანაფილაქსიის დროს სივდილობა გვხვდება 0,4 შემთხვევაში 1მლნ მოსახლეზე წელიწადში.

ანაფილაქსიის დროს ცვლილებები ვითარდება სხვადასხვა ორგანოებში - კანში, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში, გულ-სისხლძარღვათა სისტემის ორგანოებში, თვალში, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტში. შესაბამისად, ანაფილაქსიის სიმპტომებია: შფოთვა, კანის ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცემინება, ხველება, გამონაყარი კანზე, ტუჩებისა და სახსრების მიდამოს შეშუპება, თვალების შესივება და ქავილი, ხმის შეცვლა-ჩახლეჩა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ტკივილი გულმკერდში, მოხრჩობის გრძნობა, სიმხურვალისა და ალების შეგრძნება, ნაწლავური კოლიკა, საშვილოსნოს სპაზმი და მოშარდვის სურვილი, შესუსტებული სუნთქვა, დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია ბევრ ნივთიერებას. ანაფილაქსიური შოკის ხშირ მიზეზს წარმოადგენს ინსექტური ალერგია, ანუ ალერგია მწერის ნაკბენზე (კოღო, ფუტკარი, კრაზანა) და მედიკამენტოზური ალერგია (ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანალგეზიური საშუალებები, სულფამიდური საშუალებები, ჰორმონები, შრატის პრეპარატები, ადგილობრივი გამაუტკივარებელი საშუალებები, სულფიტები). შეიძლება იგი განვითარდეს ფიზიკურ დატვირთვაზეც, რაც დამოკიდებულია დატვირთვის ინტენსივობაზე და გარემოს ტემპერატურაზე. ამ დროს აღინიშნება ინტენსიური ქავილი გამონაყრით ან მის გარეშე, წნევის დაქვეითება და ზემო სასუნთქი გზების შევიწროება.

როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიის შემთხვევაში?

      • ანაფილაქსია მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ნაკლებად მძიმე იქნება გამოსავალი;

      • სასწრაფოდ კეთდება ადრენალინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სტეროიდული ჰორმონები;

გახსოვდეთ!

      • ანაფილაქსიის საუკეთესო მკურნალობა - ეს არის მისი პროფილაქტიკა;

      • გარკვეულ პროდუქტებზე ალერგიულმა პირებმა თავი უნდა დაიცვან სპეციფიკურ პროდუქტებთან შეხებაზე;

      • თუ არის ამის საშუალება, ექიმთან შეთანხმებით, უმჯობესია მიიღოთ მედიკამენტები აბების ფორმით ინექციების ნაცვლად;

      • ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები მედიკამენტების მიღების თაობაზე;

      • ინექციის შემდეგ ან ალერგენით მკურნალობის დროს, სულ მცირე 20 წუთი არ დატოვოთ ექიმის კაბინეტი;

      • ყოველთვის ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში თქვენი დაავადების ისტორიის შესახებ;

      • ალერგიულმა ადამიანებმა თან უნდა ატარონ სპეციალური სამედიცინო სამაჯური მასზე ალერგიულობის მითითებით, ასევე შოკის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკრები.

კატეგორია: ალერგია | ნანახია: 2061 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024