მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » კბილები
00:26
კბილები


კბილები (dentes) მონაწილეობენ საკვების დაქუცმაცების, აგრეთვე ღეჭვისა და ბგერების წამოქმნის პროცესებში.

ემბრიოლოგია. ადამიანის ორგანიზმში განასხვავებენ კბილების ორ გენერაციას – ე.წ. სარძევე (მოსაცვლელი) და მუდმივი კბილები. სარძევე კბილების ჩასახვა იწყება ემბრიოგენეზის მე–6 – მე-7 კვირას. კბილების განვითარებაში გამოყოფენ 3 პერიოდს: კბილების ჩანასახთა ფორმირება; კბილების ჩანასახთა დიფერენცირება და კბილების ჰისტოგენეზი.

სარძევე კბილები

პირველ პერიოდში ხორციელდება პირის ღრუს ამომფენი ეპითელიუმის ჩაზრდა შესაბამის მეზენქიმაში და ყალიბდება კბილების ორი ფირფიტა – ზედა და ქვედა, რომელთაც გააჩნიათ ნალის შესახედაობა. აღნიშნული ფირფიტების კიდეებზე ვითარდება კოლბისებური ეპითელური წანაზარდები (კბილის ანუ ემალირებული ორგანოები), 10–10 ცალი თითოეულ მხარეს, რაც შეესაბამება მომავალი სარძევე კბილების რაოდენობას. აღნიშნულ ეპითელური წარმონაქმნები, მათში მეზენქიმის ჩაზრდის გამო, სწრაფად იცვლიან ფორმას და ღებულობენ ზარის შესახედაობას. კბილის ორგანოებში ჩაზრდილ მეზენქიმას ეწოდება კბილის დვრილი. კბილის ორგანოს და კბილის დვრილის გარშემო მეზენქიმისგან ყალიბდება განსაკუთრებული გარსი – კბილის პარკი.

მეორე პერიოდში კბილის ორგანოს და კბილის დვრილის თავდაპირველად არსებული ერთგვაროვანი უჯრედებიდან დიფერენცირდება ხარისხობრივად განსხვავებული უჯრედული ელემენტები. კბილის ორგანოს შიგნითა გარსიდან წარმოიქმნება ენამელობლასტები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ემალის ფორმირებაში; კბილის დვრილიდან გამოიყოფა ოდონტობლასტები, რომელთა მეშვეობითაც შემდგომში ყალიბდება დენტინი. ჰისტოგენეზის პერიოდი ხასიათდება დენტინის, ემალის და კბილის სხვა ქსოვილების ჩამოყალიბებით. ფესვების განვითარება ხდება უშუალოდ კბილების ამოჭრის წინ. ცემენტი წარმოიქმნება ცემენტობლასტებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, დიფერენცირდებიან კბილის პარკის შიგნითა შრის შემადგენლობაში. კბილების ჩამოყალიბების პარალელურად, კბილის დვრილი გარდაიქმნება პულპის ქსოვილად.
სარძევე კბილების ამოჭრა იწყება დაბადებიდან მე–5–მე–6 თვეზე და სრულდება 2,5–3 წლის ასაკში.
მუდმივი კბილების ჩამოყალიბება იწყება მუცლადყოფნის პერიოდის მე–5 თვიდან და მიმდინარეობს სარძევე კბილების ანალოგიურად. მუდმივი კბილების ამოჭრას თან სდევს სარძევე კბილების მოცვლა. კბილები ლაგდებიან ყბებში და წარმოქმნიან კბილის მწკრივებს ანუ რკალებს. ადამიანში განასხვავებენ 4 ჯგუფის კბილებს: საჭრელები, ეშვები, პრემოლარული და მოლარული. სარძევე კბილების შემადგენლობაში შედის 20 კბილი (10 თითოეულ ყბაზე): 4 საჭრელი, 2 ეშვი, 4 მოლარული; მუდმივი კბილების შემადგენლობაში შედის 32 კბილის (16 თითოეულ ყბაზე): 4 საჭრელი, 2 ეშვი, 4 პრემოლარული და 6 მოლარული.
მუდმივი კბილების ამოჭრა იწყება 6 წლის ასაკში პირველი მოლარული კბილებით. მედიალური საჭრელი კბილების ამოჭრა ხდება 6–8 წლის ასაკში, გვერდითი საჭრელების – 8–9 წლის ასაკში, ეშვების – 10–11 წლის, პრემოლარულების – 9–12 წლის, მეორე მოლარულების – 12–13 წლის ასაკში, ხოლო მესამე მოლარულების (სიბრძნის კბილები) – ნებისმიერ ასაკში. კლინიკურ პრაქტიკაში, დაავადებული ან მოცვლილი კბილების აღნიშვნის მოხერხებულობის მიზნით, გამოიყენება ე.წ. კბილების ფორმულა, სადაც კბილების ნუმერაცია იწყება ზუსტად შუა ხაზიდან, ამასთან კბილების ზედა რიგი ქვედასგან გამოყოფილია ჰორიზონტალური ხაზით.

ჰისტოლოგია. კბილები შედგებიან მყარი და რბილი ქსოვილებისგან. მყარ ქსოვილებს მიეკუთვნებიან ემალი, დენტინი და ცემენტი; რბილებს – პულპა, რომელიც ავსებს გვირგვინის ღრუს და ფესვების არხებს. კბილების ყველაზე მყარი ნაწილია ემალი, რომელიც 97%–ით შედგება არაორგანული ნივთიერებებისგან. ემალის სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენენ ე.წ. ემალის პრიზმები, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰიდროოქსიაპატიტის კრისტალებისგან. ემალის ორგანული ნაწილი, რომელიც უპირატესად ცილებისგან შედგება, წარმოქმნის ტოქსოფიბრილარულ სტრუქტურებს.

კბილის ჰისტოლოგია

ახლად ამოჭრილი კბილების ემალი დაფარულია ორგანული წარმოშობის კუტიკულით, რომელიც სწრაფად ცვდება საჭრელი ზედაპირის მხრიდან. ამოჭრის შემდეგ, კბილების ზედაპირზე წარმოიქმნება თხელი ორგანული ფირფიტა – პელიკულა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემალის ზედაპირული შრეებში მიმდინარე ცვლით პროცესებში. პელიკულებზე ხდება კბილის ნადების ფორმირება – ეს არის თეთრი, რბილი კონსისტენციის ნივთიერება, რომელიც ადვილად სცილდება კბილების გამოხეხვის შედეგად. ის შეიცავს არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებს, აგრეთვე დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმებს.
კბილის მასის ძირითად ნაწილს შეადგენს დენტინი, რომელიც სიმყარის თვალსაზრისით, მხოლოდ ემალს ჩამოუვარდება. კბილების გვირგვინოვან ნაწილში დენტინი დაფარულია ემალით, ხოლო ფესვის ნაწილში – ცემენტით. ის ძირითადად (72%) შედგება არაორგანული ნივთიერებებისგან, უპირატესად კალციუმის მარილებისგან. დენტინის შემადგენელი ძირითადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ერთგვაროვან მასას შიგნით ჩართული კოლაგენური ბოჭკოებით, დაფარულია უწვრილესი არხებით, რომლებშიც მიემართებიან კბილების პულპაში განლაგებული ოდონტობლასტების მორჩები. დენტინის ძირითადი ნივთიერების განტოტიანების ხარისხიდან გამომდინარე, გამოყოფენ ე.წ. გლობულარულ დენტინს (მასში კალციუმის მარილები ლაგდება სფეროსებრი კომპლექსების – გლობულების სახით) და ნაკლებად განტოტილ, ინტერგლობულარულ დენტინს. მთელი ცხოვრების განმავლობაში კბილების პულპის საზღვარზე შენარჩუნებულია დენტინის განუტოტებელი ძირითადი ნივთიერების ვიწრო ზოლი – პრედენტინი.
კბილის ფესვის მფარავი ცემენტი, თავისი შემადგენლობით, არაორგანული და ორგანული ნივთიერებების შეფარდებით, აგრეთვე თავისი აგებულებით მოგვაგონებს უხეშბოჭკოვან ძვალს, თუმცა ძვლისგან განსხვავებით, არ გააჩნია სისხლძარღვები. ზოგიერთი დაავადებების, მაგალითად პარადონტოზის, პერიოდონტიტის დროს, აგრეთვე კბილებზე გაძლიერებული დატვირთვის პირობებში, ადგილი აქვს ცემენტის გაძლიერებულ წარმოქმნას – ჰიპერცემენტოზს. პულპა – კბილების რბილი ქსოვილი – ავსებს გვირგვინის ღრუს და ფესვების არხებს. ის წარმოდგენილია დიდი რაოდენობით ამორფული ნივთიერების შემცველი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით, რომელშიც განლაგებულია წვრილი კოლაგენური და არგიროფილური ბოჭკოები. პულპის ძირითად უჯრედოვან ელემენტებს წარმოადგენენ ოდონტობლასტები, რომლებიც პრედენტინთან საზღვარზე წარმოქმნიან თანამოსახელე შრეს. პულპაში განლაგებულნი არიან სისხლის და ლიმფური ძარღვები, აგრეთვე ნერვული ბოჭკოები. ეს უკანასკნელნი, ოდონტობლასტების შრის მიდამოში, წარმოქმნიან წნულს; ნერვული ბოჭკოების ნაწილი აღწევს პრედენტინის შრეში განუტოტებელი დენტინის საზღვრამდე. კბილის ალვეოლებში კბილების გამაგრება ხორციელდება იოგის – პერიოდონტის მეშვეობით (სინ: ფესვის გარსი, პერიცემენტი). პერიოდონტი შედგება მკვრივი, ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან, რომელიც შეიცავს მსხვილ კოლაგენურ ბოჭკოებს, რომლებიც, თავის მხრივ, ერთი ბოლოთი ერწყმიან ალვეოლის ძვლოვან ნივთიერებას, ხოლო მეორით – ცემენტის ნივთიერებას. ალვეოლის ძვალთან და ღრძილთან ერთად პერიოდონტი წარმოქმნის პაროდონტს.


კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1092 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017