ჰორმონული გაურკვევლობა - 22 სექტემბერში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » ჰორმონული გაურკვევლობა
00:51
ჰორმონული გაურკვევლობა

ყველაზე მეტი შეკითხვა ყოველთვის ჰორმონებთან დაკავშირებით ჩნდება. ასეთი პატივი არც ანტიბიოტიკებს რგებიათ და არც ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ნუთუ ასეთი საშიშია ჰორმონოთერაპია? ეგებ მედიცინამ ჰორმონების შესახებ ბოროტი ხმები უკვე გააბათილა?

ჰორმონული მედიკამენტების ხსენება ბევრს აფრთხობს. მართლა სარისკოა თუ არა მათი მიღება?


– ჰორმონული პრეპარატები მხოლოდ ჩვენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება, თუმცა მათ, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ძირითადთან ერთად გვერდითი ეფექტებიც აქვთ. მედიკამენტის დანიშვნისას ექიმი ამას ყოველთვის ითვალისწინებს. ჰორმონული პრეპარატები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკუჩვენება არ არსებობს და მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ წამლის სარგებელი ბევრად აღემატება მასზე უარის თქმით გამოწვეულ რისკს.
არსებობს პათოლოგიები, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას საჭიროებს. მიუხედავად ამისა,  ბევრი ალტერნატიულ გზებს ეძებს – ფიტოთერაპიას, ჰომეოპათიას... რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება?
– მართლაც არსებობს დაავადებები, როდესაც საჭიროა, ენდოგენურად პროდუცირებადი ჰორმონის დეფიციტი ეგზოგენურად, ჰორმონული პრეპარატის  მეშვეობით შევავსოთ, ანუ ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზირებული ნივთიერების უკმარისობისას მისი ანალოგი გარედან შევიყვანოთ. ერთ-ერთი ასეთი პათოლოგიაა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად განვითარებული პირველადი ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლოვანება. აი, რა ხდება ამ დროს: ფარისებრი ჯირკვალი ორგანოსპეციფიკური ანტისხეულებით ზიანდება, რის შედეგადაც თიროქსინის წარმომქმნელი უჯრედები, თირეოციტები, იშლება და არააქტიურ ფიბროზულ ქსოვილად გარდაიქმნება. ამის შედეგად მცირდება ორგანიზმში ჰორმონ თიროქსინის გამომუშავება, რაც ჰიპოთირეოზს იწვევს. ამ შემთხვევაში პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს პრეპარატი, რომელიც ჰორმონ თიროქსინის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს.
ბევრი მთელი სიცოცხლე ჰორმონული მედიკამენტების სმას ამა თუ იმ ფიტოპრეპარატის მიღებას ამჯობინებს. არჩევანს უმეტესად იოდის შემცველი მცენარეული მედიკამენტების სასარგებლოდ აკეთებენ. იოდი მართლაც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სინთეზში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სუსტდება არა იმიტომ, რომ მას იოდი არ ჰყოფნის, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხდება იმ უჯრედების დესტრუქცია, რომლებიც თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ დროს ფარისებრი ჯირკვლისთვის იოდის მიწოდებას აზრი არ აქვს. თიროქსინის დეფიციტი სინთეზური გზით მიღებული ანალოგით უნდა შეივსოს. მეტსაც გეტყვით: უკანასკნელი მონაცემებით, ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად განვითარებული ჰიპოთირეოზის დროს იოდის ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უფრო სწრაფ დაქვეითებას.
ყველაზე გავრცელებული მაგალითი მოვიყვანე, თუმცა მსგავსი სიტუაცია ნებისმიერი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს შეიძლება შეიქმნას.
კლიმაქტერიული სინდრომის სამკურნალოდ ბევრი ენდოკრინოლოგი ქალს ჰორმონული პრეპარატების მიღებას ურჩევს. რამდენად ეფექტიანია ასეთი  თერაპია? ეგებ ამ სინდრომთან ბრძოლის უფრო მარტივი გზებიც არსებობს?
– მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში წყდება ესტროგენებისა და პროგესტერონის სეკრეცია. ესტროგენები გავლენას ახდენს მრავალ ორგანოზე: თავის ტვინზე,  სისხლძარღვებზე, გულზე, ძვლებზე, სარძევე ჯირკვლებზე, კანზე... ამ ჰორმონების დეფიციტი კი ისეთი ჩივილების მიზეზად იქცევა, როგორიც არის ალები, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ამ ჩივილების აღკვეთის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიაა. ის ზოგჯერ მხოლოდ ესტროგენებით ხორციელდება, ზოგჯერ – ესტროგენებისა და პროგესტერონის კომბინაციით.
ჩანაცვლებითი ესტროგენული ან ესტროგენ- გესტაგენური თერაპიის დანიშვნისას მხედველობაში მრავალი ფაქტორია მისაღები. გარდა ამისა, ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თერაპიისგან მიღებული სარგებელი გადაწონის მასთან ასოცირებულ რისკს.
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, გარდა იმისა, რომ ეფექტურად ხსნის მენოპაუზისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, დიდ როლს ასრულებს ოსტეოპოროზისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაშიც, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ესტროგენებით წარმოებული ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის საშვილოსნოს კიბოსა და ინსულტის განვითარების ალბათობას, ხოლო ხანგრძლივი ესტროგენ-გესტაგენური თერაპია – ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს. არსებობს არაერთგვაროვანი მონაცემები იმის თაობაზე, რა გავლენას ახდენს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მონაცემების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ჩანაცვლებითი ესტროგენ-გესტაგენური თერაპია არ ამცირებს და, შესაძლოა, ზრდიდეს კიდეც კარდიოვასკულურ დაავადებათა რისკს. ყველა ეს მოსაზრება ეფუძნება ფართომასშტაბიანი გამოკვლევების, WHI-სა და HERS-ის, მონაცემებს.
ამრიგად, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის უმთავრესი ჩვენებაა მენოპაუზასთან დაკავშირებული აშკარა ჩივილები, ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პრევენციისთვის კი შეგვიძლია, სხვა მეთოდებს მივმართოთ. მაგალითად, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ ვიყენებთ კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებს, პაციენტს ვურჩევთ, მეტი იაქტიუროს ფიზიკურად. კარდიოვასკულურ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება, ცხოველური ცხიმის შეზღუდვა, საჭიროების შემთხვევაში ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენება.
მენოპაუზური ასაკის ქალებს ხშირად აწუხებთ საშოს სიმშრალე, რომლის დროსაც ეფექტურია ადგილობრივი დამატენიანებელი საშუალებები და ადგილობრივი ესტროგენები (იყიდება ვაგინალური კრემების, ვაგინალური ტაბლეტების, ვაგინალური ესტროგენული რგოლების სახით).
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა უკუჩვენებათა გამოსავლენად –  მამოგრაფია, ულტრაბგერითი გინეკოლოგიური გამოკვლევა, კოაგულოგრაფია, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ანამნეზი და თანმხლები დაავადებები.
კიდევ ერთი მითი, რომელიც ჰორმონულ მედიკამენტებს უკავშირდება, ის არის, რომ შესაძლოა,. ჰორმონის მიღებამ უადგილო ადგილას თმის ზრდა და წონის მატება გამოიწვიოს.
– ეს შეხედულება აბსოლუტურად მცდარია. ნება მომეცით განვმარტო: “ჰორმონული პრეპარატები” ძალიან ფართო ცნებაა. სხვადასხვა ჰორმონულ პრეპარატს სხვადასხვა მოქმედება და გვერდითი ეფექტები ახასიათებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ინიშნება ჰორმონ თიროქსინის სინთეზური ანალოგი, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არც წონის მატება და არც ჭარბი გათმოვანება. პირიქით, სწორედ თიროქსინის დეფიციტია წონის მატების ერთ-ერთი მიზეზი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სამკურნალოდ, ხოლო რიგ შემთხვევაში – ტიპი 2-ის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროსაც, როდესაც პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების გამოფიტვის შედეგად ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, მოგეხსენებათ, საჭიროა ინსულინის დანიშვნა. ინსულინი ანაბოლური ჰორმონია და შესაძლოა, წონის მატებას ხელი მართლაც შეუწყოს, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ. ამ დროს დიაბეტიანს ვურჩევთ, აკონტროლოს კვების რაციონი, რათა თავიდან აიცილოს წონის მატება. ასევე არ ასუქებს ესტროგენული პრეპარატები. პირიქით, წონის მატებას სწორედ ესტროგენების დეფიციტი უწყობს ხელს, რითაც აიხსნება წონის მატებისაკენ მიდრეკილება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის დროს. ზოგჯერ პაციენტები ჩივიან, რომ ესტროგენებით ან ესტროგენ-გესტაგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე წონა მოიმატეს, თუმცა ეს მოვლენა შესწავლილი არ არის. შესაძლოა, ქალის სასქესო ჰორმონების ანალოგები მადაზე მოქმედებდნენ. რაც შეეხება გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, კორტეფი, მედროლი და სხვა), რომლებიც თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს ინიშნება და ასევე ფართოდ გამოიყენება რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათი მიღებისას ნამდვილად არის მოსალოდნელი წონის მატება და`ან ჭარბი გათმოვანება. არსებობს სხვა სირთულეებიც, მაგრამ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას, ისევე როგორც რიგი სხვა დაავადების დროს, გლუკოკორტიკოიდების მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გვერდითი ეფექტების შიშით პრეპარატზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ სასურველია, მისი დოზა და მისი მიღების სქემა ისე იყოს შერჩეული, რომ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. საზოგადოდ, გლუკოკორტიკოიდების მიღების პერიოდში პაციენტი ექიმის დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
დაბოლოს, რამდენად სარისკოა ჰორმონული მედიკამენტების თვითნებური მიღება?
– ჰორმონული პრეპარატების თვითნებური მიღება დაუშვებელია. ისინი უნდა დანიშნოს ექიმმა, ისიც მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში.


ცხიმნარევი ტყუილი

რაკი მცდარ წარმოდგენებს ვამსხვრევთ, შეუძლებელია, ქოლესტეროლს გვერდი ავუაროთ. პირველ მითს ამ აბზაცშივე დავანგრევთ: ქოლესტეროლი მავნე ა რ არის! მეორე კიდევ უფრო ადრე მოვაშთეთ. ის რატომღაც პოპულარობის ზენიტში მყოფი ცხიმოვანი ნივთიერების სახელწოდებას ეხებოდა. არ ვიცი, რუსული სამედიცინო სკოლის გავლენა იყო თუ ასე უკეთ ჟღერდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ტერმინ “ქოლესტერინს” უფრო ხშირად გაიგონებდით. აშშ-სა და ევროპაში უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა “ქოლესტეროლი”. ჩვენც შევეცადეთ, მათთვის მიგვებაძა და უკვე მერამდენე ნომერია, დაბოლოება “ინი” “ოლით” ეფექტურად ჩავანაცვლეთ.
საქმე მხოლოდ სახელწოდებაში როდია. ქოლესტეროლს რა ცოდვა აღარ აჰკიდეს: ინფარქტსაც ის იწვევს, სიმსუქნესაც და ლამის სიბერესაც. თუმცა ზღაპრები, რომლებსაც მის შესახებ თხზავენ, იმდენად საინტერესოა, რომ მათთვის გვერდის ავლა არ ღირს. ჰოდა, მოდი, მოვყვეთ.
იყო ერთი ქოლესტეროლი, რომელიც ორგანიზმს არაფერშიც არ სჭირდებოდა... სინამდვილეში კი მის გარეშე არსებობა არ შეეძლო.  უიმისოდ უჯრედები – გარსის, ორგანიზმი კი ნაღვლის მჟავას, D ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების გარეშე დარჩებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ქოლესტეროლი გაბოროტდა და ორგანიზმს ინფარქტით დაემუქრა: ჯერ ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის გეგმა შეიმუშავა, რომელთა წყალობითაც სისხლძარღვის სანათურის შევიწროება და დახშობა გადაწყვიტა... ასე მართლაც ხდება, თუმცა ყოველგვარი ქოლესტეროლი როდია ბოროტმოქმედი. არსებობს “კარგი” ქოლესტეროლი (სხვაგვარად – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები), რომელსაც მხოლოდ სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. მის მეზობლად სახლობს “ცუდი” (დაბალი სიმკვრივის) ვარიანტი, რომელსაც  ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნაში მიუძღვის ბრალი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი სისხლძარღვის შიგნითა კედელზე მავნე ცხიმების დალექვას სხვა დამატებითი ფაქტორებიც უწყობს ხელს. ქოლესტეროლს, თუნდაც ცუდზე ცუდს, ამ ბოროტების ჩადენა მარტოს ძალიან გაუჭირდებოდა.
 როდესაც ადამიანებმა ქოლესტეროლის ავი ზნის შესახებ შეიტყვეს, ამ ცხიმოვანი ნივთიერებით მდიდარი საკვების აკრძალვა განიზრახეს...  მალევე გახდა ცნობილი, რომ ორგანიზმში არსებული ქოლესტეროლის 20% საკვებიდან არის იმპორტირებული, ხოლო 80% ადგილობრივი  წარმოებისაა. ასე რომ, უფრო მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, “ცუდი” ქოლესტეროლი ჭარბად რომ არ წარმოიშვას. ეს უკანასკნელი უმთავრესად უჯერი ცხიმებისგან სინთეზირდება, ამიტომ უფრო გონივრული იქნება, მენიუდან უჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები ამოვიღოთ.

The New England Journal of Medicine-მა გამოაქვეყნა ასეთი ინფორმაცია: “88 წლის მამაკაცს, რომელიც დღეში 25 ერბოკვერცხს მიირთმევდა, სისხლში ქოლესტეროლის დონე ნორმალური ჰქონდა”. როგორც ჩანს, კვერცხის ქოლესტეროლი ორგანიზმში არცთუ სავსებით ნეგატიურ ტრანსფორმაციას განიცდის.

ქოლესტეროლი სპორტსმენებმაც შეიძულეს... ფიზიკური დატვირთვისას სისხლში ქოლესტეროლის დონე იკლებს, თუმცა უმნიშვნელოდ, ამიტომ მხოლოდ ვარჯიშით ამ ცხიმს ასე იოლად ვერ მოვიშორებთ. საზოგადოდ, ქოლესტეროლის დონეზე გავლენას ახდენს სქესი (მამაკაცებს, როგორც წესი, მოეჭარბებათ), საკვების შემცველობა, გენეტიკა, ცხოვრების წესი...
ცოტა ხანში ნაღების კარაქზე მეტად მარგარინი შეიყვარეს, აქაოდა უფრო სასარგებლო ცხიმებს შეიცავსო... მართალია, მარგარინი მცენარეული კომპონენტებისგან მზადდება, მაგრამ ტექნიკური დამუშავების შემდეგ მავნე ნივთიერებები მასშიც უხვად წარმოიქმნება.

***
არც კი ვიცით, როგორი უნდა იყოს ზღაპრის ბოლო. მთავარი გმირი დადებითი თვისებებით შევამკეთ, მის საგმირო საქმეებზეც ვისაუბრეთ. ერთი რამ კი ფაქტია: ზღაპრები ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ. 

კალორიით მეტი, კალორიით ნაკლები

“კალორიების შემცველი საკვები სრულიად უსარგებლოა. ერთადერთი, რითაც მისგან შეიძლება ვიხეიროთ, ზედმეტი კილოგრამებია. ჰოდა, გამოდის, რომ  არაფერში გვჭირდება”,  – აი ყველაზე გავრცელებული და საფუძველს მოკლებული მოსაზრება. ასეთი კიდევ უამრავია. დიეტასა და საზოგადოდ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ მითებს ადამიანები დღეში ცხრას თხზავენ და საფუძვლად საკუთარ ინტერესებს უდებენ. სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა, რას ერჩიან კალორიებს, რომლებიც, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, არავითარი გასასუქებელი ნივთიერება არ არის  – მხოლოდ და მხოლოდ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას გამოხატავს. ასეთი მახასიათებელი კი ყოველგვარ პროდუქტს აქვს, ზოგს –  მეტი, ზოგს – ნაკლები. თუ ენერგიით დამუხტვა არ გვინდა, მაშ რა გვრჯის, ვჭამოთ? ესეც პირველი გასტრონომიული მითის ლოგიკური აღსასრული! თუმცა არანაკლებ საინტერესოა სხვებიც. ასე, მაგალითად:

მკაცრი დიეტა იდეალურია წონის დასაკლებად
შესაძლოა, რამდენიმე კილოგრამი მართლაც მალე მოიკლოთ, მაგრამ შიმშილის რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებთ. გარდა ამისა, შეწყვეტთ თუ არა დიეტას, დამშეული ორგანიზმი ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს დანაკარგი.
მკაცრი დიეტა არც ჯანმრთელობას რგებს. წონის სწრაფი (კვირაში 1,5 კგ და მეტი) კლება საგრძნობლად ზრდის ნაღველკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბების რისკს, ხოლო თუ დღის განმავლობაში საჭიროზე 800 კალორიით ნაკლებს იღებთ, შესაძლოა, ამან გულის რიტმის ცვლილება გამოიწვიოს. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ფაქტი მედიცინას პრაქტიკაში უხვად მოეპოვება.
თუ წონის დაკლება განიზრახეთ, უმჯობესია, ისეთი დიეტა შეარჩიოთ (კონსულტაციისთვის უთუოდ ექიმს მიმართეთ), კვირაში 200-800 გრამზე მეტი რომ არ მოიკლოთ. ეცადეთ, ნაკლებკალორიული, მაგრამ დაბალანსებული საკვები მიირთვათ და რაც მთავარია, მეტი ივარჯიშოთ.

ცილოვანი დიეტა უსაფრთხო და სასარგებლოა
ამგვარი დიეტის დროს ორგანიზმი ფაქტობრივად ვეღარ იღებს ნახშირწყლებს. არც კუჭ-ნაწლავს ანებივრებთ ხილ-ბოსტნეულით, ეს კი შეკრულობას იწვევს. ესეც რომ არ იყოს, ნახშირწყლების დეფიციტი არცთუ მთლად დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე. ბოლოს და ბოლოს, ადეკვატური აზროვნებისთვის ტვინი შაქრებს ითხოვს!
ცილოვანი დიეტა წონის კლების თვალსაზრისით ეფექტიანია, თუმცა სასურველი შედეგით დიდხანს ტკბობის იმედი ნუ გექნებათ  – მალევე იგრძნობთ, როგორ ემატება კილოგრამს კილოგრამი...
სავსებით დასაშვებია, ცილოვან დიეტაში უმნიშვნელო ოდენობის ხილი, ბოსტნეული და სულ ცოტა ნახშირწყლოვანი საკვები (მაგალითად, მაკარონი) შეაპაროთ. წონას ასეც დაიკლებთ.


გრეიპფრუტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
არამც და არამც! იმავე მითს თხზავენ ისპანახზე, კომბოსტოს წვენზე. დაიხსომეთ: არც ერთი საკვები არ წვავს ცხიმს. შესაძლოა, ყავამ მეტაბოლიზმი დააჩქაროს, მაგრამ ამას წონის კლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი გზა, რომელიც ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ, კალორიების ოდენობის შემცირება და ფიზიკური აქტიურობის გაზრდაა.

არსებობს მცენარეული საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოდ დაგვაკლებინებს წონას
არამც და არამც არ შეიძლება წონის დასაკლები მცენარეული პრეპარატების თვითნებური, ხანგრძლივი მიღება. ბევრს მიაჩნია, რომ მცენარეული, ე.წ. ნატურალური (უფრო სწორად, ბუნებრივი) საშუალებები სრულიად უვნებელია, რაც სიმართლეს არ შეეფერება. წონის დასაკლები “ნატურალური” აბები შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა არადოზირებული მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა.
ვიდრე წონის დასაკლებად რაიმე საშუალებას შეიძენდეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. სხვაგვარად რისკი დიდია!

ნაკლებცხიმიანი და უცხიმო საკვები კალორიებს არ შეიცავს
შევთანხმდეთ: კალორიებს ნებისმიერი საკვები შეიცავს. შესაძლოა, ცხიმმოხდილი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება ცხიმიანისაზე შედარებით ნაკლები იყოს, მაგრამ არც საპირისპირო რამ არის გამორიცხული. მაღალი ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ ცხიმს როდი აქვს – კალორიულია ნახშირწყლები (შაქარი ან მისი შემცვლელები), ცილა და სხვადასხვა დანამატიც კი, რომლებსაც მზა პროდუქტები უხვად შეიცავს. ასე რომ, ერთნაირი ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული ენერგეტიული ღირებულების ამსახველი ციფრები როგორც ცხიმიანი, ისე უცხიმო პროდუქტის შეძენის დროს.

 იშვიათად კვება წონის დაკლებას უწყობს ხელს
დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ისიც, ვინც საუზმეზე უარს ამბობს და ისიც, ვინც დღის განმავლობაში იშვიათად იკვებება, გაცილებით ძნელად ემშვიდობება ზედმეტ კილოგრამებს. თურმე ტრაპეზის გამოტოვების გამო ორგანიზმს ისე შივდება, რომ შესაძლოა, ვერც კი მოზომოს და ზედმეტი კალორიებით აღიჭურვოს.
წონის დაკლების უმჯობესი გზა ხშირი (დღეში 4-5-ჯერ მაინც), ზომიერი ულუფებით კვება და საკვების ენერგეტიკული ღირებულების კონტროლია.

 თხილეული მეტისმეტად კალორიულია და დიეტის დროს კვების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს
ამ მოსაზრების პირველი ნაწილი მართებულია – თხილი და კაკალი ცხიმს უხვად შეიცავს და, შესაბამისად, კალორიულიც არის, მაგრამ  მათში შემავალი ნაჯერი ცხიმი ორგანიზმისთვის მარგებელია და უჯერი ცხიმებისგან განსხვავებით, არც ათეროსკლეროზს იწვევს. გარდა ამისა, თხილსა და კაკალში სხვა სასარგებლო ნივღიერებებიც შედის, მაგალითად, ცილა, უჯრედისი, მანგანუმი, სპილენძი. ამდენად, კვების რაციონიდან მათი გამორიცხვა სასურველი არ არის.
გამოსავალი ასეთია: თუ წონის დაკლება განიზრახეთ, მიირთვით თხილეული რეგულარულად, ოღონდ მცირე რაოდენობით. გაითვალისწინეთ: მესამედი ჭიქა შერეული თხილეულის ენერგეტიკული ღირებულება 270 კალორიაა.

ხორცი ჯანმრთელობისთვის დიდად მარგებელი არ არის და არც წონის კლებას უწყობს ხელს
ცხიმიანი ხორცი სავსეა მავნე ქოლესტეროლით, ამიტომ სჯობს, მჭლე მიირთვათ – გარდა იმისა, რომ წონის კლებაში დაგეხმარებათ, სხვა მხრივაც გარგებთ.
უხორცო დიეტის დაცვას, მით უმეტეს – დიდხანს, არ გირჩევთ, რადგან ეს პროდუქტი მდიდარია ცილით, იოლად ასათვისებელი რკინით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ელემენტებით.

რძის პროდუქტები ყოველთვის სასარგებლო როდია
ალბათ მიგაჩნიათ, რომ დიეტის დროს რძის პროდუქტების მიღება ზედმეტია. ცდებით. რძის პროდუქტები იმდენად სასარგებლოა, რომ მათზე უარის თქმას ყველაზე მკაცრი დიეტის პირობებშიც კი არ გირჩევთ. თუ ცხიმს უფრთხით, გირჩევთ, კვების რაციონში ჩართოთ უცხიმო ვარიანტები: ნაღებმოხდილი რძე, ყველი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო...
დაიხსომეთ: 10-დან 18 წლამდე ასაკის და 50 წელს მიტანებულ ადამიანს დღეში სამი ულუფა რძის პროდუქტი სჭირდება, ხოლო 19-49 წლამდე ორიც ეყოფა. ერთი ულუფა უდრის ერთ ჭიქა რძეს ან იოგურტს, 50 გრამ ნაღებმოხდილ ყველს.

ვეგეტარიანული კვება სასარგებლოც არის და ჭარბი წონისგანაც იცავს
სტატისტიკამ ცხადყო, რომ ვეგეტარიანელების საკმაოდ შთამბეჭდავი ნაწილი გამხდარია და თუ დასჭირდა, წონის დაკლებასაც იოლად ახერხებს. სამაგიეროდ, მათი ორგანიზმი ხშირად განიცდის ისეთი ნივთიერებების დეფიციტს, როგორიც არის ცილები, კალციუმი, D ვიტამინი, თუთია. ისეც ხდება, რომ ვეგეტარიანელები ნახშირწყლების ხარჯზე ჭარბ კალორიებს იღებენ. ასე რომ, ვეგეტარიანელობა მოხდენილობის გარანტი არ არის.

  
     
მარჩიელობის დრო არ არის

“ნეტავ ორსულად ხომ არ ვარ?” – როდესაც ეს საჭოჭმანო საკითხი ტესტის ან ულტრაბგერის მეშვეობით დადებითად გადაწყდება, მომავალ დედას ეჭვნარევი აზრების მთელი კორიანტელი ატყდება თავს: “ხილ-ბოსტნეული ვჭამო თუ ვიტამინები ვსვა? ეგებ მშობიარობამდე თმაც აღარ შემეღება?..” თუმცა ყველაზე მეტად მაინც კვებასთან დაკავშირებით ორჭოფობს. ჰოდა, მოდი, ჯერ გასტრონომიული გაუგებრობები გავარკვიოთ.

რას ვერჩით თევზს?
ამბობენ, თევზი ალერგიას იწვევს და ბავშვებიც, რომელთა დედებიც ორსულობისას ამ პროდუქტს ხშირად მიირთმევდნენ, ალერგიისადმი არიან  მიდრეკილებიო. თურმე ალერგია რა მოსატანია იმასთან, რაც წყლის ამ ბინადარს შეუძლია დამართოს ნაყოფს! ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ნიუიორკელი მეცნიერი, ვინმე პიტერ ბერნშტეინი. მისი გამოკვლევის თანახმად, თევზში ვერცხლისწყალი გროვდება, რომელიც ნაყოფზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს.
ვერ გეტყვით, დაეთანხმა თუ არა FDA (Food and Drug Administration) ბერნშტეინის მოსაზრებას, მაგრამ ლიმიტი მაინც დააწესა: მისი რეკომენდაციით, ორსულმა კვირაში 340 გრამზე მეტი თევზი არ უნდა მიირთვას.
ჟურნალმა “საიენსმა” ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: წყალსატევის თევზები გაცილებით მეტად ყოფილა გაჯერებული ვერცხლისწყლით, ვიდრე მდინარისა და ზღვისა. ნეგატიური ფაქტების ძიება დროებით ამ ეტაპზე შეწყდა.
ბრიტანულ ჟურნალ “ლანცეტში” კი ორი წლის წინ ასეთი რამ ეწერა: “თევზის ჩართვა ორსულის მენიუში აუცილებელია”. ეს დასკვნა ციდან არ ჩამოვარდნილა – მეცნიერები 12 000 ბავშვს აკვირდებოდნენ და დარწმუნდნენ, რომ მოზარდები, რომელთა დედებიც ორსულობისას თევზს მიირთმევდნენ, გონებრივად და ფიზიკურად უკეთ იყვნენ განვითარებულები. ნივთიერება, რომელსაც მიეწერა ეს დამსახურება, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა გახლდათ. აქვე იყო მოყვანილი იმ პროდუქტების ნუსხა, რომელშიც ეს ჯადოსნური ნივთიერება უხვად მოიპოვება: სელის ზეთი, ნიგოზი, სოია, კვერცხი. გარდა ამისა, სუპერმარკეტებში იყიდება პროდუქტი – პური, წვენი, ზეთი – რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავათი საგანგებოდ არის გამდიდრებული.
შევდივართ ჩვენი მკითხველის მდგომარეობაში, რადგან ნაცვლად იმისა, რომ მარტივად აგვეხსნა, ღირს თუ არა ორსულისთვის თევზის ჭამა, სავარაუდოდ, უფრო მეტად დავაბნიეთ.
ალბათ სჯობია, ისევ FDA-ს დავუჯეროთ და თევზი მცირე ულუფებით მივირთვათ.
სხვათა შორის, ბერნშტეინისა და FDA-ს მოსაზრებები ერთ რამეში ერთმანეთს დაემთხვა: არაფრით არ შეიძლება, ორსულმა უმი რძის პროდუქტები, ჯეროვნად მოუხარშავი და შეუწვავი ხორცი მიიღოს, რადგან თერმული დამუშავების გარეშე მაღალია მძიმე ინფექციური პათოლოგიით – ლისტერიოზით დაავადების ალბათობა.
არანაკლებ საშიშია უმი, ნაწილობრივ მოხარშული კვერცხის ჭამა (თუნდაც კერძის მოსამზადებლად გამოყენება) – შესაძლოა, სალმონელოზი განვითარდეს.

ორის სამყოფი?
საუკუნეებია, არსებობს აზრი, რომ ორსულმა ორის სამყოფი უნდა ჭამოს. წარმოიდგინეთ იმ მომავალი დედის რაციონის მოცულობა, რომელიც ტყუპს ელოდება. და ისეც ხომ ხდება, რომ დაბადებას სამი პაწია ელის…
თანამედროვე მედიცინა გვარწმუნებს, რომ ორსულის დიეტა (კვების რეჟიმს ვგულისხმობთ) ინდივიდუალურად უნდა შემუშავდეს და არა მარტივი არითმეტიკული პრინციპით X2.
თუ ქალის წონა დაორსულებამდეც აჭარბებდა ნორმას, სასურველი არ არის, ორსულობისას 7 კგ-ზე მეტი მოიმატოს. ნორმალური წონის ქალისთვის ლიმიტი 12 კგ-ია, რომლის შესავსებადაც დღიური ნორმა მთელი 300 კალორიით უნდა გაზარდოს

გახსოვდეთ
ორსულობის პირველ ნახევარში ქალის მენიუ არცთუ ისე შესამჩნევად იცვლება. მთავარია, ყველა საჭირო ვიტამინი, მიკროელემენტი და საკვები ნივთიერება მიიღოთ. ოდნავ მაინც შეზღუდეთ საკონდიტრო ნაწარმის, ნაღების კარაქის, არაჟნისა და პურის მოხმარება.
ქალებს, რომლებიც მუცლით ახალ სიცოცხლეს ატარებენ, ზოგჯერ მადა ეცვლებათ – უჩნდებათ მლაშეს, მჟავეს ჭამის სურვილი. ასეთ დროს შეგიძლიათ, ცოტაოდენი ხიზილალით, კომბოსტოს ან კიტრის მწნილით, ქაშაყით ჩაიკოკლოზინოთ ყელი. თუ ხორცის ჭამა არ გსურთ,  ცილის დეფიციტის შევსება რძითა და  მისი ნაწარმით, კვერცხით, თევზითაც შეიძლება.
ფეხმძიმობის მეორე ნახევარში, როდესაც ნაყოფი და პლაცენტა იზრდება, ორგანიზმი გაცილებით მეტ საკვებ ნივთიერებას ითხოვს, ამიტომაც ორსულს უფრო კალორიული მენიუ სჭირდება, ოღონდ არამც და არამც არ გადააჭარბოთ. აკონტროლეთ წონა – კვირაში 300-350 გრამზე მეტი არ მოიმატოთ.

ორსულმა ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება რომ მიიღოს, მისი რაციონი  უნდა შეიცავდეს:

. რძესა და რძის ნაწარმს;
. საქონლის მჭლე, ფრინველის თეთრ ხორცს, თევზს;
. დაღეერილი ხორბლის პურს;
. ხილს (ვაშლს, მსხალს, გარგარს, ქლიავს, ალუბალს, ბალს, ატამს, ბანანს), დღეში 300 გრამს მაინც;
. ბოსტნეულს (სტაფილოს, ჭარხალს, კიტრს, კამას, ოხრახუშს), დღეში 500 გრამამდე;
. ცხიმს (ნაღების კარაქს, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთს);
კვირაში ერთი-ორჯერ შეგიძლიათ მიირთვათ:
. ციტრუსები (კივი, გრეიპფრუტი), მანგო, ანანასი და სხვა ეგზოტიკური ხილი;
. თხილი;
. კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი;
. ნიორი, ხახვი (ოღონდ მოხარშული ან მოშუშული);
. მარმელადი, ნამცხვარი, ტორტი.

ალკოჰოლი, ყავა…
რომელი ორსული ჩაიგდებს თავს განსაცდელში და სმას მიჰყოფს ხელს?! ზოგიერთი ექიმი სრლიად უვნებელი ჭიქა შავი ნატურალური ღვინის დალევასაც კი კრძალავს, თუნდაც ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად. ალბათ სისხლის ფორმულის გასაუმჯობესებლად ისევ და ისევ მჭლე ხორცის ჭამა სჯობია, თუმცა ნურც მაშინ შეშფოთდებით, თუ წვეულებიდან (რომელიც, სავარაუდოდ, სასმისების წკრიალის თანხლებით მიმდინარეობდა) ორი კვირის შემდეგ მიხვდით, რომ ორსულად ხართ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ თუ მხოლოდ ერთხელ შესცოდეთ, საშიში არაფერი გაქვთ.
“დავლიო ყავა თუ თავი შევიკავო?” – ეს დილემა ბევრი ორსულისთვის არის ნაცნობი. კოფეინის “საორსულე დოზის” განსაზღვრისას მეცნიერთა აზრი გაიყო. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მოწინააღმდეგენი ყავის მოყვარულ ქალებს ორსულობის პერიოდში შესვენებას ურჩევენ, კოფეინისადმი პოზიტიურად განწყობილი მეცნიერები კი ამგვარ რჩევას გვაძლევენ: თუ ორსული ჯანმრთელია, ყავაზე უარის თქმა საჭირო არ არის, დღეში 1-2 ფინჯნის დალევა შეუძლიაო.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 2040 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016