მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » დიაბეტის გართულებები
00:47
დიაბეტის გართულებები


   მრავალი სპეციალისტისგან გაიგონებთ, შაქრიანი დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესიაო. მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური განცხადებისა, ვერსად წავუვალთ იმ ფაქტს, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებებს იწვევს.
მოდით, იმ შედეგებზე ვისაუბროთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იწვნევენ ხოლმე დიაბეტით დაავადებულნი.
დაზარალებული თვალის ამბავი
  როგორც ჩანს, შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების საგრძნობლად აზიანებს. სწორედ ამის ბრალია, რომ პათოლოგიის დროს ბევრი ორგანო მწყობრიდან გამოდის და ფუნქციას კარგავს.
   ერთ-ერთი “დაზარალებული” ორგანო თვალია. შაქრიანი დიაბეტი მას სხვადასხვაგვარ ზიანს აყენებს (კატარაქტა, გლაუკომა), მაგრამ ყველაზე ხშირი და ვერაგი გართულება რეტინოპათიაა.
   დიაბეტური რეტინოპათიის დროს თვალბუდის ფსკერზე მოთავსებულ სისხლძარღვოვან ქსელში პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს: კაპილარები სკდება და იქიდან სისხლი იწყებს ჟონვას. ჩნდება სისხლჩაქცევები. უყურადღებობისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ამგვარ ცვლილებებს მხედველობის დაქვეითებამდე ან სიბრმავემდე მივყავართ.
   დაავადების საწყის სტადიაში რაიმე სიმპტომმა, თვალის ტკივილი იქნება ეს თუ მხედველობის დაქვეითება, ყოველთვის შესაძლოა არ იჩინოს თავი, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პათოლოგიური ცვლილებები არ ვითარდება.
   თუ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, გირჩევთ, ნუ დაიზარებთ – ოფთალმოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც  ეწვიეთ.
   დიაბეტური ტერფის შესახებ
დაავადების სისხლძარღვოვან გართულებებს შორის ერთ-ერთი ლიდერი ე.წ. დიაბეტური ტერფია. ამ დროს ფეხის განგრენის ალბათობა მნიშვნელოვნად იმატებს, ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, ოცჯერაც კი, რაც თურმე მთელი 40%-ით ზრდის კიდურის ამპუტაციის რისკს.
ასე რომ, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ:
. ტერფზე გაგიჩნდათ წყლულები, რომლებიც დიდხანს არ შუშდება;
. ტერფში მგრძნობელობა დაკარგეთ;
. ტერფმა ფორმა შეიცვალა.
დიაბეტიანებს სპეციალისტები ურჩევენ, ტერფის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

   როგორ ვიქცევით
. ხშირად დაითვალიერეთ ტერფები. ნერვის დაზიანება მგრძნობელობის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ შესაძლოა, პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე გაღრმავდეს.
. სასურველია, ფეხები ყოველდღე დაიბანოთ, ოღონდ თბილი და არამც და არამც ცხელი წყლით. არც ფეხების წყალში დიდხანს დაყოვნებაა მაინცდამაინც სასარგებლო. დაბანის შემდეგ კი ფეხები ჯეროვნად გაიმშრალეთ.
. აბაზანის შემდეგ უთუოდ წაისვით კანის დამარბილებელი საშუალება, ოღონდ თითებს შორის წასმას ერიდეთ.
. კვირაში ერთხელ დაიჭერით ფრჩხილები. თუ ფრჩხილმა ფერი იცვალა ან გასქელდა, უთუოდ მიმართეთ ექიმს.
. ეცადეთ, ზედმიწევნით კომფორტული ფეხსაცმელი შეიძინოთ. ჩვენ ნატურალური მასალისგან დამზადებულს გირჩევთ. შეძენისას ყოველთვის შეამოწმეთ ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი, რათა ტარებისას დისკომფორტი არ გამოიწვიოს.
. შეუქმენით ფეხებს კომფორტული გარემო. უწინარეს ყოვლისა, მოარიდეთ მეტისმეტად მაღალ და მეტისმეტად დაბალ ტემპერატურას. ნუ გაითბობთ ტერფებს სათბურით, ამას თბილი წინდების ჩაცმა სჯობს. ეცადეთ, ჯდომისას ფეხები შემაღლებულ საგანზე ან სკამზე შემოაწყოთ. ნურც ფეხიფეხგადადებული დაჯდებით.
. დაბოლოს: შეძლებისდაგვარად ხშირად ისეირნეთ. ფეხებისთვის კარგია ცეკვა, ცურვა და ველოსპორტი. ერიდეთ ხტუნვასა და სირბილს.

    რატომ იცვლება ხასიათი
   პათოლოგიური ცვლილებები ნერვულ სისტემაზეც ვრცელდება. ნერვების დაზიანება სხეულის სხვადასხვა ნაწილში მგრძნობელიბის დაკარგვას, დაბუჟებას იწვევს, თუმცა გაცილებით ხშირია სხვა ტიპის გამოვლინებები, რომლებიც ადამიანის ხასიათსა და საერთო მდგომარეობაზე აისახება. ესენია: ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება, ახალი ინფორმაციის ათვისების გაძნელება, სწრაფი დაღლა, თავის ყრუ ტკივილები, რომლებიც ემოციური, გონებრივი გადაძაბვისა და ძილის დარღვევის დროს ძლიერდება, თავბრუხვევა. ყოველივე დროთა განმავლობაში ამას ერთვის შრომის უნარის დაქვეითება, იოლად გაღიზიანება, ინტერესთა სფეროს შევიწროება, ძილის დარღვევა.
   თუ მკურნალობა დროულად არ წარიმართა, პათოლოგიური პროცესი ღრმავდება და ინვალიდობას იწვევს.
  ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა არანაკლებ ეფექტიანია შრომისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება, ჯანსაღი კვება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა და, რაღა თქმა უნდა, მავნე ჩვევებზე (თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე) უარის თქმა.
   სხვა გართულებები
   დღეს ბევრს ლაპარაკობენ ათეროსკლეროზის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ პათოლოგიის განვითარებაში ბრალი შაქრიანი დიაბეტსაც მიუძღვის. ამ დროს იზრდება ინსულტის, ინფარქტისა და არტერიული ჰიპერტენზიის რისკი. ასე რომ, თუ დიაბეტი გაქვთ და ამასთანავე მაღალი არტერიული წნევაც შემოგეჩვიათ, გირჩევთ, დაიცვათ დიეტა, შეზღუდოთ სუფრის მარილის მოხმარება და, რაც მთავარია, რეგულარულად მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები.
   შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირად თირკმელებიც ზარალდება. დიაბეტურ ნეფროპათიას თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება იწვევს. ამ დროს სისხლი ჯეროვნად ვეღარ იწმინდება და ორგანიზმში საჭიროზე მეტი სითხე კავდება, რაც შეშუპებას განაპირობებს.
   დიაბეტური ნეფროპათიის ადრეული დიაგნოსტიკა შარდის ანალიზით შეიძლება (ამ დროს შარდში ცილების რაოდენობა იმატებს, რასაც დროთა განმავლობაში ნარჩენი აზოტისა და კრეატინინის გაჩენა მოჰყვება).
თირკმელების დაზიანებას არცთუ იშვიათად თან სდევს არტერიული წნევის მატება, ამიტომ დიაბეტური ნეფროპათიის დროს წნევის კონტროლი აუცილებელია.
კიდევ უფრო საშიში გართულებები
  თუ ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები თანდათანობით იჩენს თავს, ზოგიერთი გართულება უეცრად ვითარდება. მწვავე გართულებებს შორის აღსანიშნავია ჰიპერგლიკემიური და ჰიპოგლიკემიური დიაბეტური კომა. პირველ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად იმატებს, ხოლო მეორე შემთხვევაში იკლებს.
ჰიპერგლიკემიური კომა ინსულინით მკურნალობის შეწყვეტის, პრეპარატის დოზის უკმარისობის ან მცდარი რეჟიმით მიღების, აგრეთვე – თანმხლები დაავადების, დიეტის უხეში დარღვევისა და სხვა მიზეზების ფონზე ვითარდება. კომის წინ დიაბეტისთვის დამახასიათებელი ნიშნები კიდევ უფრო ინტენსიურად იჩენს თავს. განსაკუთრებით საგანგაშოა გულისრევა, პირღებინება, ამოსუნთქულ ჰაერში აცეტონის სუნის გაჩენა. ასეთ დროს აუცილებელია ორგანიზმში ინსულინის შეყვანა, რაც სასურველია, ექიმის მეთვალყურეობით მოხდეს.
   სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ცნობიერების დაკარგვით და არცთუ იშვიათად კრუნჩხვით ვლინდება. ჰიპოგლიკემიური კომის წინამორბედი ნიშნებია გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, კანკალი, შიმშილის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში – სიელმე და მხედველობის გაორება, ტუჩისა და ენის დაბუჟება. ასეთ დროს სამედიცინო ჩარევა აუცილებელია.
   ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა რომ არ განვითარდეს, საჭიროა კვების რეჟიმისა და მედიკამენტების დოზირების ზუსტი დაცვა, ალკოჰოლზე უარის თქმა.
   ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის მსუბუქი მოვლენების დროს პურის, ხილის, რძისა და სხვა ამგვარი სურსათის მიღებაა საჭირო. თუ მდგომარეობა რამდენიმე წუთში არ გამოსწორდა, ადამიანს უნდა მივცეთ გლუკოზიანი ან შაქრიანი სასმელი, თუნდაც თაფლიანი წყალი. თუ მდგომარეობა დამძიმდა, უთუოდ უნდა ვუხმოთ სპეციალისტს, რომელიც ავადმყოფს ვენაში 40 ან 50%-იან ხსნარს გადაუსხამს.

კატეგორია: ენდოკრინოლოგია | ნანახია: 2098 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024