ორსულთა დერმატოზები - 23 აგვისტოში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 23 » ორსულთა დერმატოზები
01:26
ორსულთა დერმატოზები

ორსულთა დერმატოლოგიური პრობლემები

ორსულობას თან სდევს კანის და მისი დანამატების მნიშვნელოვანი მეტაბოლური  და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს კანის დაავადებებიც, რომლებიც სპეციფიკურია ორსულებისათვის. მოსახერხებელია ორსულებში კანის ცვლილებათა შემდეგი კლასიფიკაცია:

  1.  კანის დაავადებები, რომლებიც სპეციფიურია ორსულებისათვის;
  2.    კანის დაავადებები, რომლებიც მწვავდება ორსულობის დროს;
  3.    კანის სიმსივნეები, რომელთა ზრდა ჩქარდება ორსულობის დროს. 
  4.  კანის ფიზიოლოგიური ცვლილებები;

  ორსულთა დერმატოზები     

ორსულებისთვის სპეციფიკური კანის დაავადებები - ორსულთა დერმატოზები არის ადრეული ჰესტოზის იშვიათი ფორმები. ეს კანის სხვადასხვა დაავადებებია, რომლებიც ჩნდება ორსულობის დროს და ქრება ორსულობის შემდეგ. არსებობს შემდეგი დერმატოზები, რომლებიც ჩნდება ორსულობისას:

  1.  ორსულთა ურტიკარული პაპულები და ბალთები, ანუ ორსულთა პოლიმორფული დერმატოზი;
  2. ორსულთა პემფიგოიდი, ანუ  ორსულთა ჰერპესი, ანუ ორსულთა ბულოზური დერმატოზი;
  3. ორსულთა ქავილი, ანუ ორსულთა მორეციდივე ქოლესტაზი;
  4. ჰერპეტიფორმული იმპეტიგო;
  5. ორსულთა ქავანა ფოლიკულიტი;
  6. ორსულთა კვანძოვანი ერითემა;
  7. ორსულთა პრურიგო.

 

 ორსულთა ურტიკარული პაპულები ანუ პოლიმორფული დერმატოზი 

პირველად აღწერილია 1979 წელს და ითვლება ყველაზე ხშირ დაავადებად ორსულთა კანის დაავადებათა შორის. ის, როგორც წესი, ვითარდება პირველად მშობიარეებს შორის, 1:240 ორსულზე სიხშირით.ორსულობის მეორე ტრიმესტრში (საშუალოდ ორსულობის  35-ე კვირას) მუცლის კანზე უეცრად ჩნდება პაპულები, რასაც თან ახლავს ქავილი. ისინი 1-2 მმ დიამეტრის ფოლაქებია, ერითემატოზული და შეშუპებულია, ხელის დაჭერისას ფერმკრთალდება. პირველად ვლინდება მუცლის ქვედა ნაწილზე, შემდეგ გამონაყარი ვრცელდება მკერდზე, ზურგზე და კიდურებზე. სისხლის საერთო ანალიზი, აგრეთვე სეროლოგიური და ბიოქიმიური  ანალიზები ნორმის ფარგლებშია. ახალი გამონაყარის ბიოფსიით დერმის ზედა შრეებში ვლინდება პერივასკულარული ლიმფოჰისტიოციტური ინფილტრაცია, დერმის დვრილოვანი შრის შეშუპება,  კეროვანი პარაკერატოზი და სპონგიოზი.  იმუნოფლუორესცენციით უარყოფითი შედეგია.დაავადება გავლენას არ ახდენს  ნაყოფზე, მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ  ქრება და შემდგომი ორსულობის დროს აღარ ვლინდება.სამკურნალოდ გამოიყენება მალამოები და კრემები, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს - 2-ჯერ დღე-ღამეში სველი ნახვევის ქვეშ. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება პრედნიზოლონის ინიექცია 40მგ დღე-ღამეში დერმატოლოგისა და მეან-გინეკოლოგის კონსულტაციის შემდეგ.  

ორსულთა პემფიგოიდი ანუ ორსულთა ჰერპესი

იშვიათი აუტოიმუნური ბულოზური დაავადებაა, რომელიც ვლინდება ორსულობის II-III ტრიმესტრში (საშუალოდ 21-ე კვირაზე). სიხშირე 1:40 000 ორსულზე. ძირითადი ნიშანია ერითემის ფონზე პოლიმორფული ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი. გარეგნულად ჰგავს ჰერპესის გამონაყარს, მაგრამ არავითარი კავშირი არა აქვს ინფექციასთან, რომელსაც ჰერპესის ვირუსი იწვევს. დაავადება უკავშირდება მოცირკულირე ანტისხეულების - IgG-ის  არსებობას, რომლებიც მიერთებულია კანის ბაზალურ მემბრანასთან. ორსულთა ჰერპესი ზრდის  ნაადრევი მშობიარობისა და მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს, მაგრამ სპონტანური მშობიარობისა და მკვდრადშობადობის რისკი არ არის. ქალებს, რომლებმაც გადაიტანეს ორსულთა ჰერპესი, ტოქსიური დიფუზური ჩიყვის განვითარების მეტი ალბათობა აქვთ. შემდგომი ორსულობისას, აგრეთვე არაორსულებში მენსტრუაციის და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს შესაძლებელია ორსულთა ჰერპესის რეციდივი, რაც გვიჩვენებს, რომ მის განვითარებაში დიდი როლი აქვს ჰორმონულ დარღვევებს.სხვადასხვა ავტორის მიხედვით ორსულთა ჰერპესი შეიძლება განვითარდეს ორსულობის სხვადასხვა პერიოდში და აგრეთვე მშობიარობის შემდეგ ადრეულ პერიოდში. პროდრომულ პერიოდში ვლინდება: ზოგადი სისუსტე, შემცივნება, ტემპერატურის მომატება, ღებინება. გამონაყარი ჩნდება ჭიპის ირგვლივ, შემდეგ გადადის მუცლის კანზე, კიდურებზე, დუნდულებზე და შემდეგ ლორწოვანზე. თუმცა  ამ დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია ბუშტუკები, არ არის გამორიცხული ურტიკარული პაპულების და „ფოლაქების" გაჩენა სამიზნეების სახით, აგრეთვე პოლიციკლური ერითემები. ზოგჯერ გამონაყარი ჰგავს მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემას. იშვიათად ზიანდება პირის ღრუ. სისხლის საერთო  ანალიზში აღინიშნება ეოზინოფილია,  მომატებულია ედსი. ბიოფსიით - პერივასკულარული ეოზინოფილია, კანის ზერელე და ღრმა შრეების ლიმფოციტური და ჰისტიოციტური ინფილტრაცია. შარდში ვლინდება ორსულთა ჰერპესის კომპლემენტის შემბოჭავი ფაქტორი - „ფაქტორი HB". იგი წარმოადგენს IgG-ს, რომელსაც შეუძლია კომპლემენტი გაააქტიუროს კლასიკური გზით. ბავშვებს, რომლებიც იბადებიან ავადმყოფი დედებისგან, შეიძლება გამოუვლინდეთ ორსულთა ჰერპესის მსგავსი გამონაყარი, რაც დაკავშირებულია „ფაქტორის HB" არსებობასთან ახალშობილებში. დაავადების სიმძიმე არ არის დაკავშირებული „ფაქტორის HB"-ის ტიტრთან.მსუბუქი ფორმის დროს ინიშნება პერორალური H1 ბლოკატორები (ანტიჰისტამინები), ადგილობრივად კორტიკოსტეროიდული კრემები და მალამოები. შეიძლება დაინიშნოს პირიდოქსინი. მძიმე ფორმის დროს 20-80მგ პრედნიზოლონი დღე-ღამეში, სანამ არ შეწყდება გამონაყარი და ქავილი. შემდეგ ნელ-ნელა მცირდება პრეპარატის დოზა  მოხსნამდე.ორსულთა პემფიგოიდი, ანუ ორსულთა ჰერპესი, ანუ ორსულთა ბულოზური დერმატოზი მთავრდება მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ, ან უფრო  გვიან. დედისთვის პროგნოზი კეთილსაიმედოა. შემდგომი ორსულობის დროს ჰერპესი ადრე იწყება და მიმდინარეობს უფრო რთულად. აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია.

ორსულთა ქავილი ანუ ორსულთა მორეციდივე ქოლესტაზი  

დაავადება მიმდინარეობს მძიმე გენერალიზებული ქავილით, რომელიც ვლინდება ორსულობის VI კვირაზე, მძიმდება  ორსულობის ვადის მატებასთან ერთად და ქრება მშობიარობის შემდეგ. ესტროგენების  სიჭარბე ამცირებს ღვიძლის გლუკურონილტრანსფერაზას აქტივობას. ამის შედეგად მცირდება ბილირუბინის შეკავშირება გლუკურონის მჟავასთან, ვითარდება ქოლესტაზი და  იზრდება შრატში  ნაღვლის მჟავების რაოდენობა. ნაღვლის მჟავები ლაგდება კანქვეშა უჯრედისში  და იწვევს ქავილს. 50%-ში ვლინდება სიყვითლე, რომელიც გამოწვეულია ჰიპერბილირუბინემიით.ჰიპერბილირუბინემიის არარსებობისას დაავადებას ეწოდება ორსულთა ქავილი.  ორივე დაავადება ხასიათდება ნაღვლის მჟავების (ძირითადად ქოლიუმის მჟავის) რაოდენობის მომატებით კანში და სისხლის შრატში. დიფერენციალური დიაგნოზისას მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკალურ გამოკვლევას. ექსკორიაციები შეიძლება დაინფიცირდეს. ნაკაწრები იფარება ოქროსფერი ქერქით, გარშემო წითელი რგოლი აქვს. გამონაყარის პირველადი ელემენტები არ ვლინდება.ლაბორატორიული გამოკვლევისას შრატში ვლინდება ნაღვლის მჟავების მომატება. შესაძლებელია ტუტე ფოსფატაზას  აქტივობის მომატება, ALT- ისა და ბილირუბინის მაღალი დონე შრატში. ბიოფსია არაინფორმატიულია. ნაღვლის მჟავების მატების დონესა და ქავილს  შორის არის პირდაპირი კავშირი. ქოლესტაზის დროს ნაღვლის მჟავების რაოდენობა სისხლის შრატში 150-400მკგ/100მლ (ნორმა 60კგ/100მლ).მკურნალობის შედეგი მინიმალურია ან არ არის. ინიშნება H1 ბლოკატორები და დამარბილებელი მალამოები, შვრიის ბურღულის ნაყენის აბაზანები. ადგილობრივად 0.25% ქაფურის ან 0.25% მენთოლის საფენები. გამოხატული ქავილისას, როცა ადგილობრივი მკურნალობით შედეგი არ არის, ინიშნება ქოლესტირამინი 4გ შიგნით მისაღებად 2-3-ჯერ დღეში, ან გააქტივებული ნახშირი 1გ 3-ჯერ დღეში. სიმპტომები ქრება მშობიარობიდან 48 საათში.ორსულთა ქავილი არ არის საშიში არც დედისთვის, არც შვილისთვის. ქავილი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგ ორსულობებზეც. კონტრაცეპტიული პრეპარატების შიგნით მიღება იწვევს რეციდივს. ორსულთა ქოლესტაზი  გამოხატული ქავილით  და სიყვითლით ხშირად რთულდება ნაადრევი მშობიარობით, მცირეწონიანი  ბავშვების დაბადებით  და მშობიარობის შემდგომი სისხლდენით.

ჰერპეტიფორმული იმპეტიგო უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. წარმოდგენილია ჰიპერემიულ ფონზე გენერალიზებული პუსტულებით. აღნიშნული დაავადება იშვიათია და ვითარდება ორსულობის  III ტრიმესტრში. დაავადება კლინიკურად და ჰისტოლოგიურად ჰგავს პუსტულოზურ ფსორიაზს. ლაბორატორიული გამოკვლევით ვლინდება ერითროციტების დალექვის რეაქციის მომატება, ლეიკოციტოზი და ჰიპოკალცემია. დასაწყისში ზიანდება იღლიების და საზარდულის მიდამოს კანი, შემდეგ გამონაყარი ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე და ლორწოვანზეც კი. ზოგჯერ პუსტულები ერთიანდება დიდ კერებად და შრება. ასეთი კერების პერიფერიაზე ვლინდება ახალი პუსტულები. გამონაყარს თან ახლავს ზოგადი სისუსტე, შემცივნება, ცხელება, ფაღარათი, ღებინება, ზოგჯერ კრუნჩხვები. ჰერპეტიფორმული იმპეტიგოს მკურნალობისათვის ინიშნება პრედნიზოლონი 15-30მგ პერორალურად და სიმპტომატური მკურნალობა. ინფექციის დართვისას ინიშნება ანტიმიკრობული პრეპარატები. თუ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, რეკომენდებულია ორსულობის შეწყვეტა.ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების ერის დადგომასთან დაკავშირებით დედის სიკვდილიანობა შემცირდა, მაგრამ მაღალია მკვდრადშობადობის რისკი. ორსულობის შემდეგ დაავადება სწრაფად ქრება, მაგრამ შემდგომი ორსულობისას შეიძლება განმეორდეს.                                   

ორსულთა ქავანა ფოლიკულიტი ორსულთა ქავანა ფოლიკულიტი ძალიან იშვიათია. ვლინდება ორსულობის II-III ტრიმესტრში. სხეულის ზედა ნაწილზე ჩნდება პაპულები და პუსტულები, რასაც თან ახლავს ძლიერი ქავილი. ოქროსფერ სტაფილოკოკზე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას შედეგი უარყოფითია. მკურნალობა ტარდება ტოპიკური კორტიკოსტეროიდებით, მაგრამ ყოველთვის არ არის ეფექტური. გამონაყარი ქრება ორსულობის შემდეგ.     

ორსულთა კვანძოვანი ერითემა  დაავადება ვლინდება სხვა დერმატოზების ნიშნების გარეშე. ყველა შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს კვანძოვანი ერითემის სხვა მიზეზები: ინფექცია, სარკოიდოზი, ენტეროპათიები, სიმსივნეები, ტოქსიდერმია.დაავადება  მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას და ორსულობის შემდეგ ქრება.        ორსულთა ნებისმიერი დერმატოზის მკურნალობა ძნელი ამოცანაა. ისინი ცუდად ექვემდებარებიან თერაპიას, ექიმმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ორსულობა. უმეტეს შემთხვევაში ეფექტური მკურნალობა შეუძლებელია მშობიარობამდე. პირველ 12 კვირაში შესაძლებლობის ფარგლებში მოხსნილი უნდა იყოს ყველა სამკურნალო პრეპარატი, გარდა უკიდურესად აუცილებლისა. გამოყენებული პრეპარატები უნდა შემოიფარგლოს A კატეგორიის ჯგუფით (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოყენებული იყო ორსულთა დიდი რიცხვის მიერ თანდაყოლილი მანკების  რაოდენობის ზრდისა  და ნაყოფზე სხვა პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების გარეშე)
კატეგორია: დერმატოლოგია | ნანახია: 1463 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017