10 მითი მამაკაცების შესახებ - 9 აგვისტოში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 9 » 10 მითი მამაკაცების შესახებ
16:53
10 მითი მამაკაცების შესახებ

ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: "მამაკაცებმა არ უნდა იტირონ", "ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა...)" და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი?

მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის.

შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის?

მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისაგან უნდა მოდიოდეს.

ძალიან საკამათო საკითხია. იმ საკითხებში, რომლებიც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებს ეხება, პირველები ხშირად ძალიან მორცხვობენ (ქართველებიც კი!) და ყოველთვის ვერ ახერხებენ პირველებმა ამოიღონ ხმა. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ბევრ მამაკაცში ჯერ ისევ ბავშვური კომპლექსები და შიშებია ჩაბუდებული. ალბათ ყველა ქალს ახსოვს სკოლის პერიოდი. როგორ იქცეოდნენ მაშინ პატარა ბიჭები, თუ გოგონა მოსწონდათ? იმის მაგივრად რომ საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკათ, თმებს ქაჩავდნენ და აწვალებდნენ. ზრდასრულ ასაკშიც, ბევრი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი შინაგანად დაკომპლექსებულ ბიჭად რჩება. რა თქმა უნდა, თმების ქაჩვას უკვე აღარ დაიწყებენ, მაგრამ სიყვარულის ობიექტთან პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში ენა აუცილებლად დაებმებათ, გაწითლდბიან, დაიბნევიან, ფერს დაკარგავენ...ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტაოდენი სითამამე მაინც უნდა გამოავლინოს ქალმა. მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება დაფრთხეს კიდეც :).

მითი 3. მამაკაცებმა არ იციან სიყვარული, მათვის მხოლოდ სექსია მნიშვნელოვანი.

რაღა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცები ქალებზე ხშირადაც კი აიდეალებენ სიყვარულს: მამაკაცთა 90 % დარწმუნებულია, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ქალები კი ამ საკითხში ბევრად უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ - სამუდამო სიყვარულის მხოლოდ 75-80 პროცენტს სჯერა. ამასთან, განშორება მამაკაცის გრძნობებს უფრო ახელებს, ხოლო ქალისას - აცივებს. ასე რომ, მამაკაცთა მოდგმა ბევრად უფრო რომანტიული აღმოჩნდა ქალებზე. ქალის აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ, აიხსნება მათი გრძნობების განსხვავებულობით. ქალებში უფრო ხშირია სიყვარული-მეგობრობა: მშვიდი, თბილი და საიმედოობის გრძნობა თავის რჩეულში( იმ ისტერიული არსებების გამოკლებით, რომელთათვისაც სიყვარული ხშირად მანიად იქცევა ხოლმე). მამაკებში კი სიყვარული-ვნება, რაც წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე. რას ვიზამთ, სხვადასხვაგვარად ვართ აწყობილნი! მაგრამ სწორედ ამიტომაც ვართ ერთად...

მითი 4. მამაკაცები ქალებში პირველ რიგში გარეგნობას აფასებენ და მხოლოდ შემდეგ დანარჩენს.

უდაოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ, მაგრამ ამასთან, სულაც არაა აუცილებელი, რომ მათ ბერძნული პროფილი ჰქონდეთ, ვენერას ფიგურა და არტემიდეს "ბორცვები". სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ქალური სილამაზე კაცის ცნობიერებაში სადღაც მესამე ადგილს იკავებს, პირველსა და მეორე ადგილს კი სექსუალურობა და მომხიბვლელობა ინაწილებენ. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, იმის მაგივრად რომ კოსმეტოლოგთან ირბინოთ ნებისმიერი უმნიშვნელო ნაოჭის გამოჩენისთანავე, გახდით უფრო გახსნილები და უშუალოები (მაგრამ აღვირახსნილობაში არ აურიოთ), მხიარული და "ცელქი"(ვულგარულობაში და ბავშვობაში ნუ გადავარდებით), ხუმარა და ირონიული( სარკაზმსა და იქედნურობაში ნუ აურევთ). მაშინ თქვენი რჩეული არავისში გაგცვლით!

მითი 5. მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი გულღია და გულწრფელია.

დიახ და ამავე დროს არა. გახსნილობას მამაკაცები ნამდვილად აფასებენ, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცის წინაშე გულის კარს ბოლომდე აღებენ და დაწვრილებით უყვებიან თავისი "ყოფილი" ქმრებისა თუ მამაკაცების შესახებ, ან გაუთავებლად წუწუნებენ გადატანილი ანგინის გამო, ძლიერი სქესი განსაკუთრებულად არ სწყალობს. უფრო სწორად, მათგან კისრისტეხით გარბის! მსგავსი გულახდილობის "შემოტევები" ნებისმიერს დააფრთხობს. ამიტომ დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: უმჯობესია რაღაცა ბოლომდე არ თქვათ, ვიდრე ზედმეტი ილაპარაკოთ! ამით ნაწილობრივ იდუმალებას მაინც შეინარჩუნებთ. ხოლო იდუმალება ყოველთვის დამაინტრიგებელია.

მითი 6. რაც უფრო ცუდად ექცევი მამაკაცს, მით უკეთესად მოგექცევა იგი შენ!

სიმართლის მარცვალი ამაში რა თქმა უნდა არის: რაც ნაკლებად უყვარს ქალს მამაკაცი, მით მეტად მოსწონს მამაკაცს იგი. მაგრამ, მაინც კარგი რამ არის ზომიერება! არც თუ ბევრ მამაკაცს მოეწონება, თუ მისი რჩეული გამუდმებული სიცივითა და კაპრიზებით დატანჯავს. ფსიქოლოგების აზრით ასეთი ქცევა მხოლოდ აშკარა მაზოხისტებს შეიძლება მოეწონოთ, ან იმ ჯენტლმენებს, რომლებსაც უკიდურესად დაბალი თვითშეფასება აქვთ( ეს უკანასკნელები ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ სიყვარულს და ყოველთვის სწორედ ასეთი გულქვა ქალებისაკენ მიისწრაფვიან, რომლებიც მათ ნერვებზე დათამაშობენ). მაგრამ ამ ქვეყნად ბევრია ისეთი კაცი, რომელიც აფასებს საკუთარ თავს და აშკარად არაა მაზოხისტი. ისინი ნამდვილად არ დაუშვებენ, რომ მათი რჩეული მსგავსად მოიქცეს. ამიტომ, იყავით ფრთხილად: ძლიერი სქესის ყოველი წარმომადგენელი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს!

მითი 7. მამაკაცები საწოლში მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე იციკლებიან.

შესაძლოა ყველა კაცი არ გამოირჩეოდეს სექსუალური ალტრუიზმით, მაგრამ ასეთი ეგოისტები უმცირესობაში არიან! უბრალოდ, მამაკაცები როგორც წესი პირველნი მიდიან "ფინიშთან", მაგრამ ამის მიზეზი მამაკაცის მავნებლური ხასიათი კი არ არის, არამედ ფიზიოლოგიური განსხვავება: იმ მომენტისათვის, როცა მამაკაცი აგზნების პიკზეა, ქალი მხოლოდ იწყებს აღმასვლას. ხოლო იმის გასარკვევად, თუ როდის "დაეწევა" ქალი მას, ხშირად არც ძალები ჰყოფნის და არც მოთმინება. მაგრამ სურვილის შემთხვევაში ბუნების ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია პრელუდიის დროის გახანგრძლივებით. ასე რომ, მამაკაცური ეგოიზმის თეორია საწოლში აშკარად გადაჭარბებულია.

მითი 8. ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცები არასოდეს წუწუნებენ ცხოვრებაზე და მით უმეტეს - არ ტირიან.

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა ეს მითი: ქალმა თუ კაცმა, მაგრამ ძლიერი სქესის ზოგიერმა წარმომადგენელმა ეს ამბავი მეტისმეტად სერიოზულად მიიღო. ჰოდა, მთელი ძალით ცდილობენ ახლა ამ სტერეოტიპის ფარგლებში ჩაჯდომას, ქმნიან რა "სუპერმენის" იმიჯს საკუთარი თავისათვის, რომელიც არასდროს სლუკუნებს და არც ცრემლები ჩამოსდის ღვარად! ამ დროს კი მედიკოსები თვლიან, რომ ნეგატიური ემოციების საკუთარ თავში ჩაკვლა ძალიან საზიანოა. სხვათა შორის აქედან იწყება ინფარქტები და ინსულტები. სპეციალისტები თლიან, რომ სისუსტის მომენტები ძალიანაც საჭიროა - სწორედ კრიტიკული სიტუაციები აძლიერებენ ადამიანის შინაგან ძალას და ეხმარებიან უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი. ბრძენი კაცის ნათქვამია: "სისუსტეშია ჩვენი ძლიერება!".

ამიტომ, თუ პარტნიორს გულის გახსნა მოუნდება თქვენთვის, ნუ დაადანაშაულებთ სისუსტეში. ბოლოს და ბოლოს ხანდახან აუცილებელიც კია, რომ "დედის" როლი ითამაშოთ. თუ ამ ყველაფერს ხშირი ხასიათი არ ექნება, თქვენი ურთიერთობა ამისაგან მხოლოდ მოიგებს!

მითი 9. ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის ზუსტად იცის რა სურს.

ეს ასე არ არის! მამაკაცი რობოტი არაა ბოლოს და ბოლოს, რომელიც მკაცრად მიცემული პროგრამით ცხოვრობს. ნებისმიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია დრო და დრო დაეჭვდეს, სწორად იქცევა თუ არა. ფსიქოლოგების აზრით ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ, ნუ უსაყვედურებთ თქვენს რჩეულს, რომ ის სუსტია და კაცად არ ვარგა. დაე კარგად დაფიქრდეს, მოიფიქროს ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტოს. ხოლო თუ გთხოვთ, მიეცით ბრძნული რჩევა, იქნებ გამოადგეს?

მითი 10. მამაკაცები უგრძნობები არიან და არ ახასიათებთ ღრმა განცდები.

თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი-ორი ეგოისტი და მექალთანე შეგხვდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირია და ყველა ერთ კონტექსტში უნდა მოიხსენიოთ. შესაძლოა, მამაკაცები ხშირად ტოვებენ "ორცხობილის" შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაგანად შეიძლება ემოციების ქარ-ბორბალა უტრიალებდეთ. უბრალოდ ისინი ამის დამალვას ძალიან ცდილობენ. მათ ხომ ბავშვობიდანვე შთაუნერგავდნენ, რომ კაცმა ნებისმიერ სიტუაციაში თავშეკავება უნდა გამოავლინოს და ცივ-სისხლიანობა. ასეც ცხოვრობს, საწყალი, საკუთარი სტერეოტიპების ტყვეობაში. სინამდვილეში კი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი და მოწყვლადნი არიან და კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი, კამათი, უფრო ძნელად გადააქვთ, ვიდრე ქალებს.

ჰოდა იმის მაგივრად, რომ თქვენს რჩეულს იარლიყი მიაკეროთ, უმჯობესია მისი გულის გასაღები მოძებნოთ, რათა მთელი მისი "სქელკანიანობა" დაიმსხვრეს და ბოლოს და ბოლოს თქვენ წინაშე გააშიშვლოს თავისი გრძნობები.

კატეგორია: სიყვარული და ურთიერთობები | ნანახია: 900 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.3/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016