მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 6 » შაქრიანი დიაბეტი
22:58
შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ინსულინის შედარებითი და აბსოლიტური უკმარისობით, რის შედეგადაც ვითარდება ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინების, წყალ-მარილოვანი ცვლის. განასხვავებენ ინსულინდამოკიდებულ (შაქრიანი დიაბეტი I ტიპი) და ინსულინდამოუკიდებელი (შაქრიანი დიაბეტი II ტიპი) შაქრიანი დიაბეტს. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში 30 წლამდე, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. მისთვის დამახასიათებელია ინსულინის აბსოლიტური დეფიციტი, რის შედეგადაც სისხლში იზრდება გლუკოზის დონე და ვითარდება მძიმე მეტაბოლური დარღვევები. თუ ავადმყოფი არ იტარებს ადექვატურ ინსულინოთერაპიას, ვითარდება კეტოაციდოზური კომა. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის პათოგენეზში მთავარია პანკტიასის b უჯრედების დაზიანება.

უმეტეს შემთხვევაში ეს დაზიანება აუტოიმუნური ხასიათისაა. ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ინდუცირება აუტოიმუნური რეაქციის ინსულარული აპარატის წინააღმდეგ შაქრიანი დიაბეტის I ტიპის მიმართ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში, ან უშუალოდ დააზიანოს ინსულარული აპარატი.

დაავადება იწყება მწვავედ. კლინიკური სურათი გამოხატულია მკვეთრად: წყურვილი, გაძლიერებული შარდვა, სისუსტე, წონაში კლება. ავადმყოფები საჭიროებენ მუდმივ ინსულინოთერაპიას.

ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი – ეს არის საერთო დასახელება რამდენიმე დაავადების განპირობებული ინსულინორეზისტენტობით და ინსულინის შედარებითი უკმარისბით. ინსულინორეზისტენტობის მიზეზი შეიძლება იყოს გენური მუტაცია ინსულინის რეცეპტორების, სიმსუქნე და სხვა. პათოგენეზში ერთდროულად რამდენიმე მექანიზმი მონაწილეობს. შაქრიანი დიაბეტის II ტიპის ფორმებს აქვთ პოლიგენური წარმოშობა.

ავადდებიან 40 წელს გადაცილებული პირები, მაგრამ ბოლო წლებში გახშირდა ახალგაზრდებში და ბავშვებშიც კი.

დაავადება ვითარდება თანდათანობით. დამახასიათებელია პირის სიმშრალე, წყურვილი, გაძლიერებული შარდვა, წონაში კლება, სისუსტე კანის ქავილი, ხშირი ინფექციური დაავადებები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება.

გამოკვლევისას ვლინდება მომატებული გლუკოზა სისხლში და შარდში. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, ლიპოპროტეინების მომატება, რაც ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

დაავადების კლინიკური სირათისთვის და პროგნოზისთვის გადამწყვეტი ფაქტორია გართულებების განვითარება: წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების ნერვული ქსოვილის, თვალის ბროლის, ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანება. შედეგად ზიანდება თვალის ბადურა სიბრმავის განვითარებით, თირკმელები, ვითარდება ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების განგრენა. დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ავადმყოფები ხშირად ავადდებიან ტუბერკულოზით და სხვა ინფექციური დაავადებებით. მოპროგრესირე კარიესი და ღრძილების დაავადება, შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის პირველი ნიშანი.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ეყრდნობა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას. ნორმაში გლუკოზის დონე სისხლში უზმოზე არის
3,3 – 5,5 მმოლ/ლ.

მკურნალობა არის კომპლექსური და მოიცავს: დიეტას, დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას, მედიკამენტოზურ მკურნალობას (ინსულინი და შაქრის დამწევი ტაბლეტები), დიაბეტის გართულებების მკურნალობას.

კატეგორია: ენდოკრინოლოგია | ნანახია: 2188 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024