მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 20 » ანესთეზია სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს
23:50
ანესთეზია სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს

- ამჟამად სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს გაუტკივარებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანესთეზიის ნებისმიერი მეთოდი. ყველაზე ხშირად ადგილობრივი ანესთეზია ტარდება. ეს უკანასკნელი ამბულატორიულ პრაქტიკაში ყველაზე მოხერხებული, სწრაფი და უსაფრთხოა. გამოიყენება როგორც ინფილტრაციული (ანესთეტიკის შეყვანა უშუალოდ საჭიროების ადგილას – ვიშნევსკის მცოცავი ანესთეზია), ისე ე.წ. გამტარი, ანუ რეგიონული დაGღეროვანი ანესთეზია, როდესაც მედიკამენტი შეჰყავთ მაგისტრალური ნერვის ახლოს და ახდენენ ამ ნერვის საინერვაციო უბნის გაუტკივარებას. ის უმეტესად ქვედა ყბაზე გამოიყენება, თუმცა შესაძლოა, ზედა ყბაზე განხორციელებული ჩარევის დროსაც გახდეს საჭირო. ანესთეზიის მეთოდის  შერჩევა ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ექიმის პრეროგატივაა.

- რომელი სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს ტარდება ანესთეზია?

- თანამედროვე სტომატოლოგიაში ანესთეზია ტარდება ნებისმიერი მანიპულაციის დროს, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ტკივილი. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად გაუტკივარებას - ნარკოზს. ნარკოზი ყბა-სახის არეში ქირურგიული ჩარევისას ზოგჯერ აუცილებელია, ზოგ შემთხვევაში კი მას აუცილებლობის გარეშე, პაციენტის ფსიქონევროლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაციენტი მეტისმეტად აგზნებულია, ისტერიული პიროვნებაა ან დაჟინებით მოითხოვს ამ მეთოდით გაუტკივარებას.

- რომელ მედიკამენტებს იყენებენ სტომატოლოგიაში ადგილობრივი გაუტკივარებისთვის?

- ადგილობრივი ანესთეზიისთვის გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მაღალმოლეკუ-ლური ხსნარები, რომელთაც მოეთხოვება მაღალი საანესთეზიო ეფექტი და უსაფრთხოება, ანუ მცირე ტოქსიკურობა და ალერგენულობა. ნოვოკაინის გამოგონება უდავოდ რევოლუციური მიღწევა იყო მედიცინის ისტორიაში. დღეს ეს პრეპარატი პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება, მან ადგილი დაუთმო თანამედროვე, ბევრად უფრო ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატებს. ყველაზე ხშირად გამოიყენება ლიდოკაინი და არტიკაინი (ულტრაკაინი, სეპტონესტი, უბისტეზინი და სხვა). აღსანიშნავია, რომ არტიკაინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციის ისეთი უმძიმესი გამოვლინება, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი, ჯერ არ აღრიცხულა.

- ცნობილია, რომ სტომატოლოგიაში ადგილობრივი ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალებებთან ერთად ადრენალინსაც იყენებენ. რამდენად აუცილებელია ეს მედიკამენტი, რა მიზნით გამოიყენება ის?

- ადგილობრივი ანესთეზიისთვის გამოყენებული პრეპარატების უმეტესობას ვაზოდილატატორული ანუ სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება აქვს, რაც აძლიერებს მათ შეწოვას და ამცირებს გაუტკივა-რების ხანგრძლივობას, ამიტომ მათ ემატება ადრენალინი ან სხვა ვაზოკონსტრიქტორი - სისხლძარღვთა შემავიწროებელი (ნორადრენალინი) სხვადასხვა კონცენტრაციით. ვაზოკონსტრიქტორები ზრდის ანესთეზიის ეფექტსა და ხანგრძლივობას, ამცირებს ალერგიული რეაქციის რისკს. თუმცა მათი გამოყე-ნება, განსაკუთრებით - ჭარბი დოზით, თვითონვე სარისკოა და ფრთხილ მიდგომას, ზოგჯერ კი საერთოდ უარის თქმას მოითხოვს. ზოგიერთ პრეპარატს (მაგალითად, მეპივაკაინს) ვაზოდილიტაციის უნარი არ გააჩნია, ამიტომ ადრენალინის დამატება არ სჭირდება.

- აქვს თუ არა ზოგადი ეფექტი სტომატოლოგიური ჩარევისას ჩატარებულ ადგილობრივ ანესთეზიას? ვლინდება თუ არა ადრენალინისა და სხვა ვაზოკონსტრიქტორების უარყოფითი ეფექტი?

- ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიისას გამოიყენება, საბოლოოდ სისხლის მიმოქცევის წრეში ხვდება. შესაბამისად, ზოგადი ეფექტიც მოსალოდნელია. მათ ალბათობას ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს და სახავს ღონისძიებებს, რათა ორგანიზმზე გავლენა მინიმალური იყოს. ზოგჯერ ზოგადი ეფექტი პრეპარატის დოზის გადაჭარბებასა და ტოქსიკურობას უკავშირდება. რაც შეეხება ადრენალინს, თანამედროვე საანესთეზიო პრეპარატებში მისი განზავება საკმაოდ დიდია. მაგალითისთვის, ნოვოკაინთან ადრენალინის ოპტიმალური განზავებაა 1/100, არტიკაინთან - 1/100000,  რაც საგრძნობლად ამცირებს მის უარყოფით გამოვლინებას, 1/200000 და 1/500000 განზავება კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული კატეგორიის პაციენტთათვის (გულის, ენდოკრინული პათოლოგიით, ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის, ორსულებისთვის და ა. შ.).

- როგორ ტარდება გაუტკივარება ალერგიულ პირებში?

- ალერგია საკმაოდ ფართო ცნებაა. ალერგიული სტატუსის შეფასება ერთ-ერთი  ძირითადი პუნქტია ანამნეზის შეკრებისას. ის ფაქტი, რომ პიროვნება ალერგიულია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას სტომატოლოგიაში გამოყენებული პრეპარატების მიმართაც ექნება აღნიშნული რეაქცია. სწორად გაანალიზებული ანამნეზის, ზოგჯერ - სხვადასხვა ალერგიული სინჯის დახმარებით ხდება შესაფერისი მედიკამენტის შერჩევა. ექიმის შეხედულებისამებრ, ხანდახან - ალერგოლოგთან ერთად, რამდენიმე დღით ადრე ან უშუალოდ მანიპულაციის წინ ტარდება პაციენტის სათანადო მომზადება (ეგრეთ წოდებული პრემედიკაცია). ზოგჯერ საჭიროა ალტერნატიული გზების ძიება, განსაზღვრულ შემთხვევებში კი შესაძლოა, ადგილობრივი ანესთეზიის ნაცვლად სხვა ტიპის გაუტკივარება, მაგალითად, ზოგადი ნარკოზი ჩაითვალოს მიზანშეწონილად.

- რატომ არ მოსდევს საანესთეზიო პრეპარატის ინექციას ყოველთვის ერთნაირი გაუტკივარება? რომელი ფაქტორები განსაზღვრავს მის ხარისხს?

- გაუტკივარების ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის აღსანიშნავია პაციენტის ფსიქოემოციური სტატუსი. აგზნება ზრდის ტკივილის აღქმას და ამცირებს საანესთეზიო საშუალების ეფექტურობას, ამიტომ პაციენტებს ვთხოვთ, სტომატოლოგთან ვიზიტისას შეინარჩუნონ სიმშვიდე - ეს დიდწილად განსაზღვრავს გაუტკივარების ხარისხს. მშვიდი პაციენტი ნიშნავს მშვიდ, გაწონასწორებულ ექიმს, მანიპულაციის სიზუსტესა და ეფექტურობას. ანესთეზიის ეფექტი მცირდება მისი მწვავე ანთების კერაში შეყვანისას (მაგალითად, პულპიტის, პერიოსტიტის დროს). საანესთეზიო საშუალებების ეფექტიანობა ნაკლებია ნარკომანთა შორისაც, ასევე - ზოგიერთი სომატური და სისტემური დაავადების დროს. რაღა თქმა უნდა, ანესთეზიის ხარისხი დამოკიდებულია სწორად შერჩეულ მეთოდსა და პრეპარატზე, შესრულების ტექნიკაზე, თუმცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ექიმის უმაღლესი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი არის პაციენტთა მცირე პროცენტი, რომლებზეც ადგილობრივი ანესთეზია არ მოქმედებს ან ნაკლებ ეფექტურია.

- დასაშვებია თუ არა ორსულობისას კბილის ამოღება ანესთეზიით ან გაუტკივარება სხვა სტომატოლოგიური მანიპულაციებისას?

- როდესაც საქმე ეხება გეგმურ მანიპულაციებს, უმჯობესია, ისინი ორსულობის II ტრიმესტრში ანუ მეოთხედან მეექვსე თვის ჩათვლით დაიგეგმოს. ეს შედარებით სტაბილური და უსაფრთხო პერიოდია. გადაუდებელ შემთხვევებში კი სტომატოლოგიური ჩარევა, მათ შორის - ანესთეზიით, არამცთუ შესაძლებელი, აუცილებელიც კია. დედისა და ნაყოფისთვის გაცილებით მავნეა ტკივილი და ანთებითი პროცესი, ვიდრე მისი მკურნალობა. ოღონდ საგანგებოდ შეირჩევა ისეთი საანესთეზიო პრეპარატი, რომლის გამოყენებაც მინიმალურ რისკს უკავშირდება. ხშირად აუცილებელია პაციენტის სათანადო მედიკამენტური მომზადება, დამატებითი გამოკვლევა, სპეციალისტის კონსულტაცია.

- აქვს თუ არა უკუჩვენება გაუტკივარებას სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს? რა გართულებაა მოსალოდნელი?

- აბსოლუტური უკუჩვენება ადგილობრივი გაუტკივარებისთვის არ არსებობს. არის დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა სწორი მიდგომით სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, ძლიერი ალერგიული ფონი, დეკომპენსირებული დაავადებები გაუტკივარების შედარებითი უკუჩვენებაა. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა, როგორც გითხარით, არ არსებობს. ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას, მათ შორის - ანესთეზიას, თუნდაც ყველაზე მარტივს, ახლავს რისკი, თუმცა არა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმს უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ალერგიული სტატუსის, პარალელური მედიკამენტური მკურნალობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები და ანალიზები, სხვა სპეციალისტთა კონსულტაციები და ა.შ.  უმტკივნეულოდ ჩატარებული მანიპულაცია უდავოდ დიდი კომფორტია და დღეს ამის ყველა პირობა არსებობს. ექიმისა და პაციენტის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა გართულების თავიდან აცილება და გაუტკივარების ყველა სიკეთის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება. ასე რომ, გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1976 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024