მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 20 » მშობიარობის შემდგომი დეპრესია
23:37
მშობიარობის შემდგომი დეპრესია

ბავშვის დაბადება, რაღა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მშობიარობა ძლიერი სტრესიც არის, ახალშობილის მოვლა კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. გასაკვირი არ არის, რომ ახალნამშობიარევ ქალს ემოციური ფონი რამდენადმე ეცვლება - შფოთავს, დაძაბულია, სწრაფად იღლება, გარემოსადმი ინტერესს კარგავს, უჩნდება არამოტივირებული აგრესია, ხშირად - ჩვილის მიმართაც კი, იოლად ეცვლება განწყობა... მშობიარობის შემდეგ ასეთი რამ უამრავ ქალს (სტატისტიკური მონაცემებით, მელოგინეთა თითქმის ნახევარს) ახასიათებს, თუმცაღა ამის გაცნობიერება და გამოთქმა ყველას არ შეუძლია - ეშინიათ, რომ ვერ გაუგებენ. ეს მოვლენები რამდენიმე დღეს, რამდენიმე თვეს, ზოგჯერ მთელ წელიწადს გრძელდება. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ხშირად ურევენ სტრესში (baby blues), რომელსაც მშობიარობის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მელოგინე განიცდის. ამ შემთხვევაში სტრესისა და შფოთვის ხარისხი თანდათანობით, ორგანიზმის ჰორმონული ფონის სტაბილიზაციასთან ერთად მცირდება. მშობიარობის შემდგომ სტრესს მკურნალობა, ფაქტობრივად, არ სჭირდება. მასთან გამკლავებაში მელოგინეს ეხმარება დასვენება, ოჯახის წევრების, მეგობრების მზრუნველობა. მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი ფსიქიკური დაავადებაა და ხშირად მოითხოვს სპეციალიზებულ მკურნალობას. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზების შესახებ სპეციალისტებს საერთო აზრი არ გააჩნიათ. ნაწილობრივ ბრალი მიუძღვის იმ ჰორმონულ ძვრებს, მელოგინის ორგანიზმში რომ ხდება: ესტროგენები და პროგესტერონი (ქალის სასქესო ჰორმონები), რომლებიც ორსულობისას დიდი ოდენობით გამომუშავდებოდა საკვერცხესა და პლაცენტაში, ბავშვის დაბადებისთანავე იკლებს და თანდათანობით (ჩვეულებრივ, ერთ კვირაში) უბრუნდება ორსულობამდელ დონეს, ჰორმონული დონის ცვლილებები კი ძლიერ მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე. ზოგიერთი ნეიროფსიქიატრი მიიჩნევს, რომ მშობიარობის შემდგომ ფსიქიკურ დარღვევას საფუძვლად უდევს გენეტიკური განწყობა. მათი აზრით, დეპრესია მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელსაც ფსიქოტროპული პრეპარატებით უნდა ვუმკურნალოთ. ამ თეორიის თანახმად, დეპრესიის დიდი რისკი ემუქრებათ ქალებს, რომელთა დედებს თავის დროზე ეს პათოლოგია ჰქონდათ.
მრავალი მედიკოსი (მათ შორის - ფსიქოლოგები და პედიატრები) მიიჩნევს, რომ დათრგუნულობის შეგრძნებას საფუძვლად უდევს რთული ფსიქოლოგიური მიზეზები, პირველ ყოვლისა - თვით ქალის ხასიათი და მისი უნარი, რეაგირება მოახდინოს მომხდარზე. სუსტი სქესის მრავალ წამომადგენელს ცვალებადი ხასიათი აქვს. გარდა ამისა, ახალგაზრდა დედას ეჩვენება, რომ არ შეუძლია, დაძლიოს ბუნების მიერ დაკისრებული მოვალეობა. ამას ერთვის ფიზიკური გადაღლა: ახალშობილის მოვლა ძნელია, მით უმეტეს - პირველმშობიარისთვის. ქალი გამუდმებით შიშობს, ვაითუ პაწიას რძე არ ეყოს, ვაითუ ავად გახდესო... ამ განცდებს თან სდევს ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, უმადობა, ძილის დარღვევა.

ჩამოგითვლით სიმპტომებს, რომლებიც დეპრესიაზე მიანიშნებს:

  • ხშირად ტირით, ზოგჯერ - უმიზეზოდაც კი.
  • დარწმუნებული ხართ, რომ ოჯახის წევრები თქვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ და მხოლოდ იმას ელოდებიან, რაიმე შეცდომა დაუშვათ, რათა რჩევა-დარიგებებით სული ამოგართვან.
  • ბავშვის ტირილი თქვენს გააფთრებას იწვევს. მზად ხართ, ყველაფერი გააკეთოთ, ოღონდ ეს პაწია ტირანი, ბოლოს და ბოლოს, გაჩუმდეს.
  • ბავშვის მოვლისას სიხარულს ვერ გრძნობთ, თუმცა მორჩილად ასრულებთ ექიმის ყველა მითითებას. თქვენი შვილი თქვენთვის უცხოა.
  • ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს თქვენს შიგნით უფრო და უფრო ძლიერ იჭიმება ზამბარა.
  • ინტიმური ურთიერთობა თქვენში ზიზღს იწვევს.
  • ერიდებით სარკეში ჩახედვას - ოცნებობდით, მშობიარობის შემდეგ ძველებურ ტანადობას დაიბრუნებდით, მაგრამ ვიწრო ჯინსები უწინდებურად შორეულ თაროზე დევს, თქვენ კი კვლავ ფართო ბალახონები გაცვიათ.
  • მადისა და წონის დაქვეითება.
  • არ გტოვებთ უსუსურობის შეგრძნება.
  • ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება.
  • გეუფლებათ ფიქრი თვითმკვლელობაზე.

თუ თავს თუნდაც ოთხი სიმპტომი შეამჩნიეთ, აჯობებს, ექიმს მიმართოთ.

 

რატომ უნდა ვებრძოლოთ დეპრესიას

ჯერ ერთი, დეპრესია თქვენთან ერთად ბავშვსაც ვნებს. მართალია, პაწიაა, მაგრამ გრძნობს, რომ თქვენთვის უცხოა, ემოციური კონტაქტი კი ჩვილისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ის გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდის, თავდაცვის შინაგანი მექანიზმის ფორმირებაზე, კონცენტრაციაზე, მეტყველების განვითარებაზე. მეორეც, დეპრესია თავისით არ გაივლის. პირიქით, მდგომარეობა დღითი დღე დამძიმდება და სულ უფრო ღრმა კვალს დაამჩნევს მთელი ოჯახის ცხოვრებას.
რეკომენდაცია ახლობლებისთვის: ერიდეთ დამამცირებელ და ღვარძლიან შენიშვნებს - ახალგაზრდა დედას ყველაზე მეტად ახლა სჭირდება სითბო, სიყვარული და თანადგომა.  

 

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

  • თუ დრო ყველაფრისთვის არ გყოფნით, სანდო მაღაზიაში ან რესტორანში შეიძინეთ ხარისხიანი ნახევარფაბრიკატები. რასაკვირველია, შინ გაკეთებული ჯობს, მაგრამ ამჟამად უმჯობესია, საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დაახარჯოთ.
  • რაც შეიძლება მეტი იძინეთ - სასურველია, ბავშვთან ერთად.
  • ეცადეთ, სატელევიზიო პროგრამისა და კულინარიული რეცეპტების გარდა სხვა რამეც იკითხოთ. ამას მშვენივრად მოახერხებთ ბავშვის ძუძუთი კვების შემდეგ: დაწექით გვერდზე, გვერდით ბავშვი მოიწვინეთ, იქვე კი წიგნი დაიდეთ. როდესაც პატარას ჩაეძინება, წაიკითხეთ.
  • იპოვეთ ადამიანი, რომელთანაც თამამად მოიოხებთ გულს ტირილით. მეუღლეები და დედები ამ როლისთვის არ გამოდგებიან - არ არის გამორიცხული, თვითონვე ჩაცვივდნენ დეპრესიაში. ყველაზე უკეთ ამ მისიას მეგობარი გოგონა გაუმკლავდება.
  • რელაქსაციის საუკეთესო მეთოდია მუსიკა და ცეკვა. აიყვანეთ ხელში პატარა (ალბათ, ჯერ არც ისე მძიმეა) და მასთან ერთად რიტმულად იმოძრავეთ. თუ გსურთ, წაიღიღინეთ კიდეც. ეს ორივეს დაგამშვიდებთ.
  • შესანიშნავი ფსიქოთერაპევტია ბუნება. ხშირად ეწვიეთ პარკს.

პროფესიული დახმარება

  • მიმართეთ ფსიქოლოგს და მასთან ერთად გააანალიზეთ თქვენი მდგომარეობა. ეს დაგეხმარებათ, მიაგნოთ დეპრესიის მიზეზს.
  • იშვიათად დეპრესია იმდენად ღრმაა, რომ ნამდვილი ფსიქოზის კლინიკურ სურათს იძლევა: თავს იჩენს შფოთვა, რეალობის შეგრძნების დაკარგვა, ჰალუცინაციები... ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ფსიქიატრს, რომელიც მკურნალობის ეფექტურ მეთოდს შეგირჩევთ.

 

ავტოტრენინგი

  • შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია. ყველაფერი რომ დალაგდეს, საჭიროა დრო. გათვალეთ საკუთარი ძალები. გადადეთ ზოგიერთი საქმე ან დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.
  • სამშობიაროდან დაბრუნების შემდეგ თავი არიდეთ ნათესავ-მეგობრების `შემოსევას~, მით უმეტეს, თუ ხალხთან ურთიერთობა გღლით. ახალნამშობიარევ ქალს სიმშვიდე და დასვენება სჭირდება. ეცადეთ იპოვოთ ადამიანი, რომელიც საოჯახო საქმეებში დაგეხმარებათ.
  • ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. მას თავისი წვლილი შეაქვს განწყობაში. ძველებურად იზრუნეთ თმასა და სახის კანზე. საშინაო ტანსაცმელი მხოლოდ მოხერხებული კი არ უნდა იყოს, უნდა მოგწონდეთ კიდეც.
  • ხშირად ისეირნეთ ბავშვთან ერთად. ეს ორივეს გარგებთ.
  • მიირთვით ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. შიმშილი დეპრესიას უფრო მეტად აძლიერებს.
  • ეცადეთ, საღამოობით მეუღლესთან ერთად გაისეირნოთ. ეს თქვენც წაგადგებათ და ბავშვის მამასაც, რომელიც პაწიას დაბადების შემდეგ შესაძლოა თავს ზედმეტად გრძნობდეს. ბავშვი შეგიძლიათ ბებიას ან ძიძას დაუტოვოთ. დეპრესიული მდგომარეობიდან სქესობრივი ურთიერთობაც გამოგიყვანთ.
  • კვირაში ერთხელ მოიწყვეთ უქმე. ესტუმრეთ სილამაზის სალონს, აუზს, სპა-სალონს, კაფეს, ან, უბრალოდ, მეგობარი მოინახულეთ. მთავარია, შინიდან გახვიდეთ და მოსწყდეთ ჩვეულ ატმოსფეროს.
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | ნანახია: 2089 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024