ჩიყვი - 21 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 21 » ჩიყვი
23:17
ჩიყვი

- ფარისებრი ჯირკვალი, მისი მცირე ზომის მიუხედავად, ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა. მას უნიკალური როლი ეკისრება ორგანიზმის ზრდა-განვითარებასა და რეპროდუქციაში. ეს პატარა ორგანო სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მსხვერპლად შეიძლება იქცეს. ამდენად, თქვენს შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომელთა დროსაც ოპერაციული მკურნალობა მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ზოგიერთი პათოლოგიის დროს ოპერაციული ჩარევა სულაც არ არის მიზანშეწონილი.

- როდის არის აუცილებელი ოპერაციული მკურნალობა?

- როგორც აღვნიშნეთ, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია. ამ პათოლოგიებს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნები. ვგულისხმობ როგორც ავთვისებიან, ისე კეთილთვისებიან პროცესებს. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს დროული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია აუტოიმუნური თირეოიდიტის იმ შემთხვევებში, როცა ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნი ჩნდება. აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის იმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი აგრესიას იჩენს საკუთარი ქსოვილებისადმი და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის მიმართ.

სამწუხაროდ, ბოლო წლების სინამდვილიდან გამომდინარე, ჩვენი მკითხველისთვის კარგად უნდა იყოს ნაცნობი დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი. თუ ხანგრძლივი კონსერვატიული (მედიკამენტური) მკურნალობის ფონზე ფარისებრი ჯირკვლის საერთო მოცულობა არ მცირდება, არ აღინიშნება დაავადების კლინიკური ნიშნების უკუგანვითარება ანუ პაციენტი კვლავ უჩივის კანკალს, გაძლიერებულ და გახშირებულ გულისცემას, ოფლიანობას, აგზნებას, წონის დაქვეითებას, ტემპერატურის მომატებას და სხვა, თავს იჩენს გართულებები (მაგალითად ეგზოფთალმი - თვალების გადიდება), - საჭიროა ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციული ჩარევა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როცა ფარისებრი ჯირკვალი იმდენად დიდდება, რომ იწვევს კისრის ფორმის შეცვლას, ზეწოლას, საგრძნობ დისკომფორტს.

- რომელი პათოლოგიების დროს არ არის მიზანშეწონილი ოპერაციული მკურნალობა?

- აუტოიმუნური თირეოიდიტის იმ შემთხვევებში, როცა ფარისებრ ჯირკვალში კვანძი არ არის, ტარდება მხოლოდ კონსერვატიული (მედიკამენტური) მკურნალობა. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ დაავადებას ფაზური მიმდინარეობა აქვს - ახასიათებს ჯირკვლის ჰიპერ და ჰიპოფუნქციის, ანუ ფუნქციის გაძლიერებისა და შესუსტების მონაცვლეობა. ამის გამო მკურნალობის პროცესში აუცილებელია რეგულარული სიარული ენდოკრინოლოგთან, პერიოდულად - ლაბორატორიული კვლევები და დანიშნულების ცვლილება პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით.

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის გაურთულებელი შემთხვევები, როცა არ არის გამოხატული ცვლილებები თვალების მხრივ (კერძოდ, ეგზოფთალმი) და არ ვითარდება ზეწოლა შუასაყარის ორგანოებზე, მედიკამენტურ მკურნალობას უნდა დაექვე-მდებაროს. კონსერვატიულად მკურნალობენ ჰიპოთირეოზსაც ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აუცილებელია, მკურნალობა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით გაგრძელდეს.
კონსერვატიული მკურნალობა უნდა ჩატარდეს თანდაყოლილი იოდდეფიციტური მდგომარეობის დროს.
არჩევანს კონსერვატიულ მკურნალობაზე აჩერებენ ეგრეთ წოდებული სპორადული და ენდემური ჩიყვის დროსაც. პირველი გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ცალკეულ შემთხვევებს, ხოლო მეორე - ჯირკვლის გადიდების ხშირ გამოვლენას განსაზღვრულ გეოგრაფიულ რეგიონში. ამ პათოლოგიების დროს, მით უფრო - მაშინ, როცა ჯირკვალი მეტისმეტად დიდი არ არის და პაციენტს დისკომფორტს არ უქმნის, უნდა დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა და ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის ყოველთვიური კონტროლი.

- არის თუ არა ოპერაციის ჩვენება ფარისებრი ჯირკვლის კვანძი?

- თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი პატარა და ახალაღმოჩენილია, შესაძლოა, დაინიშნოს მკურნალობა პრეპარატების დარტყ-მითი დოზებით და ერთი თვის განმავლობაში განხორციელდეს დაკვირვება. სხვა შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ოპერაციულ მკურნალობას ექვემდებარება, მით უფრო - ისეთი, რომლის დიამეტრიც 4 სანტიმეტრს აღემატება. ოპერაციულ ჩარევამდე უნდა ჩატარდეს ე. წ. წვრილნემსიანი ასპირაციული პუნქციური ბიოფსია ექოსკოპიური კონტროლით. ამ დროს ექოსკოპის მეშვეობით ვაკონტროლებთ ნემსის გადაადგილებას და ვჩხვლეტთ ფარისებრ ჯირკვალში არსებულ კვანძს.

ექოსკოპია გვეხმარება დავადგინოთ, კვანძში მოხვდა თუ არა ნემსი. ამის შემდეგ ნემსით ამოვქაჩავთ კვანძის შიგთავსს და მიკროსკოპიულად შევისწავლით, რათა დავადგინოთ მისი ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი ბუნება, თუმცა ოპერაციული მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენებია. ფარისებრი ჯირკვლის კვანძისთვის შემუშავებულია თანამედროვე ოპერაციული მკურნალობის ტექნიკა - ენდოვიდეოქირუგია. ყურის ქვეშ კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც სპეციალური ხელსაწყო ფარისებრი ჯირკვლისკენ გადაინაცვლებს. კვანძის ამოკვეთა ტარდება უმნიშვნელო ტრავმით და კოსმეტიკური დეფექტების გარეშე.

- რომელი ენდოკრინული დაავადებების დროს არის ნაჩვენები ქირურგიული მკურნალობა?

- არსებობს მრავალი ენდოკრინული პათოლოგია, რომელთა მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები - ფეოქრომოციტომა და კუშინგის დაავადება და სინდრომი უნ-და დავასახელოთ. ფეოქრომოციტომის დროს, რომელსაც ჰიპერტენზიის ძალიან მაღალი ციფრები და კრიზული მიმდინა-რეობა ახასიათებს, ოპერაციული მკურნალობის შედეგად ხდება არტერიული წნევის სრული ნორმალიზაცია. ოპერაციული მკურნალობაა ნაჩვენები ინსულინომის დროსაც.

როდესაც ენდოკრინული პათოლოგიების დროს ქირურგიული ჩარევის შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ შაქრიანი დიაბეტის სისხლძარღვოვანი გართულება - დიაბეტური განგრენა, რომლის დროსაც დროული ქირურგიული ჩარევის დაყოვნება არაერთხელ ქცეულა საბედისწერო დასასრულის მიზეზად. ასე რომ, ენდოკრინული პათოლოგიების დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდის შერჩევა სჯობს ექიმს მიანდოთ.
კატეგორია: ენდოკრინოლოგია | ნანახია: 1925 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.1/9
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016