მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » სისხლდენა და სტომატოლოგიური დაავადებები
20:59
სისხლდენა და სტომატოლოგიური დაავადებები

სისხლდენა ყველაზე ხშირად ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პათოლოგიები, პულპიტი, გინგივიტი (ღრძილის ანთება), პარო-დონტიტი (ანთება, რომელიც მოიცავს ღრძილს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს, დუღაბს და პერიოდონტს). ხშირია კბილის ამოღების შემდგომი სისხლდენაც.


- პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა ახასიათებს სხივურ სტომატიტს, როდესაც ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპიისას ძლიერი სხივური ეფექტის გამო სიმსი-ვნურ ქსოვილებთან ერთად მთელი ორგანიზმი ან მისი ცალკეული ნაწილები, მათ შორის - პირის ღრუს ჯანსაღი ქსოვილებიც განიცდიან მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებას. იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა და სუსტდება შემაერთებელი ქსოვილის ბარიერული ფუნქცია, ითრგუნება რეგენე-რაციული პროცესი. სისხლძარღვებისა და სისხლის შემადგენლობის ცვლილებათა ფონზე პირის ღრუს ლორწოვან გარსში ჩნდება სისხლჩაქცევები და იწყება ძლიერი სისხლდენა, ხოლო ღრძილის კიდე ზიან-დება და კვდება.

სისხლდენა დამახასიათებელია პულპიტების ვიტალური ექსტირპაციით მკურნალობისთვისაც. კბილის ღრუდან დევიტალიზაციის (ნერვის წინასწარი მოკვლის) გარეშე, ანესთეზიის ფონზე ხდება ცოცხალი პულპის ამოკვეთა. ამ დროს გარდაუვალია პერიოდონტისა და პულპის სისხლძარღვების დაზიანება, რასაც შესაძლოა სისხლდენა მოჰყვეს. სისხლდენის შესაჩერებლად და შემდგომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად სისხლძარღვს ელექტროკოაგულატორით წვავენ.

არსებობს გინგივიტის რამდენიმე ფორმა. ქრონიკული კატარული გინგივიტი, რომელიც ხშირად გვხვდება მოზრდილებში, უმტკივნეულოდ იწყება და პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მას ხშირად აღმოაჩენს ხოლმე სტომატოლოგი პირის ღრუს დათვალიერებისას. პაციენტები აღნიშნავენ კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს.

ქრონიკულ კატარულ გინგივიტს, გარდა სისხლდენისა, ახასიათებს ღრძილის კბილთაშუა დვრილის ფორმისა და ფერის შეცვლა. წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტის დროს, რომელიც ხშირად ორგანი-ზმის რეზისტენტობის დაქვეითების, გრიპის, ანგინის, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, მავნე ჩვევების (თამბაქოს წევა, სმა, ნარკოტიკების მიღება), ავიტამინოზისა და ნერვული სტრესის შედეგია, თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეც კი გრძელდება. სისხლდენასთან ერთად პაციენტები უჩივიან ღრძილების ტკივილს, ჭამისა და მეტყველების გაძნელებას, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და ჰიპერსალივაციას (უხვ ნერწყვ-დენას).

ჰიპერტროფიული გინგივიტისთვის, რომელიც უმთავრესად წინა კბილების მიდამოში ვითარდება, დამახასიათებელია კბილების წმენდის დროს ღრძილებიდან სისხლდენა. ზოგჯერ სისხლდენა სპონტა-ნურად იწყება ღამით. მასთან ერთად თავს იჩენს ღრძილების ქავილი. გინგივიტის ეს ფორმა განსაკუთ-რებით ხშირია ორსულებში (45-50%) და ვითარდება თანკბილვის პათოლოგიების, ჰიგიენური წესების დაუცველობის და არასწორი პროთეზირების შედეგად. პაროდონტიტი - მას, უწინარეს ყოვლისა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და უხარისხო ბჟენები იწვევს. არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა, არასწორი კვება, ვიტამინების დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, იმუნიტეტის დაქვე-ითება, ეკოლოგიური ფაქტორები და სტრესები.

პაროდონტიტს ახასიათებს ღრძილებიდან თვითნებური სისხლდენა, რომელსაც თან სდევს მწვავე ტკი-ვილი. თვალითაც კარგად ჩანს მკვეთრად გაწითლებული და შეშუპებული ღრძილი, საიდანაც შეხებისას სისხლი დის. პაროდონტიტის მძიმე ფორმის დროს სისხლდენა იწყება მაგარი საკვების ჩაკბეჩისას. პარა-ლელურად ირყევა კბილები, პირის ღრუში კი დიდი რაოდენობით ჩნდება ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვები.

- რა გზას მიმართავთ სისხლმდენი დაავადებების განსაკურნავად?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩაქრობა, რაც მედიკამენტური თერაპიითა და "საშინაო დაავალებებით" მიიღწევა. კბილიდან ნადებისა და ქვების მოსაცილებლად ჩვენს განკარგულე-ბაშია საკმაოდ ბევრი საშუალება - პროფესიული პასტებითა და ჯაგრისით დაწყებული, ულტრაბგერითი აპარატით დამთავრებული. გინგივიტის სტადიაში მკურნალობისთვის საკმარისია ნადებისგან კბილის პროფესიული გაწმენდა ულტრაბგერის საშუალებით და ღრძილის ანთების საწინააღმდეგო თერაპია. პაროდონტიტის მსუბუქი ფორმისას ასევე საჭიროა სპეციალური სავლებები. ვინაიდან პაროდონტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ვიტამინების, უმთავრესად კი ც ვიტამინის  ნაკლებობაა, უნდა გაიზარდოს რაცი-ონში ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების შემცველობა. განსაკუთრებით მარგებელია ფორთოხალი და შავი მოცხარი.

- რას ნიშნავს "საშინაო დავალება"?
- "საშინაო დავალება" ღონისძიებათა კომპლექსია, რომელსაც პაციენტი თავად იტარებს ბინაზე. იგი მო-იცავს პირის ღრუში მცენარეული ნაყენებისა და სამკურნალო ხსნარების გამოვლებას, მასაჟს. პაციენტმა კბილების გაწმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ღრძილების მასაჟი. ამისთვის საჩვენებელ და ცერა თითებზე ვიცხებთ ცოტაოდენ კბილის პასტას. მასაჟი იწყება ყბის ცენტრიდან, თანდათან თითები ინაცვლებს გვერდებზე. ზედა ყბაზე მოძრაობა ხორციელდება ზევიდან ქვევით - ღრძილებიდან კბილე-ბისკენ, ქვედა ყბაზე კი ქვევიდან ზევით. მასირება ხდება წრიული მოძრაობებით. დილით მასაჟი საათის ისრის მიმართულებით კეთდება, საღამოს კი საპირისპიროდ.

ლორწოვანზე დაწოლა ტკივილს არ უნდა იწვევდეს. ამასთანავე, დილით ზეწოლა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე საღამოს. მასაჟი დაახლოებით 5-7 წუთს გრძელდება, შემდეგ კი აუცილებელია პირის ღრუში 2-3 წუთის მანძილზე სალბის ან გვირილის ნაყენის გამოვლება. ღრძილების მოსამაგრებლად და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ღრძილებში მარილიანი ნატურალური თაფლის შეზელა (20 გ თაფლი + 5-10 გრამი სუფრის მარილი), სალბის, გვირილის ნაყენის გამოვლება.

- რისი ბრალია კბილის ამოღებისას ან მის შემდეგ განვითარებული სისხლდენა?
- კბილის ამოღებას, ისევე როგორც ნებისმიერ ოპერაციას, თან სდევს სისხლდენა, რომელიც, ჩვეულებ-რივ, კბილის ამოღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჭრილობის სისხლძარღვში წარმოქმნილი კოლტის შედეგად წყდება. კბილის ამოღებისას ძლიერი სისხლდენა მსხვილი სისხლძარღვის ძლიერი ტრავმით და მისი დაზიანებით არის განპირობებული. ზოგჯერ ანესთეზიისთვის გამოყენებული ადრენალინი თავდა-პირველად ავიწროებს ჭრილობის არტერიოლებს, 1-2 საათის შემდეგ კი აფართოებს სისხლძარღვებს და მეორეულ სისხლდენას იწვევს. ხდება ისეც, რომ სისხლდენა კბილის ამოღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყება, რაც ჭრილობის ინფიცირების მანიშნებელია.

ჯამში, კბილის ამოღებისას სისხლდენას ადგილობრივი და ზოგადი მიზეზები იწვევს. ადგილობრივი მიზეზებია ღრძილის ან კბილბუდის ფართო დაზიანება, კბილის ირგვლივ ქსოვილის ანთება, უშუალოდ ექსტირპაციის შემდეგ პირის ღრუს ხშირი გამორეცხვა თბილი ხსნარით. ზოგადი მიზეზებია დაავადებე-ბი, რომლებსაც თან სდევს სისხლის შედედების აქტიურობის დაქვეითება (ჰემოფილია, ლეიკოზი, მალა-რია, სეფსისი). ასეთი სახის სისხლდენას აძლიერებს ჰიპერტონიული დაავადება, ფიზიკური დატვირ-თვა.

- როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუ კბილის ამოღების შემდეგ სისხლდენა არ შეუჩერდა?
- თუ კბილის ამოღებიდან 5-6 საათის შემდეგ პაციენტს სისხლდენა არ შეუწყდა, ამის შესახებ უნდა აცნო-ბოს ქირურგს, რომელმაც კბილი ამოუღო. შესაძლოა,  სისხლდენის მიზეზის, მისი ლოკალიზაციის დასა-დგენად განმეორებითი ვიზიტი გახდეს საჭირო. თუ სისხლი ღრძილის გაგლეჯილი ჯიბიდან მოდის, საკ-მარისია მისი კიდეების გაკერვა, რათა შეიქმნას პირობა სისხლის კოლტის წარმოსაქმნელად. ზოგჯერ ჭრილობაში იდება ტამპონი, რომელსაც 4-6 დღის შემდეგ იღებენ. როდესაც ადგილობრივი ღონისძიე-ბები უშედეგოა, თანაც პაციენტს სისხლდენისადმი მიდრეკილი დაავადება აქვს, მივმართავთ სისხლ-დენის შეჩერების ზოგად ხერხებს.

- სტომატოლოგიურ დაავადებათა დიდი ნაწილის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მთავარი პირობა პირის ღრუს სწორი მოვლაა. ამრიგად, დაავადებათა თავიდან აცილება თუ განკურნება ბევრად არის დამოკიდებული თავად პაციენტზე. იქნებ აუხსნათ ჩვენს მკითხველებს, როგორ მოიქცნენ, რათა თავიდან აიცილონ სტომატოლოგიურ დაავადებათა თანმხლები სისხლდენები და ხელი შეუწყონ მათგან დროულ განკურნებას.
- პაროდონტის ქსოვილის ანთებითი დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა პირის ღრუს საგულდა-გულო მოვლა და სწორი ჰიგიენაა. ჩვენი თანამემამულეები სისუფთავის მოყვარულები ნამდვილად არიან, აი, კბილის წმენდას კი ნახევარ წუთში ამთავრებენ, რაც არ არის საკმარისი. კბილთაშუა სივრცეებს ძაფით სპეციალური გაწმენდა რომ სჭირდება, ცოტამ თუ იცის. კბილის წმენდისას უმნიშვნელო სისხლდენა და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი პაროდონტიტის პირველი ნიშნებია, რომელთა გაჩენისთანავე აუცილე-ბელია სტომატოლოგთან ვიზიტი.

ჰიგიენურ ღონისძიებებთან ერთად პაროდონტიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. პაციენტებმა უნდა მიირთვან რაც შეიძლება მეტი უმი ხილ-ბოსტნეული. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს კბილების თვითგაწმენდას, პაროდონტის ქსოვილების გავარჯიშებას, მეორე მხრივ კი ორგანიზმში ვიტამინურ ბალანსს დაარეგულირებს. აუცილებელია დიდი ოდენობით რძის (ის კალციუმის ბუნებრივი წყაროა) და ფთორით მდიდარი პროდუქტების - თევზეულის, სიმინდის, წიწი-ბურას, ოხრახუშის მიღება. ყოველ 3-4 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური სტომატოლოგიური გასინჯვა უნდა ჩატარდეს.

- როგორც თავადაც ბრძანეთ, პაროდონტის სისხლმდენი დაავადებები განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. რას ურჩევდით მომავალ დედებს?
- უნდა ეცადონ, დაზიანებულ, დაავადებულ კბილებსა და ღრძილებს ორსულობამდე უმკურნალონ. თუ ვერ მოახერხეს, მკურნალობა დასაშვებია ორსულობის მე-4-დან მე-6 თვემდე. კარიესული კბილების მქო-ნე დედა შვილს მიკროორგანიზმების მთელ თაიგულს გადასცემს, რაც მომავალში რამდენადმე დააჩქარებს ბავშვის კბილების გაფუჭებას. მინდა, ერთი რჩევა კბილების გათეთრების მოყვარულებსაც მივცე: ქიმი-ური ნივთიერებებით კბილების გათეთრება ყველასთვის როდი შეიძლება. ის აკრძალულია მათთვის, ვი-საც აქვს ბზარები კბილის მინანქარზე, კარიესული კბილები, პაროდონტის რომელიმე დაავადება, ლითო-ნური ბჟენები ან გადაკრული კბილები. 20 წლამდე, სასურველია, ამ პროცედურისგან საერთოდ შევიკა-ვოთ თავი.

უნდა ვახსენო თამბაქოს წევის მავნეობაც. პირის ღრუს ლორწოვან გარსს საკმაოდ უხვი სისხლმომარაგება აქვს. ნიკოტინი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა მყისიერ სპაზმს იწვევს, რის გამოც უარესდება ღრძილების სისხლმომარაგება, მათი კვება. დღეში 10-ზე მეტი სიგარეტის მოწევისას ორჯერ იზრდება პაროდონტიტის განვითარების ალბათობა, რასაც ხელს უწყობს კბილების შიგნითა ზედაპი-რებზე ნიკოტინური ნადები, სადაც ადვილად მრავლდებიან მიკრობები და ხდება ქვების წარმოქმნა. როდესაც ადამიანი ადრეულ ასაკში იწყებს თამბაქოს წევას, მას 30-35 წლისთვის თითქმის გარანტი-რებული აქვს პირის ღრუს დაზიანება და პაროდონტის ქსოვილების ანთებითი პათოლოგიები.

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1230 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017