რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ? - 16 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ?
20:51
რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ?
სადღეისოდ სოკოს ასი ათასამდე სახეობაა ცნობილი. ისინი ფართოდ არიან გავრცელებულნი ჩვენს გარშემო და შუალედური ადგილი უკავიათ მცენარეებსა და ბაქტერიებს შორის.
სოკოებს, მცენარეებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების სინთეზი, რადგან არ გააჩნიათ ქლოროფილი - მწვანე პიგმენტი. ისინი მზა ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან.
სოკო-საპროფიტები საზრდოობენ ხრწნადი ნივთიერებებით და ბუნების ერთგვარი სანიტრების როლს ასრულებენ.

 მათ შორის ყველაზე ცნობილი ქუდიანი სოკოები ნიადაგის წარმოქმნაში მონაწილეობენ. არსებობს მათი 150 სახეობა. უმრავლესობა საკვებად ვარგისია, მაგრამ არსებობენ შხამიანი სახეობებიც. სოკოთი მოწამვლას მიცეტიზმი ეწოდება. ამ მდგომარეობას სპეციალურ სამედიცინო ცენტრებში, ტოქსიკოლოგიურ ცენტრებსა და განყოფილებებში მკურნალობენ. ყოველი სოკოსთვის განსხვავებული შხამსაწინააღმდეგო ნივთიერების შეყვანაა საჭირო.
სოკო-პარაზიტები ცოცხალი ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან. ისინი იწვევენ მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის დაავადებებს.
სოკოს ზოგიერთ სახეობას მრეწველობის ამა თუ იმ დარგში - პურის, ლუდის, ღვინის, ყველის წარმოებაში, ფარმაკოლოგიაში (მაგალითად, ანტიბიოტიკების, ფერმენტებისა და ვიტამინების წარმოებაში) იყენებენ. ასეთი სოკოები დაავადებებს არ იწვევენ, მეტიც - ადამიანისთვის სასარგებლო ქიმიურ ნაერთებს წარმოქმნიან.

სოკო-პარაზიტები და მათით გამოწვეული დაავადებები
ადამიანისთვის პათოგენურად ითვლება სოკოს მხოლოდ 100 სახეობა. ესენი არიან მიკროსკოპული, თუმცა ბაქტერიებზე დიდი ზომის სოკოები, რომლებიც ბაქტერიებზე უკეთ არიან დაცულნი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისაგან და კარგად არიან შეგუებულნი გარემოს. მათ მიერ გამოყოფილი შხამიანი ნივთიერებები გაცხელებისას არ იშლება და ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ქრონიკულ მოწამვლას - მიკოტოქსიკოზს.
სოკოს ტოქსინები გროვდება ღვიძლში და აზიანებს მას. შეუძლია აგრეთვე თირკმელებისა და გენეტიკური აპარატის დაზიანებაც.
ადამიანისთვის ზიანი მოაქვს არა მარტო საკვებად გამოყენებული სოკოს ტოქსინებს, არამედ იმ სახეობათა შხამებსაც, რომლებიც სახლის კედლებსა და ხეებზე ბინადრობენ. შემოდგომასა და გაზაფხულზე, თბილ და ნოტიო ამინდში, ისინი აქტიურად მრავლდებიან და სპორებს (თესლს) წარმოქმნიან. ურიცხვი თვალით უხილავი სპორა მტვრის ნაწილაკებთან ერთად ხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში, აღწევს ცხვირის გადასასვლელებსა და ღრუებში, მსხვილ, საშუალო და წვრილ ბრონქებსა და ბრონქეოლებში და ფილტვებშიც კი. სოკოს სპორები შეიძლება იქცეს ალერგიის სხვადასხვა გამოვლინების - სურდოს, ხველის, ბრონქული ასთმის მიზეზადაც კი, ხოლო დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმში მყარად მოიკიდონ ფეხი და სოკოვანი ინფექცია - მიკოზი გამოიწვიონ. ინფექციური პროცესი შესაძლოა გამოვლინდეს ყურის ანთებით (ოტიტით), ცხვირის დანამატი ღრუების ანთებით (სინუსიტით), ბრონქიტით, პნევმონიით.
ამრიგად, სოკოს შეუძლია გამოიწვიოს:

  • ინფექციური დაავადება (მიკოზი)
  • ალერგიული დაავადება (მიკოალერგოზი)
  • მწვავე მოწამვლა (მიცეტიზმი)
  • ქრონიკული მოწამვლა (მიკოტოქსიკოზი).

არსებობს სოკოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მდგომარეობა - მიკომატარებლობა ანუ სოკოს ქრონიკული მატარებლობა, რომელიც არავითარ ინფექციურ პროცესს არ იწვევს. ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ სოკო კანდიდას მატარებელი და არამც და არამც  - ობის სოკოსი, რომელიც ორგანიზმში ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიურ პროცესებს იწვევს.
სოკო კანდიდა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში, პირის ღრუსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებზე ბინადრობს. ვიდრე იმუნური სისტემა ძლიერია, ადამიანი და სოკო მშვიდობიანად თანაარსებობენ. სოკოს ”სძინავს” და არაფერს ვნებს ადამიანს. სწორედ ამ მდგომარეობას ჰქვია მიკომატარებლობა, უფრო ზუსტად, კანდიდამატარებლობა.
როდესაც იმუნიტეტი მოუმწიფებელი ან დასუსტებულია, სოკო ”იღვიძებს” და იწვევს ინფექციურ პროცესს - კანდიდოზს.

სოკოვანი დაავადებები და ბავშვები
სოკო კანდიდას ადამიანი დაბადებისთანავე ეცნობა. საქმე ის არის, რომ ორსულის იმუნური სისტემა დასუსტებულია, კანისა და ლორწოვანი გარსების სტრუქტურა - შეცვლილი. სწორედ ასეთ დროს ხდება აგრესიული კანდიდა და სამშობიარო გზებში პათოლოგიურ პროცესს იწვევს. ასეთ სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილი ინფიცირდება და სიცოცხლის პირველსავე კვირას გამოაჩნდება რძიანა - პირის ღრუს ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. ენაზე, სასაზე, ლოყის შიგნითა ზედაპირზე თეთრი ხაჭოსებრი ნადები ჩნდება. ეს პროცესი დროებითია და ერთ თვეში ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაივლის.
თუ ბავშვი დღენაკლულია, დაბადებიდანვე ავადმყოფობს, იღებს ანტიბაქტერიულ საშუალებებს - რძიანა ხანგრძლივდება და მკურნალობას საჭიროებს.
თუ ახალშობილს კანი დაუზიანდა, სოკოვანი დაზიანების კერები მასზეც ჩნდება. მიკოზური კერები უმეტესად ბუნებრივ ნაოჭებში - იღლიებში, კისერზე, ყურის უკან, საზარდულის მიდამოში, კიდურების სახრელებში წარმოიქმნება და გამოყელვასა და სისველეს იწვევს. ჯანმრთელ კანს შესწევს უნარი, 15 წუთში ”გასუფთავდეს” სოკოსაგან, დაზიანებულს კი ეს არ შეუძლია, მას უნდა დავეხმაროთ, თორემ სოკო დაზიანებულ ადგილას აგრესიულ ზემოქმედებას გააგრძელებს.
კანდიდა მონაწილეობს ნაწლავთა მიკროორგანიზმებით დასახლების პროცესშიც. ახალშობილის ნაწლავები სტერილურია. მიკროორგანიზმები იქ პირველი თვის განმავლობაში სახლდება. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა დედის რძით კვებას - სწორედ დედის რძე ეხმარება ახალშობილს, ამოირჩიოს და დატოვოს ორგანიზმში მხოლოდ მისთვის აუცილებელი და სასარგებლო მიკროორგანიზმები.
დროზე ადრე დაბადებული და დაბადებიდანვე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები თავიანთ ნაწლავებში `აბინავებენ~ პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს - სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებსა და საფუარა სოკოებს. ბავშვს ემართება აშლილობა ან შეკრულობა, განავალი ლორწოვანი და მწვანე ფერისაა. ხშირი და თხიერი განავალი წვავს დუნდულებსა და საზარდულს, პამპერსი კი ქმნის სათბურის ეფექტს. ერთი სიტყვით, იქმნება ყველა პირობა კანდიდას გამრავლებისთვის.
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჯანმრთელ პატარას ახალშობილობის პერიოდში კანდიდოზი არ შეიძლება განუვითარდეს. თუ რძიანამ, რომელიც პირველად 2-3 თვის ასაკში ან უფრო გვიან განვითარდა, მკურნალობის შემდეგ ისევ იჩინა თავი, ეს სიგნალად უნდა მივიღოთ და ექიმს მივმართოთ. თუ ექიმთან პატარას მიყვანა ვერ მოვახერხეთ, თავი უნდა შევიკავოთ აცრებისაგან. რძიანას რეციდივი (განმეორება) იმუნური სისტემის მოუმწიფებლობაზე ან არამდგრადობაზე მეტყველებს. წინასწარი გამოკვლევის გარეშე ჩატარებულმა აცრამ შესაძლოა სასურველი შედეგი არ გამოიღოს: ორგანიზმმა ინფექციის მიმართ იმუნიტეტი ვერ გამოიმუშაოს, კანდიდოზი კი უფრო მეტად გავრცელდეს.
თუ პატარას უყვარს თითების წოვა, პირის ღრუს რძიანა შესაძლოა ხელის ფრჩილების დაზიანების მიზეზადაც იქცეს. ამ დროს ფრჩხილი დეფორმირდება, სქელდება, უხეშდება, მისი მოსაზღვრე კანი წითლდება, ზეწოლისას კი გამოიყოფა თეთრი ხაჭოსებრი მასა.
კანდიდას უპირატესი ზრდით გამოწვეული დისბაქტერიოზისთვის დამახასიათებელია შეკრულობა. მოსალოდნელია საშარდე გზების ინფიცირებაც კანდიდოზური ვულვიტის, ვაჟებში ბალანოპოსტიტის სახით (ბალანოპოსტიტის დროს შარდგამომტანი არხის ხვრელის გარშემო სიწითლე და ხაჭოსებრი ნადები წარმოიქმნება). ასეთი მდგომარეობა ზოგჯერ არ აწუხებს ბავშვს, ზოგჯერ კი ქავილს და შარდვისას ტკივილს იწვევს. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ჩარევა.

უფრო მოზრდილ ასაკში სოკო კანდიდა იშვიათად იწვევს ინფექციურ პათოლოგიას, მაგრამ შესაძლოა, ალერგიული დაავადებების მიზეზად იქცეს. ნაწლავებში ჩასახლებული სოკო, რომელსაც მოზრდილი და ძლიერი ბავშვის ორგანიზმი იოლად უმკლავდება, ენდოგენური (შინაგანი) სენსიბილიზაციის მიზეზად იქცევა. კანდიდა წარმოადგენს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ალერგენების კომპლექსს და შესაძლოა, კანის, სასუნთქი გზებისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსების ალერგიული დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ალერგიული დაავადების მქონე ბავშვები კანდიდოალერგენებზეც უნდა შემოწმდნენ.
ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ალერგიულ ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებთან კონტაქტიც. ობის სოკოებთან კონტაქტმა შესაძლოა ეგზოგენურ (გარეგან) სენსიბილიზაციას დაუდოს სათავე და საყოფაცხოვრებო, კვებით თუ მტვრის ალერგენებთან ერთად ალერგიული დაავადებები გამოიწვიოს. თუ ავადმყოფი ბავშვი ცხოვრობს ნესტიან შენობაში, რომლის კედლებზე მოდებულია ობის სოკო, ხოლო დაავადების გამწვავება ემთხვევა შემოდგომასა და გაზაფხულს, აუცილებელია გამოკვლევა მიკოალერგოზებზე.
კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ მშობლების ყურადღება: ობის სოკოს რეზერვუარებად მაწანწალა ცხოველები ითვლებიან. მათგან ადამიანს შეიძლება გადაედოს:
  • მიკოსპორია - თავის თმიანი ნაწილისა და კანის სოკოვანი დაავადება;
  • ტრიქოფიტია - ზიანდება უპირატესად ფრჩხილები, ასევე - თმა და კანი;
  • ეპიდერმოფიტია - ფრჩხილებისა და კანის დაზიანებით მიმდინარე სოკოვანი დაავადება.

სოკოვანი დაავადებების მკურნალობა
ნებისმიერი დაავადების მკურნალობა სპეციალისტის კონტროლით უნდა ჩატარდეს. სოკოვან დაავადებას უნდა უმკურნალოს დერმატოლოგმა.
არსებობს მრავალი სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც არჩევითად მოქმედებს ობისა და საფუარა სოკოებზე. მხოლოდ ექიმს შეუძლია დასვას სოკოვანი დაავადების დიაგნოზი და სპეციალური გამოკვლევების შემდეგ პრეპარატი შეარჩიოს. მკურნალობა შეიძლება იყოს ადგილობრივიც - კრემებით, მალამოებით, საფენებით - და ზოგადიც - ტაბლეტებით, სანთლებით, ინექციებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესის მონიტორინგი. ვინაიდან სოკო ადამიანის ორგანიზმში ნელა იზრდება, მკურნალობის შედეგი საკმაო ხნის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელია რეციდივი, განმეორებითი კურსის ჩატარებისას კი სავსებით შესაძლებელია საჭირო გახდეს ახალი ანტიმიკოზური პრეპარატის დანიშვნა - უკვე გამოყენებული უეფექტო ხდება.
ბავშვთა ასაკში სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჯანმრთელ ბავშვს მიკოზი არ ემართება, ამიტომ მკურნალობის პროცესში უნდა ჩაერთონ ზოგადი პროფილის პედიატრი და ინფექციონისტიც.

 შესაძლებელია თუ არა სოკოვანი დაავადების თავიდან აცილება?
მიკოზური პათოლოგიების პროფილაქტიკა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ალერგიული დაავადებებისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა და ბავშვს ჩვეულებრივი გამღიზიანებლების მიმართ ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება დაჰყვება. ასევე ძნელად შესასრულებელია რეკომენდაცია, რომ ოჯახი ნესტიანი, ძველი სახლიდან მშრალ, ახალ ბინაში გადასახლდეს.
რაც შეეხება კანის სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას, ამისთვის ჰიგიენის დაცვაც საკმარისია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარა ბავშვს.

  • სწორად მოუარეთ კანს, ეცადეთ, მეტისმეტად არ გაოფლიანდეს და არ გამოიყელოს.
  • ფრთხილად დააჭერით ფრჩხილები, რათა კანი არ დაუზიანდეს.
  • დიდხანს ნუ დაუტოვებთ პატარას სველ პამპერსს. თუ პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოში ხშირად უჩნდება რძიანა, მიმართეთ პედიატრს.
  • ნაწლავთა მოქმედების დარღვევებისას - დიარეის ან შეკრულობის შემთხვევაში - ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, სთხოვეთ კონსულტაცია ექიმს.
  • მოზრდილ ბავშვებს აუხსენით, რომ მაწანწალა ძაღლებისა და კატებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.
  • შინაური ცხოველები პერიოდულად ატარეთ ვეტერინართან.

საშიშია თუ არა ბავშვებისთვის ტერფის სოკოთი დაავადებულ ოჯახის წევრთან ურთიერთობა?
დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს ტერფის სოკოვანი დაავადება სჭირს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სოკო დაავადებას მხოლოდ კანის პირველადი დაზიანების, მაგალითად, ნახეთქების, კოჟრების შემთხვევაში იწვევს. ბავშვებს ასეთი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევს ტერფის მიკოზი აქვს, ნაკლებად მოსალოდნელია, ის ბავშვსაც გადაედოს, მაგრამ მაინც მიაქციეთ ყურადღება პირადი ჰიგიენის მარტივ წესებს: ბავშვს ნებას ნუ დართავთ, ჩაიცვას უფროსის ფეხსაცმელი, განსაკუთრებით - შიშველ ფეხზე, ფეხები ყოველდღე დაბანეთ და კარგად გაუმშრალეთ, ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში კი ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის კონტრასტული აბაზანები.

დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სოკოები, ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი, ბუნების ნაწილია. მათ გამუდმებით აქვთ ჩვენთან კონტაქტი, მაგრამ დაავადებას ყოველთვის არ იწვევენ. მშვიდობიან თანაარსებობას მხოლოდ არახელსაყრელი პირობები არღვევს. თუ დაავადება განვითარდა, პროცესის შესაჩერებლად დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.


კატეგორია: დერმატოლოგია | ნანახია: 3856 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.7/6
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014