მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ფსორიაზი
20:50
ფსორიაზი
ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც რთული წარმოშობა აქვს: მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. გარეგნულად ის მხოლოდ კანისმიერი სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ კანის დაავადებად მიაჩნიათ. სინამდვილეში ფსორიაზი სისტემური დაავადებაა, რომელიც კანთან ერთად ორგანიზმის მთელ სისტემებს აზიანებს.


მკურნალობის სადღეისოდ არსებული ყველა მეთოდი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, მაგრამ არ კურნავს, თუმცა არსებობს ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად შეასუსტოს და გააქროს კიდეც დაავადების ნიშნები. ეს საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია. თავი არიდეთ ნერვულ გადაძაბვას, თავი დაანებეთ მოწევასა და სმას, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოიწესრიგეთ სქესობრივი ცხოვრება და, რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ გამოჯანმრთელების იმედი.

კვება
ფსორიაზის დროს დიეტის მთავარი მიზანი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაა. დიეტა ყოველთვის ინიშნება მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად როგორც დაავადების მწვავე ფაზაში, ასევე შესაძლო გამწვავების (გაზაფხული-შემოდგომა) დროსაც. გამწვავების სტადიაში დიეტა 2-3 კვირას გრძელდება. ის წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ზოგავს ღვიძლსა და ნაწლავებს.
რაციონი უნდა შეიცავდეს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს, ხოლო ცხიმების წილი მასში შემცირდეს.
სრულფასოვანი ცილებით მდიდარია რძის ნაწარმი (ყველაზე მეტად - ხაჭო), ვიტამინებით - ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მათი წვენები. რაც შეეხება ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (შაქარს, თაფლს, მურაბას), მათი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიოლოგიური ნორმის ზედა ზღვარს. კვირაში 1-2-ჯერ მიზანშეწონილია განტვირთვის დღეების მოწყობა.
სასურველია, რაციონში ჩავრთოთ ზღვის პროდუქტები (ზღვის კომბოსტო, კალმარი). სხვათა შორის, ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა გულის იშემიური დაავადების თანაობისას.

ხილ-ბოსტნეულის დიეტა ფსორიაზიანი ავადმყოფისთვის
პირველი საუზმე: 200 გ ასკილის ცხელი ნახარში, ცოცხალი კომბოსტოს, სტაფილოსა და ვაშლის სალათი, შეზავებული 10გ მცენარეული ზეთით
მეორე საუზმე: ბოსტნეულის პიურე, 100 მლ ხილის წვენი
სადილი: 250 გ ვეგეტარიანული სუპი, ბოსტნეულის სალათი, შეზავებული 10გ არაჟნით ან მცენარეული ზეთით, 100 გ ნიგოზი
სამხარი: გახეხილი სტაფილო ან ჭარხალი, ასკილის ნაყოფის ნახარში
ვახშამი: ვინეგრეტი, შეზავებული 10გ ზეთით, 200 მლ ჩირის კომპოტი ან ხილის წვენი, 100 გ უხეშად დაფქული მარცვლეულის უმარილო პური, შაქარი ან ქსილიტი - დღეში 30 გ

ზოგჯერ ფსორიაზს ართროზი და პოლიართროზი დაერთვის.
მწვავე სახსროვანი სინდრომის დროს რაციონში ნახშირწყლების ოდენობა 200-250 გ-მდე მცირდება (აქედან 30 გრამი შაქარია), ცილა 70-80 გ-მდე იზღუდება, ერთ ლიტრამდე მცირდება სითხის დღიური ნორმა. მკვეთრად მცირდება სუფრის მარილის მოხმარებაც. ზოგჯერ კერძის უმარილოდ მომზადებასაც ურჩევენ.
ხორცი და თევზი სასურველია მოხარშული მიირთვათ, მაგრამ არ შეიძლება ხორცისა და თევზის ნახარში.
კარგია, თუ რაციონში უხვად ჩართავთ C და P ვიტამინების შემცველ საკვებსა და სასმელს (მაგალითად, ასკილის, ქაცვის, ასფურცელას ნახარშს). უნდა გაიზარდოს კალიუმის შემცველობაც, განსაკუთრებით - ჰორმონებით მკურნალობისას. კალციუმის ოდენობა იზრდება რძის პროდუქტების ხარჯზე.
აკრძალულია ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი (ლუდი, ღვინო, არაყი).
გთავაზობთ რამდენიმე კერძის რეცეპტს, რომლებიც ფსორიაზიანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:

სტაფილოს სალათი
საჭიროა: 80 გ სტაფილო, 3 გ ნიორი, 10გ მაიონეზი.
ქორფა სტაფილო წვრილად გახეხეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მაიონეზი და ერთმანეთში კარგად აურიეთ.

ვაშლის სალათი
საჭიროა: 2 ცალი ვაშლი, 1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა, 1 ც სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2 ს/კ დაკეპილი კამა, 4ს/კ თხელი საწებელი, მარილი - გემოვნებით.
ერთმანეთში აურიეთ წვრილად დაჭრილი ვაშლი, მსხვილად გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი, შეაზავეთ პირშუშხათი და მარილით, მოასხით საწებელი და მოაყარეთ კამა.

ნაღების კარაქი ჭინჭრით
საჭიროა: 500 გ ნაღების კარაქი, 65 გ ხორცსაკეპში გატარებული ჭინჭრისა და სამყურას ფოთოლი, 35 გ გახეხილი პირშუშხა.
აურიეთ ერთმანეთში ჭინჭარი, სამყურა და პირშუშხა, დაუმატეთ კარაქი. ეს ნარევი წაისვით პურზე ან მოასხით ბურღულის ფაფას.

ჭარხალი პირშუშხათი
მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილად, შეაზავეთ პირშუშხათი და მოასხით არაჟანი. გემოვნებისამებრ შეკაზმეთ მარილითა და შაქრით.

ვარდკაჭაჭასა და ფორთოხლის სალათი
საჭიროა: 4 კონა ვარდკაჭაჭა, 1 ცალი მოზრდილი ფორთოხალი, მარილი, 1/2 ჩაის კოვზი შაქარი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი.
აურიეთ ერთმანეთში წვრილად დაკეპილი ვარდკაჭაჭა და დაჭრილი ფორთოხალი, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შაქარი. გემოვნებისამებრ შეაზავეთ პილპილითა და ზეთით.

შვრიის სუპი
საჭიროა: 30გ შვრია, 350 მლ წყალი, 10გ ნაღების კარაქი, 150 მლ რძე, 2 გ შაქარი, 1/4 კვერცხი.
გარეცხეთ შვრია, დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშვამდე ადუღეთ. გადაწურეთ, მარცვალი გასრისეთ საწურზე და თავისსავე ნახარშში ჩააბრუნეთ. დაუმატეთ ცხელი რძე, წამოადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. კვერცხი ათქვიფეთ და ჩაასხით ცხელ სუპში, შეაზავეთ მარილით, შაქრითა და კარაქით.

ოროვანდის ფოთლების წვნიანი
საჭიროა: 250 გ ოროვანდის ფოთოლი, 80 გ მწვანე ხახვი, 150 გ კარტოფილი, 20 გ ბრინჯი, 20 გ ნაღების კარაქი, მარილი და წიწაკა - გემოვნებით.
კარტოფილი გათალეთ, ჩაყარეთ ქვაბში ბრინჯთან ერთად და მოხარშეთ. ოროვანდის წვრილად დაჭრილი ფოთლები და ხახვი ჩაამატეთ სუფრაზე მიტანამდე 10-15 წუთით ადრე.
ოროვანდის პიურე
საჭიროა: 1 კგ ოროვანდის ფოთოლი, 100 გ მჟაუნა, 100 გ მარილი, 25 გ კამა, წიწაკა - გემოვნებით.
ოროვანდის ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, დაამატეთ მარილი, წიწაკა, მჟაუნა და კარგად ამოურიეთ. ნარევი მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ სუპებისა და სალათების მოსამზადებლად, ასევე - საკაზმად ხორცის, თევზისა და ბურღულის კერძებთან.

ჭინჭრის პიურე
1 კგ ჭინჭარი, 1 ს/კ ხორბლის ფქვილი, 1 თავი ხახვი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, პირშუშხა და მარილი - გემოვნებით.
ჭინჭრის გარეცხილი ქორფა ფოთლები მოხარშეთ მარილწყალში, გაწურეთ, დაკეპეთ, მოაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ 2-3 ს/კ ჭინჭრის ნახარში, მოურიეთ და კვლავ მოხარშეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი პირშუშხა და გამოიყენეთ საკაზმად ბურღულის ფაფებთან.

ძახველის მორსი
0,5 ლ ძახველის წვენს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ 3-5 საათს. მიირთვით გრილი.

კალენდულას ტკბილი სასმელი
საჭიროა: 50 გ გამომშრალი კალენდულა, 2 ჭიქა ძახველი, 1 ჭიქა თაფლი, 1 ლ წყალი.
კალენდულას დაასხით წყალი და ადუღეთ 30 წუთს, შემდეგ ქურიდან გადმოდგით და 12 საათს დატოვეთ დახურულ ჭურჭელში. გაწურეთ, დაამატეთ ძახველის წვენი და თაფლი, კარგად აურიეთ და ჩაასხით ბოთლებში. შეინახეთ გრილ ადგილას.

მწვანე აფთიაქი

  • დღეში ერთხელ მიიღეთ (პირდაპირ დალიეთ ან სალათები შეაზავეთ) 1-2 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი. კარგია ქაცვის ნაყოფის წვენი, ნაყოფისა და ფოთლების ნაყენიც (20 გ ნედლეული 200 მლ მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • ჭინჭრის ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 ს/კ-ს დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ ორთქლზე 2-3 საათს. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ალთეს 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. დააყენეთ ერთი საათით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.
  • დიდგულას ფესვები, ფოთლები და ყვავილები დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი. მიიღეთ 100 მლ დღეში სამჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
  • დაზიანებული ადგილები ჩამოიბანეთ მოცვის ნახარშით. კარგია მისი საფენებიც.
  • დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ახალგამოწურული ქრისტესისხლას რძე.
  • საღამოობით მიიღეთ ფარსმანდუკის აბაზანა.
  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ იასამფერას დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ.
  • 2-3 ჩ/კ ცოცხალ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. სვით ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში. კარგია ჟოლოს ფოთლებისა და ყვავილების ნახარშიც - 2 ჩ/კ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
  • მიიღეთ დღეში ერთხელ 1-3 ს/კ ნიახურისა და ოხრახუშის ფესვების წვენი.
  • იასამნის 1 ჩ/კ ყვავილს, ფოთოლს ან კვირტს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათს. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ.
  • 10 გ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ.
  • აიღეთ 2 ჩ/კ ფარსმანდუკი, 3 ჩ/კ კაკალი 2 ჩ/კ ქრისტესისხლა. ნარევი დაფქვით, აურიეთ თაფლში, წაუსვით ტილოს ნაჭერზე, დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ.


არსებობს ფსორიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
თავდაპირველად მოამზადეთ არყის მალამო: შემოდგომაზე მოგროვებული არყის ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში და გაახმეთ ჩრდილში. მოჭიქული, მინის ან თიხის ჭურჭლის ფსკერზე 1 სმ-ის სისქეზე წაუსვით სამედიცინო სოლიდოლი, ზემოდან ამავე სისქეზე დააფინეთ დაქუცმაცებული არყის ფოთოლი, შემდეგ - ისევ სოლიდოლი, ისევ არყის ფოთოლი და ა.შ. ჭურჭელს ძალიან მჭიდროდ დაახურეთ თავსახური (შეგიძლით, ცომიც კი შემოაკრათ, ჰაერი რომ არსაიდან შევიდეს), შედგით ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი დღე აცხვეთ ასეთ რეჟიმში: 2 საათი თბება, 1 საათი აცივებთ. შემდეგ გაფილტრეთ, ნარჩენი ბალახი კი კარგად გამოწურეთ.
ამის შემდეგ აიღეთ 5-6 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი საბავშვო კრემი, 2 ჩაის ჭიქა არყის მალამო, გულდასმით აურიეთ ერთმანეთში და მკურნალობის პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ თხლად ისვით კანზე. კარგად შეიზილეთ.
ამის შემდეგ იწყება მკურნალობის მეორე საფეხური: 30-40 დღის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 30-40 წვეთი არალიის ნაყენი გაცივებულ ანადუღარ წყალთან ერთად. ნაყენი ასე მზადდება: ვიღებთ 20 გრამ არალიის დაქუცმაცებულ ფესვს, ვასხამთ 100 მლ 70%-იან სპირტს, 2 კვირით ვტოვებთ ბნელ ჭურჭელში. შემდეგ ვფილტრავთ და ბნელ, ცივ ადგილას ვინახავთ. ეს ნაყენი უნდა მივიღოთ ზუსტი დოზირებით, რადგან ოდნავ ტოქსიკურია.
თუ კანი აგექავათ და ქერქოვანი კერები გაგიჩნდათ, სამკურნალო მალამოს შეზელამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.
პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ. ქერქოვანი კერები თანდათან გაქრება და ქავილი გაივლის.
თუ დაზიანებული კანი მუქ ლურჯ ფერს მიიღებს, წაისვით შემდეგი მალამო: აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 5-6 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 1 ჩაის ჭიქა არყის მალამო. ნარევი ერთგვაროვანი უნდა იყოს. მას, პირველის მსგავსად, მკურნალობის ბოლომდე ისვამენ. ამ დროს არალიის ნაყენის მიღება უნდა შეწყვიტოთ.
ორკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყეთ ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება: 150-200 გ ელეუტეროკოკის დაქუცმაცებული ძირი დააყენეთ 1 ლ 40%-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. ხშირად შეანჯღრიეთ. ნაყენი შეინახეთ სიბნელეში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, პირველი 10 დღის განმავლობაში - ნახევარი, შემდეგ - 1 ჩაის კოვზი. კურსი ორ კვირას გრძელდება.

დიეტა განსატვირთად
ასეთ დიეტას უმთავრესად მძიმე ავადმყოფებს უნიშნავენ, მაშინ, როდესაც დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება.
განტვირთვის პროცესი ორ პერიოდს: განტვირთვის (საკვებისგან თავშეკავების) და აღდგენის (დიეტური კვების) პერიოდებს - მოიცავს. თითოეული მათგანი 10-12 დღეს გრძელდება. განტვირთვის პერიოდში აუცილებელია, ავადმყოფმა ყოველდღიურად გაიკეთოს გამწმენდი ოყნა, მიიღოს შხაპი. გარდა ამისა, აუცილებელია ყოველდღე 2 ლიტრამდე სითხის, ძირითადად - წყლის, სმა. მე-3-4 დღიდან ინიშნება მინერალური ტუტოვანი (ბორჯომის ტიპის) წყალი.
დიეტის დროს შესაძლოა თავი იჩინოს და 2-3 დღეს გაგრძელდეს პირის სიმშრალე, დასკდეს ტუჩის კუთხეები. ასეთ დროს პირში ხშირად გამოივლეთ წყალი, ხოლო ტუჩებზე ისვით მცენარეული ზეთი.
შიმშილი წიდისა და ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთი მეთოდია. ის ორგანიზმს აახალგაზრდავებს და ალამაზებს, მაგრამ დამოუკიდებლად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ამ მეთოდის გამოყენება სარისკოა.

 

კატეგორია: დერმატოლოგია | ნანახია: 2335 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017