ცხვირის ტრავმები - 16 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ცხვირის ტრავმები
20:45
ცხვირის ტრავმები
ცხვირის ტრავმა სახის ყველაზე გავრცელებული ტრავმული დაზიანებაა. განასხვავებენ ცხვირის ძვლების მოტეხილობას და ცხვირის ხრტილების - ძგიდის - დაზიანებას. სამედიცინო პრაქტიკაში ცხვირის ხრტილოვანი დაზიანება გაცილებით სჭარბობს ძვლოვან ტრავმებს.

ცხვირის ძვლების დაზიანება
ცხვირის ძვლების მოტეხილობაზე სახის ტრავმების 40% მოდის. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტრავმაა, რომელსაც ადამიანი იღებს სპორტული ასპარეზობის, ჩხუბის, საწარმოო ავარიის, წაქცევისა თუ საგზაო-საავტომობილო შემთხვევის დროს.
განასხვავებენ მოტეხილობას ცხვირის ძვლების ცდომით და ცდომის გარეშე, ღიასა და დახურულს. დახურული ტრავმის დროს არ ირღვევა კანის მთლიანობა, ღია ტრავმის შემთხვევაში კი ზიანდება კანი. შესაძლოა, ჭრილობაში ძვლის ნამსხვრევებიც იყოს.
ცხვირის ძვლების მოტეხილობას ახასიათებს:

  • ცხვირიდან სისხლდენა. თუ ტრავმის შემდეგ სისხლდენა არ განვითარდა, ძვლების მოტეხილობაზე საუბარი ზედმეტია, - ასეთ დროს ადგილი აქვს ცხვირის რბილ, ქსოვილოვან დაჟეჟილობას ჩონჩხის დაუზიანებლად, - თუმცა არც სისხლდენაა მოტეხილობის უტყუარი ნიშანი.
  • ტკივილი შეხებისას, ძლიერი შეშუპება დარტყმის ადგილას და თვალებქვეშ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ცხვირისა და თვალების ირგვლივ არსებული არეების ჩაშავება - სათვალის სიმპტომი;
  • გარეთა ცხვირის დეფორმაცია;
  • სუნთქვის გაძნელება ცალი ან ორივე ნესტოთი;
  • ძლიერი ცრემლდენა, რომელიც ცხვირის გვერდითა კედლის ძვლისა და საცრემლე არხის დაზიანების მაუწყებელია;
  • თავ-ზურგტვინის სითხის გამოდენა (რინოლიქვორია), რომელიც ცხავის ძვლის მოტეხილობაზე მიგვანიშნებს;
  • კანქვეშა ემფიზემა, რომელიც ცხვირის დანამატი ღრუების დაზიანების შედეგია.

მკურნალობა
მკურნალობა იწყება მას შემდეგ, რაც პაციენტის დათვალიერებისა და სადიაგნოსტიკო მეთოდებით გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება დაზიანების ხარისხი და ტრავმის ბუნება.
მკურნალობა მიზნად ისახავს ცხვირის ფორმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას.
ტრავმის პირველსავე წუთებში, თუ საამისო საშუალება არის, აუცილებელია ცხვირზე ცივის დადება. ეს ხელს შეუშლის ძლიერ შეშუპებას და სისხლდენასაც შეაჩერებს.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მოტეხილობის ხასიათსა და მისი თანმხლები დაზიანების ხარისხზე. თუ ტრავმიდან გასულია 7 დღეზე მეტი, უკვე შესაძლებელია რეპოზიცია - მოტეხილი ძვლების თავ-თავიანთ ადგილას დაბრუნება-ჩასწორება. რეპოზიცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით.
თუ დეფორმირებული ცხვირის ხელით ჩასწორება ვერ მოხერხდა, იყენებენ სპეციალურ ხელსაწყოს - ელევატორს, რომლის გამოყენების შემდეგაც ცხვირში ჩონჩხის საფიქსაციოდ 3 დღით იდება ტამპონები.
კატეგორიულად არის აკრძალული ძვლების თვითნებური ჩასწორება, რადგან შესაძლოა, ძვლის ნატეხებმა უფრო მეტად დააზიანოს ცხვირის რბილი ქსოვილები და დამატებითი ტრავმა გამოიწვიოს.
მას შემდეგ, რაც შეშუპება ჩაცხრება, ირკვევა ხოლმე, რომ ტრავმის შედეგად დაზიანებულია ცხვირის არა მარტო სუნთქვითი, არამედ ესთეტიკური ფუნქციაც. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რინოპლასტიკა - ქირურგიული გზით ცხვირის უწინდელი ფორმის დაბრუნება.
ზოგჯერ ცხვირის გარეგნული ფორმის აღდგენასთან ერთად სწორდება გამრუდებული ძგიდეც, რათა ცხვირით სუნთქვა აღდგეს. ეს უკვე რინოსეპტოპლასტიკაა, რომელიც რინოპლასტიკასთან შედარებით გაცილებით რთული და დიდი მოცულობის ქირურგიული ოპერაციაა.

გართულებები
ცხვირის ძვლების მოტეხილობა შესაძლოა გართულდეს:

  • ცხვირის ძგიდის გამრუდებით, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, მოგვიანებით კი ქრონიკულ რინიტებსა და სინუსიტებს;
  • ცხვირის ხრტილის მოტეხილობით;
  • ქალა-ტვინის ტრავმით;
  • არის შემთხვევები, როდესაც სისხლდენის შედეგად ცხვირის ღრუსა და დანამატ ღრუებში ჩაღვრილი სისხლი მთლიანად ვერ გამოდის გარეთ, ვერც გაიწოვება, გროვდება ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და წარმოქმნის ჰემატომას, რომელიც, ერთი მხრივ, ართულებს ცხვირით სუნთქვას, მეორე მხრივ კი იწვევს ცხვირის დეფორმაციას.

ზოგჯერ ვითარდება ცხვირის ძგიდის ჰემატომა, რომელსაც დაჩირქება და ხრტილის განლევა ახასიათებს, რაც ასევე იქცევა ცხვირით სუნთქვის გაძნელებისა და გარეთა ცხვირის დეფორმაციის მიზეზად. ამ დროს ცხვირი თითქოს ქვემოთ ეშვება, ნესტოები კი ფართოვდება.

ცხვირის ძგიდის დაზიანება
ცხვირის ძგიდე ცხვირის ყველაზე დიდი ხრტილია. იგი ცხვირის ღრუს ორ ტოლ ნაწილად - მარჯვენა და მარცხენა ნესტოებად - ყოფს.
ცხვირის ძგიდის ორნაირი დაზიანება არსებობს: მოტეხილობა და გამრუდება.
ტრავმის დროს ცხვირის ძგიდე უმეტესად მცირე ასაკში ტყდება, რადგან ბავშვების ხრტილოვან ქსოვილში ელასტიკური და რბილი ბოჭკოები სჭარბობს მყარ ხრტილოვან ქსოვილს. რაც შეეხება მოზრდილებს, მათ უფრო ხშირად აღენიშნებათ ძგიდის არა მოტეხილობა, არამედ გამრუდება.

ძგიდის გამრუდება
ძგიდის გამრუდება შესაძლოა გამოწვეული იყოს ფიზიოლოგიური, ტრავმული ან კომპენსატორული მექანიზმით. საკუთრივ ძგიდის ტრავმა შედარებით იშვიათია, ის ყველაზე ხშირად თან სდევს ცხვირის ძვლების ტრავმასა და მოტეხილობას. ძგიდის გამრუდების ყველაზე გავრცელებული მიზეზიც ცხვირის ტრავმის შემდეგ მისი არასწორი შეხორცებაა.
ძგიდის გამრუდებას ახასიათებს: 

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მისი ზომიერი ან სრული დარღვევა. ნაწილობრივი, ცალმხრივი გამრუდებისას ადამიანს უჭირს ცალი ნესტოთი სუნთქვა.
    ზოგჯერ სპეციალისტი ცხვირის ღრუს დათვალიერების შემდეგ აღმოაჩენს ძგიდის გამრუდებას, რომლის შესახებაც პაციენტმა არაფერი იცის, რადგან ცხვირით ნორმალურად სუნთქავს. ამ შემთხვევაში, ძგიდის არცთუ ძლიერი გამრუდებისას ორგანიზმი ეგუება მდგომარეობას და ფუნქცია ცხვირის ღრუს სხვა სტრუქტურების ხარჯზე ნარჩუნდება.
    ძგიდის გამრუდება ხშირად მოხუცებულობისას იჩენს თავს - მაშინ, როდესაც ორგანიზმის საკომპენსაციო მექანიზმები განლევას იწყებს.
    ძგიდის გამრუდებისას ცხვირით თავისუფალ სუნთქვას დიდხანს ინარჩუნებენ ისინიც, ვისაც დიდი ცხვირის ღრუ აქვს. ამ შემთხვევაში დეფექტს ჰაერის დიდი ნაკადი აკომპენსირებს.
  • ხვრინვა, გამოწვეული ცხვირით სუნთქვის დარღვევით.
  • ცხვირის ღრუს სიმშრალე.

გართულებები

  • ძგიდის ქრონიკული გამრუდებისას პაციენტს ყველაზე ხშირად უვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი და ფრონტიტი. ხანგრძლივი მკურნალობა იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას და პოლიპების გაჩენას.
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამრუდებული ძგიდის მუდმივი არანორმალური შეხება ცხვირის ლორწოვან გარსთან ხშირად იქცევა ბრონქული ასთმისა და ალერგიული სურდოს მიზეზად.
  • ცხვირის დეფორმაცია ყველაზე ხშირად იწვევს გარეთა ცხვირის მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრას.
    ცხვირის ძგიდის მოგვიანებითი გართულებებია ცვლილებები სისხლში, გულს-სისხლძარღვთა სისტემასა და სქესობრივ სფეროში; მცირდება ორგანიზმის შეუვალობა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორთა მიმართ, ქვეითდება იმუნიტეტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამრუდებული ძგიდის დროული და კვალიფიციური მკურნალობა აუცილებელია.

მკურნალობა
ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდით შეიძლება. წინათ გამრუდების ადგილას კვეთდნენ ლორწოვან გარსს, ძგიდეს აჭრიდნენ დეფორმირებულ მონაკვეთს, შემდეგ კი ადებდნენ დოლბანდის მჭიდრო ტამპონს, რომელსაც ცხვირში ხუთ დღეს ტოვებდნენ. ოპერაცია ხშირად რთულდებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაციით - გახვრეტით. თავდაპირველად მასზე მხოლოდ პატარა ნასვრეტი ჩნდებოდა, ხოლო როდესაც მისი დიამეტრი 8-10 მმ-ს მიაღწევდა, მის ამოსავსებად ახალი ოპერაცია ტარდებოდა.
გამრუდებული ძგიდის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი გაცილებით ნაკლებტრავმულია. ოპერაციები მიკროსკოპის ან ენდოსკოპის საშუალებით ტარდება. ცხვირის ღრუში შეჰყავთ ოპტიკურბოჭკოვანი მილი. მასზე დამონტაჟებულია სინათლის წყარო და ვიდეოკამერა, რომელიც გამოსახულებას მონიტორზე გადასცემს. საგულისხმოა, რომ მილი ძგიდემდე ლორწოვანი გარსის დაუზიანებლად აღწევს.
ოპერაციისას იკვეთება კანი ნესტოს შესასვლელთან, ქსოვილების გაწევის შემდეგ იღებენ ძგიდის დეფორმირებულ ნაწილს, ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში, სადაც იგი სწორდება, შემდეგ კი უკანვე აბრუნებენ.
ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ იხსნება ნაკერები, ძგიდე გასწორებულია, ლორწოვანი - დაუზიანებელი, პაციენტიც ცხვირით სრულფასოვნად სუნთქავს.
ცხვირის ძგიდის ნებისმიერი პათოლოგიის მსგავსად, მხოლოდ ქირურგიული გზით იკურნება ძგიდის ჰემატომაც. მისი სრული მოცილებისა და ძგიდის აღდგენის შემდეგ ცხვირის ნიჟარა სავსებით იბრუნებს უწინდელ ფორმასა და შესახედაობას.

 

კატეგორია: ყელი, ყური, ცხვირი | ნანახია: 1858 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016