მოკევთილი მკერდის რეკონსტრუქცია - 16 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » მოკევთილი მკერდის რეკონსტრუქცია
20:40
მოკევთილი მკერდის რეკონსტრუქცია
 - მასტექტომია ანუ სარძევე ჯირკვლის მოკვეთა ძუძუს კიბოს მკურნალობის რადიკალური გზაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არცთუ სრულყოფილი. ჯანმრთელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ის ქალს გადაულახავ ფსიქოლოგიურ და კოსმეტიკურ პრობლემას უქმნის. შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება?

- მოგეხსენებათ, დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდი მისი პროფილაქტიკაა. ეს ფრთიანი გამოთქმა ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ძუძუს კიბოს მიესადაგება. მკერდის კიბო ქალთა ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ბოლო ხანს უფრო მეტად გახშირდა - საქართველოში 100 000 ქალიდან 50-ს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღენიშნება.
ძუძუს კიბოს თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისი ადრეულ, კიბოსწინარე სტადიაში გამოვლენა და მკურნალობაა. საამისოდ მეტად ეფექტური ხერხია თვითგასინჯვა. მის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ქალს მხედველობიდან არ უნდა გამოეპაროს:

  • კანის ანთება ან შეწითლება;
  • კანის დაჭმუჭვნა (ლიმონის ქერქის მსგავსი კანი);
  • დანაოჭება;
  • სარძევე ჯირკვლის უჩვეულო ტკივილი;
  • სიწითლისა და წვის შეგრძნება დვრილის არეში;
  • დვრილის ჩაზნექა;
  • სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი ძუძუდან.

თუ ერთ-ერთი ნიშანი მაინც შეამჩნიეთ, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-მამოლოგს.
თუნდაც არაფერს უჩიოდეთ _ თავს ნუ დაიმშვიდებთ, პერიოდულად მაინც მიბრძანდით კონსულტაციისთვის მამოლოგთან. პროფილაქტიკურ გამოკვლევათა სიხშირე ქალის ასაკზეა დამოკიდებული. თუ 20-დან 39 წლამდე ასაკისა ბრძანდებით, გირჩევთ ჩაიტაროთ:

  • თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
  • ექიმის კონსულტაცია - ორ წელიწადში ერთხელ მაინც.

თუ 40-დან 49 წლამდე:

  • თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
  • ექიმის კონსულტაცია - წელიწადში ერთხელ;
  • ინსტრუმენტული გამოკვლევა - წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ.

თუ 50 წელს ბრძანდებით გადაცილებული:

  • თვითგასინჯვა - თვეში ერთხელ;
  • ექიმის კონსულტაცია - წელიწადში ერთხელ;
  • ინსტრუმენტული გამოკვლევა - წელიწადში ერთხელ.

შეგახსენებთ: ამ ასაკში დაავადების ალბათობა ყველაზე მეტია.

როგორ შეირჩევა მკურნალობის მეთოდი?

- მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად აუცილებლად უნდა განისაზღვროს კიბოს სტადია. ამ კუთხით მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ზომას, ლიმფური ჯირკვლების მდგომარეობასა და მეტასტაზების არსებობას ანუ პროცესის გავრცელებას სხეულის სხვა მიდამოებში. სტადიის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება მკურნალობის მეთოდის შერჩევა. რადიკალური ოპერაციის დროს არა მარტო სარძევე ჯირკვალს, არამედ მის ქვემოთ მდებარე გულმკერდის კუნთებსა და ახლომდებარე ლიმფურ კვანძებსაც კვეთენ. ამჟამად მრავალი ქირურგი უპირატესობას ანიჭებს მოდიფიცირებულ რადიკალურ მასტექტომიას, რომლის დროსაც შესაძლებელია კუნთების შენარჩუნება. ასეთი ოპერაციის შემდეგ ქალი თავისუფლად ამოძრავებს მხარსა და ხელს, ნაკლებ შესამჩნევად იცვლება ფიგურა და სარძევე ჯირკვლის პროთეზირებაც უფრო ადვილია.
კიბოს ადრეულ სტადიაში შესაძლებელია ნაწილობრივი მასტექტომიის ჩატარება სხივურ თერაპიასთან ერთად.

- მკერდის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებული მასალა ორგანიზმისთვის თვითონვეა უცხო სხეული. ხომ არ შეუქმნის იგი ქალს დამატებით პრობლემებს?

- სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის თანამედროვე მეთოდებს მინიმუმამდე დაჰყავს გართულებათა რისკი პოსტოპერაციულ პერიოდში.

- რამდენნაირი მეთოდიკა არსებობს სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციისთვის?

- მკერდის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენება:

  • ხელოვნური მასალა (ექსპანდერი/იმპლანტანტი);
  • პაციენტისავე ან დონორის ქსოვილები, კერძოდ: ა) მუცლის სწორი კუნთის ნაჭერი (ნაფლეთი);
    ბ) თორაკო-დორზალური ნაჭერი ანუ მოკვეთილი მკერდის მიმდებარე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი; გ) დუნდულების ნაჭერი - კანქვეშა ქსოვილი ამ ადგილებში სქელი, საშუალოდ 8-10 სმ-ის სისქისაა; დ) წელის მიდამოს გვერდითი ნაწილების ნაჭერი; ე) კომბინირებული მასალა (იმპლანტანტი+ქსოვილი).

ძუძუს დვრილის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივ ქსოვილებს იყენებენ, არეოლებისთვის კი - ბარძაყის ქსოვილოვან ნაჭერს ან ტატუირების მეთოდს. მასალას პაციენტს ქირურგი ინდივიდუალურად, მისი მდგომარეობის საფუძველზე შეურჩევს.
ქალები, რომელთაც ჩატარებული აქვთ მასტექტომია, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ამით ისინი მხოლოდ სოციალური რეაბილიტაციის პროცესს კი არ გაიადვილებენ, არამედ მეტასტაზების ზრდისა და მეორე სარძევე ჯირკვალზე პირველადი სიმსივნის განვითარების რისკსაც აიცილებენ თავიდან. მეტასტაზები უმეტესად მასტექტომიიდან 3-5 წლის შემდეგ იჩენს თავს. რეციდივის ალბათობა წლიდან წლამდე მცირდება.
კიდევ ერთხელ გირჩევთ, იქონიოთ მუდმივი კონტაქტი თქვენს ექიმთან - სიმსივნური პროცესის დროული გამოვლენა მკურნალობის შედეგიანობის საწინდარია.

 

კატეგორია: ონკოლოგია | ნანახია: 1379 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017