მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს
20:30
ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს
ყლაპვის გაძნელება - დისფაგია - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თანმხლები სინდრომია. ავადმყოფი მას აღიქვამს, როგორც საყლაპავ მილში ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

დისფაგია შეიძლება გამოწვეული იყოს საყლაპავის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული დაზიანებით. ყლაპვის გაძნელების ფუნქციური მიზეზია საყლაპავის ფუნქციური დაზიანება კარდიოსპაზმის, დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს. ორგანული მიზეზებია საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, საყლაპავის დავიწროება ნაწიბურის გამო, დივერტიკული და სხვა. ყლაპვის გაძნელებას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აორტის ანევრიზმა, შუასაყრის სიმსივნეები და სხვა.
მიმოვიხილავთ რამდენიმე ქირურგიულ პათოლოგიას, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა.

საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბოს სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, ჩვეულებრივ, ადრე მჟღავნდება და თითქოს ადვილად დიაგნოსტირდება, თუმცა რადიკალური მკურნალობა ავადმყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება. სამწუხაროდ, პაციენტთა თითქმის 80% ექიმს დაავადების III-IV სტადიაში მიმართავს.
დიაგნოსტიკა. განგაშის სიგნალებად, რომელთა საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის კიბოსთან, ითვლება შემდეგი ნიშნები:

  • ნებისმიერი სიმძიმის ყლაპვის გაძნელება, რომელიც წარმოიშობა საყლაპავის ყოველგვარი მექანიკური, თერმული თუ ქიმიური დაზიანების გარეშე;
  • ლუკმის განვლადობის დარღვევა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები საყლაპავის გასწვრივ საკვების მიღების დროს;
  • განმეორებადი რეგურგიტაცია (ბოყინის დროს ჰაერთან ერთად კუჭის შიგთავსის მცირე ულუფის ამოსვლა) და ღებინება სისხლიანი შიგთავსით;
  • ხმის უმიზეზო ჩახლეჩა;
  • შემაწუხებელი ხველა სითხის მიღებისას.

და მაინც, საყლაპავის კიბოს დროს პირველად სიმპტომებად ითვლება ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, სისავსის შეგრძნება, საკვების ”გულზე დადგომა” და გაძლიერებული სალივაცია (ნერწყვის გამოყოფა). პრაქტიკულად ყველა ეს სიმპტომი საყლაპავში პათოლოგიური პროცესის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს.
მრავალ შემთხვევაში დისფაგია თანდათანობით პროგრესირებს. თავდაპირველად საყლაპავში მყარი საკვების გავლისას ოდნავ შესამჩნევი დაბრკოლებები ჩნდება - ავადმყოფი თითქოს შეიგრძნობს, როგორ გადაადგილდება მყარი ლუკმა საყლაპავში. თანდათან შევიწროება იმატებს და პაციენტი იძულებულია, საკვებს წყალი დააყოლოს. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ უკვე ნახევრადთხევადი საკვების გადაყლაპვაც ჭირს, შემდეგ კი - სითხისაც. დისფაგიის ასეთი განვითარება ყოველთვის არ შეიმჩნევა. ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ ან სიმსივნის დაშლისას საყლაპავის გამავლობა აღდგება, მაგრამ დროებით - რამდენიმე ხნის შემდეგ დისფაგია ისევ პროგრესირებს.
საწყის სტადიაში დისფაგია ყველა მკვრივ საკვებზე ერთნაირი არ არის. ავადმყოფები უფრო ადვილად ყლაპავენ ისეთ საკვებს, რომელიც ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს, მაგალითად, შემწვარ ხორცს, ძეხვეულს, დამარილებულ თევზს. საყლაპავი მილი უფრო ძნელად ატარებს მოხარშულ კარტოფილს, შავ პურს, მოხარშულ ხორცს. კიდევ ერთი: გაძლიერებული ნერწყვდენა, რომელიც ახასიათებს საყლაპავის კიბოს, რეფლექსური ბუნებისაა და საყლაპავი მილის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სტენოზის (შევიწროების) დროს იჩენს თავს.

განასხვავებენ დისფაგიის ხუთ საფეხურს:
I საფეხური - საყლაპავში ყოველგვარი საკვები გადადის, მხოლოდ მკვრივი ლუკმის გადაყლაპვისას ჩნდება უსიამონვო შეგრძნება (წვა, ჩახეხვა (ფხაჭნა), ზოგჯერ - ტკივილიც);
II საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში ჩერდება ან ძნელად გადადის, ლუკმის გადასაყლაპავად საჭირო ხდება წყლის დაყოლება;
III საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში აღარ გადადის. გადაყლაპვის მცდელობა ღებინებას იწვევს.

ავადმყოფი თხევადი და ნახევრად თხევადი საკვებით იკვებება;
IV საფეხური - საყლაპავში მხოლოდ სითხე გადადის;
V საფეხური - საყლაპავი გაუვალი ხდება. პაციენტს ერთი ყლუპი წყლის გადაყლაპვაც კი არ შეუძლია. ნერწყვის გადაყლაპვაც კი ვერ ხერხდება.
საყლაპავის კიბოს მკურნალობა კლინიკური ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა. გამოიყენება ქირურგიული, სხივური და კომბინირებული მეთოდები. ქიმიოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, საყლაპავის კიბოს დროს ნაკლებეფექტურია.

კარდიის აქალაზია
ეს საყლაპავის ნერვ-კუნთოვანი აპარატის ქრონიკული დაავადებაა. აქალაზია ბუნებრივი ხვრელების (ჩვენს შემთხვევაში - საყლაპავ-კუჭის გასავლის) მოდუნების შეუძლებლობა ან გაძნელებაა ყლაპვის დროს. კარდიის აქალაზიას თან სდევს საყლაპავის პერისტალტიკის (მისი კედლების ტალღისებრი რიტმული შეკუმშვა-მოდუნება) მოშლა, რაც ძალიან აძნელებს ლუკმის გადაყლაპვას. ამ პათოლოგიის დროს საკმაოდ ხშირია მტკივნეული დისფაგია. ეს სინდრომი იმიტომ ვითარდება, რომ დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ზიანდება საყლაპავის ლორწოვანი გარსი. დაზიანებულ ლორწოვანზე ლუკმის ზემოქმედების შემთხვევაში საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილი ჩნდება. ავადმყოფი უფრო და უფრო ხშირად აღებინებს ახალმიღებული საკვების მასებით, რომელთაც გადამუშავების კვალიც კი არ ეტყობათ. ტკივილი ძლიერდება. საზოგადოდ, ტკივილის შეგრძნება დაავადების პირველი ნიშანია. ტკივილის ხასიათი სხვადასხვაგვარია: ის შეიძლება გულმკერდის მიდამოში იყოს გაბნეული ან პაციენტი ზუსტად მიუთითებდეს მტკივან წერტილს.
კარდიის აქალაზიის დროს საკვების ყლაპვისას ტკივილის შეგრძნება შეიძლება გადაეცემოდეს მხრის, კისრის, ბეჭის, ყურისა და სხვა მიდამოებში. ზოგჯერ ტკივილი ჭამის შემდეგ ჩნდება, თუმცა უმეტესად საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული.
ავადმყოფები ხშირად იყენებენ სხვადასხვა საშუალებას, რათა საკვების კუჭში მოხვედრა გააადვილონ: ერთბაშად სვამენ დიდი რაოდენობით წყალს, იხრებიან წინ ან უკან, ხელით უკავიათ კისრის ან მკერდის მიდამო, ზოგჯერ ლუკმას ხელის დაჭერით ან დასმით მიდენიან საყლაპავ მილში და სხვა. სხვათა შორის, ზოგჯერ საყლაპავი მილის ქვედა სფინქტერის ტონუსს ასუსტებს შოკოლადი, ცხიმები, ნიტრატები და კოფეინი. ყლაპვის გაძნელება ძლიერდება ნერვული აგზნების, სწრაფი ჭამის, ცუდად დაღეჭილი საჭმლის გადაყლაპვის შემთხვევაშიც.
დისფაგიის ხარისხი დამოკიდებულია საკვების ხარისხზე, განსაკუთრებით - მის ტემპერატურაზე: ცივი საკვები არ იწვევს ყლაპვის გაძნელებას, თბილი კი ან ძნელად გადის საყლაპავ მილს, ან საერთოდ ვერ აღწევს კუჭს. არცთუ იშვიათად აღინიშნება პარადოქსული დისფაგიაც - მკვრივ საკვებს საყლაპავი უფრო ადვილად ატარებს, ვიდრე თხიერს. კარდიის აქალაზიას ზოგჯერ შემაწუხებელი სლოკინიც სდევს თან.
კარდიის აქალაზიის მკურნალობისთვის გამოიყენება ენდოსკოპიური ბალონური გაფართოება: სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით საყლაპავის ქვედა ნაწილში შეჰყავთ განსაკუთრებული მასალისგან დამზადებული ბალონი, რომელიც იბერება და აფართოებს კარდიას (კუჭის შესავალს). უმეტესად ეს მეთოდი ამართლებს. სხვა შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია.
დისფაგია თანდათანობითაც შეიძლება განვითარდეს და სწრაფადაც. ყლაპვის გაძნელება სწრაფად ვითარდება საყლაპავი მილის უცხო სხეულით, მაგალითად, თევზის ფხით დაზიანებისას, ასევე - მძიმე ტრავმის (ჭრილობა, დამწვრობა), უცხო სხეულის ამოღების მცდელობის შემთხვევაში. მტკივნეული დისფაგია შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ქლორიდმა, ჩ ვიტამინის აბებმა, ტეტრაციკლინმა და ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა. ყლაპვის გაძნელების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციაც.
დიდხანს მწოლიარე ხანშიშესულ ავადმყოფებში ყლაპვის გაძნელება შეიძლება მოჰყვეს საყლაპავი მილის ატონიას (მოდუნებას).
დისფაგიის აღმოცენება და მისი თანდათანობითი გაძლიერება საყლაპავი მილის დამწვრობის შემდგომი ნაწიბუროვანი შევიწროების პირველი ნიშანია. გარდა თერმული პროცესებისა, დამწვრობა შეიძლება მწვავე მჟავებით ან ტუტეებით იყოს გამოწვეული. დამწვრობის დროს ყლაპვის გაძნელება პირველ რიგში ცუდად დაღეჭილი საკვების გადაყლაპვის შემდეგ აღინიშნება. დროთა განმავლობაში ავადმყოფს უჭირს ნაწილობრივ თხიერი საკვების ყლაპვაც. ზოგ შემთხვევაში საყლაპავის გამავლობის დარღვევა სწრაფად - რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის განმავლობაში პროგრესირებს, ზოგ შემთხვევაში კი თვეობით ჭიანურდება. როგორც უახლესი მონაცემები მოწმობს, დაავადების განვითარების ამ პერიოდში ყლაპვის გაძნელება არა მარტო საყლაპავის შევიწროების შედეგია, არამედ საყლაპავის თანდართული სპაზმითაც არის განპირობებული.
ჩვენ შევჩერდით მხოლოდ რამდენიმე ძირითად დაავადებაზე, რომლებიც ყლაპვის გაძნელებით რთულდება. მიღებულია, რომ ფუნქციური დისფაგიის დროს სიძნელეები წარმოიშობა თხიერი საკვების მიღებისას, ხოლო მკვრივის გადაყლაპვა ადვილად ხდება. საყლაპავის ორგანული დაზიანებისას თავდაპირველად ძნელად გადადის მკვრივი საკვები, შემდეგ კი თხიერი. თუმცა აღნიშნული განსხვავებები აბსოლუტური სულაც არ გახლავთ, თანაც საყლაპავი მილის სანათურის შევიწროება და დისფაგია შეიძლება მრავალი სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, ამიტომ დისფაგიის ყველა შემთხვევა საყლაპავი მილის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ კვლევას მოითხოვს, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა აუცილებლად ქირურგიულ კლინიკაში ან ქირურგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.



კატეგორია: ზოგადი ქირურგია | ნანახია: 3486 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.5/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017