მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია
20:20
როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია
გვინდა, მთავარი თემის ამ ნაწილში მკითხველს ვესაუბროთ ჩირქოვანი ინფექციებისა და მუცლის ღრუს იმ პათოლოგიების შესახებ, რომელთა განკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი. დასაწყისშივე შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ წესს: ქირურგიული დაავადების თვით-მკურნალობა (მაგალითად, მუცლის ტკივილის დროს ოყნის გაკეთება, კუჭის ამორეცხვა),

ისევე როგორც ნებაზე მიშვება, სახიფათოა. მაშ ასე, როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია ჩირქოვანი დაავადების (ინფექციის) და მუცლის ღრუს ორგანოთა ამა თუ იმ პათოლოგიის შემთხვევაში? მიუხე-დავად თემის სირთულისა, ვეცდებით, ამ კითხვაზე მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები პასუხი გავცეთ. გაგაცნობთ იმ დაავადებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქირურგიულ პრაქტიკაში.

ჩირქოვანი ინფექცია
ორგანიზმში მიკრობთა შეჭრისთვის (სხვათა შორის, ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელია კარიბჭე, რომელიც უმთავრესად კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ასეთი დაზიანება ხშირად შეუმჩნეველია. ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.

ძირმაგარა ანუ ფურუნკული. ფურუნკული თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. იგი ჩნდება თმიან ადგილებზე, სადაც უხვად არის საოფლე ჯირკვლები, ასევე - ისეთ ადგილე-ბზე, რომლებიც მუდმივად განიცდის მექანიკურ გაღიზიანებას: კისრის უკანა მხარეს, იღლიის ფოსოში, წელის არეში, ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე... დაავადების განვითარებას ხელს უწყობს კანის დაბინძუ-რება და მცირე ტრავმები.

ფურუნკულის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დამცავი ძალების დაქვეითება, რასაც ქრონიკული დაავადებები, (მაგალითად, დიაბეტი) უწყობს ხელს. ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა და ავადმყოფის ორგანიზმში მნიშვნელოვან ზოგად ცვლილებებს არ იწვევს. მას ხალხური საშუალებებითაც მკურნალობენ, მაგრამ ზოგიერთი მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა მდგომარეობა დამძიმდეს.

სახის, განსაკუთრებით - ზედა ტუჩის, ფურუნკული ძალზე მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს შესაძლოა, ინფექცია სახის სისხლძარღვების მეშვეობით თავის ტვინისკენ გავრცელდეს და მენინგიტი გამოიწვიოს.
კატეგორიულად აკრძალულია ფურუნკულის თითებით გამოწურვა. ფურუნკულიან ავადმყოფს სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგის მეთვალყურეობით უნდა უმკურნალონ. ოპერაცია ამ დროს პრაქტიკულად არ კეთდება, მაგრამ სახის გართულებული ფურუნკულის შემთხვევაში შესაძლოა დაისვას ოპერაციული ჩარევის საკითხი, რომლის საჭიროებაც ქირურგმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

კარბუნკული. კარბუნკული ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ფურუნკულია. ამ დროს ანთე-ბითი პროცესი ღრმად მდებარე ქსოვილებზე ვრცელდება და დაავადება მძიმდება, ამიტომ კარბუნკულის მკურნალობა, რაც პრაქტიკულად ყოველთვის ოპერაციას გულისხმობს, ქირურგიულ სტაციონარში უნდა ჩატარდეს.

ჩირქგროვა. ეს ცნება ორგვარ ჩირქოვან ანთებას - აბსცესსა და ფლეგმონას - აერთიანებს. აბსცესი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ან რომელიმე ორგანოს შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთებაა. მისი მიზეზია ქსოვი-ლთა დაზიანების შედეგად ორგანიზმში ჩირქმბადი მიკროორგანიზმების შეჭრა. ორგანიზმში ინფექცია შესაძლოა სამკურნალო ნივთიერების ნემსით შეყვანის დროსაც შეიჭრას, თუ არ დაიცავენ სათანადო წე-სებს: არ გამოხარშავენ შპრიცს, ინექციის წინ კანს არ დაამუშავებენ სპირტითა და იოდით და ა.შ. 

ხშირად ჩირქგროვა თავისთავად იხსნება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ზედაპირულია) და ჩირქი გარეთ გამოდის. უმჯობესია, ავადმყოფმა ქირურგს მიმართოს, ვინაიდან ჩირქგროვის მკურნალობა მხო-ლოდ ოპერაციული მეთოდით შეიძლება, რაც ჩირქგროვის გაკვეთასა და ჩირქის გამოშვებას გულისხმობს.

ფლეგმონა. ფლეგმონა კანქვეშა ქსოვილის გავრცელებული ჩირქოვანი ანთებაა. მისთვის დამახასიათებე-ლია შესივება, სიწითლე, მტკივნეულობა. ადგილობრივთან ერთად თავს იჩენს ზოგადი ნიშნებიც: მაღა-ლი ტემპერატურა, თავის ტკივილი, უმადობა, შემცივნება. მკურნალობა უმეტესად ოპერაციულია. ასეთი ავადმყოფი ქირურგიულ სტაციონარში უნდა მკურნალობდეს.

პანარიციუმი. პანარიციუმს, თითების ამ ჩირქოვან დაავადებას, საქართველოში საწერელს ან დუდკოს უწოდებენ. მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკრო-ტრავმა (ნაჩხვლეტი, ნაკაწრი და სხვა). პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინო-ზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

მიუხედავად იმისა, რომ პანარიციუმი საკმაოდ ხშირია, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების გამო გართულებები (ძვლის, სახსრის, მყესის, მტევნის ჩირქოვანი ანთებები) მკვეთრად გაიშვიათდა. პანარიციუმით დაავადებულებს იშვიათად სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა.

პანარიციუმის ძირითადი ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შესიება და თითის ფუნქციის მოშლა. თითე-ბის მომხრელ ზედაპირზე შეწითლება უმნიშვნელოა. რაც უფრო ზერელეა პროცესი, მით უფრო ძლიე-რია სიწითლე და პირიქით - ღრმა პანარიციუმის დროს სისხლძარღვებზე ზეწოლის გამო კანი ზოგჯერ მკრთალი ან იისფერია. ტკივილი მუდმივია, ხშირად - მოპულსირე, მფეთქავი ხასიათისა და პაციენტს არ აძინებს.

ზერელე პანარიციუმის მკურნალობა საწყის სტადიაში იოლია. დაგვიანების შემთხვევაში ზერელე პანარიციუმი შეიძლება ღრმაში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობა უფრო რთულია და უმთავრესად სტაციონარის პირობებში მიმდინარეობს. ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია მისი მიზეზის - ხიწვის, ეკლის ამოღება, რისთვისაც ფრჩხილის კიდის მოკვეთაა საჭირო. ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირებისთვის ფრჩხილს სკალპელის წვერით ან ბორმანქანით ხვრეტენ. ზოგჯერ საჭირო ხდება მთელი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც.

პარონიქიის (ფრჩხილბუდის) მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია. უნდა გამოვიყენოთ საპნიანი წყლის აბაზანები, ზოგჯერ - ცხელი სპირტით შეზავებულიც, აგრეთვე - კომპრესი მარილის ჰიპერტონული ხსნარით (2ს/კ მარილი 200 გ ანადუღარ წყალზე). თუ კონსერვატიული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, საქმეში ქირურგი ერთვება.

უნდა შევეხოთ ქიმიური ფანქრით გამოწვეულ პანარიციუმსაც. ქიმიური ფანქრის გრაფიტში შემავალი ანილინის საღებავები ქსოვილის ვრცელ ნეკროზს (კვდომას) იწვევს. ამ დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომლის მიზანია ანილინის საღებავებით შეღებილი ქსოვილების ამოკვეთა.

პანდაქტილიტი თითის ყველა ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. თითის ყველა ქსოვილზე ჩირქოვანი პრო-ცესის გავრცელების შემთხვევაში ვითარდება მრავლობითი ჩირქოვანი ხვრელი. თითი ძლიერ შესივე-ბული, ციანოზური (გალურჯებული) და დეფორმირებულია. ასეთ მდგომარეობაში მკურნალობა თით-ქმის ყოველთვის უშედეგოა: ანთებითი პროცესის დაცხრობის შემდეგ თითი ფუნქციას კარგავს, ამიტომ რეკომენდებულია მისი მოკვეთა.

როდის უნდა გაკეთდეს პანარიციუმის დროს ოპერაცია, დღემდე საკამათოა. მრავალი ქირურგის აზრით, ოპერაციის ჩატარება საჭიროა პირველი უძილო ღამის შემდეგ. ჩირქის არარსებობის დროსაც კი გაკვეთა და ანთებითი გამონადენის შემცირება ხელს უწყობს პროცესის უკუგანვითარებას.

მუცლის ღრუს ზოგიერთი დაავადების ქირურგიული მკურნალობა
დავიწყოთ იმით, რომ მუცლის ღრუში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ქირურგს და მხოლოდ ქირურგს!

ჭიანაწლავის ანთება (აპენდიციტი) მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელე-ბული დაავადებაა. ტკივილი უმეტესად მუცლის ქვედა ნახევარში, უფრო ხშირად კი მარჯვენა თეძოს ფოსოში ლოკალიზდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, აპენდიციტი ატიპურად დაიწყოს. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ტკივილი კუჭის მიდამოში იწყება და თანდათან გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოსკენ. გადანაცვლების პერიოდში პაციენტი საკვებით მოწამვლას ან რაიმე სხვა მიზეზს ეჭვობს და ირეცხავს კუჭს ან იკეთებს ოყნას, რასაც შეიძლება უმძიმესი შედეგი მოჰყვეს.

არის შემთხვევები, როდესაც ტკივილი ბავშვებსა და მოხუცებს  სუსტად შეიძლება ჰქონდეთ გამოხატული და სხვა. ამიტომაც არის აუცილებელი მუცლის ტკივილის დროს ქირურგის კონსულტაცია. მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, დაფარული ნიშნების მიუხედავად, დასვას სწორი დიაგნოზი და ადამიანი სიკვდილს გადაარჩინოს.

სამედიცინო ლიტერატურაში გავრცელებულია ასეთი გამოთქმა: "აპენდიციტი არის ადვილი და ყველაზე რთული დაავადება". ვგონებ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მწვავე აპენდიციტის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - მისი ამოკვეთა. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო უხიფათოა იგი და ავადმყოფს თავიდან აცილებს უმძიმეს გართულებებს, რომლებიც ხშირად საბედისწერო ხდება.

მწვავე აპენდიციტის გართულების მთავარი მიზეზია ექიმთან დაგვიანებით მისვლა, რაც იმის ბრალია, რომ მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას (განსაკუთრებით - ბავშვებში) სხვა მიზეზით ხსნიან. ერთ შეცდომას მეორე, უფრო სახიფათო მოსდევს, კერძოდ, ის, რომ იყენებენ საფაღარათო საშუალებას ან ოყნას, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დაუშვებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ მუცლის მწვავე ტკივილი უმეტესად მწვავე აპენდიციტს უკავშირდება და სასწრაფოდ გამოვიძახოთ ექიმი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება - ის ნიღბავს დაავადების ნიშნებს და შეცდომის მიზეზად იქცევა. არსებობს ე. წ. ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში. ასეთი პათოლოგიის მატარებელი ადამიანები ხში-რად მოხვედრილან ქირურგის ხელში, თუმცა, პროცესზე დაკვირვებისას ტკივილს გაუვლია და ოპერა-ციაც საჭირო არ გამხდარა.

ზოგიერთი მიჩვეულია ასეთ მდგომარეობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ დროს შეი-ძლება, ქრონიკული აპენდიციტი მწვავეში გადაიზარდოს. ამიტომ არის საჭირო ექიმის მეთვალყურეობა და ოპერაციული მკურნალობა. ისე კი, ვისაც ქრონიკული ტკივილისთვის თავის დაღწევა სურს, შეუ-ძლია, სურვილისამებრ აირჩიოს ოპერაციული ჩარევის დრო.

აპენდიციტის შემდეგ ყველაზე მეტად არის გავრცელებული თიაქარი და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლა-ვის პერფორაცია (გახვრეტა). თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მუცლის კედლის განსაზ-ღვრულ ადგილას, უმეტესად - საზარდულის არეში, მუცლის შუა ხაზზე ან ჭიპის მიდამოში აღინიშნება უმტკივნეულო, რბილი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც წოლისა და მუცლის პრესის მოდუნებისას მუცლის ღრუში ბრუნდება. ზოგჯერ, ორგანოები მუცელში რომ შებრუნდეს, საჭიროა ხელით ზომიერი ზეწოლა.

ქირურგიული ოპერაცია ასეთი, ასე ვთქვათ, თავისუფალი თიაქრის შემთხვევაშია საჭირო, ანუ იგრძ-ნობთ თუ არა თიაქრის გაჩენას, სჯობს, მაშინვე მიმართოთ ქირურგს და გაიკეთოთ ოპერაცია. ასეთ შემ-თხვევაში თიაქრის ოპერაცია ტექნიკურად უფრო ადვილი შესასრულებელია და, შესაბამისად, გართულე-ბების გარეშე ჩაივლის. სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ბევრს ურჩევნია, სპეციალური ბანდაჟი ატა-როს. დროებით მისი ტარება ზოგჯერ აუცილებელია (მაგალითად, მუცლის შუა ხაზის დიდი თიაქრის დროს ოპერაციისთვის მოსამზადებლად), მაგრამ ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება შეხორცებები, რაც ქირურგს საქმეს უძნელებს, ავადმყოფს კი ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს უხანგრ-ძლივებს, თანაც მეტია გართულების ალბათობა.

რაც შეეხება თიაქრის ჩაჭედვას, ამ დროს უოპერაციოდ ვერავინ გადარჩება. ასეთ შემთხვევაში ექიმთან დროული ვიზიტი და სასწრაფო (ჩაჭედვიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში) ოპერაცია (ამ ხნის შემდეგ ჩაჭედილი ორგანოები კვდება) პაციენტს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უნარჩუნებს. ისე რომ, თიაქრისგან განკურნება და სახიფათო გართულებათა თავიდან აცილება მხოლოდ ოპერაციული მკურნა-ლობით არის შესაძლებელი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია. პერფორაციის დროს წყლულის ფსკერის მთლიანობა ირღვევა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება და ვითარდება პერიტო-ნიტი. პერფორაციას ახასიათებს უეცარი ძლიერი ტკივილი გულის კოვზთან და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელსაც ხშირად ხანჯლის ჩარტყმას ადარებენ.

ტკივილს თან სდევს მუცლის კედლის კუნთების დაჭიმვა - იგი ფიცარივით მაგრდება. დაახლოებით ორი საათის შემდეგ დაჭიმულობა და ტკივილი მარ-ჯვნივ და ქვევით, თეძოს ფოსოსკენ გადაინაცვლებს. ამან შეიძლება შეცდომით აპენდიციტი გვაფიქრე-ბინოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ტკივილის აღმო-ცენებისთანავე სასწრაფო დახმარების გამოძახება და ავადმყოფის გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც მას სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებენ.

სისხლდენა. სისხლდენით გართულებული კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულის შემთხვევაში ხდება სის-ხლმდენი ადგილის მოწვა ფიბროსკოპით (ხალხში ზონდს რომ ეძახიან). ეს მცირე ოპერაციული ჩარევაა. შემდეგ მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებით - მედიკამენტებით გრძელდება, მაგრამ თუ სისხლ-დენა მაინც არ შეწყდა ან რამდენიმე დღით შეჩერდა და შემდეგ ისევ განახლდა, დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი. ოპერაცია უნდა გაკეთდეს მაშინაც, თუ გარკვეული ხნის (რამდენიმე თვის, წლის) შემდეგ სისხლდენა განმეორდა.

კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარება მძიმე გართულებაა. ფაქტობრივად, კუჭის წყლული კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება წელიწადში ერთ-ხელ მაინც (უკეთესია ორჯერ). თუ წყლულის კიბოდ გადაგვარება იეჭვეს, ტარდება ნაადრევი ოპერაცია.

ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი). ქოლეცისტიტის დროს პერიტონიტი ოპერაციის აბსოლუტუ-რი ჩვენებაა.

  • გადაუდებელი ოპერაცია კეთდება პირველ 24-72 საათში დესტრუქციული ფორმების (ფლეგმონის, განგრენის, პერფორაციის) შემთხვევაში, როცა დაავადების კლინიკური სურათი პროგრესულად უარესდება (ან, ანტიბიოტიკებით ენერგიული მკურნალობის მიუხედავად, არ უმჯობესდება).
  • ნაადრევ ოპერაციას აკეთებენ დაავადების დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ, განმეორებითი მორეციდივე ქოლეცისტიტის დროს - მწვავე მოვლენების ჩაცხრობის შემდეგ.
  • ოპერაციას არ აკეთებენ იმ შემთხვევაში, როცა შეტევა ხანმოკლეა და მარტივი სამკურნალო ღონისძიებების შედეგად ადვილად უკუვითარდება.

ბოლო ხანს ქირურგები ცდილობენ, თავი შეიკავონ გადაუდებელი ოპერაციისგან, როცა შეტევა მაქსიმალურად ძლიერია. საზოგადოდ კი, რა თქმა უნდა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი, დაავადების სურათისა და მოსალოდნელი გართულებების ალბათობის მიხედვით, ინდივიდუალურად წყდება.

მართებულად აღნიშნავენ, რომ კარგი არ არის, აუცილებლად ვეცადოთ პროცესის დაცხრობას მედიკამენ-ტური მკურნალობით და უარი ვთქვათ ოპერაციაზე. ერთგვარად შეიცვალა ნაადრევი ოპერაციის დროც: თუ ოპერაცია პირველ კვირაში არ ჩატარდა, შესაძლოა, შემდეგ წარმოქმნილმა ანთებითმა ინფილტრატმა ოპერაციული ჩარევა გააძნელოს. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ უმჯობესად მიიჩნევენ, ოპერაცია ინფილ-ტრატის გაწოვის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვით გვიან გააკეთონ.

დღეს ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი მცირეი-ნვაზიური ჩარევის მეთოდები, როგორიც არის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა მინი-მიდგომით (მინი-განა-კვეთით) და ლაპაროსკოპიული (ხალხში უსისხლო ოპერაციად წოდებული) ქოლეცისტექტომია.

ლაპაროსკოპით ოპერაციული ჩარევა შეიძლება მაშინ, როცა:

  • დასმულია კალკულოზური (კენჭებიანი) ქოლეცისტიტის დიაგნოზი, გამწვავებულია ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.

როდის არ უნდა გაკეთდეს ლაპაროსკოპიული ოპერაცია, ამის თაობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ისე რომ, ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალი მიახლოებითია და ერთი საავადმყოფოდან მეორე საავადმყოფომდე შეიძლება შეიცვალოს.

ზოგადი უკუჩვენებები:

  • მაღალი ხარისხის სიმსუქნე (ხშირად მას პირობით უკუჩვენებად მიიჩნევენ);
  • სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევები;
  • გვიანი ორსულობა;
  • ადგილობრივი ან გავრცობილი პერიტონიტი ან ეჭვი მასზე;
  • ინფექციური დაავადებები.

ადგილობრივი უკუჩვენებები:

  • მუცლის წინა კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
  • გადატანილი ოპერაციები მუცლის ღრუს გახსნით, მკვეთრი შეხორცებითი პროცესი მუცლის ღრუში, მუცლის ღრუს ნაწიბუროვანი დეფორმაცია (ესეც პირობითი უკუჩვენებაა), 3-4 დღის მწვავე ქოლეცისტიტი, მწვავე პანკრეატიტი, მექანიკური სიყვითლე, ნაღვლის ბუშტის კიბო, ბუშტის კედლების კალციფიკაცია. უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილობრივი უკუჩვენებები ამავდ-როულად პირობითადაც ითვლება, ანუ საბოლოო სიტყვა მაინც მკურნალ ექიმს ეკუთვნის.

ლაპაროსკოპია არ უნდა გაკეთდეს (ანუ მისი აბსოლუტური უკუჩვენებებია):

  • პაციენტის ტერმინალური მდგომარეობის, კომის;
  • გულ-ფილტვის მუშაობის პროგრესირებადი დეკომპენსაციის;
  • სეფსისისა და გავრცელებული ჩირქოვანი პერიტონიტის დროს;
  • აგრეთვე - სხვა მძიმე თანმხლები პათოლოგიებისა და მდგომარეობების შემთხვევაში, რომელთა გამო ოპერაციული ჩარევის რისკი გაუმართლებლად დიდია.

ფაქტობრივად, სულ ეს არის, რაც შეეხება, შედარებით მეტად გავრცელებულ პათოლოგიებს. უნდა ითქვას, რომ -  ცოდვა გამხელილი სჯობს - ოპერაციების გაკეთების ოპტიმალური დრო და ვადები მრავალ შემთხვევაში ზუსტად არ არის დადგენილი, ამიტომ სჯობს, დროულად მიაკითხოთ ექიმს და ამით ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაირჩინოთ.

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | ნანახია: 2873 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017