მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ
20:00
რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ
- ანტიბაქტერიული მედიკამენტები ანტიმიკრობული საშუალებების ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს. ეს არის ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ბაქტერიებზე ზემოქმედებს.

- გარდა ანტიბაქტერიული მედიკამენტებისა, რომელი ანტიმიკრობული საშუალებები არსებობს?
- ანტიმიკრობულია ანტივირუსული (ვირუსების საწინააღმდეგო), ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალებებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პრეპარატები მოქმედებენ არა უშუალოდ ადამიანის ორგანიზმზე, არამედ მასში მობინადრე მიკროორგანიზმებზე და ხოცავენ მათ. მოქმედების აღნიშნული თავისებურებით ანტიმიკრობული პრეპარატები განსხვავდებიან ფარმაკოპრეპარატებისგან, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და მისი ფუნქციების კორექციას იწვევენ.

- როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა?
- ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა მაშინ არის საჭირო, როცა დადასტურებულია ინფექცია, ესე იგი როდესაც ვიცით, რომ დაავადება უკავშირდება პათოგენურ (დაავადების გამომწვევ) ბაქტერიას. სხვა შემთხვევაში ანტიბაქტერიული პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ ზიანს მოგვიტანს.

- როგორი ფორმით შეიძლება დაენიშნოს პაციენტს ანტიბაქტერიული პრეპარატი, მიღების რომელ გზას ენიჭება უპირატესობა?
- ანტიბაქტერიული პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს დასალევად და საინექციო ფორმით. ინექცია შეიძლება გაკეთდეს კუნთში (ინტრამუსკულური ინექცია) ან ვენაში (ინტრავენური ინექცია). რომელი ფორმა იქნეს გამოყენებული კერძო შემთხვევაში, ამას ექიმი პაციენტის მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების შემდეგ წყვეტს. საზოგადოდ, მსუბუქი ინფექციის დროს დასალევი ანტიბაქტერიული პრეპარატი ინიშნება. ეს ფორმა უფრო იაფია და ნაკლებ მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს. მძიმე ინფექციის დროს აუცილებელია, ანტიბიოტიკი ორგანიზმში შევიყვანოთ ინექციის მეშვეობით, რათა სისხლში შეიქმნას მედიკამენტის მაღალი კონცენტრაცია.

- რატომ არის აუცილებელი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება მკაცრად განსაზღვრულ დროს?
- ექიმი ანტიბაქტერიულ პრეპარატს ნიშნავს მკაცრად განსაზღვრული დოზით და ზუსტად მითითებულ დროს. ეს არ არის შემთხვევითი - ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება საჭიროა განსაზღვრული ინტერვალით, რათა სისხლში მუდამ იყოს მედიკამენტის კონცენტრაცია, რომელიც აუცილებელია მიკრობთა განადგურებისთვის.

- როდის სჯობს ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება - ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?
- ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღების დრო დამოკიდებულია თვით პრეპარატის სახეობაზე. ზოგიერთის მიღება უმჯობესია ჭამამდე - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ იხსნება კუჭში და უკეთ შეიწოვება, ზოგი პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, რათა არ მოახდინოს ტოქსიკური ზემოქმედება კუჭის ლორწოვან გარსზე, ზოგიერთი პრეპარატის მიღება კი შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად.

- ვერ უარვყოფთ, რომ დღეს ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ბევრი თვითნებურად იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი მდგომარეობის, მაგალითად, ხველების, ტემპერატურის მატების ან ფაღარათის დროს ეს პრეპარატები გართულებებს გვაცილებს თავიდან. მართებულია თუ არა ასეთი მიდგომა?
- ანტიბაქტერიული პრეპარატების თვითნებური მიღება დაუშვებელია. დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში ანტიბაქტერიული პრეპარატები მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა, რაც გამორიცხავს მედიკამენტის მიღებას დანიშნულების გარეშე. ჩვენს სინამდვილეში ავადმყოფები მართლაც თვითნებურად იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ამას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. თქვენ მიერ ნახსენები მდგომარეობები ძირითადად ვირუსული გენეზისაა. ანტიბაქტერიული პრეპარატები მათ მიმდინარეობაზე არ მოქმედებს. უფრო მეტიც: ეს დაავადებები თვითგანკურნებადია. ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება კუჭის აშლის დროს მიიღოს პაციენტმა ექიმის დანიშნულების გარეშე, არის სითხის შემავსებელი - სპეციალური ფხვნილი, რომელიც აფთიაქში იყიდება და წყალში გახსნისას ორგანიზმს ელექტროლიტებით (მარილებით) უზრუნველყოფს. უმეტესად ასეთი ხსნარის დალევა საკმარისია.

- ხშირად პაციენტები მოგვმართავენ თხოვნით, დავუსახელოთ ის ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელთა მიღებაც შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე.
- ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება დაუშვებელია. არც ერთი ანტიბიოტიკი არ არის მოწოდებული თვითნებური მიღებისათვის. საეჭვო მდგომარეობის დროს აუცილებელია ვიზიტი ექიმთან, რათა გადაწყდეს, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკის დანიშვნა.

- როდის არის აუცილებელი ანტიბაქტერიული პრეპარატები, რა შემთხვევაში აქვთ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა?
- ანტიბაქტერიული პრეპარატები აუცილებელია, როცა ინფექცია პაციენტის სიცოცხლეს ემუქრება ან მოსალოდნელია, სიცოცხლისთვის საშიში გართულება გამოიწვიოს. პრეპარატის დანიშვნის საკითხს ასეთ შემთხვევებშიც ექიმი წყვეტს!

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტიბაქტერიული პრეპარატის თვითნებურ მიღებას?
- ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც დაუშვებელია ანტიბაქტერიული პრეპარატების თვითნებური მიღება, არის ამ მედიკამენტების ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე. ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი მოქმედებს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციაზე; ზოგიერთის მიღებას შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება - ანაფილაქსიური შოკი; შესაძლოა განვითარდეს აპლასტიური ანემია - სისხლის უჯრედების კრიტიკული შემცირება.

- რამდენად პრობლემურია ანტიბიოტიკების უარყოფითი გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე?
- ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენების კიდევ ერთი შედეგია ნაწლავთა მწვავე აშლილობა. ამ გართულებისაგან თავის დაცვა შეუძლებელია. თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ფაღარათი განვითარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ზოგჯერ ეს საკმარისია მდგომარეობის გამოსასწორებლად. მძიმე შემთხვევებში პრეპარატის შეწყვეტასთან ერთად საჭიროა დამატებითი მკურნალობა.

- რამდენად ხშირია ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად განვითარებული სოკოვანი დაავადება? საჭიროა თუ არა მის საპროფილაქტიკოდ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება?
- სოკოვანი დაავადება ანტიბაქტერიული მკურნალობის საკმაოდ იშვიათი გართულებაა. მის წინააღმდეგ სპეციალური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება საჭირო არ არის, მით უმეტეს, რომ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები არ ამცირებს ანტიბიოტიკების ფონზე სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს.


- რაზეა დამოკიდებული ექიმის არჩევანი ანტიბაქტერიული პრეპარატის დანიშვნის დროს?
- ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნისას ექიმი ითვალისწინებს, კერძოდ რომელი ბაქტერიით არის გამოწვეული დაავადება და ნიშნავს იმ პრეპარატს, რომლის ეფექტი ამ ბაქტერიის წინააღმდეგ მაქსიმალურია.
 

- ხომ არ დაგვისახელებთ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ამა თუ იმ ლოკალიზაციის ინფექციის დროს?
- რასაკვირველია, არსებობს პრეპარატები, რომლებსაც უპირატესობა ენიჭება სასუნთქი, საშარდე სისტემის ან სხვა ლოკალიზაციის ინფექციების მკურნალობისას, მაგრამ მათი დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმი იღებს და არჩევანსაც ის აკეთებს. ასე რომ, ვიმეორებთ, თვითნებური მიღებისათვის ვერც ერთ პრეპარატს ვერ გავუწევთ რეკომენდაციას.

- როგორ იცვლება ანტიბაქტერიული მკურნალობის სქემა თირკმელების ქრონიკული უკმარისობისა და ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს?
- ზოგ შემთხვევაში ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა სასიცოცხლო ჩვენებით ხდება. ამ დროს ანტიბიოტიკები აუცილებლად უნდა დაინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ორგანოს უკმარისობის შემთხვევაში ისინი ამ ორგანოთა ფუნქციას აუარესებენ. მსგავს სიტუაციებში ექიმი ხელმძღვანელობს სპეციალური ცხრილებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია იმის განსაზღვრა, რამდენად შემცირდეს ანტიბიოტიკის დოზა, რათა მისი ზემოქმედებით მკვეთრად არ გაუარესდეს ორგანოს ფუნქცია და ამავე დროს ეფექტურად იმოქმედოს დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე.
 

- რამდენად მნიშვნელოვანია ინფექციის გამომწვევის დადგენა ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებამდე?
- ანტიბაქტერიული მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის შესარჩევად სასურველია, დაავადების გამომწვევი ზუსტად ვიცოდეთ, მაგრამ მეტწილად ეს ვერ ხერხდება, რაშიც რამდენიმე ფაქტორს მიუძღვის ბრალი. ეს ფაქტორებია სადიაგნოზო მეთოდის არარსებობა, სადიაგნოზო მეთოდის სიძვირე, დიაგნოსტიკის პროცესის ხანგრძლივობა. ეს უკანასკნელი საკმაოდ დააყოვნებდა ანტიბაქტერიული პრეპარატის დანიშვნას. ყოველივე ამის გამო ექიმი უმეტესად მიმართავს ემპირიულ ანტიბაქტერიულ მკურნალობას. მედიკამენტი შეირჩევა იმ პრინციპით, რომ ყოველ ინფექციას აქვს ჩვეული გამომწვევი. მაგალითად, ცნობილია, რომ ფილტვების ანთებას უმეტესად პნევმოკოკი იწვევს, საშარდე გზების ინფექციას - ნაწლავის ჩხირი. შესაბამისად, ექიმი ნიშნავს ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც აღნიშნულ აგენტებზე მოქმედებს.

- როდის არის აუცილებელი ანტიბაქტერიული პრეპარატების კომბინირებული გამოყენება?
- ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ან გამომწვევი ბაქტერიის მაღალი რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ იძულებულს გვხდის, ორი ან მეტი პრეპარატი დავნიშვნოთ. ასეთი რამ უმეტესად მძიმე ინფექციების დროს ხდება.

- პაციენტები დაგვეთანხმებიან, რომ ყველა დროს თავისი ანტიბიოტიკი მოაქვს. 70-იან წლებში ყველაზე პოპულარული იყო ტეტრაციკლინი და ერითრომიცინი, შემდგომ - კორტიმოქსაზოლი, რომელსაც ჩვენში ბისეპტოლის სახელწოდებით იცნობენ, დღეს პოპულარულია ციპროფლოქსაცინი, ცეფტრიაქსინი... რა აზრისანი არიან მედიკოსები ასეთი `პოპულარობის~ შესახებ?
- სამედიცინო ფარმაკოლოგიის განვითარებას თან სდევს ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატების დანერგვა. ახალ ანტიბაქტერიულ საშუალებებს მეტწილად ნაკლები ტოქსიკურობა ახასიათებს. ზოგჯერ ძველი პრეპარატები კარგავენ ეფექტურობას ბაქტერიის რეზისტენტობის გამო, ამიტომ საჭირო ხდება მათი ჩანაცვლება ახალი პრეპარატებით. სადღეისოდ კომერციულ ბაზარზე უამრავი ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატი იყიდება. ყველაზე ეფექტურის შერჩევა ყოველ კერძო შემთხვევაში ექიმის კომპეტენციაა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

- რის მიხედვით განისაზღვრება ანტიბაქტერიული მკურნალობის ხანგრძლივობა და როდის უნდა შეწყდეს პრეპარატების მიღება?
- ანტიბაქტერიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. ზოგ შემთხვევაში საკმარისია სამდღიანი კურსი, რის მაგალითიც არის მწვავე ცისტიტი - შარდის ბუშტის მწვავე ანთება, ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ტუბერკულოზის დროს კი ანტიბაქტერიული მკურნალობა შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს. მკურნალობა მხოლოდ პაციენტის სრული გაჯანსაღების შემდეგ უნდა შეწყდეს. ბუნებრივია, ესეც ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და არა პაციენტმა.

- რას უნდა მიაქციონ პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობისას?
- ნებისმიერმა წამალმა, მათ შორის, ბუნებრივია, ანტიბაქტერიულმა პრეპარატმაც, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თუ პაციენტმა კანზე გამონაყარი შეამჩნია, ექიმი აუცილებლად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. როგორც ზემოთ ვთქვით, ანტიბაქტერიული მკურნალობის ერთ-ერთი გართულებაა ანტიბიოტიკასოცირებული დიარეა. თუ მკურნალობის ფონზე ფაღარათი განვითარდა, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

- როგორია ანტიბაქტერიული მკურნალობის პერსპექტივა?
- მთელ მსოფლიოში აქტუალურია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა. რეზისტენტობა იმდენად სწრაფად იმატებს, რომ არ გამორიცხავენ, მისი ჩამოყალიბების სისწრაფემ გაუსწროს ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატების შექმნის ტემპს ანუ ჩამოყალიბდეს მიკროორგანიზმი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატი ჯერ არ შექმნილა. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოგიწოდებთ ანტიბაქტერიული საშუალებების რაციონალური გამოყენებისკენ. ანტიბაქტერიული მედიკამენტების თვითნებური გამოყენება საგრძნობლად აჩქარებს რეზისტენტობის  ტემპს.

- დასასრულ, ხომ არაფერს დაუმატებდით თქვენს ნათქვამს?
- პაციენტებს კიდევ ერთხელ ვურჩევ, ანტიბაქტერიული პრეპარატები მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა პრეპარატი ექიმის მიერ არის დანიშნული, აუცილებლად დაიცვან მითითებები პრეპარატის დოზის, მიღების სიხშირისა და დროის, მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციების უგულებელყოფა მოიტანს დაავადების არასრულ განკურნებას, მის გაქრონიკულებას და რეზისტენტობის ჩამოყალიბების ტემპის დაჩქარებას.

კატეგორია: ანტიბიოტიკები | ნანახია: 2570 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024