ანტიბიოტიკები - 16 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ანტიბიოტიკები
19:56
ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია. ამ პრეპარატებს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ. მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ მიკროორგანიზმთა, სოკოებისა და უმარტივესთა კლასის წარმომადგენელთა ცხოველქმედება.


ანტიბიოტიკები იმ ინფექციური დაავადებებისგან მხსნელებად მოგვევლინნენ, რომლებიც კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ავლებდა მუსრს. თუმცაღა უკანასკნელ ხანს ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მრავალი მეცნიერი მათ მასობრივი განადგურების იარაღსაც კი ადარებს.
როგორ უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული თერაპია, რომ მხოლოდ სიკეთე მოგვიტანოს? მოდით, ეს ერთად გავარკვიოთ.

ისტორიული ცნობები
მიკროორგანიზმების უნარი, გამოიმუშაონ ნივთიერებები, რომლებიც მათ სიახლოვეს მობინადრე სხვა მიკროორგანიზმებს ზრდასა და გამრავლებაში ხელს უშლის, ლუი პასტერმა აღმოაჩინა. მან ამ მოვლენას ანტიბიოზი უწოდა.
ანტიბიოზს აქტიურად შეისწავლიდა ინგლისელი ფარმაკოლოგი ალექსანდრ ფლემინგი. 1928 წელს მან შეამჩნია, რომ მწვანე ობით დაბინძურებული ოქროსფერი სტაფილოკოკის კულტურაში სოკოთა კოლონიების ირგვლივ სტაფილოკოკები აღარ იზრდებოდნენ. ფლემინგმა დაამტკიცა, რომ ეს ობის სოკოების მიერ გამოყოფილი ნივთიერების დამსახურება იყო და ამ ნივთიერებას პენიცილინი უწოდა.
პირველი ანტიბიოტიკები სწორედ პენიცილინი და სტრეპტომიცინი გახლავთ.
ანტიბიოტიკების პრაქტიკული შესწავლა განსაკუთრებით ფართოდ გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა უამრავი დაჭრილი ჯარისკაცის მკურნალობა და მათი მწყობრში დაბრუნება გახდა აუცილებელი. ამავე პერიოდში გაირკვა, რომ ანტიბიოტიკებს ნიადაგსა და წყალში მობინადრე სხვა მიკროორგანიზმებიც გამოიმუშავებდნენ. ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართველმა მეცნიერებმა.
ანტიბიოტიკებს წარმოქმნიან:

  • აქტინომიცეტები და ობის სოკოები;
  • ბაქტერიები;
  • უმაღლესი მცენარეები;
  • ცხოველებისა და თევზების ქსოვილები.

სადღეისოდ სხვადასხვა მოქმედების მქონე 10 000-მდე ანტიბიოტიკია ცნობილი, თუმცა პრაქტიკულ მედიცინაში მხოლოდ 3 000 გამოიყენება.

ანტიბიოტიკების ქიმიური ბუნება
ქიმიური ბუნების მიხედვით ანტიბიოტიკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა საერთო თვისებებიც აქვთ.
მათი მოლეკულური მასა 150-დან 5000-მდე ვარირებს.
ზოგიერთი ანტიბიოტიკის მოლეკულა მხოლოდ ნახშირბადისა და წყალბადისგან შედგება, ზოგიერთისა - ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტისგან. ცნობილია გოგირდის, ფოსფორისა და ჰალოგენების შემცველი ანტიბიოტიკებიც.
ანტიბიოტიკთა მოლეკულებში ორგანული ქიმიის ყველა ცნობილი ფუნქციური ჯგუფია წარმოდგენილი.

ბიოლოგიური მოქმედების მექანიზმი

  • ანტიბიოტიკები არღვევენ დაავადების გამომწვევი ორგანიზმის უჯრედთა მემბრანებს, შლიან იმ იონურ კავშირებს, რომლებიც იონებსა და კომპლექს-ნაერთებს ერთმანეთთან აერთებს, რის შედეგადაც ფერხდება უჯრედისთვის საკვებ ნივთიერებათა მიწოდება და მისი ნორმალური მუშაობა.
  • თრგუნავენ ნუკლეინის მჟავების  - დნმ-სა და რნმ-ს, პურინებისა და პირიმიდინების, ცილების სინთეზს.
  • აფერხებენ სასუნთქი ფერმენტების მუშაობას.
  • ანტისეპტიკებისგან განსხვავებით, ანტიბაქტერიულ აქტივობას ამჟღავნებენ არა მხოლოდ გარეგანი გამოყენებისას, არამედ სისტემური (პერორალური, კუნთშიდა, ინტრავენური, რექტალური, ვაგინალური) მიღებისასაც და ადამიანის ბიოლოგიურ გარემოში დიდხანს რჩებიან აქტიურნი.

 

ანტიბიოტიკორეზისტენტობა
ანტიბიოტიკორეზისტენტობა გულისხმობს მიკროორგანიზმის უნარს, არ დაემორჩილოს ანტიბიოტიკის ზემოქმედებას.
ანტიბიოტიკორეზისტენტობა ვითარდება სპონტანურად, ანტიბიოტიკის ზემოქმედების პარალელურად მიკროორგანიზმის მუტაციის გამო. ანტიბიოტიკს ამაში ბრალი არ მიუძღვის.

კლასიფიკაცია
საკმაოდ სოლიდური რაოდენობის გამო შემუშავებულია ანტიბიოტიკების კლასიფიკაცია რამდენიმე ნიშნით, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის საყოველთაოდ მიღებული.

წარმოშობის წყაროს მიხედვით არსებობს:
ბუნებრივი ანტიბიოტიკები - საკუთრივ ანტიბიოტიკები, რომლებსაც ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებენ (მაგალითად, ობის სოკოს მიერ სინთეზირებული პენიცილინი);
ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკები, რომლებიც ბიოლოგიური პროდუქტების მოდიფიკაციით, დამუშავების გზით მიიღება (ამოქსაცილინი, ცეფაზოლინი);
სინთეზური ანტიბიოტიკები (სულფანილამიდები, ნიტროფურანი).

ბაქტერიულ უჯრედზე ზემოქმედების მიხედვით:
ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკები - მათი ზემოქმედებით ბაქტერიები ცოცხალნი რჩებიან, მაგრამ კარგავენ გამრავლების უნარს (მაკროლიდები, ტეტრაციკლინი, ლინკომიცინი, ქლორამფენიკოლი);
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები - მათი გავლენით ბაქტერიები იღუპებიან, მაგრამ ფიზიკურად რჩებიან საარსებო არეში (პენიცილინი, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, რიფამპიცინი, პოლიმიქსინები);
ბაქტერიოლიზისური ანტიბიოტიკები - ისინი ხოცავენ ბაქტერიებს და შლიან მათ უჯრედთა გარსს.

 

ქიმიური სტრუქტურის მიხედვით:
ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები. ეს ჯგუფი, თავის მხრივ, ორ ქვეჯგუფს მოიცავს:
პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომელთაც გამოიმუშავებს ობის სოკო;
ცეფალოსპორინებს, რომლებსაც პენიცილინის მსგავსი სტრუქტურა აქვს და იყენებენ პენიცილინისადმი მდგრადი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ.
ცეფალოსპორინები ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკებია. არსებობს მათი 4 თაობა:
პირველი - ცეფორინი, ცეფალოტინი, ცეფალექსინი;
მეორე - ცეფაზოლინი (კეფზოლი), ცეფამეზინი, ცეფამანდოლი (მანდოლი);
მესამე - ცეფუროქსიმი (კეტოცეფი), ცეფოტაქსიმი (კლაფორანი), ცეფუროქსიმ აქსეტილი (ზინატი), ცეფტრიაქსონი (ლონგაცეფი), ცეფტაზიდიმი (ფორტუმი);
მეოთხე - ცეფეპიმი, ცეფპირომი (ცეფრომი, კეიტენი) და სხვა.
მაკროლიდები - ბაქტერიოსტატიკური მოქმედების, რთული ქიმიური ციკლური ბუნების ნაერთებია.
ტეტრაციკლინი - ბაქტერიოსტატიკური მოქმედების ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზებისა და შარდ-გამომყოფი სისტემის ინფექციების, განსაკუთრებით საშიში ციმბირის წყლულის, ტულარემიისა და ბრუცელოზის სამკურნალოდ;
ამინოგლიკოზიდები - ძლიერ ტოქსიკური ბუნების ანტიბიოტიკებია, რომლებიც მძიმე ინფექციათა სამკურნალოდ გამოიყენება.

ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრის მიხედვით:

  • პრეპარატები, რომლებიც უპირატესად გრამდადებით და გრამუარყოფით კოკებზე (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მენინგოკოკები, გონოკოკები) და გრამდადებით მიკრობებზე (კორინებაქტერია, კლოსტრიდია) მოქმედებენ. ასეთებია: ბენზილპენიცილინი, ბიცილინები, ფენოქსიმეთილპენიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, პირველი თაობის ცეფალოსპორინები, მაკროლიდები, ვანკომიცინი, ლინკომიცინი.
  • ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც აქტიურნი არიან როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი ჩხირების მიმართ: ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი), ბიოსინთეზური ტეტრაციკლინი (ქლორტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, დიმეთილქლორტეტრაციკლინი, დიმეთილტეტრაციკლინი), ნახევრადსინთეზური ტეტრაციკლინები (მეტაციკლინი, დოქსიციკლინი, მონოციკლინი), ამინოგლიკოზიდები (სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი, ფორტიმიცინი, ტობრამიცინი); ნახევრად სინთეზური მოქმედების ფართო სპექტრის პენიცილინები: ამპიცილინი, აზლოცილინი, კარბენიცილინი; მეორე თაობის ცეფალოსპორინები.
  • ანტიბიოტიკები, რომლებიც უპირატესად გრამუარყოფითი ჩხირებისადმი არიან აქტიურნი: პოლიმიქსინები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
  • ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც აქტიურნი არიან უპირატესად გრამდადებითი ორგანიზმებისადმი - პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფი.

მჟავაგამძლე სტაფილოკოკებისადმი აქტიური ანტიბიოტიკები: პროპიცილინი, ფენეტიცილინი, ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი.
ნახევრად სინთეზური ცეფალოსპორინები:  ცეფალორიდინი, ცეფალოტინი, ცეფალოგლიცინი, ცეფალექსინი.
ალბომიცინი, ბაციტრაცინი, ვანკომიცინი, რისტომიცინი, ლინკომიცინი, ნოვობიოცინი.
მაკროლიდები: ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი, კარბომიცინი, სპორამიცინი, ლეიკომიცინი.
ტილოზინი, ფუზიდინი.

  • ანტიტუბერკულოზური ანტიბიოტიკები: სტრეპტომიცინი, რიფამპიცინი, ფლორიმიცინი, კანამიცინი, ბიომიცინი, ციკლოსერინი.
  • სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები: ნისტატინი, ლევორინი, გრიზეოფულვინი, ამფოტერიცინ B, კეტოკონაზოლი, კანდიცინი, ტრიქოტეცინი, ანკოტილი, დიფლუკანი.
  • ანტისიმსივნური ანტიბიოტიკები: ანტინომიცინ C, მიტომიცინ C, ოლივომიცინი, ბრუნეომიცინი, რეუმიცინი, ადრიამიცინი (დოქსორუბიცინი), დაუნომიცინი, რუბომიცინი.
  • ანტიამებური ანტიბიოტიკები - ფუმაგილინი.

სწორედ ამ ნიშნის მიხედვით ხდება ანტიბიოტიკის შერჩევა, რომლის დროსაც აუცილებელია პრეპარატის ფარმაკოდინამიკისა და პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების: ასაკის, იმუნიტეტის მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების - გათვალისწინება.

კატეგორია: ანტიბიოტიკები | ნანახია: 1594 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/3
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014