მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » სამკურნალწამლო პრეპარატთა ღირსებები და ნაკლოვანებანი
19:54
სამკურნალწამლო პრეპარატთა ღირსებები და ნაკლოვანებანი
ალბათ, მრავალ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა საჭიროა ამდენი წამალი, როგორ მოქმედებს ისინი, რა გზას გაივლის, როგორ აღწევს დანიშნულების ადგილს და სხვა. ვეცდებით, მკითხველისთვის გასაგებად ვუპასუხოთ ამ კითხვებს და ამასთანავე, წამლის სხვადასხვა სახეობაც გაგაცნოთ. წამლები ორგანიზმში ორი - ენტერალური და პარენტერალური - გზით ხვდება.

 

 

ენტერალური გზა, თავის მხრივ, ორია: პერორალური (პირიდან) და რექტალური (სწორი ნაწლავიდან).
წამლების შეყვანის ორივე გზას თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. აბისა და კაფსულის გადაყლაპვა ადვილია (თუმცა ზოგიერთს აბის მიღებას ნემსის გაკეთება ურჩევნია) და, ბუნებრივია, მედიკამენტის სტერილურობას არ მოითხოვს, მაგრამ, სამაგიეროდ, წამალი გრძელ გზას - პირის ღრუს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს, ღვიძლს - გაივლის, გზადაგზა გარდაიქმნება და მერეღა აღწევს სამიზნე ორგანოს. ამ გზით მიღებული წამალი ხშირად იშლება და გვიანაც მოქმედებს, ამიტომ მისი დოზირება ძნელია. თუმცა არსებობს ისეთი წამლებიც, რომლებიც პირის ღრუშივე შეიწოვება, ნაკლებად იშლება ღვიძლში და სწრაფად მოქმედებს. მაგალითად, ნიტროგლიცერინი, ვალიდოლი.

სწორ ნაწლავში შეყვანილი წამალი სწრაფად შეიწოვება და არ გაივლის ღვიძლს. შესაბამისად, ნაკლებად იშლება, ამიტომ რექტალურად შეყვანილი მედიკამენტი ზუსტ დოზირებას მოითხოვს. წამლის პარენტერალურად შეყვანა რამდენიმე გზით შეიძლება: კანის ზედაპირიდან, კანქვეშ, კუნთებში, ვენასა და არტერიაში, მკერდის ძვალში, ინჰალაციურად და სხვა. კანქვეშ შეყვანილი წამალი უფრო გვიან მოქმედებს, ვიდრე კუნთებში შეყვანილი, ვენაში გაკეთებული - უფრო სწრაფად, ვიდრე კუნთში გაკეთებული, წყალში გახსნილი - უფრო სწრაფად, ვიდრე ზეთში გახსნილი. წამლის ორგანიზმში შეყვანის პარენტერალური გზა მოითხოვს წამლის (შპრიცის) სტერილურობას და ასეპტიკური პირობების დაცვას.

წამლის ფორმა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მოქმედება გვსურს მოვახდინოთ ორგანიზმზე. მაგალითად, ადგილობრივი მოქმედებისთვის უფრო იოლი გამოსაყენებელია მალამოები, მომწველები, ვთქვათ, ლაპისის ფანქარი, გამღიზიანებლები - მდოგვი (საფენების სახით), იოდი (დარწმუნებული ვარ, მრავალ ჩვენს მკითხველს უსარგებლია საჭიროებისას იოდის ბადით). ზოგადი მოქმედებისთვის ტაბლეტები, საინექციო ხსნარები და სხვა საშუალებები გამოიყენება. არსებობს რეფლექსური მოქმე-დებისთვის გამიზნული პრეპარატებიც. ასეთია, მაგალითად, ნიშადურის სპირტი, რომლის სუნი გულწასულსაც კი დაყნოსვისთანავე მოასულიერებს, ვალიდოლი, რომელიც რეფლექსურად აფართოებს სისხლძარღვებს და გულის შეტევას ხსნის. წამლის მოქმედების ყველა გზის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
სამკურნალო პრეპარატს სათანადო დამუშავების შემდეგ ეძლევა რაციონალური ხმარებისთვის მოხერხებული ფორმა და გამოიყენება კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ.

არსებობს რამდენიმე სამკურნალწამლო ფორმა:

  • მკვრივი (ტაბლეტები, დრაჟე, გრანულები, ფხვნილები, კაფსულები, აბები და სხვა);
  • თხევადი (ხსნარები, ემულსიები, ექსტრაქტები, ნაყენები, გამონახარში და სხვა);
  • რბილი (მალამოები, სანთლები, პასტები და სხვა);
  • აირის მაგვარი (აეროზოლები და სხვა).
  • გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს.
  • დავიწყოთ აეროზოლებით. აეროზოლი სიტყვასიტყვით ჰაერში გახსნილს ნიშნავს. სამკურნალო აეროზოლი არადოზირებულ სამკურნალწამლო ფორმას წარმოადგენს. აეროზოლს - საინჰალაციო მეთოდს - ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყენებდნენ. აეროზოლით ინჰალაციას ფარმაკოლოგიური ეფექტიანობით თანამედროვე სამკურნალო მეთოდებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს. აეროზოლის სახით, როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის, ამჟამად მრავალი პრეპარატი გამოიყენება: ანტიბიოტიკები, ფერმენტები, ჰორმონები, ვიტამინები, მინერალური წყლები...

არსებობს ინდივიდუალური და სტაციონარული ინჰალატორები. ეს უკანასკნელნი სამკურნალო დაწესებულების ფიზიოთერაპიულ კაბინეტებში დგას. ბოლო წლებში განსაკუთრებით გავრცელდა ინდივიდუალური ბალონები. აეროზოლის სახით წამლის ბალონში დაფასოებას მრავალი უპირატესობა აქვს: იოლი სატარებელი და მოხერხებული მოსახმარია, წამალი დაცულია გამოშრობისგან, გაჭუჭყიანებისგან და სხვა. ყველაზე ხშირად აეროზოლები ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ასთმის, ბრონქიტის, ლარინგიტის) დროს გამოიყენება. აეროზოლის მეშვეობით წამალი ყოველგვარი ბარიერის გარეშე ეხება დაზიანებულ ადგილს.Eესეც მისი უპირატესობაა, ვთქვათ, ტაბლეტებთან შედარებით. ბოლო ხანს განვითარებულ ქვეყნებში აეროზოლით პროფილაქტიკას მასობრივი იმუნიზაციისთვის (მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგოდ) იყენებენ. აეროზოლები - ქლოროფოსი, დიქლოფოსი, თიოფოსი - საყოფაცხოვრებო პრაქტიკაშიც უფრო მოხერხებულია.

 

ემპლასტრო (კანის წებო) გარეგანად სახმარი, რბილი სამკურნალწამლო ფორმაა, რომელიც კონსისტენციით ცვილს უახლოვდება. მცირედი შეთბობით და სხეულის ტემპერატურის გავლენით ემპლასტრო რბილდება და ადვილად ეცხება კანს. გამოიყენება კანის ადგილობრივი მკურნალობისთვის, ასევე - დაზიანებული კანის გარეგანი გამღიზიანებლებისგან დასაცავად. არსებობს მკვრივი ემპლასტრო, რომელიც სხეულის ტემპერატურაზე რბილდება და მწებავი ხდება, და თხევადი ემპლასტრო, რომელიც გამხსნელის აქროლების შემდეგ კანზე გარსს წარმოშობს. მალამოსგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად შეიწოვება კანში, ემპლასტრო კანზე დამატებით ქმნის დამცავ გარსს.

პასტა მალამოს ნაირსახეობაა, რომლის 25%-ზე მეტს ფხვნილისებრი ნივთიერება შეადგენს. მალამოსთან შედარებით პასტის თერაპიული უპირატესობა ის არის, რომ მას ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ადსორბციული (მშთანთქავი) და გამშრობი მოქმედება. გამოყენების მიხედვით არსებობს კანის პასტა (ქავილის საწინააღმდეგო, დაზიანებული კანის მიერ გამოყოფილი სითხის შემსრუტავი და სხვა), კბილის პასტა (შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ კბილის ზედაპირის გასუფთავება ან კბილის პულპის დანეკროზება - დარიშხანოვანი მჟავა ანჰიდრიდი. მასთან შეხება ჰქონია ყველას, ვისაც კბილები აქვს დაბჟენილი), კარბოლის მჟავა და სხვა. პასტები და მალამოები არადოზირებული სამკურნალო ფორმებია.

ბოლო ხანს ჩვენშიც გამოჩნდა უცხოეთში ფართოდ ხმარებული კრემები, ლოსიონები, თვალის მალამოები და სხვა სამკურნალო საშუალებები. სანთელი დოზირებული სამკურნალწამლო ფორმაა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მკვრივ კონსისტენციას ინარჩუნებს, ხოლო სხეულის ტემპერატურაზე ლღვება და მოქმედ წამალს გამოყოფს. რექტალური სანთლებით შეყვანილი წამალი ორგანიზმში კარგად შეიწოვება და სწრაფად მოქმედებს, ამიტომ ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერების სანთლის ფორმით დანიშვნის დროს ექიმმა ზუსტი დოზირების წესები უნდა დაიცვას.

სამკურნალწამლო ფანქრები მეტად მოხერხებული მოსახმარია. ისინი მედიცინაში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მაგალითად, ლაპისის ფანქარი - ადგილობრივად მოსაწვავად, მენთოლის ფანქარი - შაკიკის დროს წასასმელად, სისხლის გასაჩერებელი ფანქარი - კანის ზედაპირული მცირე ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად და სხვა.

  • სამკურნალო ფირფიტები (აპკები) წამლის განსაკუთრებული ფორმებია. მალამოსთან, წვეთებთან, ტაბლეტებთან შედარებით მათ რამდენიმე უპირატესობა აქვს: 1. წარმოადგენს დოზირებულ ფორმებს; 2. მათი გამოყენებისას ადვილად კონტროლდება წამლის დოზა; 3. მოქმედებს ხანგრძლივად - 24-48 საათის განმავლობაში; 4. შეიძლება დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება; 5. ზრდის წამლის თერაპიულ ეფექტურობას; 6. ამცირებს წამლის ხარჯვის ოდენობას და მის ტოქსიკურ მოქმედებას; 7. ამოკლებს მკურნალობის კურსს; 8. არ აყენებს ავადმყოფს მტკივნეულ გაღიზიანებას.

სამედიცინო კაფსულა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ გარსს, რომელიც გამოიყენება შინაგანად სახმარი ზოგიერთი მკვრივი, თხევადი ან ნახევრად თხევადი სამკურნალწამლო საშუალების მოსათავსებლად (შესაფუთად). სამედიცინო კაფსულებში უმთავრესად ათავსებენ არასასიამოვნო სუნისა და გემოს მქონე (მაგალითად, თევზის ქონი), აგრეთვე - პირის ღრუს ლორწოვანის გამაღიზიანებელ ნივთიერებებს. კაფსულა კუჭში იხსნება და მოქმედ ნივთიერებას ათავისუფლებს, მაგრამ თუ საჭიროა, რომ სამკურნალო ნივთიერებამ გაიაროს კუჭი და არ გააღიზიანოს მისი ლორწოვანი (მაგალითად, სალიცილის პრეპარატები), წამალს ფარავენ გლუტოიდინის კაფსულით, რომელიც მხოლოდ ნაწლავების ტუტე გარემოში იხსნება.

ფხვნილების მთავარი თვისებებია სიფხვიერე, მოხერხებულობა, იოლი დოზირება, შედარებითი სიიაფე, პორტატიულობა, ამიტომ საექიმო პრაქტიკაში ისინი ხშირად ინიშნება. რაც უფრო წვრილია ფხვნილი, მით უფრო უკეთესად იხსნება, შეიწოვება ნაწლავებში და ავლენს ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. დრაჟე და ტაბლეტებიც მოხერხებული და პორტატიული სამკურნალწამლო ფორმებია, აქვს სტანდარტული შემადგენლობა, იოლი შესანახი და გამოსაყენებელია, მზადდება ქარხნული წესით და აფთიაქში ინახება წინასწარ დამზადებული სახით.

  • თხევადი სამკურნალწამლო ფორმებიდან აღსანიშნავია:

ამპულები და ფლაკონები. ისინი ქარხნული წესით მზადდება. წამალი ზუსტად დოზირებულია და უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე მკვრივი სამკურნალო პრეპარატები. ეს მათი ღირსებაა, მაგრამ ორგანიზმში შეყვანისას მოითხოვს შედარებით რთულ პროცედურას - საჭიროა ერთჯერადი შპრიცი, ასეპტიკის წესების ზედმიწევნით დაცვა, მტკივნეულია. არსებობს ე. წ. შპრიც-ტუბულა.

ის გასტერილებულია, წამალი მასში აკრეფილია და მზად არის სწრაფად გასაკეთებლად. შპრიც-ტუბულები გამოიყენება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, თვითდახმარების, სტიქიური კატასტროფების პირობებში, ბრძოლის ველზე და სხვა. დაე, არასდროს დაგჭირვებოდეთ აქ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატთა გამოყენება, გისურვებთ ჯანმრთელობას!




კატეგორია: ანტიბიოტიკები | ნანახია: 1348 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017