ჯანმრთელობა და ფეხსაცმლის ხარისხი - 16 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ჯანმრთელობა და ფეხსაცმლის ხარისხი
19:51
ჯანმრთელობა და ფეხსაცმლის ხარისხი
ყველა ქალი მომხიბლავი ჩანს, როცა მის ფეხს მოხდენილი ჩექმა ან ნატიფი მაშია ამშვენებს, მაგრამ... არსებობს ერთი ”მაგრამ”: შესაძლოა, ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდ ზარალს აყენებდეს თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს: იყოს უხარისხო და მოუხერხებელი.

ფეხსაცმელი - ეს არის სტილი, ეს არის იმიჯი, ფინანსური მდგომარეობისა და კეთილდღეობის სავიზიტო ბარათი. მაშ, როგორ შეიძლება, ეკონომია გავაკეთოთ ასეთ მნიშვნელოვან აქსესუარზე?
უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, ხოლო ხარისხიანმა ელეგანტურობა შემატოს სადა, არაფრით გამორჩეულ სამოსს.

ნატურალური ნაწარმი
ხელოვნური ტყავი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, მაინც ხელოვნურია. გარდა ამისა, ნატურალურ ტყავს სხვა უპირატესობაც აქვს: არ ატარებს ტენს და იწოვს ოფლს, უზრუნველყოფს ფეხების ნორმალურ თბორეგულაციას, პლასტიკურია და ქუსლებს არ აზიანებს. ყველაზე გამძლეა მოქრომული - ქრომის მარილებით დამუშავებული - ტყავი (მას ჭრილში მომწვანო-მოცისფრო ელფერით ამოიცნობთ). ის საკმაოდ რბილი და მიმზიდველია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

როგორ ამოვიცნოთ
ნატურალური ტყავის სინთეტიკურისგან გარჩევა არც ისე იოლი საქმეა, თუმცა განსაზღვრული თვისებებით მისი ამოცნობა მაინც შეიძლება.

  • ხელოვნურ მასალას მძაფრი, დამახასიათებელი სუნი მრავალჯერადი დამუშავების შემდეგაც არ შორდება, ამიტომ ყიდვამდე ფეხსაცმელი კარგად დაყნოსეთ.
  • ფეხსაცმელს მჭიდროდ მიაჭირეთ ხელისგული. ნატურალური ტყავი მალე გათბება, სინთეტიკა კი ცივი დარჩება.
  • თითით დააწექით ჭვინტს. ნატურალური ტყავი დაწოლისას ოდნავ დაიჭმუჭნება, მაგრამ აუშვებთ თუ არა ხელს, გასწორდება. ხელოვნური მასალა ან უხარისხო ტყავი ნაოჭებს არ გაიკეთებს.
  • ურიგო არ იქნება, თუ შეძენამდე ფეხსაცმლის ლანჩასაც დახედავთ. ხარისხიანი ლანჩა მოქნილი უნდა იყოს, რათა ტერფი არ დაღალოს. ამასთანავე, სასურველია, დაწებებულიც იყოს და შემოკერებულიც.
  • ეჭვს არც ფეხსაცმლის შიგნითა მხარე უნდა იწვევდეს. მოსინჯეთ ყველა ნაკერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ შიდალანჩა ნატურალური ტყავისა იყოს.
    თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.

როგორ მოვუაროთ
თუ გსურთ, ფეხსაცმელი დიდხანს გემსახუროთ, მას სათანადოდ უნდა მოუაროთ. რაც უფრო ხარისხიანია მასალა, მით უფრო აქტუალურია მისი მოვლის საკითხი.

  • ფეხსაცმელი ყოველდღე უნდა გაწმინდოთ. ეს ისეთივე აქსიომაა, როგორიც ყოველ საღამოს სახიდან მაკიაჟის მოცილება - შეიძლება, მტვერმა ფეხსაცმლის შიგნით შეაღწიოს, მასთან ერთად კი ფეხზე რაიმე ტოქსიკური ნივთიერება მოხვდეს. ჩექმას ან მაღალყელიან ფეხსაცმელს ჯაგრისით მოაცილეთ მიმხმარი მტვერი ან ტალახი, შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ჩვრით, წაუსვით ფეხსაცმლის კრემი და კვლავ გაწმინდეთ ჩვრით. ტყავის ფეხსაცმლის გასარეცხად იხმარეთ მხოლოდ ბამბის ქსოვილის ხელსაწმენდი ან საპნიანი წყლით დასველებული ჩვარი.
    ვილურისა და ნატის (ზამშის) ფეხსაცმელს წმენდენ მშრალად, სპეციალური საწმენდით ან რეზინის ჯაგრისით, რომელთა შეძენაც ფეხსაცმლის მაღაზიაში შეიძლება. უკიდურეს შემთხვევაში, ნატის ფეხსაცმელი შეიძლება გაიწმინდოს საპნიანი წყლით, რომელსაც დამატებული ექნება ნიშადურის სპირტი, საზოგადოდ კი უმჯობესია, სითხის ნაცვლად ქაფიანი საწმენდი გამოიყენოთ.
    ლაქის ფეხსაცმელი სპეციალური საშუალებით უნდა გაიწმინდოს, გარკვეული ხნის შემდეგ კი ხავერდის ნაჭრით გაპრიალდეს.
    ნუ გააშრობთ სველ ფეხსაცმელს ფენით, დააცადეთ გაშრობა ოთახის ტემპერატურაზე ან გამოიყენეთ ელექტროსაშრობი.

 

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 778 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017