მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ხელების მშვენიერების საიდუმლო
19:50
ხელების მშვენიერების საიდუმლო
რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის.

 გარდა ამისა, ხელის კანი 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს შეიცავს, ვიდრე სახისა. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელი წესები უნდა დავიცვათ?

  • ისწავლეთ ხელების დაბანა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი კანს ასქელებს, აუხეშებს, აწითლებს, ხეთქავს და ქერცლავს, ცხელი კი აშრობს და ადუნებს.
  • დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან კონტაქტის შემდეგ ხელების გამშრალება აუცილებელია. ამით თავიდან აიცილებთ კანის დახორკვლასა და გაუხეშებას.
  • სწორად შეარჩიეთ საპონი. საუკეთესოა რბილი (სასურველია, გლიცერინის შემცველი) საპონი, რომელიც არ შეიცავს ტუტე და კანის გამოშრობის ხელშემწყობ ნივთიერებებს.
  • სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები განსაკუთრებით ხელებს ვნებს. მათი ზემოქმედებით ირღვევა ადგილობრივი იმუნიტეტი, უჯრედულ დონეზე მიმდინარე პათოლოგიური ძვრები კი სხვადასხვა დაავადებას (მათ შორის - ალერგიულ დერმატიტსა და ეგზემას) აძლევს დასაბამს, ამიტომ ეცადეთ, საოჯახო საქმე ხელთათმანებით აკეთოთ და ხელები მავნე ქიმიური აგენტებისგან დაიცვათ.
  • რეგულარულად ისვით მკვებავი კრემი. იდეალურ შემთხვევაში ის წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უნდა შეიზილოთ, რეალურად კი დღეში ერთი-ორჯერ მაინც. მკვებავის გარეშე დიდხანს დარჩენილი ხელების კანი შრება, ნაოჭდება, პიგმენტური ლაქები უჩნდება, სკდება, ნახეთქები კი მიკრობებისთვის შესანიშნავი კარიბჭეა.
  • რეგულარულად იკეთეთ ხელების მასაჟი. ეს აძლიერებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთებისა და მყესების დაძაბულობას, ააქტიურებს კანის რეცეპტორებს. მასაჟის დროს რეკომენდებულია მკვებავი კრემის გამოყენება. პრინციპში, ხანმოკლე თვითმასაჟს ჩვენ კრემის ყოველი შეზელისას ვიკეთებთ, როდესაც დამწოლი მოძრაობით ვიზელთ თითების ფალანგებს წვერიდან ფუძისკენ, შემდეგ კი - ხელისგულებსა და ხელის ზურგებს, მაჯის ჩართვით და წინამხარზე გადასვლით.
    გთავაზობთ მასაჟის შესრულების ერთ-ერთ მეთოდს: მტევნები მაქსიმალურად გაჭიმეთ. ცალი ხელის მტევანი მუშტად შეკარით და რიტმულად და მსუბუქად ურტყით მეორე ხელის ჯერ მტევანს (ზურგსა და ხელისგულს), შემდეგ - წინამხარს იდაყვის ჩათვლით. ამის შემდეგ ხელები შეანაცვლეთ.
    ძალზე სასარგებლოა მსუბუქი ჩქმეტითი მასაჟიც. ის თითის წვერებიდან ნების მიმართულებით უნდა შესრულდეს. კანი მსუბუქად, პატარა ბალიშებად უნდა წამოიწიოს საჩვენებელი და ცერა თითებით. ამგვარი მასაჟი ამაღლებს კუნთების ტონუსს. გარდა ამისა, აუცილებელია თითის თითოეული სახსრის მასირება წრიული მოძრაობით.
  • კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ ხელის აბაზანები და ნიღბები. ისინი არბილებს, ატენიანებს და კვებავს კანს, აძლიერებს დამცავ მექანიზმებს და ასტიმულირებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესებს. მზა ნიღბების შემადგენლობაში შედის ვიტამინები, გლიცერინი, ცვილი, თაფლი, ალოე ჟენ-შენი, გვირილა, ლანოლინი. ნიღბისთვის შეგიძლიათ ცხიმიანი კრემიც გამოიყენოთ: სქლად წაისვათ ხელებზე, 10-15 წუთს გაიჩერეთ და ნარჩენი ქაღალდის ხელსაწმენდით მოიშორეთ.


ხელების კანს ელასტიკურობას და ხავერდოვნებას მატებს ასეთი აბაზანები:

  • 2 ლიტრ თბილ წყალს + 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი ან 1 ჩაის კოვზ ნიშადურის სპირტს + 1 სადილის კოვზი გლიცერინი. პროცედურა გრძელდება 15-30 წუთს. სასურველია, ჩაიტაროთ 10-15-დღიანი კურსი.
  • 1 ლიტრ ცხელ წყალს + 2 სადილის კოვზი გვირილის, ჭინჭრის, მრავალძარღვას, სალბის ნარევი. პროცედურა გრძელდება 20-30 წუთს.


კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1564 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024