მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » სპორტი და ფიტნესი ხანში შესულთათვის
19:43
სპორტი და ფიტნესი ხანში შესულთათვის
ასაკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მის გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვან და სხვა სისტემებზე, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლაზე. ასაკთან ერთად იმატებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა რისკიც. ხშირია ოსტეოპოროზი და ართროზი. ცნობილია, რომ მოძრავი ცხოვრების წესი და ფიზიკური ვარჯიში მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე, თუმცა ბევრმა არ იცის,

როგორ უნდა ივარჯიშონ ასაკოვნებმა ან რა გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმზე.

- მოგეხსენებათ, ასაკში შესული ადამიანები ჯანმრთელობის გაუარესების შიშით რამდენადმე ერიდებიან სპორტსა და ფიტნესს. რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე დედამიწის მიზიდულობის ძალის გადალახვაა. რაც უფრო მეტს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო უკეთესია მისი ცხოვრების ხარისხი.
ჯანმრთელია ადამიანი თუ ფიზიკურად დაუძლურებული, მან მაინც უნდა შეასრულოს ის აუცილებელი, თუნდაც მინიმალური ფიზიკური სამუშაო, რომლის შესრულებაც შეუძლია.
უკვე დადგენილია, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი ათეროსკლეროზის რისკფაქტორს წარმოადგენს. რაც უფრო აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, მით ნაკლები აქვს ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.
აქვე უნდა ითქვას, რომ აქტიური ცხოვრების წესი არა მარტო ათეროსკლეროზის და, შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების ალბათობას ამცირებს, არამედ საკმაოდ აქვეითებს სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა განვითარების რისკსაც. ფიზიკური ვარჯიში ოსტეოპოროზისა და ართროზის პრევენციის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.

- ასაკი ადამიანს განსაზღვრულ შეზღუდვებს უწესებს და ფიზიკური დატვირთვის მკაცრ ნორმირებას სთხოვს. როგორი უნდა იყოს ხანში შესული ადამიანის ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა და ხარისხი?

- სადღეისოდ არსებობს საკმარისი საბუთი იმისა, რომ ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვს საშუალო ინტენსივობის დატვირთვას. ეს ისეთი დატვირთვაა, რომელიც არ იწვევს ძლიერ დაღლასა და ოფლიანობას. არანაკლები სარგებლობა მოაქვს დაბალინტენსიურ დატვირთვასაც. ასაკოვანთათვის მეტად მნიშვნელოვანია დატვირთვის დასაშვები ინტენსივობის სწორად შერჩევა, რათა ის ზუსტად შეესაბამებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მეტი დადებითი ეფექტი ჰქონდეს. კარგია სეირნობა, მსუბუქი, მაგრამ ხანგრძლივი (30-40 წუთი დღეში) ვარჯიში.

- ვარჯიშის მსურველებმა რა უნდა გაითვალისწინონ?

- ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელმაც ეს-ესაა გადაწყვიტა, დაიწყოს ფიზიკური წვრთნა, არსებობს ვარჯიშამდე და ვარჯიშის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
ადამიანისთვის, რომელიც მანამდე გამოკვლეული არ ყოფილა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, მით უფრო - თუ იგი აპირებს მაღალინტენსიურ რეჟიმში ვარჯიშს ან აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება. ამ დროს ექიმი ატარებს ფიზიკური დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფიულ ტესტს, რომელიც იძლევა საშუალებას, საკმაოდ მაღალი სიზუსტით შეფასდეს ადამიანის ტოლერანტობა, ამტანობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ და განისაზღვროს ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული რისკიც.

ჯანმრთელმა ადამიანმა სასურველია ივარჯიშოს კვირაში, სულ ცოტა, ოთხჯერ, 30-40 წუთის განმავლობაში. სასურველია შემდეგი ტიპის ვარჯიშები: ფეხით სიარული, ველოსიპედით სიარული, ცურვა, შედარებით ჩქარი სეირნობა, თხილამურებით სრიალი. ეს ვარჯიშები უაღრესად სასარგებლოა ადამიანისთვის. ისინი აუმჯობესებენ ემოციურ ფონს და ქმნიან კარგ განწყობას, რაც ხანდაზმულ ასაკში განსაკუთრებით საჭიროა.

არ აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ ნახევარში ვივარჯიშებთ. ერთადერთი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დილით კუნთები ნაკლებად გავარჯიშებულია, ამიტომ ამ დროს გახურების, მოთელვის ეტაპი უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, ვიდრე დღის მეორე ნახევარში, როცა შედარებით მაღალინტენსიური ვარჯიშების შესრულება უფრო ადვილია.

მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ორგანიზმზე დადებითი გავლენის მოსახდენად სულაც არ არის აუცილებელი მაღალინტენსიური ვარჯიში. ასეთივე შედეგს გამოიღებს რეგულარული დაბალინტენსიური დატვირთვაც. მაგალითსაც მოვიყვან. მყავს 70 წელს გადაცილებული მეგობარი, რომელმაც დაახლოებით 30 წლის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი (ყოველ შემთხვევაში, ასეთი დიაგნოზი დაუსვეს იმ დროს ცნობილმა სპეციალისტებმა). ახლა ის პრაქტიკულად ყოველდღე 15-20 წუთის განმავლობაში 1500-1600 ბუქნს ასრულებს. იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა ასე უნდა იქცეოდეს, თუმცა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხანდაზმულ ადამიანსაც ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს, ეს მაგალითი ალბათ საინტერესოა.

- ფიტნესკლუბებს ბევრი ასაკში შესული ადამიანი სტუმრობს. რამდენად უსაფრთხოა ეს  ჯანმრთელობისთვის?

- თბილისში, ზოგიერთ ფიტნესკლუბში, ამჟამად მუშაობენ საკმაოდ კვალიფიციური ექიმები, რომლებიც კლუბის წევრებს კვალიფიციური რეკომენდაციებით ეხმარებიან. გარდა ამისა, იქვე არიან ინსტრუქტორები, რომლებიც ვარჯიშის სახეობებს ინდივიდუალურად არჩევენ. ამრიგად, ფიტნესკლუბის ექიმსა და ინსტრუქტორს შორის მჭიდრო კავშირია, რაც დატვირთვას ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უსაფრთხოს, ხარისხიანსა და სასარგებლოს ხდის. სასურველია, ასეთი სპეციალისტები ყველა ფიტნესკლუბში იყვნენ.

- ასაკში შესულთა შორის ძნელად მოიძებნება აბსოლუტურად ჯანმრთელი. რომელმა ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება ადამიანს ვარჯიშის შეწყვეტა ან მასზე უარის თქმა აიძულოს?

- პრაქტიკულად არ არსებობს დაავადება, სრულიად რომ კრძალავდეს ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი აკრძალვა ვრცელდება ზოგიერთი დაავადების მწვავე პერიოდზე, თუმცა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაშიც კი რამდენიმე დღის, ზოგჯერ - რამდენიმე საათის შემდეგ კვალიფიციური მეთოდისტი პაციენტს აძლევს უფლებას, შეასრულოს განსაზღვრული ფიზიკური დატვირთვა.
თუ ადამიანს საწოლს მივაჯაჭვავთ, ამით მას მხოლოდ ზიანს მივაყენებთ, ისედაც დაავადებულ ორგანიზმში უმოძრაობით გავზრდით ისეთ გართულებათა რისკს, როგორიცაა თრომბების წარმოქმნა და თრომბოემბოლია, შეგუბება სხვადასხვა ორგანოში და სხვა. ასე რომ, ამა თუ იმ ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიში ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენებია, ოღონდ ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს მისი დოზა, ხარისხი და ინტენსივობა.

- დატვირთვის თანდათანობით გაზრდა და ფიზიკური ვარჯიში საკმაოდ ბევრი დაავადების მკურნალობის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის აუცილებელ ღონისძიებათა შემადგენელი ნაწილია. რა თავისებურებები ახლავს ასეთ რეაბილიტაციას ხანდაზმულებისთვის?

- პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, მით უფრო ადრე უნდა დაიწყოს ასეთი სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ასაკოვანი პაციენტების ძვალსახსროვან სისტემაში ხანგრძლივი ჰიპოდინამია შეუქცევად პროცესებს იწვევს. რაც უფრო მეტხანს არის პაციენტი უმოძრაოდ, მით უფრო მეტად კარგავს სახსარი ფუნქციას და მით უფრო მეტად რთულდება მისი აღდგენა.

რამდენიმე წლის წინათ ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმებმა, განსაკუთრებით - კარდიოლოგებმა, კარგად იცოდნენ სარეაბილიტაციო პროგრამები, სამწუხაროდ, დღეს მათ ნაკლები ყურადღება ექცევა. სასურველია, ასეთი პროგრამები აღდგეს და განახლდეს ამ მხრივ მედპერსონალის ტრენირება, რათა პაციენტი ჯერ კიდევ სტაციონარის ეტაპზე გადიოდეს ყოფითი ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციას და ამას ბინაზე გაწერის შემდეგაც განაგრძობდეს. მიოკარდიუმის ინფარქტის, აორტოკორონარული შუნტირების ან ანგიოპლასტიკის შემდეგ პაციენტები ძალიან მალე ბრუნდებიან შინ. ამ ეტაპზე მათ მეთვალყურეობს ოჯახის კარდიოლოგი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათანადო ჩვევები.

- როგორც ჯანმრთელი ადამიანისთვის, ისე მათთვის, ვინც მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის, დღემდე აქტუალურია კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა. რატომ არის ეს ვარჯიში ასე მნიშვნელოვანი?

- კიბეზე ასვლა ჩვენი ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელოვანი ელემენტია, ამიტომ სასურველია, ავადმყოფი სათანადოდ მოვამზადოთ ასეთი ტიპის დატვირთვისთვის. არსებობს კიდეც სპეციალური ტრენაჟორები, რომელთა მეშვეობითაც სათანადო ეფექტის მიღება უფრო ადვილია. კიბეზე ასვლა, ისევე როგორც ნებისმიერი ტიპის დატვირთვა, ძვალსახსროვან სისტემასთან ერთად განსაზღვრულ მოთხოვნებს უყენებს გულს. სწორედ ამიტომ არის სავალდებულო ფიზიკური წვრთნის ისეთი პროგრამის შემუშავება, რომელიც პაციენტს ამ ტიპის დატვირთვისთვის მოამზადებს.

- დასასრულ, რას ურჩევდით ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც ვარჯიშის დაწყების სურვილი აქვთ?

- ბევრს ჰგონია, რომ რაკი მათი სამსახური მოძრაობას მოითხოვს, ფიზიკურად ვარჯიში საჭირო აღარ არის. ეს მცდარი შეხედულებაა. როგორი მოძრავი სამსახურიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მან მაინც უნდა მოიცალოს ფიზიკური ვარჯიშისთვის. პროფესიული დატვირთვა ორგანიზმზე ისეთ სასარგებლო გავლენას ვერ ახდენს, როგორსაც სპეციალური ფიზიკური ვარჯიში.  
დღეს ყველას არ აქვს ფიტნესკლუბში სიარულის საშუალება, მაგრამ ყველას შეუძლია, წარმატებით გამოიყენოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადარბაზო, კიბე, გავიდეს ბუნების წიაღში და სხვა.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1559 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024