მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » როგორ გავკაჟდეთ
19:33
როგორ გავკაჟდეთ

წყლის პროცედურები
კლასიკურ და ხალხურ მედიცინას ორგანიზმის გაკაჟების არაერთი საინტერესო რეცეპტი მოეპოვება. წყალი რომ გამაჯანსაღებელი პროცედურების აუცილებელი კომპონენტია, ესეც საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ გაკაჟება ტერფებიდან იწყება. ტერფების (ზოგადად, ფეხების) გაკაჟებისას მთელი ორგანიზმი იწრთობა, იმუნიტეტი ძლიერდება.


უმჯობესია, გაკაჟება ზაფხულში დაიწყოთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ორგანიზმის წრთობის დაწყება წელიწადის ცივ პერიოდში მოგიწიათ, არც ეს არის საშიში, მთავარია, პროცედურები დოზირებულად ჩაიტაროთ, გაკაჟების ზოგიერთ მეთოდს მეტი დრო დაუთმოთ, ზოგიერთი კი, თქვენი ორგანიზმის მდგომარეობისა და ინდივიდუალურ ფაქტორთა გათვალისწინებით, გაზაფხულისთვის გადადოთ, მთავარია მოინდომოთ, განეწყოთ, ვარჯიშისა და გაკაჟების მნიშვნელობა გააცნობიეროთ და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოთ!
ფეხის აბაზანები მხოლოდ ორგანიზმის გაკაჟებას კი არ უწყობს ხელს, სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება.
ცივი აბაზანა შესანიშნავია უძილობის დროს. ამ პროცედურას მაშინაც მიმართავენ, როცა სურთ, სისხლი ქვედა კიდურებიდან თავისა და გულმკერდისკენ გადაანაწილონ. ფეხების ცივი აბაზანა ჩინებული გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი საშუალებაა. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, ის დღეში რამდენიმეჯერაც კი ჩაიტაროს. თუ ცივ წყალს შეჩვეული არ ხართ, გაკაჟება ზაფხულში დაიწყეთ. ფეხები დღეში რამდენიმეჯერ დაიბანეთ ცივი წყლით. ჯერ მხოლოდ გადაივლეთ, შემდეგ ტერფები უფრო და უფრო მეტხანს გააჩერეთ ცივი ნაკადის ქვეშ, ბოლოს კი აბაზანებზე გადადით: ტაშტში იმდენი ცივი წყალი ჩაასხით, რომ შუა წვივებამდე მოგწვდეთ და 3-4 წუთით შიგ ჩადექით.
თუ ორგანიზმი დასუსტებული გაქვთ, იოლად ცივდებით და ზამთრის მოახლოება გაშინებთ, პროცედურები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. თავს ძალა დაატანეთ და ფეხებზე ცივი წყლის ნაკადი ლოგინში ჩათბუნებამდე მაინც გადაივლეთ. სიცივე ნუ შეგაშინებთ - მის სამკურნალო თვისებებს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს. ყველამ კარგად იცის, რომ გაციების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის გასაკაჟებლად რეკომენდებულია ცივი წყლით ტანის დაზელა და ცივი შხაპის მიღება. ცივი შხაპით გაკაჟება ზაფხულში უნდა დაიწყოთ. რაც შეეხება ტანის დაზელას, მასზე ტერფების გაკაჟების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადადით. ცივ წყალში დასველებული და კარგად გაწურული ხაოიანი პირსახოცით ტანი დილაობით, გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ დაიზილეთ. ცივი წყლის საოცარი გავლენა უძველეს დროშივე შეუმჩნევიათ. ხალხურ მედიცინაში ჭის წყალი ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა.

ცურვაზე მაინც ნუ იტყვით უარს

 თუ წყლის პროცედურები მაინც გაშინებთ, არჩევანი ცურვაზე შეაჩერეთ. მიუხედავად ზამთრის სიცივისა, მასზე უარს ნუ იტყვით. ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმოსარეგულაციო მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ორგანიზმის ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.
ციკლურ ვარჯიშებს შორის ცურვა ერთმნიშვნელოვნად გამოირჩევა. ამ დროს ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურდება, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემა, სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობისა და გარემოს (წყლის) სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად იტვირთება, ვიდრე თხილამურებით სრიალისა და სირბილისას. ცურვის დროს გულმკერდზე წყლის ზეწოლის გამო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჭირს, რაც სასუნთქ სისტემას აწრთობს და ავითარებს, ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას. ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. გარემოს სპეციფიკა - აუზის მიკროკლიმატი, მაღალი ტენიანობა და სხვა ფაქტორები - ასთმით დაავადებულებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ცურვის დროს ასთმის შეტევა არ ვითარდება, მაშინ როცა სირბილისა და ფორსირებული სუნთქვისას მისი აღმოცენების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ამიტომ ციკლური ვარჯიშის ამ სახეობას წარმატებით იყენებენ ხერხემლის დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში. ისინი, ვისთვისაც ხმელეთზე სპორტული დატვირთვა მტკივნეული და სახიფათოა, მშვიდად და შედარებით კომფორტულად ვარჯიშობენ წყალში.
ცურვა რეკომენდებულია ხანდაზმულებისთვის, ინვალიდებისა და მსუქნებისათვის. წყალი, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას, სუსტ სახსრებს საშუალებას აძლევს, ისეთ დატვირთვას გაუძლონ, რომელიც ხმელეთზე შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს. წყლის მაამორტიზებელი თვისებების წყალობით ფიზიკური ვარჯიში სასიამოვნო და ადვილად შესასრულებელია არა მხოლოდ ართრიტით (სახსრების ანთებით) დაავადებულთათვის, არამედ ორსულთათვისაც.

ორგანიზმის გაკაჟების, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების უნივერსალური საშუალებაა ფიზიკური ვარჯიში. სისტემატური დატვირთვის დროს ორგანიზმში ხდება მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც აუმჯობესებს და აფართოებს ორგანოთა პრაქტიკულად ყველა სისტემის ფუნქციურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სარეგულაციო მექანიზმების სრულყოფას. ყოველივე ეს ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს არასასურველი ფაქტორების მიმართ, ფიზიკურად ავითარებს ადამიანს და დატვირთვისადმი უფრო გამძლეს ხდის. ცალკეული კუნთები თუ სახსრები სრულყოფილად რომ ამოძრავდეს და დაიტვირთოს, სხვადასხვა ვარჯიშია საჭირო. ვარჯიში ყოველდღიურ წესად უნდა დანერგოთ. ივარჯიშეთ სისტემატურად. დაიხსომეთ: ეფექტს მხოლოდ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა იძლევა. თავდაპირველად კვირაში 2-3-ჯერ მაინც ივარჯიშეთ. ამაში ვერც სიცივე და ვერც ზამთარი ვერ უნდა გიშლიდეთ ხელს. ორგანიზმის შესაძლებლობათა ზრდის კვალდაკვალ გაზარდეთ ვარჯიშების რაოდენობაც და ინტენსივობაც. წვრთნის ხანგრძლივობამ და დატვირთვის სიმძიმემ თანდათანობით უნდა მოიმატოს. ერთბაშად დატვირთვა მხოლოდ არასასურველი კი არა, მავნებელიცაა. სწორად და, რაც მთავარია, ხალისიანად რომ ივარჯიშოთ, ამისათვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ტრენაჟორები - საწვრთნელი და სავარჯიშო მოწყობილობანი. ტრენაჟორებით დატვირთვისას ნერვული სისტემა გაცილებით უკეთ იწრთობა, ვიდრე მარტივი ფიზიკური ვარჯიშის დროს, რადგანაც ასე უკეთ რეგულირდება ნერვულ პროცესთა აგზნება-შეკავების, გააქტიურებისა და გაწონასწორების მექანიზმები. ამა თუ იმ მოწყობილობით ვარჯიშის დროს მხოლოდ მოძრაობითი რეაქციები კი არ აქტიურდება, სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედების გამო მობილიზდება ანალიზატორების უმრავლესობა. ტრენაჟორების წყალობით იწრთობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, იზრდება კუნთების მასა, მოცულობა და ძალა. სისხლში იმატებს ერითროციტების რაოდენობა, ერითროციტებში კი - ჰემოგლობინის დონე, რისი მეოხებითაც ძლიერდება ჟანგბადით მომარაგება. საბოლოო ჯამში კი ორგანიზმი იწრთობა და ძლიერდება.

სირბილიც კარგი  საშუალებაა

გაკაჟების ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა სირბილი. მისი ტექნიკა იმდენად მარტივია, რომ საგანგებო დასწავლა არ სჭირდება. კომპლექსური ვარჯიშის ამ სახეობას ნებისმიერმა შეიძლება მიჰყოს ხელი. მთავარია, მოინდომოთ. გამაჯანსაღებელი სირბილი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემასა და იმუნიტეტზე, აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის მის სენშეუვალობას. სირბილის ზოგადი ეფექტი ასეთია: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება, ენერგოდანახარჯების კომპენსაცია, სისხლის მიმოქცევის სისტემაში მომხდარი ძვრები და ავადობის შემცირება. სირბილი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და ძილს, ზრდის შრომისუნარიანობას. თუ ოპტიმალურად დოზირებულ სირბილს წყლის პროცედურებს შეუხამებთ, უძილობა და ნევრასთენია - XX საუკუნის დაავადებები - ვერც კი მოგეკარებათ. სირბილი ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხებააო, ამბობენ სპეციალისტები. ის უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვის მართლაც რომ შესანიშნავი გზაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია საღამო ხანს სირბილი. ის ანეიტრალებს დღის განმავლობაში დაგროვილ ადრენალინს - სტრესის შედეგად გამოყოფილ ნივთიერებას. ასე რომ, სირბილი შესანიშნავი ბუნებრივი ტრანკვილიზატორია, ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე სამკურნალო პრეპარატები. სირბილის დამამშვიდებელ გავლენას აძლიერებს ენდორფინების (სიამოვნების ჰორმონების) გამოყოფა. ინტენსიური დატვირთვის დროს ამ ჰორმონთა შემცველობა სისხლში 5-ჯერ იზრდება და საათობით რჩება. ენდორფინები თავისებურ ეიფორიას - ფსიქიკური და ფიზიკური კმაყოფილების, ნეტარების, სიმსუბუქისა და სიხარულის განცდას იწვევს, შიმშილსა და ტკივილს კი თრგუნავს.
რაც შეეხება სპეციფიკურ ეფექტებს, სირბილი აფართოებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ შესაძლებლობებს - ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს, წუთმოცულობას,  და ზოგადად შრომისუნარიანობას. გამაჯანსაღებელი სირბილის წყალობით მწყობრში დგება ორგანიზმის ცხიმოვანი (ლიპიდური) ცვლა. მცირდება სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობა, ნორმალიზდება სხეულის მასა, უმჯობესდება შინაგან ორგანოთა ფუნქცია. გარდა ამისა, იწრთობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, უმჯობესდება სახსრებში სისხლისა და ლიმფის დენა, რის გამოც ფერხდება დეგენერაციული პროცესები, რაც ართროზისა და სხვა პათოლოგიური პროცესების პროფილაქტიკისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
თუ სირბილის დაწყებაც გიჭირთ ან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ, სუფთა ჰაერზე მაინც ისეირნეთ. ნუ დაგაბრკოლებთ წვიმა ან თოვლი, სიცივე და სუსხი. ჩაიცვით თბილად და 30-40 წუთით მაინც გაისეირნეთ. თანდათანობით ნაბიჯს აუჩქარეთ, მშვიდად ისუნთქეთ. ღამით საწოლ ოთახში ფანჯარა ან აივნის კარი ოდნავ ღია დატოვეთ. ამ გზით გაიკაჟებთ სასუნთქ სისტემას და მთლიანად ორგანიზმს. შედეგს თავად დაინახავთ - გაციება და ზამთრის ინფექციები ვერ მოგერევათ, ყოველ დღეს ჯანმრთელი და ხალისიანი შეეგებებით!
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1023 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017