რჩევა სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » რჩევა სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
00:58
რჩევა სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ყოველთვის შოკს გვგვრის, რადგან სიბერე, რომელიც ცხრა მთას იქით გვეგონა, ერთბაშად ხელშესახები ხდება. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, მაგრამ "ადრეს" "გვიან" ნამდვილად სჯობს. ასე რომ, წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:

იძინეთ მეტხანს
ტყუილად როდი უწოდებენ შუაღამემდე ძილს "სილამაზის ძილს"! თვალის ირგვლივ მუქი რგოლები და სახის უღიმღამო ფერი სწორედ ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალია. ამასთანავე, უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
გაინტერესებთ, როგორ გაიხანგრძლივოთ ღამის ძილი? პასუხი მარტივია: დაწექით ადრე.
რამდენიმე საღამოს განმავლობაში დასაძინებლად ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით, ხოლო დილით 20 წუთი კარგად განათებულ ადგილას (ქუჩაში ან ოთახში, სადაც ძლიერი ნათურა ანთია) გაატარეთ. ეს ჰორმონული ბალანსის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
ღამით საწოლ ოთახში აუცილებლად ჩააქრეთ შუქი - მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება სუსტმა განათებამაც კი შეიძლება დათრგუნოს. დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. უკუნ სიბნელეში უფრო სწრაფად და ადვილად დაგეძინებათ.
მოეშვით. თბილი აბაზანა ძილის წინ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება გულის რიტმს ანელებს და ძილს ჰგვრის.

მოუარეთ ხელებს
ბევრმა არ იცის, რომ სიბერის პირველი ნიშნები არა სახეზე, არამედ ხელებზე ჩნდება. ჩვენ იშვიათად ვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს, განსაკუთრებით კი  - ხელის კრემს. ეცადეთ, შინიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვათ მზისგან დამცავი კრემი, რომლის SPF-ფაქტორი არანაკლებ 15-ის ტოლია.
ბოლოდროინდელი გამოკვლევები მოწმობს, რომ ბეჭდებითა და მანიკიურით დამშვენებული ხელები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. თუ ასაკის ხაზგასმა არ გსურთ, წაისვით ბაცი ფერის (და არამც და არამც - ყავისფერი, მუქი ლურჯი ან ბორდოსფერი) ფრჩხილის ლაქი. მკვეთრი წითელი ფერის ლაქი მოკლე, მომრგვალებულ ფრჩხილებს უხდება, ოღონდ თბილი ტონი შეარჩიეთ, რადგან ცივი წითელი ამობურცულ ვენებს უფრო მეტად შესამჩნევს ხდის. ბაცი ვარდისფერი კი ნებისმიერ სიტუაციაში მომგებიანია.

ხელი შეუშალეთ კისრის დანაოჭებას
კისერი ქალის სხეულის ყველაზე სუსტი და დაუცველი წერტილია. შეიძლება თუ არა კისრის დაბერების პროცესის შეჩერება ან მისი დამალვა მაინც? დიახ, შეიძლება. ამაში სწორად შერჩეული კრემები დაგეხმარებათ.
შინიდან გასვლამდე ყოველდღე უნდა წაისვათ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი კრემები, რომელთა SPF-ფაქტორი 30-ის ტოლია. კისრის კანის მოსავლელად სპეციალური კრემების შეძენა აუცილებელი არ არის. სავსებით გამოსადეგია სათანადო შემადგენლობის სახის კრემი. ანტიოქსიდანტების შემცველი კრემების ყოველდღიური გამოყენება კანს გარეგანი მავნე ფაქტორებისგან იცავს. დერმატოლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ კრემები, რომელთა შემადგენლობაში შედის იდებენონი, ყავის ხის ნაყოფი, მწვანე ჩაი, ბროწეული და C და E ვიტამინები.

აუცილებლად გამოიყენეთ ტონალური კრემი
ზოგი ქალი ასაკის მატების გამო ტონალურ კრემს აღარ ხმარობს - ეშინია, არაბუნებრივი არ გამოჩნდეს. გარდა ამისა, ბევრს მიაჩნია, რომ ტონალური კრემი მხოლოდ ხაზს უსვამს ნაოჭებს. ასე არ არის. თუ სწორად გამოვიყენებთ, ტონალური კრემი გაახალისებს სახის ფერს და პირისკანს უფრო ქორფას გამოაჩენს. უმჯობესია თხევადი ტონალური საშუალება - ის უფრო უკეთ ატენიანებს კანს და სქელი კრემისგან განსხვავებით, არ იწვევს ნიღბის ეფექტს. ტონალური კრემის ფერი, სჯობს, ბუნებრივი განათების ფონზე შეარჩიოთ.
ტონალური კრემის წასმამდე აუცილებლად გადაისვით დამატენიანებელი კრემი - ნოტიო კანზე კოსმეტიკა უკეთ ჯდება და დიდხანს ძლებს.

დაუბრუნეთ თმას ახალგაზრდული მოცულობა
ასაკში შესვლისას თმა ბუნებრივ ბზინვარებას კარგავს და თხელდება. რამდენიმე უბრალო ხერხი მას ახალგაზრდულ ბზინვარებასა და მოცულობას დაუბრუნებს.

  • დაიბანეთ თავი ასაფუებელი შამპუნით, შემდეგ თმის ბოლოებზე წაისვით უცხიმო კონდიციონერი (თუ მას თმის ძირებში წაისვამთ, ღერებს უსიცოცხლო შესახედაობა მიეცემა).
  • შეიზილეთ თმის ძირებში ცოტაოდენი მუსი და თმა ფენით გაიშრეთ.
  • მეტი ეფექტისათვის შეიძლება, თმა მსხვილ ბიგუდებზე დაიხვიოთ და ისე გაიშროთ.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 633 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016