სასწრაფო დახმარება კრიტიკულ დღეებში - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » სასწრაფო დახმარება კრიტიკულ დღეებში
00:56
სასწრაფო დახმარება კრიტიკულ დღეებში
ყველას გვსმენია მენსტრუაციისწინა სინდრომზე, მრავალი ქალი კი ამ სინდრომს კარგად იცნობს, მაგრამ რას წარმოადგენს იგი, დანამდვილებით ცოტამ თუ იცის.


 

კრიტიკული დღეების დადგომამდე ზოგიერთი ქალი უჩივის:

  • მოვლით ტკივილს მუცლის ქვედა არეში;
  • სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობასა და გაუხეშებას;
  • შეშუპებას და წყურვილის გაძლიერებულ შეგრძნებას;
  • გულის რიტმის დარღვევას და გულის არეში ტკივილის შეგრძნებას;
  • უმადობას ან, პირიქით, ჭამის დაუძლეველ სურვილს;
  • თავბრუხვევას, გულისრევასა და ღებინებას;
  • სხეულის ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას.

ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად მოსალოდნელია:

  • გაღიზიანება;
  • აგრესიულობა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • უმიზეზო, ხშირი ტირილი;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • ძილის დარღვევა.

ეს სიმპტომები მენსტრუაციის პირველივე დღეებში ან მისი დასრულებისთანავე ქრება.
აი, ამ მდგომარეობას უწოდებენ ექიმები მენსტრუაციისწინა სინდრომს. ის უმეტესად 26-45 წლის ქალებს აღენიშნება. ამასთანავე, რაც უფრო მეტი ასაკისაა ქალი, მით უფრო მძაფრად ვლინდება სიმპტომები.
მენსტრუაციისწინა სინდრომს ყველაზე ხშირად უჩივიან ქალები, რომლებიც ეწევიან გონებრივ შრომას, განიცდიან პროფესიული მავნე ფაქტორების ზემოქმედებას, აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება.
მიზეზები
ითვლება, რომ მენსტრუაციისწინა სინდრომი ჰორმონული დარღვევების, კერძოდ, სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების შემცველობის მომატების შედეგია. ამ დროს აღინიშნება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობის ცვლილებებიც.
ქალებს ჰორმონული ფონის ყოველთვიური ცვლილებების თავიდან აცილება არ შეუძლიათ, მაგრამ უსიამოვნო მდგომარეობის შემსუბუქება სავსებით შესაძლებელია.
მიმართეთ სპეციალისტებს.

  • პირველ რიგში - გინეკოლოგს, რადგან ეს სინდრომი ქალის სასქესო ჰორმონებს უკავშირდება;
  • ემოციური სფეროს დარღვევების შემთხვევაში - ფსიქონევროლოგს;
  • ენდოკრინოლოგს, რადგანაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გააძლიეროს ამ სინდრომის გამოვლინებები.
  • მენსტრუაციისწინა სინდრომის გამოვლინებისა და ხანგრძლივობის შესაბამისად, შეიძლება 2-3 დღით ადრე მივიღოთ განსაზღვრული მედიკამენტები:
  • ძლიერი ტკივილის შემთხვევაში - ანტისპაზმური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდგო არასტეროიდული პრეპარატები;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის მოსაწესრიგებლად - დამამშვიდებელი საშუალებები.

 

მნიშვნელოვანია კვების ზოგიერთი პრინციპის დაცვა:

  • შეზღუდეთ ყავისა და მაგარი ჩაის მიღება;
  • ზოგადად, ნაკლები მიიღეთ სითხე (მაგრამ არა უმცირეს 1,5 ლიტრისა დღეში);
  • შეზღუდეთ მარილის მოხმარება;
  • რაციონში შეამცირეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ქიშმიში, კურაგა;
  • გახსოვდეთ, რომ შოკოლადი აძლიერებს გულისცემას;
  • ეცადეთ, ცხიმიანი საკვები ნაკლები მიირთვათ;
  • რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცხარე სანელებლები, ალკოჰოლი;
  • მენსტრუაციის დროს და მის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რაციონში შეიტანეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტი, მათ შორის - ისპანახი, სალათის ფოთლები, კომბოსტო, ოხრახუში.

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვიტამინები.
ასევე მნიშვნელოვანია მაგნიუმის მარილები, რომლებსაც დიდი ოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ნიგოზი, სატაცური, მარწყვი, კიტრი და ძირთეთრა. მაგნიუმი ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, დაღლილობას.
კარგად მოქმედებს მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები: თავშავა, კატაბალახა, ბარამბო, კრაზანა, კუნელი. პიტნის ჩაის, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს ანტისპაზმური, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც.
მენსტრუაციისწინა სინდრომის პროფი¬ლაქტიკისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება და ძილი. იძინეთ გრილ ოთახში. მენსტრუაციის დღეებში ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ.
მეტხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ორგანიზმს ნუ გადატვირთავთ.

ეცადეთ, არ მოსწიოთ.
დილა-საღამოს მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
თავი არიდეთ ნერვიულობას.
მენსტრუაციისწინა სინდრომისა და მენსტრუაციის დროს არ გირჩევთ აბანოში წასვლას - მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მოახდინოს ძლიერი ტკივილის პროვოცირება და მენსტრუაცია გაახანგრძლივოს. აბანო განსაკუთრებით საშიშია იმ ქალებისთვის, რომელთაც აქვთ საშვილოსნოს მიომა ან ენდომეტრიოზი.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ: ჟანგბადით უზრუნველყოფს ორგანიზმს, გაზრდის მის ტონუსს, ხელს შეუწყობს კარგი განწყობის ჰორმონის გამოყოფას.
ნერვული სისტემის გასაძლიერებლად კარგია სუნთქვითი ვარჯიშები და რელაქსაცია. მოეშვით, დახუჭეთ თვალები, მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია და შეეცადეთ, გონებაში მაინც განდევნოთ თქვენგან უსიამოვნო განწყობა და ავადმყოფობა.

 

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 647 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016