მენოპაუზა ანუ კლიმაქსი - 4 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » მენოპაუზა ანუ კლიმაქსი
00:54
მენოპაუზა ანუ კლიმაქსი
- რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ორგანიზმში მენოპაუზის დროს?

- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში - მოზარდობიდან მენოპაუზამდე ფუნქციონირებს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. საკვერცხეებში ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს.

 

ამავე დროს, ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს. გამსკდარი ფოლიკულიდან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს. ესტროგენი ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას, ხოლო პროგესტერონის ზემოქმედებით ლორწოვანში მიმდინარეობს მზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად.

თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. სისხლში მკვეთრად ქვეითდება პროგესტერონის დონე, რასაც მოჰყვება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი.
35-დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება: მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც ვლინდება არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით.

საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. საკვერცხის ფუნქციის დაქვეითებას ცენტრი მისი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. გარკვეული ხნის განმავლობაში საკვერცხე ახერხებს უკანასკნელი რეზერვების მობილიზებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დგება დრო, როცა მისი ფუნქციონირება წყდება. ამორიცხული არ არის, ზოგიერთ ქალს მენსტრუაცია წინასწარი დარღვევების გარეშე შეუწყდეს.

- როდის იწყება მენოპაუზა და რას უჩივიან ამ დროს ქალები?

- სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ქალებს აწუხებთ ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევები, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა უბანში, შფოთვა. ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით არის გამოწვეული და შესაძლოა, ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინოს თავი.

რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, არ უკავშირდება ორგანიზმის დაზიანებას და ჰორმონული გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად ქრება. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონთა ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს ეკუთვნის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალში იჩენს თავს.

დადგენილია, რომ აღმოსავლელ ქალებს კლიმაქსურ პერიოდში ალები იშვიათად აწუხებთ. იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. ამ საიდუმლოს გასაღები მათი რაციონია, რომელიც ღარიბია ცხიმით და მდიდარი - მცენარეული ესტროგენების შემცველი სოიის პროდუქტებით.

- როგორ მოქმედებს ჰორმონული დეფიციტი შარდის ბუშტზე, ძვლოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?

- ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, სისხლში ესტრო-გენების დონის მკვეთრი დაცემისას, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ვითარდება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზს ძვლების ნელი ტემპით განლევა ახასიათებს. მისი პირველი გამოვლინება გახლავთ ხერხემლის მალების მიკრომოტეხილობით გამოწვეული ტკივილები. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა - ბარძაყის თავის მოტეხილობა.

ოსტეოპოროზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა, რისთვისაც ზრუნვა მენოპაუზამდე უნდა დავიწყოთ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალებში პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია.
ესტროგენები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს (კარგი ქოლესტერინი); იცავს სისხლძარღვებს აგრესიული თავისუფალი რადიკალებისგან; აფართოებს მათ სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის შემცირება-შეწყვეტას იწვევს, რასაც ქალის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება.

შარდის შეუკავებლობა შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიასა და სისხლძარღვოვან ცვლილებებთან ერთად ესტროგენების დეფიციტითაც არის გამოწვეული. გარდა ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, ესტროგენების დეფიციტი იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, რომლის შედეგადაც ნაოჭდება კანი, მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი. ვითარდება ქრონიკული კონიუნქტივიტი.

ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის, ე.წ. სახსრების საცხის, წარმოქმნას. შესაბამისად, კლიმაქსურ პერიოდში მათი ნაკლებობა სახსრების ტკივილს განაპირობებს.
ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ალცჰაიმერის დაავადება (მოხუცებულობის გონებასუსტობა) პირდაპირ უკავშირდება ჰორმონების დონეს. ესტროგენები აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მომოქცევას და გვისახავს იმედს, რომ ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია ხანდაზმულებს მომავალში მაინც ააცილებს თავიდან ამ უკურნებელ სენს.

- როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

- მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:

  • ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
  • ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
  • საკმარისი ფიზიკური აქტივობით.

ჰორმონების დეფიციტის შევსება ზრდის ძვლების სიმკვრივეს, თითქმის ანახევრებს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების რისკს, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც შესაძლებელია (ეფექტურია ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები). ჯანსაღი და ბალანსირებული კვება გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში არ "დამაგრდება"), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული სურსათის მიღებას.

აუცილებელია, ვიზრუნოთ სიმსუქნის თავიდან აცილებაზე, ვინაიდან ცხიმის ყოველი კილოგრამი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და აძლიერებს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოწესრიგებისათვის გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშებიც.

- რა სახით ხდება ჰორმონების გამოყენება კლიმაქსურ პერიოდში?

- კლიმაქსურ პერიოდში ჰორმონების გამოყენებას შეცდომით ჰორმონოთერაპიას უწოდებენ. სინამდვილეში ეს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიაა: ორგანიზმში შეჰყავთ ის ჰორმონები, რომლებიც ავსებს მენოპაუზის შემდეგ განვითარებულ ჰორმონულ დეფიციტს. ამგვარად, აღდგება ის ჰორმონული წონასწორობა, რომელიც ორგანიზმში მენოპაუზამდე არსებობდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიისთვის, წესისამებრ, გამოიყენება ბუნებრივი ესტროგენები, განსხვავებით სინთეზურისგან, რომლებსაც კონტრაცეფციისთვის - ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოყოფის) დასათრგუნად იყენებენ.

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს ბუნებრივი ესტროგენები შეიძლება მივიღოთ ინექციების, ტაბლეტების ან პლასტირების სახით. ეს უკანასკნელი, დოზის შესაბამისად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ იცვლება. ესტროგენშემცველი გელების ყოველდღიური წაცხება ხელისგულისხელა არეზე ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორსაც პლასტირი. ვინაიდან ესტროგენები საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას უწყობს ხელს, მათი მასტიმულირებელი ეფექტის შეჩერების მიზნით მიღებულია მათთან ერთად გესტაგენების გამოყენება, რომლებსაც ქალის მეორე სასქესო ჰორმონის - პროგესტერონის ეფექტი აქვს.

მენსტრუაციული ციკლის შესაბამისად ამ ჰორმონების დანიშვნა (I ფაზაში - ესტროგენებისა, II ფაზაში კი - გესტაგენებისა) ქმნის ხელოვნურ მენსტრუაციულ ციკლს, მაგრამ კლიმაქსის პერიოდში, განსაკუთრებით - მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მენსტრუაციები ბევრ ქალს არ მოსწონს. ასეთ შემთხვევაში იყენებენ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის მეორე სქემას - ესტროგენებისა და გესტაგენების ერთდროულ მიღებას მუდმივ რეჟიმში, რაც მენსტრუაციას აღარ იწვევს. ასეთი სქემით გამოყენებისას გესტაგენები ავლენს დამცავ ეფექტს როგორც სარძევე ჯირკვლების, ისე საშვილოსნოს ლორწოვანის მიმართ. დადასტურებულია, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ამცირებს საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს. როდესაც ქალს ამოკვეთილი აქვს საშვილოსნო, დასაშვებია ესტროგენების გამოყენება გესტაგენების გარეშე.

- აქვს თუ არა ალტერნატივა ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას?

- ალტერნატივა არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ესტროგენ-გესტაგენების კომბინაცია. მცენარეული პრეპარატები (კატაბალახა, ჟენშენი, სალბი და სხვა), ჰომეოპათიური საშუალებები (კლიმადინონი), კონტრასტული შხაპი, ფიზიკური აქტივობა (სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით), აუტოტრენინგი ამცირებს ალების, დეპრესიის და სუბიექტური კლიმაქსური გამოვლინებების სიმძაფრეს, მაგრამ ვერაფერს აკლებს მენოპაუზის ისეთ მძიმე შედეგებს, როგორიც არის ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შარდის ბუშტის პრობლემები და სხვა.

- რამდენ ხანს გრძელდება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია?

- თუ თერაპია ტარდება კლიმაქსის მხოლოდ სუბიექტური გამოვლინებების (ალები, დეპრესია და სხვა) ჩასაცხრობად, მისი ხანგრძლივობა 3-5 წელს არ აღემატება. რაც შეეხება ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეულ ძვლოვან და გულსისხლძარღვოვან პათოლოგიებს, მათ თავიდან ასაცილებლად ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია 10-15 წელს მაინც უნდა გაგრძელდეს. საზოგადოდ, თერაპიის ზუსტი ხანგრძლივობა დაუდგენელია. მან შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე გასტანოს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ჰორმონების გამოყენება ზრდის სიმსივნეების განვითარების რისკს.

- კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ესტროგენგესტაგენური პრეპარატებით არათუ არ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც საშვილოსნოს, საკვერცხისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. რაც შეეხება სარძევე ჯირკვლების კიბოს, აქ ერთიანი აზრი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ვინაიდან ასაკთან ერთად კიბოს განვითარების ალბათობაც იზრდება, სასურველია, ქალმა ნებისმიერ შემთხვევაში რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური გასინჯვები მამოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან და გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან.

- იწვევს თუ არა ჰორმონული თერაპია წონის მატებას?

- როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დასაწყისში ქალები სწრაფად იმატებენ 2-3 კგ-ს, მაგრამ მოკლე ხანში წონის კლება იწყება, რამდენიმე თვეში კი იმ ქალების წონა, რომლებიც ჰორმონებს იღებენ, ნაკლებია, ვიდრე იმ ქალებისა, რომლებიც ჰორმონოთერაპიას არ იტარებენ.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 2249 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.0/1
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014