მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » მეხსიერების დარღვევა
00:49
მეხსიერების დარღვევა
მეხსიერება ტვინის ძირითადი, ქცევის წარმმართველი ფუნქციაა. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ სხვადასხვაგვარ სიტუაციაში, ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ზოგ შემთხვევაში კი გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა.

 ნათელია, რომ მეხსიერების სხვადასხვა ფორმის რეალიზაციაში სხვადასხვა ნერვული სტრუქტურა და მექანიზმი მონაწილეობს. ამის კვალობაზე, მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მეტად რთული შესასწავლი და გასაანალიზებელია. არც ისე ცოტა ხალხი უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, ზოგადად, ცუდ მეხსიერებას. ზოგ შემთხვევაში ეს მძიმე დაავადების (ალცჰაიმერის დაავადების, დისცირკულატორული ენცეფალოპათიის ანუ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის) სიმპტომია, ზოგ შემთხვევაში კი - მხოლოდ გადაღლა-გადაძაბვის შედეგი. მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ასთენიური სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გამოწვეული გადაღლა-გადაძაბვით და ამა თუ იმ გადატანილი დაავადებით);
  • მუდმივი სტრესი (სტრესული სიტუაციები);
  • ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობა (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავბრუხვევის შეტევები, კოორდინაციის დარღვევა, გულმავიწყობა და სხვა სიმპტომები).

ასთენიური სინდრომი
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით შეიგრძნობს ფიზიკურ და გონებრივ სისუსტეს. ამ მდგომარეობის მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექცია (გრიპი, პარაგრიპი და ა.შ.), მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა), ქალა-ტვინის ტრავმა, ენდოკრინული დაავადება (ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია) და სხვა. ასთენიური სინდრომის დროს აღინიშნება ყურადღების შესუსტება, დეპრესია, მადისა და ძილის დარღვევა. სერიოზული ცვლილებები ვლინდება მეხსიერების ფუნქციის თვალსაზრისითაც - ადამიანი ძნელად ითვისებს ახალ ინფორმაციას. თუ პაციენტი დროულად მიაკითხავს ექიმ-სპეციალისტს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
ასთენიური მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ იყენებენ:

  • ნეირომეტაბოლურ და ნეიროცირკულატორულ (ნოოტროპულ) საშუალებებს, რომლებიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ნერვულ უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესს, იცავს ნეირონებს ჟანგბადოვანი შიმშილისგან ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევისას და ა. შ.;
  • პოლივიტამინებს (ოპტიმალურად - მიკროელემენტებთან კომბინაციაში);
  • პრეპარატებს, რომლებიც ამაღლებს ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს, ჟენ-შენის, ჩინური ლიმონურას, ელეუტეროკოკის ნაყენს და სხვა;
  • წყლის პროცედურებს, მასაჟს, სამკურნალო ვარჯიშებს, ფიტოთერაპიას, ფსიქოთერაპიას და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობა
ადამიანის ორგანიზმში არის ხერხემლის (ვერტებრული) ორი არტერია, რომლებიც ლავიწქვეშა არტერიიდან გამოსვლისთანავე მიემართება გარეთა საძილე არტერიის უკან და მის პარალელურად, გვერდიდან უახლოვდება ხერხემალს, გადის კისრის VI-II  მალების განივ ხვრელებში, კეფის დიდი ხვრელის საშუალებით იჭრება ქალას ღრუში, იქვე უკავშირდება მოპირდაპირე თანამოსახელე არტერიას და ქმნის ძირითად არტერიას, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყაროა.

 თუ აღნიშნული არტერიები ამა თუ იმ მიზეზით შევიწროვდა, სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა და თავის ტვინის მუშაობაში ცვლილებები (აღქმის, მხედველობითი და სხვა სახის ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერების, ყურადღების, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა) იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი უჩივის:

  • შეტევითი ხასიათის თავბრუხვევას (ხშირად გულისრევითა და ღებინებით);
  • არამდგრადობას სიარულისა და დგომისას;
  • მხედველობის დაბინდვას და თვალებში ციმციმს;
  • მიმდინარე მოვლენების, ახალი ინფორმაციის დამახსოვრების შეუძლებლობას;
  • გულმავიწყობას (არ ახსოვს, სად დადო საჭირო ნივთი, ავიწყდება სახელები, ტელეფონის ნომრები და ა. შ.).

ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობის დროს პაციენტებს ინდივიდუალურად შერჩეული სქემით უნიშნავენ ნოოტროპულ და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს. გარდა ამისა, უტარებენ მეხსიერების წრთობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ვარჯიშებს. აუცილე-ბლად გაესინჯეთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას, გაარკვევს, რისი ბრალია მეხსიერების დარღვევა და სათანადო, რაციონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | ნანახია: 1635 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017