მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » ყლაპვის გაძნელების ნევროლოგიური მიზეზები
00:48
ყლაპვის გაძნელების ნევროლოგიური მიზეზები
ყლაპვის გაძნელება ზოგჯერ მძიმე ნევროლოგიური დაავადების ნიშანია. ყველაზე რთულია შემთხვევა, როდესაც დისფაგია გამოწვეულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, რაც, პირველ ყოვლისა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს. დისფაგია რომ განვითარდეს, უნდა დაირღვეს სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის ღეროში, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ნერვები, რომელთა დაზიანება ყლაპვის მოშლას იწვევს. დისფაგია ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროში ლოკალიზებულმა ენცეფალიტმა, გაფანტულმა სკლეროზმა და ტრავმამ, რომელსაც თავის ტვინის ღეროს დაზიანება მოჰყვება.
 ხშირია შემთხვევა, როდესაც ყლაპვის გაძნელება გამოწვეულია არა ორგანული, არამედ ფუნქციური ხასიათის დაავადებით. ამ დაავადებათაგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ნევროზული მდგომარეობა. ნევროზით დაავადებულები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების გამო ხშირად მიმართავენ გასტროენტეროლოგს. ბევრი ჩივის, რომ უჭირს ყლაპვა, თითქოს ყელში ლუკმა აქვს გაჩხერილი. ზოგჯერ ეზოფაგოსპაზმი ვითარდება ჭამის დროს ძლიერი ფსიქიკური განცდის შემდეგ და მერე საკვების თითქმის ყოველი მიღებისას მეორდება. ეზოფაგოსპაზმს საფუძვლად შეიძლება ედოს ძლიერი ემოციური აფექტური დარღვევა, მუდმივი შფოთვა და შიში ჭამის წინ. როდესაც ნევროლოგი ასეთ პაციენტს სინჯავს, იკვლევს, როგორია ხახის რეფლექსი, ნაქის შეკუმშვა, ამგვარად ადგენს, რომ დაზიანება არის არა ორგანული, არამედ ფუნქციური და სხვა ჩივილების გათვალისწინებით, რომლებიც ნევროზულ მდგომარეობას ამხელს, უნიშნავს შესაბამის მკურნალობას - სედაციურ, დამამშვიდებელ პრეპარატებს, ანტიდეპრესანტებს.
ხშირად ყლაპვის გაძნელება ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების შედეგია. ენდოკრინოლოგთან კონსულტაციისა და ორგანული დაზიანების გამორიცხვის შემდეგ დაისმის სათანადო მკურნალობის საკითხი.
დიდი მნიშვნელობა აქვს ხახისა და მბგერი იოგების მდგომარეობის შეფასებას, რაც ოტორინოლარინგოლოგების კომპეტენციაა - შესაძლოა, დისფაგია ლოკალური პროცესით, მაგალითად, ხორხსარქველის დაზიანებით, სიმსივნით, შუასაყარის ამა თუ იმ პათოლოგიით იყოს გამოწვეული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დისფაგია დაავადებების საკმაოდ ფართო დიაპაზონს მოიცავს, ამიტომ მის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.

- განსხვავდება თუ არა ყლაპვის გაძნელებასთან დაკავშირებული სიმპტომატიკა თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და ფუნქციური მოშლილობის დროს?

- ორგანული დაზიანების დროს უმთავრესად დაქვეითებულია ხახის რეფლექსი, მისი უკანა ზედაპირის შპადელით ან კოვზით გასინჯვა ღებინებას არ იწვევს, ნაქი დუნედ იკუმშება, შესაძლოა, დაშვებული იყოს მარჯვნივ ან მარცხნივ (ჩვეულებრივ, ის ხახის შუაში უნდა იდგეს). საზოგადოდ, ორგანულ და ფუნქციურ დაზიანებათა დიფერენცირება ნევროლოგისთვის ძნელი არ არის. ის ეფუძნება იმ სიმპტომების ჯაჭვს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, 90%-იანი სიზუსტით განვსაზღვროთ, ყლაპვის დარღვევა თავის ტვინში მიმდინარე ორგანული დაზიანებით არის გამოწვეული თუ ფუნქციურით.

- რა განასხვავებს ნევროგენულ დისფაგიას სხვაგვარი წარმოშობის, მაგალითად, ასტროენტეროლოგიური პრობლემებით გამოწვეული დისფაგიისგან?

- თავის ტვინის ორგანული დაზიანების შემთხვევაში უფრო მეტად ჭირს თხიერი საკვების, წყლის ყლაპვა, ხოლო ფუნქციური ანუ ნევროზული დისფაგიის დროს საკვების კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. ამასთანავე, ნევროზის შემთხვევაში ყლაპვის გაძნელება შესაძლოა პაციენტის სუბიექტური შეგრძნება იყოს.

- როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს, ყლაპვის აქტი ნორმალურად განახორციელოს?

- როდესაც დარღვევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით არის გამოწვეული, მკურნალობაში კომპლექსურად უნდა ჩაერთოს ყველა ის მედიკამენტი, რომელიც დაზიანების საირიგაციო ზონაში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, წესისამებრ, თან სდევს დეპრესიული სინდრომი, ამიტომ სამკურნალო კომპლექსში ანტიდეპრესანტებსაც ვრთავთ, რათა ემოციური ფონიც მოვაწესრიგოთ. თუ დაზიანება წმინდა ფუნქციური ხასიათისაა, მაშინ ინიშნება ფსიქოტროპული, სედაციური საშუალებები - გააჩნია, რომელი ჩივილია წამყვანი და რას უკავშირებს პაციენტი ყლაპვის გაძნელებას, რასაკვირველია, ვითვალისწინებთ ძირითად დაავადებას.

- რამდენად შედეგიანია ასეთ დროს ფსიქოთერაპიული სეანსები?

- მედიკამენტური თერაპიისა და ფსიქოთერაპიის ერთობლივი გამოყენება ძალიან შედეგიანია. ზოგჯერ ფსიქოთერაპია ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს. მისი მიზანია, პაციენტმა გაიაზროს ის ფსიქოლოგიური კონფლიქტი, რომელიც ნევროზის მიზეზს წარმოადგენს.

- დისფაგიის დროს მეტად მნიშვნელოვანია კვება, რაც ალბათ განსაზღვრულ სირთულეებს უკავშირდება. როგორ უნდა მიიღოს ავადმყოფმა საკვები?

- ღრმა ორგანული დაზიანებისას, შორს წასულ შემთხვევებში, ყლაპვის მკვეთრი გაძნელებისას, დაისმის ნაზოგასტრალური ზონდით კვების საკითხი.
თუ ყლაპვის გაძნელება სტრესით ან ფსიქოლოგიური მდგომარეობით არის გამოწვეული, ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზონდს ფსიქოთერაპიული ეფექტიც მოუხდენია - პაციენტს მისი ხსენებისთანავე დაუწყია ყლაპვა.

- არსებობს თუ არა საკვების ასპირაციის საშიშროება?

- ცხადია, არსებობს. საკვების სასუნთქ გზებში გადასროლა ასპირაციულ პნევმონიას იწვევს და მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს რომ არ მოხდეს, ექიმს ურჩევნია, პაციენტი ნაზოგასტრალური ზონდით კვებოს.

- როგორია დისფაგიის შედეგი ორგანული და როგორი - ფუნქციური დაზიანების დროს?

- ორგანული დაზიანების დროს პროგნოზი თვით ამ დაზიანების ფორმასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. დისფაგია ამ დროს მეორეული სიმპტომია და დაზიანების მკურნალობის კვალობაზე უკუვითარდება.
რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია შედეგი ფსიქოგენური ფაქტორებით გამოწვეული დისფაგიის მკურნალობის დროს, მაგრამ აქ დამატებით სირთულეს წარმოადგენს პიროვნებასთან ბრძოლა. ყოველ კერძო შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ძნელია, დაბეჯითებით ითქვას, რომ ყლაპვის დარღვევა ასიდან ასივე შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუმცა პირადად მე მქონია შემთხვევები, როდესაც პრობლემა წარმატებით მოგვარდა და დისფაგია უკუგანვითარდა. 

 


კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | ნანახია: 1662 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017