მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » ანტიბიოტიკები და ალერგია
00:43
ანტიბიოტიკები და ალერგია
ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ანტიბიოტიკების მიღება რომ არ დასჭირვებოდეს. მოსალოდნელია თუ არა ამ პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქცია? როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი გართულებები? რჩევისთვის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” ექიმ ალერგოლოგს ირინა დიდმანიძეს მივმართეთ.

 - არსებობს თუ არა ალერგიული რეაქციის განვითარების საშიშროება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს?

- მოდით, თავდაპირველად ვთქვათ, რა არის წამლისმიერი ალერგია. ამ ტერმინით აღნიშნავენ სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგად განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც იმუნური სისტემის დარღვევებს უკავშირდება.
ალერგიული რეაქციის გამომწვევ მედიკამენტებს შორის პირველი ადგილი ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, უმთავრესად - პენიცილინის ჯგუფისა და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს (ცეფალოსპორინებს) უკავია.

- ხომ ვერ დაგვისახელებთ ალერგიის განვითარების რისკფაქტორებს?

- არსებობს ფაქტორების მთელი წყება, რომელიც ხელს უწყობს ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციების განვითარებასა და გამოვლენას. ამ ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე:
 

  • სამკურნალო პრეპარატების ინტენსიური, ხშირად უმართებულო გამოყენება;
    წამლების ხელმისაწვდომობის (რეცეპტის გარეშე შეძენის შესაძლებლობის) გამო
  • თვითმკურნალობის ფართო გავრცელება;
  • პოლითერაპია - ერთდროულად რამდენიმე სამკურნალო საშუალების მიღება;
  • თანამდევი ინფექციური დაავადებები, რომლებიც თავისთავად არ წარმოადგენს ალერგიის მიზეზს, მაგრამ პროვოცირებას უწევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას და სათავეს უდებს ანტისხეულების გამომუშავებას სხვადასხვა, მათ შორის - წამლისმიერი ალერგენის საპასუხოდ. შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითი: ავადმყოფს, რომელსაც აქვს ტერფის სოკოვანი დაავადება, ხშირად უვითარდება ალერგია პენიცილინზე.

რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ასევე გენეტიკური და კონსტიტუციური თავისებურებანი, ასაკი, სქესი, ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობაც.
თუ მშობლებს აქვთ ალერგია ანტიბაქტერიულ პრეპარატებზე, შვილი ამ ტიპის რეაქციის განვითარების 15-ჯერ მაღალი რისკის წინაშე დგას.
წამლისმიერი ალერგია იშვიათად უვითარდებათ მცირეწლოვან ბავშვებსა და ასაკოვან პირებს და უფრო მსუბუქადაც მიმდინარეობს.
ქალებს მამაკაცებთან შედარებით 35%-ით უფრო ხშირად უვლინდებათ კანისმხრივი ალერგიული რეაქცია.

- ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი ალერგიულმა რეაქციამ? ყველაზე ხშირად რომელი ანტიბიოტიკები იწვევს ასეთ მოვლენებს?

- უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიული რეაქცია ვითარდება პრეპარატის მხოლოდ განმეორებითი მიღებისას. ამ შემთხვევაში რეაქცია მოსალოდნელია მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ადამიანმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ესა თუ ის პრეპარატი უკვე მიღებული აქვს, მაგალითად, შესაძლოა, ოდესმე ნაჭამი ჰქონდეს ხორცი, რომელიც პენიცილინს შეიცავს. ამას ფარულ სენსიბილიზაციას ვუწოდებთ. ამ დროს ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის შეყვანიდან 30 წუთის შემდეგაც კი.
როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ანტიბიოტიკებიდან ალერგიულ რეაქციას ყველაზე ხშირად პენიცილინი და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები (ცეფალოსპორინები) იწვევს.

- შესაძლოა თუ არა, ალერგიული რეაქციის განვითარება მემკვიდრეობითი ფაქტორით იყოს განპირობებული?

- მემკვიდრეობითი განწყობა ალერგიის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ დედა ან მამა ალერგიულია, ალერგიის განვითარების ალბათობა 30-40%-ს აღწევს. თუ ორივე მშობელს აღენიშნება ალერგია, რისკი 70-75%-ს უტოლდება.


- როგორი ფორმით შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება თითოეული მათგანი?

- პირველ ყოვლისა, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ არსებობს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია, რომელიც განპირობებულია იმუნური სისტემის ფუნქციონირების დარღვევით და ფსევდოალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღებისას, ორგანიზმში წამლის არასწორი შეყვანის გამო, ტოქსიკური რეაქციით, თავად პრეპარატის გვერდითი მოვლენებით...
წამლისმიერი ალერგიის კლინიკური სიმპტომები პოლიორგანული და პოლიმორფულია. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს წარმოადგენს გამონაყარი კანზე. შეიძლება გამოვყოთ ალერგიული კონტაქტური დერმატიტი - კანის დაზიანება მედიკამენტთან უშუალო კონტაქტის ადგილებზე. მისი წარმოშობის მიზეზია მედიკამენტები, რომლებიც შედის მალამოების, კრემებისა და გელების შემადგენლობაში. ანტიბიოტიკებიდან კონტაქტურ დერმატიტს ყველაზე ხშირად იწვევს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (ნეომიცინი, ამიკაცინი, გენტამიცინი).
წამლისმიერი ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ჭინჭრის ციება და კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება.
ჭინჭრის ციების მთავარ კლინიკურ სიმპტომს წარმოადგენს ერითემული (მოწითალო) მქავანა ბებერა. გარეგნულად გამონაყარი ჰგავს ჭინჭრის ნასუსხს ან კოღოს ნაკბენს.
კვინკეს შეშუპების დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. შეშუპება ასიმეტრიულია, თან სდევს უმნიშვნელო ქავილი. შესაძლოა, განვითარდეს რესპირატორული სიმპტომებიც - სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მსტვენი სუნთქვა.
წამლისმიერი ალერგიის დროს ადგილობრივ, კანისმხრივ რეაქციასთან ერთად მოსალოდნელია მძიმე სისტემური რეაქციებიც - ანაფილაქსიური შოკი, ბულოზური დერმატოზი (ლაიელის და სტივენს-ჯონსონის სიმპტომი).
წამლისმიერი ანაფილაქსიური შოკი გამოირჩევა კლინიკურ გამოვლინებათა სიმძიმით და პროგნოზის სერიოზულობით. კლინიკური ნიშნებია შიშის, სისუსტის შეგრძნება, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციების მსგავსი მქავანა გამონაყარი, კანის, ლორწოვანი გარსებისა და ხორხის შეშუპება, ქოშინი, მსტვენი სუნთქვა, არტერიული წნევის დაცემა.
ბულოზური დერმატოზი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელსაც ახასიათებს კანისა და ლორწოვანი გარსების ბულოზური (ბებერული) დაზიანება, ეპიდერმისის ნეკროლიზი თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციის დარღვევით.

წამლისმიერი ალერგიის დროს ასევე შეიძლება დაზიანდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ჰეპატობილიარული სისტემა - ალერგიის ფონზე ვლინდება გასტროინტესტინური სიმპტომები, ვითარდება ღებინება, მუცლის მოვლითი ტკივილები, კუჭის მოქმედების დარღვევა.
მინდა ვახსენო მწვავე და ქრონიკული წამლისმიერი ალერგიული ჰეპატიტიც. ალერგიული და ტოქსიკური ჰეპატიტი კლინიკურად მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ ალერგიული ჰეპატიტის დროს ალერგენის მოხსნის შემდეგ დაავადების სიმპტომები უკუვითარდება და ღვიძლის ფუნქციათა მაჩვენებლები (ალტ, ასტ და სხვა) ნორმას უბრუნდება.
გამორიცხული არ არის გულის, თირკმელებისა და სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა წამლის ფორმას?

- ალერგიული რეაქციის განვითარება, არსებითად, არ არის დამოკიდებული სამკურნალო საშუალების დოზასა და ორგანიზმში შეყვანის გზაზე, თუმცა წამლისმიერი ალერგიის განვითარების რისკი იმატებს პრეპარატის მაღალი დოზით პარენტერალური (ინექციური) მიღების დროს.

- საჭიროა თუ არა ალერგიული სინჯის ჩატარება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების წინ? რა სინჯები ტარდება ამ დროს?

- თუ პაციენტს ანამნეზში მითითებული აქვს ალერგიული რეაქცია რომელიმე მედიკამენტზე, ბრონქული ასთმა, საკვებისმიერი ალერგია და სხვა, არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად სასურველია სამკურნალო ტესტირების ჩატარება. არსებობს ორი სახის ტესტირება: სისხლის (ინ ვიტრო) კვლევა და კანის სინჯები. კანის სინჯები ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევის მომენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ან უშუალოდ სამკურნალო საშუალების შეყვანის წინ. ამ ტესტების ჩატარებამდე აუცილებელია ალერგიული და ფარმაკოლოგიური ანამნეზის გულდასმით შეკრება მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციის გამოსარიცხად.
კანის სინჯების უკუჩვენებაა ანამნეზში ანაფილაქსიური შოკისა და მწვავე ტოქსიკოალერგიული რეაქციების არსებობა (ლაიელისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომები).
უფრო უსაფრთხო და ზუსტ მეთოდს წარმოადგენს წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტირების ინ ვიტრო მეთოდი - კვლევის წარმოება სისხლზე ლაბორატორიულ პირობებში.

- ძნელია თუ არა ანტიბიოტიკებზე ალერგიის დიაგნოსტირება?

- როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში გულდასმით უნდა იქნეს შეკრებილი ალერგიული ანამნეზი. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს წამლის ტესტირება. ყოველივე ამის საფუძველზე ალერგოლოგი დასვამს ან გამორიცხავს წამლისმიერი ალერგიის დიაგნოზს.
აქვე უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო საშუალებებისადმი ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციის დიფერენცირებას წამლის გვერდითი ეფექტისგან - ეს უკანასკნელი ხშირად ალერგიაში ერევათ.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ანამნეზში ანტიბიოტიკებზე ალერგიული რეაქცია აღინიშნება, მაგრამ მათი მიღება აუცილებელია?

- უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ექიმ ალერგოლოგის კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეარჩევს მკურნალობის ადეკვატურ სქემას. სადღეისოდ ჩვენს არსენალში მოიპოვება სხვადასხვა ჯგუფის უამრავი ანტიბიოტიკი და პრაქტიკულად ყოველთვის შეიძლება სამკურნალო პრეპარატის შეცვლა.

- როგორ მოვიქცეთ ალერგიის შემთხვევაში?

- მკურნალობის დროს არასასურველი მოვლენების განვითარებისთანავე უნდა შევწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატის მიღება, დავიწყოთ ანტიჰისტამინური საშუალებების (ტელფასტი, კლარიტინი), ენტეროსორბენტების (გააქტიურებული ნახშირი, ეუკარბონი) მიღება და სასწრაფოდ მივმართოთ ალერგოლოგს შემდგომი მკურნალობის სქემის შესარჩევად.

- როგორ გადავურჩეთ წამლისმიერ რეაქციებს?

- მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად სასურველია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

  • ერიდეთ თვითმკურნალობას და ზუსტად შეასრულეთ ექიმის დანიშნულება.
  • აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს თანდართული ავადმყოფობისა და ნებისმიერი პრეპარატის თვითნებური მიღების შესახებ.
  • ნუ გადააჭარბებთ წამლის რეკომენდებულ დოზას.
  • ანამნეზში ალერგიული რეაქციის არსებობისას, ოპერაციული ჩარევის ან კბილის ექსტრაქციის წინ საჭიროა ტესტირება ოპერაციის დროს აუცილებლად გამოსაყენებელ წამლებზე, პრემედიკაცია (პრედნიზოლონის, დექსამეტაზონის და ტავეგილის შეყვანა) ოპერაციულ ჩარევამდე 1 საათით ადრე.
    ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ ალერგოლოგის მიერ ალერგოანამნეზის ყურადღებით შეკრება და კონსულტაცია.
კატეგორია: ანტიბიოტიკები | ნანახია: 1710 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017