მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » სახის კანზე მოქმედი მავნე ფაქტორები
00:32
სახის კანზე მოქმედი მავნე ფაქტორები
როგორც კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, სახის კანის პირველი მტერი თამბაქოა. მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ მწეველთა რიცხვი ქართველ გოგონებსა და ქალებს შორის ძალიან დიდია.
თამბაქოს თანდათანობითი შემპარავი ზემოქმედება სახის კანის მკვებავ სისხლძარღვებზე გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. იგი "ჭამს" სახის კანს, უკარგავს მას ელასტიურობას, არღვევს მის კვებას, უცვლის ფერს. ქალებს, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან, სახეზე ნაცრისფერი გადაჰკრავთ, კანი მშრალია, ხოლო მასზე არსებული ბუსუსები გაუხეშებული. ამ დროს განვითარებული ცვლილებები შეუქცევადია. პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ მოწევას თავს დავანებებთ და მთელ რიგ რეაბილიტაციულ პროცედურებს ჩავატარებთ, მაგრამ პირვანდელი სახის კანის დაბრუნება შეუძლებელია.
კოსმეტოლოგები ურჩევენ ახალგაზრდა გოგონებს, სანამ პირველ სიგარეტს ხელში აიღებენ, კარგად გაიაზრონ, ღირს თუ არა, სილამაზე ნაადრევად ანაცვალონ მავნე სიამოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ცხოვრების თანამგზავრად გაიხადონ თამბაქო.
გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ასევე ახდენს გავლენას ჭარბი ალკოჰოლის მიღება, მზის აბაზანები (არის კანის ტიპი, რომელსაც მზის აბაზანები საერთოდ არ უხდება), სტრესის პირობებში ცხოვრება. მისი თავიდან აცილების საშუალებაა არსებული სიტუაციის სწორი შეფასება, ობიექტურობა, მოყვასის სიყვარული, უცხო ადამიანების პატივისცემა, სხვისი აზრის ანგარიშის გაწევა, სხვისი თანადგომისა და დახმარების სურვილი, ზოგჯერ საკუთარი სიამაყის დაძლევა.
სრულებით უსაფრთხო არც სუნამოა. სუნამოს უმეტესი ნაწილი ე. წ. ბერგამოტის ზეთს შეიცავს, რომელიც კანზე მოხვედრისას, მზის სხივებისადმი კანის მგრძნობიარობას ზრდის. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მდგრადი ყავისფერი პიგმენტაცია, ანუ ლაქების გაჩენა. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია მისი ყელზე ან სახის რომელიმე ნაწილზე პკურება. უმჯობესია მისი წასმა ყურებს უკან, ყელის ქვედა ნაწილზე.
ზომიერებაა საჭირო მალამოს ხმარების დროსაც. ძნელია გაერკვე იმ მალამოების ზღვაში, რომელთაც ასე მომხიბლავად წარმოგვიდგენენ რეკლამაში ცნობილი ფირმები. რეკლამა ხშირად ერთი და იგივე პროდუქციას მყიდველებს სხვადასხვანაირი შეფუთვით სთავაზობს. მალამომ, რომელიც ჯიხურში და სუპერმარკეტებში იყიდება, ზიანი შეიძლება არ მოგიტანოთ, მაგრამ კარდინალურად ვერ დაგეხმარებათ. სასურველია სამკურნალო მალამოს სამედიცინო დაწესებულებაში შეძენა და სპეციალისტის კონსულტაცია.
მართალია, სიახლე კოსმეტოლოგიაში ძალიან იშვიათია, მაგრამ სულ ახლახან მართლაც საოცარი მალამო გამოჩნდა. გერმანიაში შექმნეს ახალი გელი, რომელიც აღწევს უჯრედებში, მის ბაზაზე შეიქმნა მალამო, რომლის ეფექტიც ბოტოქსის ინექციას უტოლდება.
ძვირფასო ქალებო! თქვენი სილამაზე თქვენს ხელთაა. მთავარია სურვილი. გახსოვდეთ, ბრძენს უთქვამს: "ჯობს თავიდან აიცილო, ვიდრე იმკურნალო!" ამიტომ თქვენი ჯანმრთელობის დაცვა თქვენი სილამაზის, განწყობის, სრულყოფილი ცხოვრების საწინდარია.
კატეგორია: ალერგია | ნანახია: 940 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017