ბრონქიტი - 31 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » ბრონქიტი
22:56
ბრონქიტი

ბრონქიტი სასუნთქი გზების (ბრონქების) ანთებითი დაავადებაა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. მწვავე ბრონქიტი ვითარდება გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ყივანახველას, წითელას, დიფტერიის ფონზე. ამ დროს ლორწოვანში შეძლება გამრავლდეს ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი  ინფლუენცის ჩხირი, პნევმოკოკი და სხვა. ხშირად ბრონქიტი ალერგიული წარმოშობისაა. იგი შეიძლება მოჰყვეს გამღიზიანებელი ნივითიერების, მტვერის აეროზოლისა და ორთქლის შესუნთქვას. ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს გაცივება, ცივი და ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა, ამიტომ იგი უფრო ხშირია ნესტიან და ცივ სეზონზე, შემოდგომით და გაზაფხულზე ამინდის გარდატეხის პერიოდში. ბრონქიტით ხშირად და გახანგრძლივებულად ავადმყოფობენ სხვა ქრონიული დაავადებებით დასუსტებული პირები.

დაავადების ძირითადი ნიშანია ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალი ხასიათისაა, ერთი-ორი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, მონაცრისფრო მოყვითალო ნახველის გამოყოფა. ხშირად ბრონქიტს თან ახლავს სურდო. ავადმყოფს აწუხებს ფხაჭნის გრძნობა, ზოგჯერ კი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შებოჭვის გრძნობა გულმკერდში. ძლიერი ხველისგან ტკივილი შეიძლება დაეწყოს ფერდებში ან მუცლის ზედა ნაწილის კუნთების არეში. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს.

ალერგიული ბრონქიტის დროს ძლიერი სპაზმის გამო შეიძლება განვითარდეს ქოშინი ამოსუნთქვის გაძნელებით.

მწვავე ბრონქიტის მიმდინარეობა ბევრად არის დამოკიდებული იმ ძირითად დაავადებაზე, რომლის ფონზეც იგი განვითარდა. ჩვეულებრივ მოვლენები სწრაფად ქრება, ერთი კვირის განმავლობაში წყნარდება ხველა და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის დაავადების დროს ბრონქიტი შეიძლება რამდენიმე კვირითაც გახანგრძლივდეს.

მწვავე ბრონქიტის ნიადაგზე შეიძლება განვითარდეს გართულება - ფილტვების ანთება. ძალიან სახიფათოა გახანგრძლივებული და განმეორებითი მწვავე დაავადება, მით უფრო თუ იგი ცუდათ არის ნამკურნალევი, რადგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიული ბრონქიტი. ამიტომაა, რომ დაავადების ყოველი შემთხვევა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს და სრულიად გაუმართლებელია ის აზრი რომ მწვავე ბრონქიტი იოლი, ,,უბრალო’’ დაავადებაა.

იოლ შემთხვევაში მწვავე ბრონქიტს ბინაზე მკურნალობენ. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცივ ჰაერზე გამოსვლას, ბევრ ლაპარაკს, იმყოფებოდეს თბილ, მშრალ ოთახში, ერიდოს ყოველგვარ სუნსა და მტვერს. თუ ჰაერი ზედმეტადაა გამომშრალი შეიძლება ღუმელზე დაიდგას წყლიანი ჭურჭელი, საჭიროა მტვერების გადაწმენდა სველი ტილოთი. საჭმელი ასევე სასმელი ავადმყოფს უმჯობესია მიეცეს თბილი. კარგია ჩაი ჟოლოს მურაბით ან ცაცხვის ყვავილით, კომშის გულისა და ქერქის ნახარში ან მურაბა, რძე სოდიანი ან მინერალური წყლით, მოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვა. შვება მოაქვს ფეხის ცხელ აბაზანას, რომელსაც დამატებული აქვს ცოტაოდენი მდოგვი. ძლიერი ხველების დროს ავადმყოფი საწოლში უნდა წამოვსვათ ან სკამზე უნდა დავსვათ. არ არის საჭირო ავადმყოფის ზედმეტი ჩათბუნება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს, ოფლიანობა და ხელმეორედ გაცივება.

ექიმის დანიშნულებით იხმარება მთელი როგი მედიკამენტებისა: ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ამოსახველებელი საშუალებები, ხველის დამაწყნარებელი და ბრონქოსპაზმის მომხსნელი საშუალებები.

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | ნანახია: 1334 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016