მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 31 » ართროზი
23:06
ართროზი

ხშირად ამბობენ, ადამინი მარილების ჩალაგებით ავადმყოფობსო. მედიცინაში ასეთი სახის დაავადება ცალკე სახელწოდებით არ არის ცნობილი, მაგრამ ადამიანის ქსოვილებში უხსნადი მარილების ჩალაგება საკმაოდ ხშირი მოვლენაა.  ასე ხდება სახსართა დისტროფიული (გადაგვარება) დაავადების-ართროზის დროს. ეს დაავადება გავრცელებულია მოხუცებულებში, მაგრამ იშვიათად როდი გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც. ართროზი ხშირად უვითარდებათ იმ პირებს ვისაც აქვთ ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრამვა სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭარბი სიმსუქნე,  გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.

ქსოვილებში ლაგდება კალციუმის და ფოსფორის მარილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრის არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები (ეგზოტოზები) აწვებიან ირგვლივ მდებარე ქსოვილებს და იწვევენ ტკივილს, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით მტკივნეული და შემაწუხებელია ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა, ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებები.

დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილებები. ხშირად მარილების გროვებს და ძვლოვან წანაზარდებს რენდგენოლოგიური გამოკვლევისას ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი არ აწუხებს. თუ ცვლილებები ხერხემალშია, ე.წ. სპონდილოართროზის დროს ადამიანს აწუხებს ტკივილი კისერში, ზურგში, გულმკერდში, წელში, შეიძლება თავიც ატკივდეს. ხშირად ტკივილი ვრცელდება წინისკენ: ფერდებში, ხელებში, რადიკულიტის ან იშიაზის სახეს იღებს. ტკივილს იწვევს ხერხემლს მოხრა. უეცარი შემობრუნება, სიმძიმის აწევა. წოლისას ადამიანი ცდილობს შეარჩიოს ისეთი მდგომარეობა, რომელიც აწყნარებს ტკივილს.

სახსრების ირგვლივი გაჩენილი წანაზარდები, იწვევს შესაბამისი არის-მუხლის, კოჭის ბარძაყის, მხრის იდაყვის, თითების ფალანგებისა და სხვათა ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას. დროთა განმავლობაში ხდება სახსრების დეფორმაცია (მოყვანილობის შეცვლა), დამახინჯება მოძრაობის შეზღუდვა. ქუსლის ძვალზე წანაზარდის, (დეზის) გაჩენა იწვევს ტკივილს სიარულისა და   დგომის დროს. მძიმე შედეგებს-სახსართა დარღვევამდე და კიდურის დამოკლებამდე - იძლევა ბარძაყის სახსრის დაზიანების (კოქსართროზი) მძიმე ფორმა.

განსაკუთრებით ცუდათ გრძნობს თავს ადამიანი ცივ  და ნესტიან ამინდში. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლილობის გავლენით. მსუბუქ შემთხვევაში ტკივილი შეიძლება მხოლოდ დილით იყოს, ხოლო მოძრაობის, სიარულის გავლენით დაწყნარდეს.

ამ დაავადების განვითარების და მისი მძიმე შედეგების საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობითი აქტივობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს, რომ მოძრაობდეს ყველა სახსარი. ვარჯიშის ჩატარება შესაძლებელია სამკურნალო ფიზკულტურის კაბინეტებში, ჯანმრთელობის ჯგუფებში.

იმ შემთხვევასი თუ მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები (რადიკულიტი, სახსართა დაზიანება), ფიზიკური ვარჯიში უნდა წარიმართოს სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტის რჩევით. ტერფისა და ქუსლის ტკივილის დროს მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის შერჩევას ქუსლის ქვეშ პატარა ბალიშის დადებას. ადამიანი, რომელსაც გამოაჩნდა ართროზის პირველი ნიშნები, ბევრს უნდა მოძრაობდეს, დადიოდეს. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და აბრკოლებს დაავადების შემდგომ მიმდინარეობას.

ხერხემლის არეში ცვლილებების დროს, რასაც თან ახლავს ტკივილი, ყურადღება უნდა მიექცეს საწოლს. ტკივილს აძლიერებს ზედმეტად რბილი საწოლი, მაღალი სასთუმალი. უმჯობესია ადამიანი იწვეს სწორ საწოლზე, ტახტზე, რომელსაც დაფენილი აქვს რბილი ლეიბი. თავის და კისრის ტკივილის დროს შვება მოაქვს კეფის არეში ვიწრო მუთაქის ამოდებას, თავქვეშ საკმარისია ერთი ბალიშის დადება. მნიშვნელობა აქვს ბავშვობიდანვე სწორ ჯდომას და გამართული სიარულის ჩვევის გამომუშავებას.

კვება ჩვეულებრივი უნდა იყოს. საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული დიეტა. მხოლოდ იმათთვის ვისაც აქვთ ნივთიერებათა დარღვევა სიმსუქნის სახით, უნდა შეიზღუდოს საკვები, კერძოდ, პურეული, ტკბილეული, ცხიმეული და საერთო ყუათიანი კერძები, იმ მიზნით რათა ადამიანი ნორმალურ  წონამდე გახდეს. სწორი არ არის თითქოს მლაშე საჭმელი აძლიერებს ქსოვილებში მარილების ჩალაგებას. სუფრის მარილი ქლორნატრიუმია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა სახის ნივთიერებები - კალციუმი და ფოსფორი ლაგდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არააქვთ. ამ თვალსაზრისით ადამიანის საკვები ნორმალური რაოდენობით უნდა შეიცავდეს მარილს.

ექიმის რჩევით ინიშნება თბილი აბაზანები, ტალახი, პარაფინი, სხვადასხვა ფიზიოთერაპიული პროცედურები, მასაჟი. საკურორტო მკურნალობა ხორციელდება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, წყალტუბოში, მენჯში, ცაიშში, ახტალაში და სხვაგან სადაც არის თბილი სამკურნალო წყლებით პროცედურის მიღების საშუალება. მედიკამენტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მძიმე შემთხვევბში, როდესაც ძვლებში რღვევითი პროცესები აღინიშნება მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.

კატეგორია: სახსრების დაავადებები | ნანახია: 5631 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.7/11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024