მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 28 » განგაში - სისხლდენა ღრძილებიდან
17:29
განგაში - სისხლდენა ღრძილებიდან
ბევრისთვის უმნიშვნელო სიმპტომი - ღრძილებიდან სისხლდენა შეიძლება სერიოზული პრობლემის მანიშნებელი იყოს. სისხლდენის ინტენსივობა შეიძლება სხვადასხვა იყოს: შესამჩნევი იყოს კბილების ხეხვისას, მაგარი საკვების, მაგალითად ვაშლის ჩაკბეჩისას, ან იწყბოდეს თვითნებურად. ეს ნიშნები ღრძილების სხვადასხვა სიმძიმის დაავადებაზე მეტყველებს.

გინგივიტი - კბილის გვირგვინის ირგვლივ მდებარე ღრძილის ანთებაა, რომელიც ღრძილების დაავადების საწყისი ეტაპია და მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ადვილად შეიძლება პაროდონტიტში გადაიზარდოს.

პაროდონტიტი კი კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთებაა, როგორც ღრძილის, ასევე ფესვის ირგვლივ მდებარე ძვლის. ანთების შედეგად ძვალი განილევა და ფესვი შიშვლდება. ამავდროულად ანთებადი ღრძილი შეშუპებულია, სისხლმდენია და მოლურჯო შეფერილობისაა. კბილი იწყებს მორყევას.

როგორც გინგივიტი, ასევე პაროდონტიტიც ნადების ინტენსიური დაგროვებით ხასიათდება, რომელიც ღრძილსა და კბილის ფესვს შორის გაჩენილ პათოლოგიურ ჯიბეში ლაგდება და დროთა განმავლობაში მინერალიზაციას განიცდის. ასე წარმოიქმნება კბილის ქვა, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილს და ადვილად არ შორდება, მაგალითად კბილების ხეხვისას. ვინაიდან კბილის დიდი რაოდენობით პათოლოგიურ მიკრობებს შეიცავს, მუდმივად იწვევს ირგვლივმდებარე ქსოვილების ინტოქსიაკაციას და მიმდინარე ანთებით პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს.

პაროდონტიტის "წყალობით" ადრეულ ასაკში იკარგება ჯანმრთელი კბილები. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეგულარული პროფესიული წმენდა, რომელსაც სტომატოლოგი ასრულებს. მისი მიზანია კბილის ზედაპირიდან რბილი და მაგარი ნადების მთლიანად მოშორება, რის გარეშეც ყოველგვარი ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება უშედეგოა.

კბილების მნიშვნელოვანი მორყევისას ხშირად მიმართავენ შინირებას. ამისათვის გამოიყენება სპეციალური მინაბოჭკოვანი ლენტები, რომელიც პირის ღრუს მხრიდან ფიქსირდება რამოდენიმე კბილზე და აერთიანებს მათ ერთ ბლოკში. კბილები აღარ ირყევა და ამის გამო აღარ ატრავმირებს ირგვლივმდებარე ქსოვილებს.

ღრძილებიდან სისხლდენის იგნორირებას ხშირად მძიმე შედეგები მოჰყვება, ისევე როგორც არასწორ მკურნალობას. ძალიან ხშირად პაციენტი მიმართავს თვითმკურნალობას სხვადასხვა ოჯახური მეთოდებით. ამის გამო ხშირად დაავადების სურათი იშლება, სისხლდენაც გარკვეული დროით შეიძლება შეწყდეს. ანთებითი პროცესი კი გრძელდება და უფრო პროგრესირებს.
"პირველადი დახმარება" ამ შემთხვევაში უბრალოდ პროფესიული წმენდის ჩატარებაა. შემდგომ კი აუცილებელია ექიმის რჩევა-დარიგებების გათვალისწინება.

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 974 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017