თუ "უფროსობა" გაშინებთ - 27 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 27 » თუ "უფროსობა" გაშინებთ
00:04
თუ "უფროსობა" გაშინებთ
ხელმძღვანელის შიში მიეკუთვნება სოციალური ფობიების რიგს. ეს არის პანიკური შიში იმისა, რომ "ბოსი" უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ სხვების წინაშე. საბოლოოდ კი გეშინიათ მისი და სხვა ავტორიტეტული თანამშრომლების. განიცდით შიშს შესაძლო შეცდომების გამო და ამიტომ უარს ამბობთ წინ წაწევის მცდელობებზე, ან პროფესიონალური წინადადებით გამოსვლაზე. ასე რომ, ვიდრე სამსახურში წასვლის სურვილის არ ქონას მიაწერდეთ "ბოროტ" ხელმძღვანელს, კარგი იქნებოდა გაგეანალიზებინათ საკუთარი საქციელი და გაგეგოთ, ხომ არ მალავთ ამის უკან ჩავარდნისა და კრიტიკის შიშს?

შიშის პოლუსები:
შევთანხმდეთ თავიდანვე: შიში "ბოსის" წინაშე შეიძლება იყოს რაციონალური და ირაციონალური. რაციონალური (გამართლებული) შიში დაფუძნებულია რეალურ საშიშროებაზე, რომელიც ადამიანისაგან მოდის: იგი უყვირის უკლებლივ ყველას, გამუდმებით გაშინებთ გათავისუფლებით, შეურაცხყოფს ხელქვეითებს, ატერორებს მათ, ვინც არ უყვარს, შეიძლება ისროლოს ქაღალდები, ამცირებს კოლექტივის წევრებს სხვა წევრების თანდასწრებით, ხელქვეითების სამუშაოს შეფასებისას ამახინჯებს ფაქტებს და ა.შ.

რა თქმა უნდა თუ ასეთი ხელმძღვანელი გყავთ, ძნელია არ მიიღოთ ნერვული ტიკი და არ განიმსჭვალოთ ცხოველური შიშით. სულ სხვა საქმეა, თუ "შეფი" სულაც არ არის მონსტრის მსგავსი არსება: ადეკვატურად რეაგირებს სიძნელეებზე, რომლებიც მუშაობის დროს აღმოცენდება, არ ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი ყოვლისშემძლეობა, შეუძლია კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება, მზადაა დაეხმაროს ხელქვეითს, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გაგათავისუფლებთ, თუ თხოვნას სწორად დაუსაბუთებთ, და არ დაგხვრეტთ დაგვიანებისათვის.

მაგრამ მსგავსი ხელმძღვანელის ყოლის დროსაც კი ზოგიერთი ახერხებს კვდებოდეს შიშით. ეს შიში ირაციონალურია (გაუმართლებელი) და შეიძლება სერიოზულად გაგირთულოთ ცხოვრება, აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ამან შეიძლება ჯვარი დაუსვას თქვენს კარიერას. ქალი, რომელსაც ეშინია ხმის ამოღების, რათა არ მიიქციოს "ბოსის" ყურადღება, ან კიდევ უარესი, არ გამოიწვიოს მისი განრისხება, თუკი მიაღწევს რაიმე თანამდებობას, ეს იქნება არც თუ დიდი თანამდებობა და არც თუ დიდი ხნით.

ხელმძღვანელი მგელი არ არის
საქმე თანამდებობაშიც არ არის, არამედ ქალის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეგრძნებებში, რომელიც დღე-ღამეში 8 საათი, ხოლო კვირაში 5 დღე შიშით კვდება. მისთვის აუცილებელია გარდაქმნას საკუთარი თვითშეგნება ისე, რომ ისწავლოს შიში მაშინ, როცა ნამდვილად არსებობს საშიშროება. მაგრამ ამაშია მთავარი სირთულე – მას ეშინია სტატუსის, "პატრონის", შეუზღუდავი უფლებებით, და არა რეალური ადამიანის - მისი სისუტეებით და ნორმალური ადამიანური პრობლემებით.

თუ ხელმძღვანელისა და ხელქვეითის ურთიერთობას განვიხილავთ "მგელი და კრავის" პრინციპით, მაშინ თქვენ ნებისმიერი ხელმძღვანელის შეგეშინდებათ. თუ საკუთარ დამოკიდებულებას გადააფასებთ შემდეგი სქემით: "გურუ – მოსწავლე", "რეჟისორი – მსახიობი", "ძლიერი პერსონა – ძლიერი პერსონის მოკავშირე", ირაციონალური შიში უკან დაიხევს.

რას ფიქრობს "ბოსი"?

ხშირად შიში მის წინაშე წარმოიშობა იმის გამო, რომ თქვენ ვერ იგებთ მისი საქციელის მოტივებს. ცდილობთ რა, ჩაიხედოთ მის გულში, გრძნობთ ბოროტ განზრახვას მის საქციელში. მაგრამ ეს არ არ ნიშნავს იმას, რომ მისი საქციელი თქვენს მიმართ ბოროტებაზე მეტველებს. ამას გარდა, ყველა ხელმძღვანელი არ არის კარგი აღზრდილი. შესაძლოა, ეს იყოს შიშის მიზეზი ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ არა ხანგრძლივი სტრესის. ისწავლეთ ადამიანებში უკეთ გარკვევა და მათი საქციელის ინტერპრეტირება! სცადეთ ეს ახლავე:

მაშ ასე, თქვენი "ბოსი":
გამუდმებით გიყვირით
პირველი ვერსია: თქვენ არც თუ კარგი ხართ მუშაობაში, "შეფის" უხეშობა – ეს არის უკმაყოფილება თქვენი არაპროფესიონალიზმით. მეორე ვერსია: იგი თავშეუკავებელია და ყველას უყვირის, უბრალოდ გეჩვენებათ, რომ თქვენ – უფრო მეტს. მესამე ვერსია: სხვები არ აძლევენ ყვირილის უფლებას, ხოლო თქვენ კი დუმხართ, ჰოდა "შეფიც" თქვენზე ანთხევს ბოღმას. მეოთხე ვერსია: თქვენ მას აღიზიანებთ.

სხვებთან შედარებით უფრო ხშირად გიძახებთ "ხალიჩაზე"
ჯერ ერთი, ვიღაცამ უნდა მოახსენოს განყოფილების მუშაობის შესახებ – და რატომ არა თქვენ? მეორე: ყველა ხელმძღვანელს სურს მოისმინოს გამართულად შედგენილი ანგარიში, ხოლო თქვენ, ალბათ, იცით ამის გაკეთება. მესამე: ხშირად უნდათ მათი ნახვა, ვისთან ურთიერთობაც სასიამოვნოა. იქნებ უბრალოდ მოსწონხართ თქვენს "შეფს"?

უარს გეუბნებათ მიღებაზე, ან გაუთავებლად გადადებს ხოლმე შეხვედრას
ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. 1 ჰიპოთეზა: მას არ აინტერესებს თქვენი იდეები, ამას პირდაპირ არ გეუბნებათ, და იმედი აქვს, რომ სწორად გაიგებთ არაპირდაპირ უარს. ჰიპოთეზა 2: მას ეშინია, რომ რაღაცას მოსთხოვთ, ხოლო მის გეგმებში არ შედის ხელქვეითის დახმარება. ჰიპოთეზა 3: იგი ძალიანაა დაკავებული, ამიტომ იძულებულია გადადოს თქვენთან შეხვედრა. ჰიპოთეზა 4: "შეფი" ფიქრობს თვენს თანამდებობრივ გადაადგილებას, და სანამ ბრძანებას არ დაწერს, ვერ ხედავს თქვენთან შეხვედრის აზრს. ჰიპოთეზა 5: იგი ძალიან პატარა ფიგურად გთვლით, რომ თქვენს გამო დრო დაკარგოს.

გტვირთავთ სამუშაოთი უფრო მეტად, ვიდრე სხვებს
ან თავის შემცვლელად გამზადებთ, ან განყოფილებაში თქვენს გარდა მუშაობა არავის შეუძლია, და ამიტომაც გაძლევთ მეტ სამუშაოს. ან კიდევ – იგი თქვენს მიმართ გულგრილი არ არის.

მოულოდნელად დაინტერესდა თქვენი ოჯახური მდგომარეობით და მომავლის გეგმებით
არ არის გამორიცხული, რომ მას დააინტერესეთ, როგორც ქალი. არც ისაა გამორიცხული, რომ მას თქვენი დაწინაურება სურს და არკვევს, შეგიშლით თუ არა ხელს ოჯახი? ასევე არ არის გამორიცხული, რომ თქვენ გააუარესეთ სამუშაოს ხარისხი და მას აინტერესებს, ხომ არაა ეს ოჯახური არეულობის მიზეზით. და ბოლოს, შესაძლოა, თქვენი "ბოსი" უტაქტო ადამიანია და უყვარს საკუთარი ცხვირის ჩაყოფა სხვის საქმეებში. მაშინ იგი ზრდილობიანად უნდა გააგზავნოთ სადმე შორს...

როგორც ხედავთ, ყველა შესაძლო სიტუაციიდან მხოლოდ რამდენიმე ღირს იმად, რომ რეალურად გეშინოდეთ საკუთარი რეპუტაციისა და სამუშაოს დაკარგვის გამო. შეეცადეთ კორექტირება გაუკეთოთ საკუთარ საქციელს იმგვარად, რომ მოქლიბოთ მახვილი კუთხეები.

ფსიქოლოგის რჩევა:

როგორ გამოხვიდეთ "კრავის" მდგომარეობიდან?

გამუდმებით აიმაღლეთ პროფესიონალური დონე. ცუდ სპეციალისტებს თვითშეფასებაც შესაბამისი აქვთ. რა თქმა უნდა შეგეშინდებათ "შეფის", რომელიც ასჯერ უკეთესად ერკვევა იმაში, რაშიც თავად უნდა ერკვეოდეთ.
თავი გეჭიროთ მტკიცედ, მაშინაც კი, თუ შიშით ფეხები გიკანკალებთ. ითამაშეთ დამოუკიდებლობა, და შეწყვეტენ თქვენს შეშინებას. მიგიღებენ ისეთად, როგორიც ხართ, ან როგორიც გსურთ რომ იყოთ.
ნუ ეცდებით "ბოსის" ყურადღების მიქცევას და "დათაფვლას" - ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს თქვენს ავტორიტეტს.
ეცადეთ ხანდახან მაინც შეეწინააღმდეგოთ მას. ეს თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ "პირუტყვად" აღარ ჩაგთვლიან. არგუმენტირებული შეწინააღმდეგება – ეს თავისებური ვაჟკაცობის სკოლაა.
ნუ მიიღებთ მის ყველა გამოხდომას საკუთარ თავზე. ზოგიერთი გამოხდომა თვენს მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო კი არ არის, არამედ, მისი შინაგანი პრობლემების გამო (კამათი მეუღლესთან, პრობლემები ბავშვებთან, შეუძლოდ ყოფნა). თუ მიხვდებით, რომ მისი მიზანი თქვენი გალანძღვა კი არ არის, არამედ უბრალოდ გარშემომყოფებზე ბოღმის გადმონთხევა, შეგიმსუბუქდებათ მდგომარეობა.
აღნიშნეთ ხარისხიანი სამუშაო, თქვენი წარმატებები ყველამ უნდა ნახოს, რომ შეძლონ მათი შეფასება. ხოლო თუ "შეფის" თვალწინ ვინმეც შეგაქებთ, ეს ხომ მთლად უკეთესი!
ნუ დაივიწყებთ იუმორის როლის შეახებ. წარმოიდგინეთ თქვენი შიშის წყარო კომიკური სახით. და მაშინ შიშის ემოციის მაგივრად მოვა სიცილის ემოცია, ხოლო ის, რაც სასაცილოა, არ არის საშიში. და ხატეთ ასეთი აზრობრივი კარიკატურები რაც შეიძლება ხშირად.
გამოიყენეთ შემდეგი ფსიქოლოგიური ილეთი: სახლში დაწერეთ თქვენი "ბოსისათვის" წერილი, რომელშიც მოახსნებთ ყველაფერს, რასაც მასზე ფიქრობთ. ატარეთ ეს წერილი თან, იგი თქვენ შინაგან გამბედაობას შეგმატებთ. ოღონდ ხელს ნუ მოაწერთ თქვენს წერილს და ნუ დაკარგავთ! ისწავლეთ სპეციალური მედიტაციური და სასუნთქი ტექნიკა, გაიარეთ ქცევითი ფსიქოთერაპიის სეანსები და ისწავლეთ საკუთარი მდგომარეობის კონტროლირება.
იძინეთ მეტი! გამოუძინებელი ადამიანები უფრო მეტად ექვემდებარებიან შიშებ
ს.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 465 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016