რა არის კარიესი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას? - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » რა არის კარიესი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
17:48
რა არის კარიესი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

უეჭველია ის ფაქტი, რომ კარიესით გამოწვეული ტკივილი ადამიანებისათვის ცნობილია ისტორიული განვითარების პირველივე საუკუნეებიდან. მასიური ხასიათი მან მიიღო მე-18 საუკუნიდან, როცა ამერიკის კონტინენტზე გაშენდა შაქრის პლანტაციები. მე-19 საუკუნიდან შაქარი სულ უფრო დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ევროპაში და კარიესმაც ნამდვილი ეპიდემიის სახე მიიღო.

მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, კარიესი – ეს არის გარკვეული მიკროფლორით გამოწვეული პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება დემინერალიზაციით, ძვლის მკვრივი ქსოვილების შემდგომი რღვევითა და დეფექტის (ღრუს) გაჩენით. უფრო მარტივად, კარიესი _ ეს არის მიკრობების ზემოქმედებით გამოწვეული კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის ემალის შემადგენლობაში არსებული მინერალური ნივთიერებების გაწოვით და მთავრდება ხვრელის წარმოშობით.

უფრო დაწვრილებით: კბილზე განვითარებული ნალექი წარმოადგენს ბაქტერიების მიერ ორგანიზებულ კოლონიას. აქ არსებული ზოგიერთი ბაქტერია  (სტრეპტოკოკი და ლაქტობაცილა), გადაამუშავებენ რა ნახშირწყლებს (გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, ლაქტოზასა და სახამებელს), გამოყოფენ ცხოველმყოფელობის პროდუქტებს _ ორგანულ მჟავებს (მათ შორის განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რძის მჟავა), რომლებიც გროვდება ნალექის ზედაპირზე, დროთა განმავლობაში ჩამოირეცხება ნერწყვით და ხვდება პირის ღრუში, სადაც განზავების შემდეგ აღარ არის საშიში კარიესის თვალსაზრისით, მაგრამ მჟავის ის ნაწილი, რომელიც შეაღწევს კბილის ნალექის სისქეში და მოხვდება კბილის ზედაპირზე, რჩება რა ნალექით დაცული, თითქმის არ იხსნება სითხეებში და იწვევს ძვლის დემინერალიზაციას ანუ კარიესის აღმოცენებას. კერძოდ, პირის ღრუში მჟავე არის განვითარება  ხელს უწყობს ემალის შემადგენლობაში მყოფი აპატიტის კრისტალების დაშლას, რის შემდეგაც ბაქტერიები აღწევენ რა ქვედა ფენებში, იწყებენ მათ რღვევას. ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მაშინ როცა ნერწყვის შეღწევას ნალექის სისქეში რამოდენიმე საათი ესაჭიროება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ნაკლებ შაქარს მივიღებთ ან შევამცირებთ მისი დაყოვნების დროს პირის ღრუში, მით უფრო ნაკლები იქნება კარიესის გამომწვევი მჟავის რაოდენობაც. გარდა ბაქტერიებისა, კარიესის განვითარებას ხელს უწყობს სხვა ფაქტორებიც. მაგ. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. ცილების, ვიტამინების, მინერალური მარილების, ფტორის და სხვადასხვა მიკროელემენტების არასაკმარისი მიწოდება  ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. ბაქტერიებს კბილების დაზიანებაში “ეხმარება” შაქრისა და სხვა ნივთიერებების მიწოდებაც. დღეს მეცნიერები უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ მემკვიდრეობითობას, კბილების ჩანასახების განვითარებისა და ამოჭრის პერიოდში ძვალ_კბილოვანი სისტემის მდგომარეობას. მაგ. დიდი ხანია შემჩნეულია ის ფაქტი, რომ მუდმივი კბილებიდან ყველაზე ადრე ზიანდება მეექვსე კბილები, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ადრე ამოდის (ემალი ვერ ასწრებს გაჯერებას ნერწყვის ფტორითა და კალციუმით) და ყველაზე ცუდად იწმინდება.

არჩევენ კარიესის რამოდენიმე სტადიას. ლაქის სტადიას ადამიანი ვერ გრძნობს. ამ პერიოდში პირის ღრუს დათვალიერების დროს დაავადება გამოვლინდება თეთრი ან მუქი ფერის ლაქის სახით. ზედაპირული კარიესის დროს ავადმყოფს უკვე აქვს ხანმოკლე ტკივილი მექანიკურ ან ტემპერატურულ გაღიზიანებაზე. ემალი ამ დროს ხორკლიანი ხდება. საშუალო კარიესის დროს უკვე გამოჩნდება კარიესული ღრუ. ღრმა კარიესის დროს ღრუზე მიკარება ძლიერ ტკივილს იწვევს. კბილის შიდა ღრუში მიკრობების შეღწევა იწვევს პულპიტის განვითარებას, მისთვის დამახასიათებელი მწვავე ტკივილი ყველასათვის ნაცნობია.

   
   


ზემოთ ნაჩვენებია კბილის რენტგენოგრამები, რომლებზედაც თანმიმდევრულადაა ნაჩვენები კარიესის განვითარების სხვადასხვა ეტაპი:

კარიესის ყველაზე ადრეული დაწყებითი ეტაპი, რომელიც შეიძლება “დაიჭიროს” რენტგენის სურათმა. ამ ეტაპზე კარიოზული პროცესი შეიძლება შეჩერდეს, თუ ადამიანი უფრო ხარისხიანად მოუვლის კბილებს;

კარიესული პროცესი აზიანებს ემალს და მისი გავლით  აღწევს დენტინში. ასეთ დროს სტომატოლოგები ურჩევენ ბჟენის ჩაყენებას;

დენტინი უფრო სწრაფად   ზიანდება კარიესული პროცესის ზეგავლენით, რადგან იგი უფრო “რბილია”, ვიდრე ემალი. ემალის სისქეში არსებული დაზიანება უმნიშვნელოდ იზრდება, მაშინ როცა დენტინის შრეში იგი მნიშვნელოვნად იმატებს ზომებში;

თუ კარიესს არ ვუმკურნალეთ, იგი აღწევს ნერვს და საჭირო ხდება კბილის ნერვის, ანუ ფესვის არხის მკურნალობა.

 

ბუნებრივია, რომ  რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უფრო შედეგიანია ის და მით უფრო უმჯობესია პაციენტის ჯანმრთელობისათვის. ლაქის სტადიაში საკმარისია რემინერალიზაციის ჩატარება სპეციალური ხსნარების გამოყენებით. ზერელე, საშუალო და ღრმა კარიესის დროს ატარებენ კარიესული ღრუს დამუშავებასა და შემდგომ დაბჟენას. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად მიაკითხავთ ექიმს, სტომატოლოგის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიების ხარისხზე.

კარიესის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სწორ კვებას, პირის ღრუს ჰიგიენურ მოვლას, რეგულარულ ვიზიტს სტომატოლოგთან. ამ დაავადების თავიდან აცილებაში დიდ როლს თამაშობს  პირის ღრუს სავლებები და საღეჭი რეზინი, რომლებიც ხელს უწყობენ ნადების მოცილებას, ხელს უშლიან ჟანგვით პროცესებსა და ბაქტერიების მოქმედებას.

 


კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1639 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016