მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ნუ შექმნით კერპს საკუთარი თავისათვის, ანუ მთავარი შეცდომები სიყვარულში
23:34
ნუ შექმნით კერპს საკუთარი თავისათვის, ანუ მთავარი შეცდომები სიყვარულში
ადამიანი სიყვარულს ეძებს. მეორე ადამიანთან შეხვედრისას თუ მის მიმართ ძლიერი გრძნობები გაუჩნდა, ფიქრობს, რომ უყვარს. თუ ეს ურთიერთობები მას ტკივილს აყენებს, იგი ფიქრობს, რომ სიყვარული - ტანჯვაა, თუ არა დაავადება. სინამდვილეში შესაძლებელია, რომ ურთიერთობები მტკივნეული იყოს, მაგრამ მსგავსი ურთიერთობა სიყვარული კი არა, უფრო - დამოკიდებული მდგომარეობაა.

დამოკიდებული მდგომარეობა ურთიერთობებში - ეს არის გამუდმებული კონცენტრაცია "საყვარელ ადამიანზე" და დამოკიდებული მდგომარეობა ამ ადამიანის მიმართ.

ასეთ მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად იწვევს ადამიანის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა და ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ანუ, არსობრივად - დამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მთელი ცხოვრება ისაზღვრება ასეთი ურთიერთობებით. ასეთი ურთიერთობები კი მის ცხოვრებაზე არც თუ სასიკეთოდ აისახება. ისინი ადამიანს უფრო აუბედურებენ, ვიდრე აბედნიერებენ.

მარტოობისას არავინაა სრულიად ბედნიერი, ასეთი ადამიანი კი მით უმეტეს - იმედებსა და ბედნიერებას ისინი სხვა, შეყვარებულ ადამიანთან ურთიერთობებისაგან ელიან. მას იმედი აქვს, რომ ყველა მისი სულიერი ტანჯვა, თავდაუჯერებლობა საკუთარ თავში და ყველა მისი კომპლექსი სიყვარულით განიკურნება. პირველ ხანებში ეჩვენებათ, რომ ეს ასეც არის. მაგრამ ეს შეგრძნება დიდხანს არ გრძელდება. იწყება კონფლიქტები და გაუგებრობა, უკმაყოფილება "სიყვარულის საგნის" და საკუთარი თავის მიმართ. ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ უფრო მეტად იტანჯება, ვიდრე მარტოობისას იყო, წინ კი გარდაუვალი დაშორება და ახალი დიდი ტკივილია...

რატომ ემართება ეს ერთსა და იმავე ადამიანს, თანაც ისტორია მეორდება ყოველი ახალი ურთიერთობებისას?

ასე კი იმიტომ ხდება, რომ ეს ადამიანი თავისი ცხოვრების მოცემულ ეტაპზე - დამოკიდებულია. ამ მდგომარეობის არსი იმაშია, რომ დამოკიდებული ადამიანი თავს არასრულფასოვნად გრძნობს, მას ესაჭიროება საკუთარი თავის შევსება მეორე ადამიანით, მისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ამიტომ იგი მზადაა მოითმინოს ნებისმიერი ურთიერთობა საკუთარი თავის მიმართ, ოღონდ მასთან ერთად იყოს.

მაგრამ ეს მეთოდი მიზანს ვერასოდეს აღწევს და პრინციპში ეს მიუღწეველიცაა. ასეთი ურთიერთობები ძირითადად ცარიელია. საკუთარი თავის შევსების მიზანი სხვა ადამიანის დახმარებით მიუღწეველია, რადგან შინაგანი მთლიანობა და სრულყოფილება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ პიროვნული, შინაგანი რესურსების განვითარებისა და პირადი კავშირის განვითარების გზით ღმერთთან. სხვა ადამიანის გაღმერთება და მისი მსახურება თავდავიწყებამდე ადამიანს არ მოაშორებს საკუთარ ნაკლოვანებებს. ტყუილად არაა ბიბლიაში ნათქვამი: "ნუ შეიქმნით კერპს". დამოკიდებული მდგომარეობა - ეს არის საკუთარი თავისა და ღმერთის უარყოფა.

ასეთ ურთიერთობებში ერთი ადამიანის ფსიქოლოგიური ტერიტორია "ყლაპავს" მეორისას, კარგავს თავის სუვერენობას. ადამიანი ცხოვრობს არა საკუთარი ცხოვრებით, არამედ "საყვარელი ადამიანის". ამ დროს პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის სივრცე აღარ რჩება. ხოლო პიროვნების განვითარება - ეს ადამიანის ვალია. ღმერთმა ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები მისცა, რომელიც ასხვავებს მას ყველა სხვა სუბიექტისაგან. ხოლო საკუთარ თავში ამ შესაძლებლობების განვითარება და მათი გამოყენება - ადამიანის ვალია ღმერთისა და ახლობლების წინაშე.

დამოკიდებული ადამიანები ხშირად ამბობენ: "მე მხოლოდ მისთვის ვცხოვრობ", "მე მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი".

მათ არ ესმით, რომ სხვას არ სჭირდება ასეთი მსხვერპლი, იგი ვერ აკმაყოფილებს მის სულიერ მოთხოვნილებებს, რადგან ეს გამოწვეულია არა სიყვარულით, არამედ სურვილით - იყოს საყვარელი.

მსგავსი ურთიერთობებისას მეუღლეებს შორის არ არის რეალური სიახლოვე, არც ნდობა. ამასთან, ურთიერთობები ემოციურად შეიძლება ძალიან დატვირთული იყოს, რაც შეცდომით სიყვარულად აღიქმება: "ეჭვიანობს - ე.ი. ვუყვარვარ". დამოკიდებული ურიერთობების დროს ადამიანები ერთმანეთს საკუთარი გაუთვითცნობიერებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.

ემოციურად დამოკიდებული მდგომარეობის მიზეზები

მათი მიზეზები ღრმა ბავშვობაში იმალება. როცა ბავშვი იბადება, იგი იმყოფება დამოკიდებულ მდგომარეობაში დედასთან. ბუნებამ გაითვალისწინა სიმბიოტური ურთიერთობები დედასა და შვილს შორის, რომლის დროსაც ისინი საკუთარ თავს ერთმანეთის გარეშე ვერ აღიქვავენ. ბავშვები, რომლებმაც ეს სტადია სრულყოფილად გაიარეს, ქონდათ კარგი ემოციური კავშირი მშობლებთან, მიიღეს სიყვარულისა და სითბოს, ზრუნვის საკმაო დოზა, არ უშინდებიან სამყაროს კვლევას და ადვილად უახლოვდებიან სხვა ადამიანებს.

თუ განვითარების ამ სტადიაზე მოხდა რაიმე ვარდნა და მჭიდრო კავშირი მშობელსა და შვილს შორის აღარ აღდგა, ბავშვს უვითარდება საშიშროების შეგრძენება. ასეთ ბავშვებს ეშინიათ გარემო სამყაროსი და ცვლილებებისა. ისინი სხვა ადამიანებთან მორიდებითა და სიფრთხილით მიდიან, რაც აძნელებს მათთვის ამოუცნობის კვლევას. ასეთი ბავშვები თითქოს "მიწებებულნი" არიან მშობლებზე, მომავალში კი - სხვა ადამიანებზე.

განვითარების მომდევნო ეტაპზე, რომლის პიკიც 18-36 თვეზე მოდის, მთავარ ამოცანას წარმოადგენს განცალკევება. ბავშვს უჩნდება სამყაროს კვლევისა და განცალკევების სურვილი, მისთვის აუცილებელი ხდება იმის შეგრძნება, რომ თავადაც რაღაც შეუძლია, რომ იგი ძვირფასია და მნიშვნელოვანი თავისი მშობლებისათვის და მისი საქმიანობის შედეგებიც ასევე მნიშვნელოვანია მათთვის. თუ განვითარება სხვაგვარად წავიდა, ბავშვის ფსიქოლოგიური დაბადება არ შედგება. იგი "ჩაეფლობა" დამოკიდებულ ურთიერთობებში მშობლებთან, იგრძნობს მომატებულ საშიშროებას, ხოლო სხვა ადამიანებთან ურთიერთობები უკიდურესად გაძნელდება.

ამ ეტაპზე ადამიანის განვითარება არ მთავრდება და ზრდის პროცესში იგი განვითარების სხვა სტადიებსაც გადის, რომლის დროსაც ადრეული დაზიანებები შეიძლება აღდგეს. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ ზრდასრული ადამიანი დამოკიდებულ ურთიერთობებში დარჩება სხვა ადამიანებთან. თუ ადამიანის მოთხოვნილება სიყვარულისა და ზრუნვის მიღებისა არ იყო დაკმაყოფილებული ბავშვობაში, მაშინ ფსიქოლოგიური განცალკევება მშობლებისაგან არ მოხდება და ასეთი ადამიანი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებით სიყვარულისა და გაგების მიმართ "მიეწებება" ურთიერთობებს სხვა ადამიანების მიმართ.

სიყვარული თუ დამოკიდებული მდგომარეობა?

ღრმა ემოციური კავშირის დამყარება სხვა ადამიანთან შესალებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური ავტონომიის მოპოვებისას. პატივისცემა საკუთარი და სხვისი საზღვრებისა, საკუთარი და სხვისი ინტერესებისა და მოთხოვნილებებისა - ასეთი ურთიერთობების მახასიათებელი თვისებაა. ზრდასრული სიყვარული ამბობს: "მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა დაგეხმარო შენ შენი შესაძლებლობების ოპტიმალურად რეალიზებაში, მაშინაც კი, თუ ხანდახან ჩემგან შორს ყოფნა და რაღაცის უჩემოდ კეთება მოგიწევს".

ნამდვილი სიყვარულისათვის დამახასიათებელია რაღაცის გაცემა ისე, რომ სამაგიეროდ არაფერი მოითხოვოს - ეს არის სიძლიერის ნიშანი.

გაცემისას, ზრდასრული ადამიანი სიამოვნებას იღებს და ეს თავისთავად კომპენსაციაა მისი ემოციური, ფიზიკური და მატერიალური დანახარჯებისა. დამოკიდებული ადამიანი კი ორიენტირებულია ისეთ სიყვარულზე, რომელიც შეთანხმება და ექსპლუატაცია უფროა. მას არ შეუძლია გასცეს, თუ სამაგიეროდ არაფერს მიიღებს, ხოლო თუ გასცემს, თავს გამოყენებულად, დაცლილად და მოტყუებულად გრძნობს.

ზრდასრული ადამიანი იცნობს თავის პარტნიორს და რეალურად აფასებს მის თვისებებს. ამასთან, აფასებს ისეთს, როგორიც არის, ეხმარება პიროვნულ ზრდაში და გახსნაში, ეხმარება მისთვის და არა იმიტომ, რომ ემსახუროს მას. დამოკიდებულ ადამიანს არა აქვს რეალური წარმოდგენა პარტნიორზე. მას არ შეუძლია მიიღოს იგი ისეთი, როგორიც არის, იგი ცდილობს მის აღზრდას და გადაკეთებას თავის სასარგებლოდ.

ნამდვილად მოსიყვარულე ადამიანები დამოუკიდებლები არიან ერთმანეთისაგან, ავტონომიურები, არ ეჭვიანობენ და ამავე დროს ეხმარებიან ერთმანეთს თვითრეალიზებაში, ამაყობენ ერთმანეთის გამარჯვებებით, დიდსულოვანნი და მზრუნველნი არიან.

ზრდასრული სიყვარული ამბობს: "მე შევძლებ უშენოდ ცხოვრებას, მაგრამ მიყვარხარ და ამიტომ შენთან ყოფნა მსურს". დამოკიდებული ადამიანები თითქოს შეზრდილნი არიან ერთმანეთში, არც ერთ მათგანს არ აქვს გამოყოფილი ფსიქოლოგიური ტერიტორია. არიან ეჭვიანები, მესაკუთრეები, ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებენ - მაგრამ მათი კავშირი იძულებითია. ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ მუდმივი არაფერია და შესაბამისად, ურთიერთობები შეიძლება გაწყდეს, მან ასევე იცის, რომ ეს ფაქტი არანაირად აისახება მის პასუხისმგებლობაზე და სიყვარულზე და მადლიერია ცხოვრების ყოველი დღისათვის.

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ სიყვარული - ეს არის ფსიქოლოგიურად ზრდასრულებისა და დამოუკიდებელი ადამიანების ურთიერთობა. ყოველ ადამიანს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი ბავშვობაში, თუ საკუთარ თავზე იმუშავებს, შეუძლია თავი დააღწიოს ასეთ მდგომარეობას და ისწავლოს ნამდვილი სიყვარული.

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 1560 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024