პირის ღრუს მოვლის საშუალებები - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » პირის ღრუს მოვლის საშუალებები
23:23
პირის ღრუს მოვლის საშუალებები




საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.


კბილების საწმენდად ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს: საკუთარი თითებით დაწყებული, ოქროს კბილის საწმენდებით დამთავრებული.

ჩვენს დროში კი უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში.

კბილის ჯაგრისები 

  • უკანასკნელ დროს დილემას აღარ წარმოადგენს ჯაგრისის არჩევა: ხელოვნური თუ ბუნებრივი ღერებით. რა თქმა უნდა ხელოვნური: იგი ბევრად ჰიგიენურია, ხანგრძლივია მოხმარებაში, შეიძლება სხვადასხვა სიხისტის მიხედვით არჩევა. 
  • უმრავლესობა იყენებს საშუალო სიხისტის ჯაგრისს (medium), თუმცა მგრძნობიარე ღრძილების შემთხვევაში უფრო რბილის გამოყენებაც შეიძლება. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია ჯაგრისის სწორი ზომის შერჩევა. მისი თავი უნდა ფარავდეს არაუმეტეს 3 კბილს. 
  • ძალიან მოსახერხებელია ჯაგრისზე ინდიკატორის არსებობა. ეს არის ცისფრად შეღებილი ღერები, რომელიც ხმარებასთან ერთად უფერულდება.
  • ელექტრო კბილი ჯაგრისები უკეთესად წმენდენ და პროცესს უფრო ადვილს და ნაკლებად მომაბეზრებელს ხდიან. თუმცა მათი ნაკლებსაიმედოობა და სიძვირე ბევრს აიძულებს არჩევანი ჩვეულებრივ ჯაგრისზე გააკეთოს.

არსებობს სპეციალური მცირე ზომის კბილთაშორისი ჯაგრისები, მაგრამ მათ ძირითადად იყენებენ პაროდონტიტის დროს ან ბრეკეტის ხმარებისას.

განსაკუთრებულ ჯგუფად უნდა გამოვყოთ კბილების საპრიალებელი საშუალებები. ეს არის მცირე ზომის ელექტრომოტორი ელემენტებზე, რომელზეც ეცმება სპეციალური რეზინის კონუსი. სპეციალური პასტის საშუალებით პრიალდება კბილების წინა ზედაპირები. მაგრამ ამ აპარატის გამოყენება არ შეიძლება ხშირად, რადგანაც შესაძლოა მინანქრის დაზიანება გამოიწვიოს.

კბილის ძაფი ანუ ფლოსი

ფლოსის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. იგი კბილის ჯაგრისის საკმაოდ მნიშვნელოვან დამატებას წარმოადგენს. ფლოსები სხვადასხვა სახისაა: გაჟღენთილი სხვადასხვა ნივთიერებებით, გრეხილი, გლუვი, ბრტყელი. მათი საშუალებით კარგად იწმინდება კბილთაშორისი სივრცეები და სწორი გამოყენების შემთხვევაში ღრძილი არ ზიანდება.

ჰიდრომასაჟის აპარატი

ბევრი სტომატოლოგი მას რევოლუციურ გამოგონებად მიიჩნევს ჰიგიენაში. მისი კონსტრუქცია მარტივია: მცირე ზომის რეზერვუარზე მიერთებულია ბუნიკი, რომლიდანაც მოედინება პულსირებული წყლის ნაკადი წნევით. იგი კარგად რეცხავს კბილთაშორის სივრცეებს და ამავდროულად მასაჟს უკეთებს ღრძილს ყოველგვარი დაზიანების გარეშე. თუმცა კბილის ჯაგრისის ხმარება მასთან ერთად მაინც აუცილებელია.

კბილის პასტები

აფთიაქების თუ პარფიუმერიის მაღაზიის დახლებზე დღეს კბილის პასტების დიდი არჩევანია. მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი - აბრაზიული ნივთიერების რაოდენობა და ხარისხია.

სტომატოლოგები გვირჩევენ პერიოდულად გამოვიყენოთ როგოც მაღალი - ისე დაბალაბრაზიული პასტები. რადგანაც დაბალაბრაზიულ პასტებს წმენდის ნაკლები ეფექტი აქვთ, მათი მოხმარების ხანგრძლივობა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მაღალაბრაზიული პასტებისა. ეს თავიდან აგაცილებთ მინანქრის გაცვეთას და ე.წ. “სოლისებრი დეფექტის” განვითარებას.

რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა იყენებდნენ “საბავშვო პასტებს”, მგრძნობიარე კბილების მქონენი - ასევე სპეციალურ პასტებს, ისევ როგორ პაროდონტიტით დაავადებულნი.

კბილის პასტების ეფექტურობას ავსებს სხვადასხვა სახის სავლებები, თუმცა ისინი არ ცვლიან ჯაგრისით ხეხვას.

საღეჭი რეზინი

ბევრი სტომატოლოგის აზრით საღეჭი რეზინი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. იგი მასაჟს უკეთებს ღრძილებს და ზომიერად ტვირთავს პაროდონტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ექიმთან ვიზიტი

ექიმს უნდა ესტუმროთ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ. ეს გაცილებით მომგებიანი და უმტკივნეულოა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულ პრობლემასთან ბრძოლა. ექიმმა ყურადღებით უნდა დაგითვალიეროთ კბილები და პირის ღრუ, მოგაშოროთ ქვები და ნადებები, შეგირჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი, აუცილებლობის შემთხვევაში - გიმკურნალოთ მცირე ზომის კარიესული დაზიანებები და დაგინიშნოთ მომავალი ვიზიტი 6 თვის შემდეგ.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1063 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017