მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » კბილების კრაჭუნი
22:07
კბილების კრაჭუნი
სპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვდება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირი შემთხვევაა (თითქმის ყოველი მესამე) ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ.

თუმცა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია მცდარია. სინამდვილეში არანაირი მეცნიერული საფუძველი ამ აზრს არ გააჩნია. საერთოდ, მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ ბრუქსიზმის მიზეზები, მუშა-ჰიპოთეზად კი რამდენიმე განიხილება: მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ძილში კბილების კრაჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთ გამოვლინებად. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუქსიზმი უნდა განვიხილოთ ხვრინვის, სომნამბულიზმის, ღამის კოშმარების და ღამის ენურეზის გვერდით.

სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში.

არსებობს მონაცემები ბრუქსიზმის მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა ვერ დაამტკიცა ბრუქსიზმით დაავადებულებში რაიმე ხასიათობრივი თავისებურებები. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოციონალურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც.

მიუხედავად იმისა რომ ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო გავრცელებულია, მათი უმრავლესობის ჯანმრთელობას პერიოდული ღამის კბილების კრაჭუნი არაფერს ვნებს და ხშირად უკვალოდ გაივლის. მაგრამ თუკი ბავშვი ღამის ბრუქსიზმის შემდეგ იღვიძებს თავის ტკივილით და სახის კუნთების დაჭიმულობის შეგრძნებით, მშობლებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ ფსიქონევროლოგს და სტომატოლოგს. პირველი მათ დაეხმარება ბრუქსიზმის მიზეზების გარკვევაში, მეორე კი ურჩევს როგორ დაიცვან კბილები დაზიანებისგან. თავისთავად ცხადია, თვეებისა და წლების განმავლობაში სისტემატიური კბილების კრაჭუნის შედეგად მათი დაუზიანებლად შენარჩუნება შეუძლებელია. გარდა კბილებისა, ხშირად ადგილი აქვს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დაზიანებასაც.

ბრუქსიზმი სამედიცინოს გარდა, კომუნიკაციურ პრობლემებსაც უქმნის მოზრდილ ადამიანებს. ცხადია, ბრუქსიზმიანი ადამიანის გვერდით ძილი სასტუმროს ნომერში ან მატარებლის კუპეში საკმაოდ დიდი დისკომფორტია.

თავად ბრუქსიზმიანისთვისაც ხშირად რთულია ოჯახის შექმნა ან შენარჩუნება. ყველაფერი ეს ცხადყოფს, რომ ბრუქსიზმიან ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება.

ახლა იმის შესახებ, თუ სამედიცინო დახმარების რა სახე არსებობს ასეთ შემთხვევაში. ეს არის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარება. მაგალითად საკმაოდ ეფექტურია სიფხიზლეში ყბების სწორი მდებარეობის თვითკონტროლის სწავლება - კბილები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს მხოლოდ ღეჭვის დროს.

გარდა ამისა, ბრუქსიზმით დაავადებულებს სპეციალისტები ურჩევენ “დაღალონ” ძილის წინ საღეჭი კუნთები, მიირთვან მაგალითად, ვაშლი, სტაფილო. ასეთი მათოდით დატვირთული კუნთები ძილისას ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესი, რომელიც საღეჭ კუნთებზე თავსდება, ისევ და ისევ ძილის წინ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრუქსიზმის ძირითადი მიზეზი ხშირად სტრესია, ეფექტურია ზოგადი ანტისტრესული მეთოდები: რაციონალური და რეგულარული კვება ნახშირწყლებისა და კოფეინის შეზღუდვით, სუფთა ჰაერზე სეირნობა და თბილი აბაზანა ძილის წინ, სწორი სამუშაო გრაფიკი.

პარალელურად, სტომატოლოგი ეხმარება პაციენტს კბილების დაცვაში სპეციალური კაპების საშუალებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მეთოდები ინიშნება ინდივიდუალურად და ამიტომ თვითნებურად, ექიმის წინასწარი კონსულტაციის გარეშე მათი გამოყენება არ ღირს.
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 836 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017