არტერიული ჰიპერტენზია - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » არტერიული ჰიპერტენზია
21:51
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზია – სისხლის არტერიული წნევის მომატება – მთელ მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება. ავადმყოფობით გამოწვეული გლობალური ხარჯის 4.5% სწორედ ამ დაავადებაზე მოდის.
ჰიპერტენზიით ავადობა არც საქართველოშია იშვიათი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება სოფელ დიღმის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ინგურ წიკლაური.
არტერიული ჰიპერტენზია არტერიული წნევის ისეთი მომატებაა, როდესაც სისტოლური წნევა აღემატება 140 მმ.ვწყ.სვ-ს, ხოლო დიასტოლური – 90-ს. ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია ხშირი სტრესი, სიმსუქნე, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს წევა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ასაკი (ქალებისთვის – 65 წლამდე, მამაკაცებისთვის – 55 წლამდე).
ჰიპერტენზიის მთავარი ნიშნებია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულის ფრიალი, თვალებში ზეწოლა, კისრის დაჭიმულობა, უძილობა, აგზნებადობა. კრიზული მიმდინარეობისას ამას შეიძლება დაერთოს გულისრევა, პირღებინება, ცნობიერების ნაწილობრივი დაბინდვა ან გათიშვა, წონასწორობის დარღვევა, რის გამოც ადამიანი ეცემა ან ჯდება.
ჰიპერტენზიის დაფიქსირება ყოველთვის არ არის იოლი – მანომეტრები, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ, ცთომილებას გვაძლევს (ამერიკის, ევროპის ასოციაციები ხმარებიდან მის ამოღებას დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ ადვილი მოსახმარია და ვერ ველევით). გაცილებით სანდოა რივა-როჩის სფიგმომანომეტრი, ვერცხლისწყლიანი აპარატები.
არსებობს ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზია – ადამიანს ექიმთან ვიზიტის დროს წნევა 150-170 მმ-მდე უწევს, სხვა დროს კი ნორმაში აქვს (სხვათა შორის, ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ), ამიტომ წნევის გაზომვამდე 15-20 წუთს ვიცდით, რათა პაციენტი დამშვიდდეს და წნევა მწყობრში ჩაუდგეს, ამ დროს კი ანამნეზის შესაკრებად ვიყენებთ.
წნევას ორივე კიდურზე ვზომავთ და საშუალო მაჩვენებელს ვიღებთ.
რაც შეეხება გამოკვლევებს, უწინარეს ყოვლისა, შევისწავლით პაციენტის სოციალურ გარემოს, საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, გამოვყოფთ რისკის ფაქტორებს. თანმხლები დაავადების (მაგალითად, დიაბეტის, თირეოტოქსიკოზის) არსებობისას ვარკვევთ, კომპენსირებულია ის თუ დეკომპენსირებული, რათა ჰიპერტენზიის მართვა ამ დაავადების პარალელურად დავიწყოთ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვიკვლევთ სისხლში კალიუმის შემცველობას. გარდა ამისა, საჭიროა კრეატინინის გამოკვლევა, შარდმჟავა ფაქტორების შესწავლა, კოაგულოგრამა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი.
არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიკაცია დაავადების რისკის შეფასებაში, მკურნალობის მიზნებისა და მისი ეფექტურობის განსაზღვრაში გვეხმარება.
შედარებით მარტივი კლასიფიკაციით (JNC-7), არსებობს არტერიული წნევის შემდეგი ფორმები:
* ნორმალური: სისტოლური წნევა ნაკლებია 120 მმ.ვწყ.სვ-ზე, დიასტოლური – 80-ზე;
* პრეჰიპერტენზია: სისტოლური წნევაა 120-139 მმ.ვწყ.სვ., ან დიასტოლურია 80-89.
* ჰიპერტენზია, I სტადია: სისტოლური – 140-159 მმ.ვწყ.სვ. ან დიასტოლური – 90-99;
* ჰიპერტენზია, II სტადია: სისტოლური წნევა მეტია 160-ზე ან დიასტოლური აღემატება 100-ს.
არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც, რომლებიც არტერიული წნევის უფრო მეტ კატეგორიას განასხვავებს. როდესაც სისტოლური და დიასტოლური წნევა სხვადასხვა კატეგორიებში ხვდება, კლასიფიცირებისთვის არტერიული წნევის უფრო მაღალი კატეგორია უნდა შეირჩეს.
გარდა ციფრობრივი მონაცემებისა, საჭიროა ჰიპერტენზიის რისკფაქტორებისა და სამიზნე ორგანოების დაზიანების შეფასებაც.
ჰიპერტენზიის დროს სხვადასხვა ორგანო ზიანდება.
. გულის მხრივ – მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, სტენოკარდია, გადატანილი ინფარქტი, რევასკულიზაცია, გულის უკმარისობა;
. თავის ტვინის მხრივ – ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა;
. თირკმელების მხრივ – თირკმლის ქრონიკული დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება, რეტინოპათია.
არტერიული წნევის 115/75 მმ.ვწყ.სვეტიდან ყოველი 20/10 ერთეულით მომატებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი ორჯერ იზრდება.
რაც შეეხება მკურნალობას, პირველ რიგში, ცხოვრების წესის შეცვლაა აუცილებელი. მაგალიად, თამბაქოს მიტოვება. თუ ჰიპერტენზიის რისკის არსებობისას ალკოჰოლური სასმლის მცირე ულუფა დასაშვებია, თამბაქოზე მთლიანად უარი უნდა ითქვას.
არსებობს რეკომენდაციები, რა ოდენობის სასმელი მივიღოთ ერთ ულუფად. მაგალითად, სპირტისთვის ან არყისთვის (მეტად მაღალპროცენტიანი ეთანოლის შემცველი სასმელებისთვის) ეს დოზაა 25 მლ, ღვინისთვის – 125 მლ, ლუდისთვის – 250 მლ.
მკურნალობას დიურეტიკებით ვიწყებთ და თანდათან ვამატებთ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებს.
მედიკამენტური მკურნალობისას პაციენტთა ორ მესამედს ერთი პრეპარატი არ ჰყოფნის. მათ ორ ან მეტ წამალს ვუნიშნავთ. თუ სისტოლური წნევა ნორმას 20 მმ-ით აღემატება, ხოლო დიასტოლური – 10 მმ-ით, მაშინ მკურნალობა პირდაპირ ორი პრეპარატით იწყება და არ არის გამორიცხული, მესამეს დანიშვნაც გახდეს საჭირო.
საზოგადოდ, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას საჭიროა ხანგრძლივი მონიტორინგი, დაკვირვება, განმეორებითი შეფასება ერთთვიანი ინტერვალებთ. II ხარისხის ჰიპერტენზიისა და თანმხლები დაავადების შემთხვევაში კონტროლი უფრო ხშირად არის საჭირო. სისხლში კრეატინინის დონის განსაზღვრა აუცილებელია წელიწადში 1-2-ჯერ მაინც. როდესაც არტერიული წნევა სამიზნე დონემდე დაქვეითდება, განმეორებითი ვიზიტი 3-6-თვიანი ინტერვალით ინიშნება. ვიზიტების სიხშირეზე გავლენას ახდენს სხვა დაავადებების (შაქრიანი დიაბეტის, გულის იშემიური დაავადების) არსებობა.
სხვათა შორის, სოფლებში ჰიპერტენზიის (ისევე როგორც გულის იშემიური დაავადების – სტენოკარდიისა და ინფარქტის) გამო წელიწადში რამდენიმე ვიზიტს სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი აფინანსებს.
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | ნანახია: 1555 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017