მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკა
21:43
ალერგიისა და ასთმის დიაგნოსტიკა

თუ თქვენ გაქვთ ალერგიული დაავადებების ნიშნები, თქვენ უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად. თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.

  • დაავადების ისტორია - გამოკითხვისას ექიმი ყურადღებას ამახვილებს დაავადების დასაწყისზე, მისი განვითარების თავისებურებებზე, ცხოვრებისა და შრომის პირობებზე, მემკვიდრეობითობაზე;

  • ფიზიკალური გასინჯვა - აუსკულტაცია ბრონქული ასთმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია

  • გარეგანი სუნთქვის გამოკვლევა - აუცილებელია ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის, რომლის დროსაც რეგისტრირდება ძირითადად სუნთქვის დარღვევის ობსტრუქციული ტიპი. დაავადების რემისიის დროს დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ბრონქოპროვოკაციული ტესტების გამოყენებით (აცეტილქოლინით, კარბაქოლინით, ჰისტამინით, პროპრანოლოლით, სხვადასხვა ალერგენებით), რომლებიც გამოავლენს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას.

  • სისხლის საერთო ანალიზი, ნახველისა და ცხვირის სეკრეტის ციტოლოგიური კვლევა - ხშირად გამოავლენს ეოზინოფილების რაოდენობის მომატებას;

  • კანის სინჯები ალერგენებით - წარმოებს ჩხვლეტით ან გაჩხაპნით (სკარიფიკაციით) ძირითადად წინამხრის მიდამოში, რომელზეც ხდება ალერგენის ექსტრაქტის წასმა. გარკვეული დროის შემდეგ კანის გაწითლება და შეშუპება მიუთითებს ალერგიის არსებობაზე ზ.ა. ალერგენზე. ერთი გამოკვლევის ფარგლებში შესაძლებელია 15-20 სინჯის შეფასება.

  • სპეციფიკური ანტისხეულების -IgE და საერთო IgE-ს შეფასება - სენსიბილიზაცია და ალერგია ხასიათდება განსაზღვრული იმუნოლოგიური დარღვევებით. საყოფაცხოვრებო, კვებით, ეპიდერმალურ და სხვა ალერგიებს პირველ რიგში თან ახლავს სისხლში Е კლასის ანტისხეულების (იმუნოგლობულინების) გამოჩენა. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებში მათი კონცენტრაცია ძალზედ უმნიშვნელოა, ხოლო ალერგიით დაავადებულებში კი მკვეთრად იმატებს, რასაც სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს.

კანის ტესტირება და IgE-ზე სისხლის გამოკვლევა მიუთითებს იმ ალერგენებზე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თუმცა დადებითი სინჯი ამა თუ იმ ალერგენზე ჯერ არ ნიშნავს დაავადების არსებობას, ასეევე უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს შესაძლო დიაგნოზს... ამრიგად, საჭიროა ჩატარებული კვლევების შედეგებისა და კლინიკური სურათის შეჯერება, რაც შედის სპეციალისტ-ალერგოლოგის კომპეტენციაში.

ალერგიული დაავადების სადიაგნოსტიკო სქემა შეიძლება ასევე მოიცავდეს ნახველის ბაქტერიოლოგიურ ანალიზსა და ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის გამოკვლევას, გულმკერდისა და ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფიას, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციას, სისხლის ანალიზს კორტიზოლის შემცველობაზე, სისხლის შრატში IgA, IgM, IgG განსაზღვრას, იმუნური და ინტერფერონული სტატუსის განსაზღვრას, ალერგენებით პროვოკაციულ (კონიუქტივალურ, ნაზალურ, ინჰალაციურ) ტესტებს, სპეციფიკური IgG-ის განსაზღვრას, ლეიკოციტების ბუნებრივი ემიგრაციის ტესტს და სხვ.



ალერგიის მკურნალობის ძირითადი პრინციპები

ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას. არსებობს ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის სამი ძირითადი მიმართულება:

  • მიზეზობრივი ფაქტორების რაც შეიძლება სრული ელიმინაცია (მოცილება) ავადმყოფის უშუალო გარემოდან
  • ალერგიით დაზიანებულ ქსოვილებში გაღიზიანების შემცირება, რაც მიიღწევა სხვადასხვა წამლებით ალერგიის სიმპტომების მკურნალობის გზით
  • ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის შემცირება ვაქცინაციით (სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია).

კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1716 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024