ალერგია - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ალერგია
21:21
ალერგია
რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება.

ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით.

დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.



ალერგიის ძირითადი სიმპტომები

  • სურდო;
  • ცრემლდენა;
  • ცხვირის, თვალების, სასის ქავილი;
  • ცემინება;
  • ცხვირის დაცობა;
  • ცხვირში ზეწოლის შეგრძნება;
  • ყურების დახშობა;
  • თვალების ქვემოთ მუქი რკალები;
  • კანზე გამონაყარი ( ჭინჭრის ციება)



ალერგენი

ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ.

ალერგენი - ეს არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სენსიბილიზაციას, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რაც დამახასიათებელია ალერგიული დაავადებებით შეპყრობილი დამიანებისათვის.

ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:

  • მცენარეების მტვერი;
  • დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი (მიკროსკოპული სოკოები);
  • ცხოველების ბეწვი;
  • საყოფაცხოვრებო მტვერი;
  • სხვადასხვა საკვები პროდუქტები (თხილი, არაქისი, ნიგოზი, თაფლი, შოკოლადი და ა.შ.)

ყოველი ცალკეული ალერგენი შეიძლება გახდეს მთელი რიგი სიმპტომების გამომწვევი: მაგ. მცენარის მტვერი შეიძლება გახდეს არამარტო რინოკონიუქტივიტის, არამედ ბრონქოსპაზმისა და ჭინჭრის ციების მიზეზი. უმრავლესობა ალერგიული ადამიანებისა ასევე რეაგირებენ ალერგენების მთელ სპექტრზე.

ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვადასხვა დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, ქარი.

 


ალერგენები და იმუნური პასუხი

ალერგიულ დაავადებებს იმუნოლოგიური ბუნება აქვთ - ისინი გამოწვეულია იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევებით. განსხვავებით ნორმალური იმუნური პასუხისაგან, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმის მხრიდან მისთვის უცხო, პოტენციურად საშიშ ნივთიერებასთან კონტაქტის დროს, იმუნური პასუხი, რომელიც თან ახლავს ალერგიული რეაქციებს, ყალიბდება უსაფრთხო გარემო სუბსტანციებთან კონტაქტის ფონზე.

რაიმე ალერგიული დაავადების მქონე ავადმყოფის იმუნური უჯრედების მიერ ზოგიერთ სიტუაციებში ხდება Е კლასის ანტისხეულების (IgE) სინთეზი, რომლებიც პასუხისმგებელია უმეტეს ალერგიული რეაქციებზე. ალერგიული ადამიანების სისხლში სხვებთან შედარებით სწორედ ამ კლასის ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება. თუმცა, რომელიმე ალერგენის მიმართ სპეციფიკური ამ კლასის ანტისხეულის საკმაოდ მაღალი დონის პირობებში საერთო IgE-ს დონე შეიძლება ნორმალურიც კი იყოს.

ალერგენზე სპეციფიკური IgE შეაღწევს სისხლიდან ქსოვილებში, სადაც შეიბოჭება პოხიერი უჯრედების ზედაპირზე. პოხიერი უჯრედები დიდი რაოდენობით არის ცხვირის, თვალის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანში. ისინი აქტივდებიან, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IgE ანტისხეულებთან, რომელთაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია: პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ასევე ციტოკინები - ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც უჯრედშორისი ურთიერთქმედების მედიატორებს წარმოადგენენ. ამ ნივთიერებებიას გამოთავისუფლებას მოსდევს ადგილობრივად ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ისინი იწვევენ ქრონიკული ალერგიული დაავადებებისათვის დამახასიათებელი შეშუპების, ლორწოს ჰიპერსეკრეციისა და სხვადასხვა გამაღიზიანებელზე ზემგრძნობელობის განვითარებას.

ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული, რატომ არ ვითარდება ალერგენთან კონტაქტის დროს ალერგიული გამოვლინებანი ყველა ადამიანში. ფიქრობენ, რომ გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. მაგ. ალერგიული მშობლების შვილები ხშირად არიან ალერგიულები.

 

როგორ დავიცვათ თავი ალერგენებისაგან?

  • ეცადეთ გქონდეთ ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული;
  • აიღეთ ხალიჩები. ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
  • რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
  • ხშირად რეცხეთ თეთრეული ცხელი წყლით;
  • ეცადეთ ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
  • გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
  • ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბინაში 50%-ზე ნაკლები ტენიანობა;
  • აბაზანის კედლები და იატაკი გარეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით;
  • ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი;
  • ეცადეთ, არ იყოლიოთ ბინაში, განსაკუთრებით საწოლ ოთახში შინაური ცხოველები;
  • შინაური ცხოველები სისტემატურად დაბანეთ სპეციალური შამპუნით;
  • საწოლ ოთახში დახურეთ ფანჯრები, რათა არ მოხდეს ოთახის მტვრით დაბინძურება;
  • არ მოწიოთ შინ თამბაქო;
  • მზა, კონსერვირებული პროდუქტების გამოყენების წინ ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას.

 

საკვები პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები

მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულების მიხედვით, ალერგიის ძირითადად მიზეზს ესა თუ ის საკვები წარმოადგენს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დადგენილია, რომ საკვებით გამოწვეული ალერგიები გვხვდება ბავშვების მხოლოდ 6%-სა და მოზრდილების 1%-ში.

რძისა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები - ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგიას წარმოადგენს ბავშვებში. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობის სახით და მწვავე ალერგიული სიმპტომებით – ცემინებით, ხველით, ქავილით.

როგორ მოვიქცეთ?

  • საუკეთესო გამოსავალია ძუძუთი კვება;
  • ჩვილს არ უნდა მისცეთ ცხოველური რძე 12 თვის ასაკამდე;
  • ხშირად წარმატებით გამოიყენება სოიოს რძეც;
  • რძისადმი ალერგიის შემთხვევაში, ბავშვები, რასაკვირველია, უნდა ავარიდოთ ყველის, კარაქის, კრემების და ნებისმიერი რძის პროდუქტის მიღებას, რადგან ისინიც რძის პროტეინებს შეიცავენ.

ალერგია კვერცხის ცილისადმი – ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით ასაკშიც. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი.

  • ამ შემთხვევაში, იკრძალება ერთი წლის ასაკამდე ბავშვებში საკვებად კვერცხის გამოყენება;
  • მზა საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ შემადგენლობას. კვერცხს შეიცავს მრავალი პროდუქტი, მაგ. სხვადასხვა სახის ნამცხვარი, მაიონეზი და ა.შ.

ალერგია თევზის პროდუქტებზე - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა რეკომენდაციით, თევზის პროდუქტებზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ალერგიული იყოს მხოლოდ ერთი სახეობის თევზის მიმართ.

მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე უხარისხო, გაფუჭებული თევზის საკვებად გამოყენება, ვინაიდან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი. მისი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მოწამვლა, რასაც შეიძლება ახლდეს ასევე ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თევზი გაფუჭებული იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოწამვლის გარდა, არ უნდა გამორიცხოთ თევზზე ალერგიაც.

ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ - მსგავსი სახის ალერგია ძირითადად გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი მკურნალობა გამოიხატება ამ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმაში.

  • მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბავშვის საკვების მიმართ, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ბავშვისთვის დაბადების დღეზე მირთმეული ტკბილეულის შემადგენლობა, სადღესასწაულო სუფრებზე მირთმეული პროდუქტების შემცველი ინგრედიენტები;
  • ყველა სიტუაციაში, გახსოვდეთ, რომ ალერგია მოგზაურობს იქ, სადაც არის თქვენი ბავშვი: სკოლაში, პარკში, მეზობლებთან თუ ბებიასთან;
  • ყველა გააფრთხილეთ თქვენი შვილის ალერგიულობის შესახებ.



რესპირატორული ალერგია

რესპირატორული ალერგია, როგორც წესი, გამოწვეულია ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით - აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები, ოთახის მტვერი და ტარაკნების ფრაგმენტები). აეროალერგენების კონტაქტი ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანთან იწვევს ცემინებას, ცხვირში ქავილს, თხიერ გამონადენს ცხვირიდან, ხველებას, ფილტვებში ხიხინსა და მოხრჩობის გრძნობას. აეროალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუქტივიტი, რასაც თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა.

რესპირატორული ალერგიის ძირითად გამოვლინებებს მიეკუთვნება:

      • თივის ცხელება (პოლინოზი);

      • ალერგიული რინიტი (შეიძლება მთელი წელი გრძელდება);

      • ბრონქული ასთმა.

გარდა აეროალერგენებისა, სასუნთქი სისტემის მხრივ სიმპტომებს ხშირად იწვევს ე.წ. “ინფექციური ალერგია” - მომატებული რეაქტიულობა არაპათოგენურ ან პირობით-პათოგენურ მიკრობებზე (ნეისერია, კანდიდა და სხვ.), რაც შეიძლება გახდეს ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმის მიზეზი.



პოლინოზი

პოლინოზი ანუ მცენარეული ალერგია – მცენარეული მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებაა და ცნობილია "თივის ცხელების" სახელწოდებით. თუმცა ეს დასახელება არასწორია, რადგან ეს დაავადება არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. ყვავილის მტვერი შეიცავს ალერგიული ცილების დიდ რაოდენობას. ამინდს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალი, ცხელი ამინდი, ისევე, როგორც ქარი, ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას. წვიმას მტვერი მიწაზე ჩამოაქვს და ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს.

მტვრის პროდუქცია მცენარეების მიერ დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ხასიათდება. მტვრის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოფა დილით და დღის პირველ ნახევარში, რაც მხედველობაში უნდა იქონიოს ალერგიულმა ადამიანმა.

პოლინოზი კლინიკურად ვლინდება ძირითადად კონიუნქტივიტის, რინიტისა და ასთმის სიმპტოკომპლექსით. ე.ი. იწვევს თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. თვალებიდან გამონადენი დასაწყისში გამჭვირვალეა, შემდეგ შეიძლება გახდეს ჩირქოვანი, მძიმე შემთხვევაში თვალის ლორწოვანზე ვითარდება წყლულები.

პოლინოზით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერ ასაკში. ჩვეულებრივ, ეს ხდება 6-დან 20 წლამდე, იშვიათად 40 წლის შემდეგ. ჩვეულებრივ, იგი ბიჭებში უფრო ადრე იწყება (5-14 წლის ასაკში), ვიდრე გოგონებში (15-24 წელი).
კლინიკა: დამახასიათებელია შეტევითი ხასიათის ცხვირის ცემინება (10-20-50-მდე), ცხვირიდან დიდი რაოდენობით თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც მოყვება ცხვირის სრული დაცობა – ცხვირის "გაჭედვა", თავის ტკივილი.
თუ ავადმყოფს არ ჩაუტარებია სათანადო მკურნალობა, ალერგიული პროცესი ინაცვლებს ქვემო სასუნთქ გზებში, იწყება ხველისა და სულხუთვის შეტევები, ვითარდება ბრონქული ასთმა.

პოლინოზი შეიძლება გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვა), სინუსიტებით (ცხვირის დანამატი ღრუს ანთება). იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება, დერმატიტი, ეოზინოფილური ინფილტრატები ფილტვებში, ეპილეფსიური გულყრა და სხვა.



როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისგან?

შეუძლებელია სრულად აარიდოთ თავი ყვავილის მტვერთან კონტაქტს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შემცირდეს მისი მავნე ზემოქმედება, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:

  • არ გააღოთ ყვავილობის სეზონის განმავლობაში მანქანის ფანჯრები;
  • დახურეთ ფანჯრები ნაშუადღევს, რადგან ამ დროს ჰაერში მაქსიმალურია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია;
  • მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში შეიკავეთ თავს პიკნიკებისა და ლაშქრობებისაგან;
  • დასვენება უმჯობესია ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია;
  • არ გაკრეჭოთ გაზონები;
  • მოერიდეთ თაფლს, რადგანს მასში შეიძლება აღმოჩნდეს ყვავილის მტვრისმიერი ალერგენები;
  • ნუ მოსწევთ სიგარეტს, რადგან თამბაქოში არსებული ნიკოტინი აუარესებს ცხვირის "გაჭედილობას" და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანის ზემგრძნობელობის განვითარებას.



არასეზონური ალერგიული რინიტი

განსხვავებით პოლინოზისაგან, იგივე სეზონური რინიტისაგან, რომელიც რეგულარულ ხასიათს ატარებს, არსებობს ალერგიული რინიტის ისეთი სახეებიც, რომელთაც წელიწადის დროსთან კავშირი არა აქვთ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს, როგორც ეს ხდება ოთახის მტვრის ტკიპისადმი ალერგიის შემთხვევაში, სხვები დაკავშირებულია ინდივიდის სამუშაოსთან ან სხვა საქმიანობასთან. მაგალითად, პურის მცხობელებში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფქვილი, მეცხოველეებში – ცხოველის ბეწვი და სხვა.

არასეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომები ნაკლებად მკვეთრია, ვიდრე პოლინოზის შემთხვევაში, მაგრამ უყურადღებოდ მიტოვებული არასეზონური რინიტი შეიძლება ალერგიულ ასთმაში გადაიზარდოს. ეს სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება (ცხვირის "გაჭედვა"), ცემინების შეტევები (10-20 დაცემინება ერთ ჯერზე) და წყლისმაგვარი გამონადენი ცხვირიდან.

კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1180 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016