მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ბრონქული ასთმა
21:09
ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი გზების მუსკულატურის შეკუმშვა, ლორწოვანი გარსის შეშუპება და დიდი რაოდენობით ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მათ სანათურში, რაც იწვევს სასუნთქი გზების შევიწროვებას, სუნთქვის გაძნელებასა და სუნთქვის უკმარისობას. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიოდულად სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე შეტევების განვითარება. შეტევა ზოგჯერ ვითარდება გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორის არსებობისას, (მაგ. ალერგიული აგენტის ორგანიზმში მოხვედრისას ან გაცივების დროს). ხშირად შეტევა ვითარდება უეცრად, ღამით. ასთმით დაავადებულებს ხშირად თან დააქვთ წამლები (ინჰალატორები), რომლებიც ამსუბუქებენ ან ხსნიან ასთმის შეტევას.

 

ბრონქული ასთმის შეტევისათვის დამახასიათებელია:

·  სუნთქვის, განსაკუთრებით ამოსუნთქვის, გაძნელება;

·  მსტვინავი ხმაურიანი ამოსუნთქვა;

·  აგზნებადობა და შფოთვა;

·  მორუხო-მოლურჯო ფერის კანი – ციანოზი;

·  მშრალი შემაწუხებელი ხველა;

·  მძიმე შეტევის დროს შესაძლებელია განვითარდეს უგონო მდგომარეობა 

   და სუნთქვის გაჩერება.

 

ბრონქული ასთმის შეტევის დროს პირველი დახმარების მიზანია სუნთქვის გაადვილება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.

 

პირველი დახმარება ბრონქული ასთმის შეტევის დროს:

1. დაამშვიდეთ და გაამხნევეთ დაზარალებული. ასთმის შეტევა შესაძლებელია ძალიან შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ უხშირეს შემთხვევაში ინჰალატორის დროული გამოყენება სწრაფად ხსნის მას. დაეხმარეთ დაზარალებულს წამლის მიღებაში;

2. დაეხმარეთ დაზარალებულს მიიღოს მოხერხებული მდებარეობა.  უხშირეს შემთხვევაში ასთმის შეტევის დროს ოპტიმალურია – ნახევრადმჯდომარე მდებარეობა, წინ წამოწეული ტორსით. სთხოვეთ მას ისუნთქოს ღრმად და ნელა. ამით შესაძლებლია ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქება. არ დააწვინოთ დაზარალებული. თუ ასთმის შეტევა მსუბუქია და ინჰალატორის მიღებიდან 5-10 წთ-ში ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, ურჩიეთ დაზარალებულს მიიღოს ინჰალატორის მეორე დოზა. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი გადაუდებელი სამედიცინო სამახურის გამოძახება, მაგრამ აუხსენით დაზარალებულს, რომ აუცილებელია მიმართოს ექიმს;

3. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური თუ:

.  ეს ბრონქული ასთმის პირველი შეტევაა;

. შეტევა მძიმეა და არ მსუბუქდება ინჰალატორის მიღებიდან 5-10 

  წთ-ის განმავლობაში;

.  დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა მძიმდება;

.  სუნთქვის უკმარისობას თან ახლავს მეტყველების გაძნელება;

.  დაზარალებული შეტევის შედეგად გამოიფიტება;

4. გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახების შემდეგ მიეცით  დაზარალებულს ინჰალატორი ყოველ 5-10 წთ-ში ერთხელ. ასეთივე  ინტერვალებით გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების  დონე;

5.  თუ დაზარალებული კარგავს ცნობიერებას ან სუნთქვა ჩერდება,    დააწვინეთ იგი ზურგზე, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ  სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საჭირო  გახდეს  სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება.

 

კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1743 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024