მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ათეროსკლეროზი
21:01
ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი ვითარდება არტერიებში ავადმყოფური ცვლილებების შედეგად. მათ შიგა ამომფენ გარსში (ინტიმაში) ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება-ქოლესტერინი. შემდეგ ქოლესტერინის ნალექში ჩაიზრდება შემაერთებელი ასოვილი, ზოგჯერ კი კალციუმის მარილებიც ლაგდება. ასეთი წარმონაქმნი ე.წ ფოლაქი ანუ ათერომა, ავიწროებს არტერიის სანათურს და აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად მცირდება სისხლის მიწოდება გარკვეული ორგანოებისკენ, ქსოვილებისკენ. მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს ამ ადგილას სისხლის შედედებული ნაწილაკის - თრომბის გაჩენა. სისხლის მიწოდების შემცირებისა და მით უფრო სრული შეწყვეტის შედეგად ვითარდება მძიმე შედეგები ორგანოს შესაბამის უბანში და შეიძლება მოხდეს მისი ქსოვილების დაღუპვა -ინფარქტი, ან კიდურის კვდომა - განგრენა.

ათეროსკლეროზის აღმოცენება მარტო ერთ მიზეზთან არა დაკავშირებული. საყოველთაოდაა აღიარებული ამ დაავადების კავშირი სხვადახვა რისკის ფაქტორებთან, ე.ი. იმ პირობებთან, რომლებიც გარკვეულად ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის განვითარებას და მძიმე მიმდინარეობას. ზოგი მათგანი გარემოს პირობებთან არის დაკავშირებული, ზოგი კი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. რისკ ფაქტორები ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის რამდენიმეს აქვს. ესენია: ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, უძრავი ცხოვრება, ჭარბი კვება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით (რომელთა შემადგენლობაში შედის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები), რაფინირებული ე.ი. გაწმენდილი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება (შაქარი, თეთრი პური და პურის ნაწარმი, ტკბილეული). დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიგარეტის წევას.

რისკის ფაქტორთა მეორე ჯგუფი თვით ორგანიზმში მოქმედებს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს და აჩქარებს ჰიპერტონული დაავადება და სხვა წარმოშობის არტერიული ჰიპერტონიები. მძიმე ათეროსკლეროზი ვითარდება ცუდათ ნამკურნალვი შაქრიანი დიაბეტის დროს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას და ამიტომაა, რომ ზოგ ოჯახში ათეროსკლეროზით შედარებით ადრე ხდებიან ავად, ზოგნი კი ღრმა მოხუცებულობას მიაღწევენ ამ დაავადების მძიმე გამოვლინების გარეშე. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის მოშლა, რაც გამოიხატება სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატებით - ჰიპერქოლესტერინემიით. ჰიპერქოლესტერინემია შეიძლება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღინიშნოს, ათეროსკლეროზის კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე. სისხლის ქოლესტერინი შედის ძალიან მცირე ზომის ცილისაგან და ცხიმისაგან აგებული ნაწილაკების - ლიპოპროტეიდების შემადგენლობაში, ამიტომ საწყის საფეხურზე სისხლში მომატებულია ლიპოპროტეიდების რაოდენობაც.

ათეროსკლეროზის რისკის ფაქტორების ცოდნას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს რადგან ამაზეა დამყარებული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ათეროსკლეროზი, როგორც, ნივთიერებეთა ცვლის დაავადება ბევრად უფრო ადრე იწყება ვიდრე იგი შეაწუხებდეს ადამიანს. მისი ადრეული გამოვლინებაა ახალგაზრდა  ადამიანის სისხლსი ლიპოპროტეიდების და ქოლესტერინის რაოდენობის მომატება, რომელიც სრულებითაც არ აწუხებს მას.

მცირე ათეროსკლერიზული ცვლილებები  არტერიული სანათურის ოდნავი შევიწროებით აღმოჩენილია 20-22 წლის პირთა სისხლარღვებში (იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ტრამვისაგან ან სხვა დაავადებისაგან დაიღუპნენ). კიდევ მეტიც ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ ათეროსკლეროზის წინამორბედი ცვლილებებია ის მკრთალი ლაქები, რომლებსაც ნახულობენ 2-4 წლის ბავშვების არტერიების შიგა გარსზე. აქედან უნდა გაკეთდეს პრაქტიკული დასკვნა: ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ახლაშობილობის ასაკიდან.

ათეროსკლეროზის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი არტერია დააზიანა ამ დაავადებამ, რომელ ორგანოსა თუ ქსოვილს მოაკლდა სისხლის მიწოდება. ყველზე ხშირად თავს იჩენს გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, რომლის ნიადაგზეც აღმოცენდება გულის იშემიური დაავადება , ე.ი. სტენოკარდია, გულის კუნთის ინფარქტი, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, გულის რითმის დარღვევები, გულის მწვავე და ქრონიკული დარღვევები. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზის ფონზე ვითარდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიული მოშლა, ტვინის არტერიების ტრომბოზი, თავის ტვინის სკლეროზი ინტელექტის დაქვეითებით, ტვინის ინფარქტი. თირკმლების ათეროსკლეროზი იწვევს ამ ორგანოების განლევას, შეჭმუხვნასა და თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას. ქვედა კიდურების არტერიების ატეროსკლეროზის, შევიწროებისა და დახშობის შედეგად ვითარდება განგრენა. ნაწლავების ათეროსკლეროზი და თრომბოზი განაპირობებს მათ ნეკროზს. მსგავსი ცვლილებები აღინიშნება სხვა ორგანოებშიც, მაგრამ იქ პროცესი იშვიათად მიდის ასეთ მძიმე ცვლილებებამდე.

ათეროსკლეროზთან ბრძოლის ძირითადი პირაბაა პროფილაქტიკა. ამავე დროს ეს არის დღეგრძელობის, ჯანმრთელობისა და სიბერემდე შრომის უნარის შენარუნების წინა პირობა. პროფილაქტიკის პრინციპს საფუძვლად უდევს ათეროსკლეროზის რისკ ფაქტორების ცოდნა და სათანადო ზომების ჩატარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში - ჩვილობის ასაკიდან სიბერემდე.

საჭიროა ფსიქო-ემოციური სფეროს დაცვა გადაძაბვისა და განსაკუთრებით კონფლიქტური ხასიათის ემოციებისაგან. ყველა ასაკის ადამიანმა საკმარისად უნდა იძინოს, დროულად დაისვენოს. განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს სისტემატური შრომის მოწესრიგებას. უშრომელობა არ იცავს ადამიანს ათეროსკლეროზისაგან, პირიქით, ხელს უწყობს მის გამოვლინებას და გართულებების აღმოცენებას. მოხუცებულობამდე ადამიანი დაკავებული უნდა იყოს გონებრივი და ფიზიკური შრომით, დაუშვებელია უმოძრაო ცხოვრება. ადამიანი ფიზიკურად აქტიური უნდა იყოს, თუკი ამის საშუალებას მას ჯანმრთელობა აძლევს. სასურველია დადიოდეს ფეხით დღეში 2 საათს მაინც, სისტემატიურად უნდა ვარჯიშობდეს. ბუნებრივია, რომ მიუჩვეველი კაცი განსაკუთრებით ხანში შესული, ფიზიკური ვარჯიშის დაწყების წინ ექიმს უნდა გაესინჯოს და მისგან რჩევა დარიგება მიიღოს. აქტიური ცხოვრების საუკეთესო და ბუნებრივი საშუალებაა საკარმიდამო ნაკვეთზე მუშაობა.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის თვალსაზრისით ზალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვების მოწესრიგებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სრულასაკოვნებში ცხოველური წარმოშობის ცხიმების ე.ი. კარაქის და ქონის შეზღუდვა, შუახნის და ხანშიშესულმა გასუქებულმა ადამიანმა კი უმჯობესია უარი თქვას ამ ცხიების მიღებაზე. დადგენილია, რომ ცხოველური ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობაში შედის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატებას. მისგან განსხვავებით მცენარეული ზეთი, რომელიც გაუჯერებელ ცხომოვან მჟავებს შეიცავს ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და ამგვარად, აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას აქედან გამომდინარე, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით გამართლებულია ზეთის ფართოდ გამოყენება. უნდა შეიძღუდოს აგრეთვე ნახშირწყლების (პური, პურის ნაწარმი, ტკბილეული, შაქარი) ჭარბად მიღება, რაგან ეს არის ძირითადი ენერგეტიკული მასალა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის გასუქებას.

ცნობილია, რომ ნიკოტინი აჩქარებს ათეროსკლეროზის განვითარეაბს. გარდა ამისა იგი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას, უნაყოფოდ აძლიერებს გულის მუშაობას, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის უმძიმესი თანმგზავრის - სტენოკაარდიისა და გულის კუნთის ინფარქტის აღმოცენებას. ამიტომ თამბაქოს წევა სრულიად დაუშვებელია.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არტერიული წნევის შენარჩუნებას ნორმალურ დონეზე.

შაქრიანი დიაბეტის დროს ათეროსკლეროზი შედარებით ადრე ვითარდება და უფრო ხშირად იძლევა ისეთ გართულებებს, როგორიცაა სტენოკარდია, გულის კუნთის ინფარქტი, ქვედა კიდურების განგრენა. ეს გარემოება კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს იმის შესახე, რომ ყველა დიაბეტით დაავადებული აშკარა და ფარულ შემთხვევაშიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს და დიაბეტის ყველა პროფილაქტკურ თუ სამკურნალო ღონისძიებას ატარებდეს.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მოშლილი ცხიმოვანი ცვლის მოწესრიგებას. პრაქტიკულად საჭიროა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში გამოვლინდეს ცხიმოვანი ცვლის მოშლა, კერძოდ ის პირები ვისაც სისხლში მომატებული აქვს ქოლესტერინის რაოდენობა. ამგვარი გამოკვლევა პირველ რიგში იმათ უნდა ჩაუტარდეთ, ვის ახლო ნათესავებს მშობლებს, და-ძმებს ადრეულ ასაკში აღმოაჩნდათ გულის იშემიური დაავადება. ცხიმოვანი ცვლის მოშლა უნდა გამოუკვლიონ ასევე იმას ვისაც აქვს მომატებულ არტერიულ წნევა, სტენოკარდია, გულის კუნტის ინფარქტი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი. ყველა ვისაც აღმოაჩნდება ქოლესტერინის მაღალი დონე ან ცხიმოვანი მოშლის სხვა მონაცემები, ზემოხსენებულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა ატარებდეს განსაკუთრებული სიზუსტით და თანმიმდევრობით.


კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | ნანახია: 2964 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024